გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1363-1465-04 20 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელიი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 ნოემბერს ჟ. ხ.-მ სარჩელი აღძრა ლ.ხ.-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, ... მდებარე მრავალბინიანი სახლის ¹17 ბინაში, რომლის ქვეშ ნახევარსარდაფია, იგი მისი საკუთრებაა და ამჟამად იქ ცხოვრობს. ნახევარსარდაფის ერთადერთი ფანჯარა გამოდის ... გამზირზე. ამავე სახლის ¹16 ბინაში მცხოვრები მოპასუხის მიერ დაწყებულია მშენებლობა, კერძოდ, მიმდინარეობს ზემოხსენებული ფანჯრის ზევით არსებული პირველი სართულის ფანჯრის ღიობის კარად გადაკეთება და ამ კარებთან ასასვლელი კიბის უჯრედის მოწყობა, რის შედეგადაც შეიზღუდა ნახევარსარდაფის განათება და ვენტილაცია, ანუ გაუარესდა მისი საყოფაცხოვრებო პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს აეკრძალოს მშენებლობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ჟ. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა მის მიერ ამავე სახლის ფასადის კედელში სსამი წლის წინ ამოჭრილი ფანჯრის ამოქოლვა და კიბის უჯრედის აღება, რასაც საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ აღნიშნული გაკეთდა მისი ნებართვის გარეშე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ლ. ხ.-ს აეკრძალა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამავე გადაწყვეტილებით ლ.ხ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ხ.-მა. მოცემული დავა მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის, ჟ. ხ.-ის, გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება და სარჩელს ეთქვა უარი. ლ.ხ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა ჟ. ხ.-ის მიერ თვითნებურად ამოჭრილი მისი სარდაფის ფანჯრის ამოქოლვა და კიბის უჯრედის გაუქმება.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ჟ. ხ.-ის მიერ შეტანილი საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საჩივრის ზეპირი განხილვა 2004წ. 14 აპრილს. საჩივრის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო, ბოლოს სხდომა დაინიშნა 2004წ. 14 ივლისს. ამ სხდომაზე არ გამოცხადდა სააპელაციო საჩივრის ავტორი ლ. ხ.-ი, გამოცხადდა საჩივრის ავტორი ჟ. ხ.-ი, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 დწლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამავე პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი ლ.ხ.-ის საჩივარი და უცვლელად დარჩა 2004წ. 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2004წ. 16 ივნისის სხდომაზე საქმის განხილვა გადაიდო 2004წ. 14 ივლისს 11 საათისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც აპელანტ ლ.ხ.-ს, ასევე, მის წარმომადგენელსა და მოწინააღმდეგე მხარეს სხდომის დღე ეცნობათ სიტყვიერადაც და ხელწერილის ჩამორთმევითაც. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ გამოუცხადებლობის შედეგებზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა სხდომის ჩატარების დრო. აქედან გამომდინარე, სასამართლომ საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 216-ე და 241-ე მუხლები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ.-მ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ იყო მოწვეული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მას არ ჩაბარებია უწყება.
კასატორი თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ მოთხოვნას, რის შესახებაც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ უმსჯელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლოს გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით დანიშნულ დღეს (239-ე მუხლის მე-2 ნაწ.) მოწვეულ სხდომაზე სასამართლო არკვევს, არსებობდა თუ არა გარემოებები, რომლებმაც ხელი შეუშალეს მხარის გამოცხადებას სასამართლოში, ე.ი. გამოწვეული იყო თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით (233-ენ და 241-ე მუხლები). ესაა ამ სასამართლო სხდომის გადასაწყვეტი მთავარი და ძირითადი საკითხი, თუ ასეთი გარემოებები დადასტურდება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს (241-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2004წ. 21 იანვარს გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჟ. ხ.-ის წინააღმდეგ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ჟ. ხ.-ის საჩივრის განსახილველად დანიშნულ დღეს, სააპელაციო პალატამ მისი საჩივარი კი არ განიხილა, არამედ განიხილა ლ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი და ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ.ხ.-ის წინააღმდეგ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 240-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ჟ.ხ.-ის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლებამდე, განეხილა ლ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი და მიეღო გადაწყვეტილება. შედეგად გვაქვს ორი ურთიერთგამომრიცხავი, ორივე მხარის წინააღმდეგ გამოტანილი ორი გადაწყვეტილება. 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმებულია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით კი იგი უცვლელად დარჩა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ.ხ.-ის წინააღმდეგ გამოტანილი 2004წ. 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2004წ. 10 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 240-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განიხილოს ჟ.ხ.-ის საჩივარი 2004წ. 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ჟ.ხ.-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (233-ე და 241-ე მუხლები), სასამართლო გააუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, განაახლებს საქმეს და მხოლოდ ამის შემდეგ უფლებამოსილია, განიხილოს ლ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჟ.ხ.-ის საჩივარს და უცვლელად დატოვებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ხელახლა უნდა გაანაწილოს სასამართლო ხარჯები იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს საქმის ხელახლა განხილვის შედეგად. ხელახლა გადანაწილება მოიცავს სასამართლო ხარჯებს მთლიანად, რაც გაწეულია სარჩელის აღძვრიდან საქმის ხელახლა განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლუბა ხ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 10 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.