გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1383-1504-04 1 ივლისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ლიზინგით გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, სალიზინგო საზღაურის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ი.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ა.-ის” მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ სს “ა.-ს” დაეკისროს ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 1.217.002 აშშ დოლარის ღირებულების ქონების დაბრუნება, ასევე, 2001წ. 1 აპრილის მდგომარეობით დარიცხული სალიზინგო საზღაურის 45.235 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
2000წ. 14 აპრილს შპს „ი.-სა“ და სს „ა.-ს“ შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება ¹LL-01; ამ ხელშეკრულების მიხედვით, ლიზინგის გამცემი იღებდა ვალდებულებას, ლიზინგის მიმღებისათვის შემდგომი გადაცემის მიზნით შეეძინა ტექნოლოგიური აღჭურვილობა; მექანიზმები, ტუმბოები, საკონტროლო საზომი ხელსაწყოები, აგრეგატები, დანადგარები, კატალიზატორები, პლატინის ბადეები, გაზსაშვები საშუალებები; ლიზინგის მიმღები იღებდა ვალდებულებას გადაეხადა სალიზინგო საზღაური ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და პერიოდულობით, დანართების (¹1-7) მიხედვით.
ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფულადი ფორმით, ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა ქონების ფაქტობრივი გამოყენებისაგან დამოუკიდებლად.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა არც ერთი გადახდა, რის გამოც სსკ-ის 558-ე მუხლისა და ლიზინგის ხელშეკრულების 6.2 მუხლის საფუძველზე ითხოვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლას, სალიზინგო საზღაურის ანაზღაურებას და გადაცემული ქონების უკან დაბრუნებას.
მოპასუხე სს „ა.-მ“ სარჩელი არ ცნო და სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით, რომლითაც მოითხოვა _ დაეკისროს შპს „ი.-ს“ 2.105.880 აშშ დოლარი და 1.416.533 ლარი ზიანის ანაზღაურების სახით.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო მხარეთა შორის 2000წ. 21 მარტს დადებული ¹01.01 ნარდობის კაპროლაქტამის წარმოების შესახებ ხელშეკრულებით.
კაპროლაქტამის 1996 წლიდან აღარ იწარმოება. კაპროლაქტამის დამზადებისათვის საჭირო გახდა ამიაკის წარმოების გაზრდა; ამიაკის წარმოების გაზრდა კი მხოლოდ სინთეზის საამქროს ¹... აგრეგატის კაპიტალური რემონტის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. კაპიტალური რემონტისათვის საჭირო იყო ამიაკის საამქროს დაკომპლექტება რეაქციული მილებით და კატალიზატორებით, ხოლო კაპროლაქტამის საამქროში საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებით და სხვადასხვა მექანიზმებით მანქანა-დანადგარების გამართვა. ამ მიზნით 2000წ. 14 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება ¹LL-01, რომლითაც შპს „ი.-ს“ უნდა შემოეტანა 3.493.094.06 აშშ დოლარის ღირებულების მოწყობილობები.
შპს „ი.-მ“ ნარდობისა და ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა: ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მას უნდა შემოეტანა 2,7 მლნ აშშ დოლარის ნედლეული და ქიმიკატები, სს „ა.-ს“ კი გადაეცა მხოლოდ 690.000 აშშ დოლარის ღირებულების ნედლეული. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შემოეტანა 3.493.094 აშშ დოლარის ღირებულების მოწყობილობა-დანადგარები, ფაქტიურად კი შემოიტანა მხოლოდ 1.217.002,30 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. სს „ა.-ს“ ლიზინგის საგანი არ მიუღია და შესაბამისად ვერც ლიზინგის ქირას გადაიხდიდა.
ამავე დროს ლიზინგის ხელშეკრულებით მოსაწოდებელი საქონელი, ცალ-ცალკე აღებული წარმოადგენს მოძრავ ნივთებს, რომლებიც არ არის ერთმანეთის შემადგენელი ნაწილები, მაგრამ განკუთვნილი არის საერთო-სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, თუნდაც ერთი რომელიმე მოწყობილობის მიუწოდებლობა ითვლება კომლექტის შეუვსებლობად და გამორიცხავს დანარჩენის გამოყენების შესაძლებლობას.
სს „ა.-მ“ განიცადა მატერიალური ზიანი, რაც გამოხატულია შემდეგში: გასწია კაპროლაქტამის წარმოებაში შემავალი საამქროების არამწარმოებლური ხარჯები სინთეზის საამქროს ¹... აგრეგატის რემონტზე დაყენების და საბოლოოდ მისი შეუკეთებლობის გამო ამიაკის წარმოება შემცირდა 50%-ით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,ი.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს დაუბრუნდა ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემული ქონება. სს “ა.-ს” დაეკისრა სალიზინგო საზღაურის _ 45235 აშშ დოლარის გადახდა. დაკამაყოფილდა ა.-ის შეგებებული სარჩელი შპს “ი.-ს” სს “ა.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2105880 აშშ დოლარისა და 1416533 ლარის გადახდა.
სასამართლო კოლეგიის განმარტებით, სსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არ არსებობის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხის სს „ა.-ის“ მიერ იმ გარემოების დადასტურება, რომ შპს „ი.-თან“ მის ხელშეკრულებას ლიზინგის შესახებ ამოეწურა მოქმედების ვადა და მიღებული სალიზინგო ქონება უნდა დაუბრუნდეს სასამართლო კოლეგიამ საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია იმისათვის, რომ საფუძვლად დაედოს შპს „ი.-ის“ სარჩელის პირველ მოთხოვნას – დაუბრუნდეს სს „ა.-ისათვის“ ლიზინგით გადაცემული ქონება.
კოლეგიის მითითებით, რაც შეეხება სალიზინგო ქირას, იგი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა იყო და მხარის მიერ იმის აღიარება, რომ ლიზინგის ხელშეკრულება გარკვეულ ვადაში მუშაობდა, ასევე, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული ის გარემოება, რომ სალიზინგო ქონება დამონტაჟებულია სს „ა.-ის“ სხვადასხვა საამქროებში და გამოიყენება, იძლევა იმის საფუძველს, რომ სკ-ის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადებისა და ლიზინგის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სს „ა.-ს“ უნდა დაეკისროს სალიზინგო ქირა.
კოლეგიამ სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა შემდეგი საფუძვლით:
ლიზინგის ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო მხარეთა შორის 2000წ. 20 მარტს დადებული ხელშეკრულებით (¹01-01) კაპროლაქტამის წარმოების შესახებ. ამ პერიოდში ქიმიური პროდუქციის, მათ შორის, კაპროლაქტამის გამოშვება არ ხორციელდებოდა, რამდენადაც არ მუშაობდა სრული დატვირთვით ამიაკის საამქროს აგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის გამო. კაპროლაქტამის საამქროში კი მწყობრიდან იყო გამოსული სხვადასხვა მანქანა-დანადგარები და მექანიზმები. კაპროლაქტამის დამზადებისათვის აუცილებელი გახდა ამიაკის წარმოების გაზრდა, რაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სინთეზის საამქროს ¹.. აგრეგატის კაპიტალური რემონტის შემდეგ. კაპიტალური რემონტისათვის საჭირო იყო მისი რეაქციული მილებით და კატალიზატორებით დაკომპლექტება, ხოლო კაპროლაქტამის საამქრო კი საკონტროლო საზომი ხელსაწყოებითა და სხვა მანქანა-დანადგარებით უნდა აღჭურვილიყო. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებელებების შესასრულებლად სს „ა.-მა“ გასწია გარკვეული ხარჯები, კერძოდ, საამქროები დაკომპლექტდა საჭირო კადრებით, მიღებული იქნა 150 ახალი და გამოძახებულ იქნა უფასო და ტარიფული (ნახევრად უფასო) შვებულებიდან 200 მუშა-მოსამსახურე, შემოტანილ იქნა დამატებითი დამხმარე მასალები, მათ შორის საცხებ-საპოხი მასალები, რეზინის მილები, სპეც.ტანსაცმელი და სხვ.
კოლეგია მიუთითებს, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ხელშეკრულების დანართებში მითითებული სალიზინგო ქონება წარმოებაში არსებულ სხვა დანადგარებთან ერთად შესაძლებელია გამოყენებული იქნას რაიმე სახის ტექნოლოგიური პროცესის წარმოებისათვის, ხოლო ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართული სხვა დანადგარების გარეშე თითოეულს ცალ-ცალკე და არც ერთად არ შეუძლია რაიმე ტექნოლოგიური პროცესის წარმართვა. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების დროს მხარეების მიერ გათვალისწინებული იყო წარმოებაში არსებული დანადგარების გამოყენების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ დასკვნაში (პუნქტი 1) ექსპერტმა დამაჯერებლად მიუთითა, რომ ხელშეკრულების დანართებში მითითებული სალიზინგო ქონება ცალკე აღებული, წარმოებაში არსებული სხვა დანადგარების გარეშე ვერ უზრუნველყოფენ რაიმე სახის ტექნოლოგიური პროცესის წარმართვას.
სასამართლო კოლეგიამ განმარტა, იმის გამო, რომ მოპასუხე შპს „ი.-მა“ უხეშად დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულება სს „ა.-მა“ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი.
ლიზინგის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, მხარეები პასუხს აგებენ მხარის მიერ ნებისმიერ მიყენებულ ზარალზე, აგრეთვე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სკ-ის 576-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაამზადოს ან შეიძინოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება. იმავე კოდექსის 578-ე მუხლის შესაბამისად ლიზინგის გამცემი ქირავნობის წესების მიხედვით პასუხს აგებს ლიზინგის მიმღების წინაშე ქონების მიწოდების ვადის გადაცილების ან მიუწოდებლობისათვის, აგრეთვე, ნაკლის მქონე ქონების მიწოდებისათვის.
აუდიტის დასკვნით კაპროლაქტამის წარმოებაში შემავალი საამქროების არამწარმოებლური ხარჯები და ¹... აგრეგატის რემონტზე დაყენების და საბოლოოდ მისი შეუკეთებლობის გამო მიყენებული ზარალის ოდენობა ასახავს სს „ა.-ის“ და შპს „ი.-ს“ შორის 2000წ. 14 აპრილის სალიზინგო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო სს „ა.-ისათვის“ მიყენებულ ზარალს, რაც ჯამში შეადგენს 2.105.880 აშშ დოლარს და 1.416.533 ლარს.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მოპასუხე შპს „ი.-მ“ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა შეგებებული სარჩელისა და აუდიტორული დასკვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი უარყოფა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა 2.105.880 აშშ დოლარისა და 1.416.533 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შპს „ი.-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ უკანონოდ, მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით დააკმაყოფილა სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელი. გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი (4 და 5 პუნქტი) უკანონოა.
კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმდა ერთადერთი ხელშეკრულება – 2000წ. 14 აპრილის ¹LL-01 ლიზინგის ხელშეკრულება. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2000წ. 20 მარტის ¹01-01 ხელშეკრულება სს „ა.-ს“ გაფორმებული აქვს სხვა იურიდიულ პირთან. 2000წ. 14 აპრილის ¹LL-01 ლიზინგის ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის განსაზღვრული და აღნიშნული თუ სად და როგორ უნდა იყოს გამოყენებული ლიზინგით გადასაცემი ქონება.
კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ მას არანაირი შეხება კაპროლაქტამის წარმოებასთან და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან არ გააჩნია და მის მიერ მოპასუხეზე ლიზინგით მიწოდებული ქონება განკუთვნილი იყო მოპასუხის მიერ სხვადასხვა სახის ქიმიური პროდუქციის საწარმოებლად.
კასატორის აზრით, ლიზინგის ხელშეკრულება დაარღვია სს „ა.-მა“. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს ყოველთვიურად, სისტემატიურად უნდა მოეხდინა სალიზინგო გადასახადების გადახდა, ასევე, ხელშეკრულების 11.6 მუხლის თანახმად, მოპასუხეს უნდა მოეხდინა ლიზინგის წესით გადაცემული ქონების დაზღვევა და სადაზღვევო პოლისის დედანის ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლის კასატორისათვის წარდგენა. ეს პირობები არ შესრულდა. შესაბამისად, ეს გარემოებები საფუძვლად დაედო ხელშეკრულების მოშლას.
კასატორი განმარტავს, რომ მოსამართლის განსხვავებულ აზრში სწორად არის მითითებული, რომ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული თუ საიდან გამომდინარეობს მოპასუხისათვის მიყენებული ზიანი. სასამართლო საპროცესო ნორმების დარღვევით დაეყრდნო აუდიტორ თ. კ.-ის აუდიტორულ დასკვნას. საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზარალი, თუ ასეთი იქნებოდა, უნდა გაანგარიშებულიყო, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის საშუალებით.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სკ-ის 576-ე და 578-ე მუხლები. 578-ე მუხლი ითვალისწინებს ლიზინგის მიმცემის პასუხისმგებლობის სამ შემთხვევას, რომელთაგან არც არ არსებობდა. არ არსებობს არც ერთი საფუძველი ზარალის ანაზღაურებისათვის. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი. სასამართლო კოლეგიამ იგნორირება გაუკეთა ამ კანონს და არ გამოიყენა ის გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა კასატორის ახსნა-განმარტება, შეაფასა საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სს “ა.-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
სკ-ის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები შპს „ი.-სათვის“ 2.105.880 აშშ დოლარისა და 1.416.533 ლარის დაკისრების შესახებ ემყარება იმ გარემოებებს, რომ მას მოპასუხემ არ მიაწოდა სინთეზის საამქროს ¹... აგრეგატის კაპიტალური რემონტისათვის საჭირო რეაქციული მილები და კატალიზატორები. სს „ა.-ის“ მატერიალური ზიანი შედგება უსაფუძვლოდ გაწეული არამწარმოებლური ხარჯებისაგან და წარმოების დიდი ხნის გაჩერებით გამოწვეული დანაკარგებისაგან.
ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობა სკ-ის 578-ე მუხლის მიხედვით ლიზინგის მიმღების წინაშე დგება შემდეგ შემთხვევებში: სალიზინგო ქონების მიწოდების ვადის გადაცილებისას, მისი მთლიანად მიუწოდებლობისას და ნაკლის მქონე ქონების მიწოდებისას.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე შპს “ი.-მ” უხეშად დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულება, რითაც ს.ს. “ა.-მ” განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის მტკიცებულებანი და საქმის გარემოებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები.
კოლეგია არ ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
სკ-ის 394-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები მიწოდების ვადებზე და დაარღვია თუ არა ლიზინგის გამცემმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე დასაბუთებული უნდა იყოს ზიანის არსებობაც.
აღნიშნულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული დაგაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.