გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*
¹ ას-1394-1614-05 10 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ-მა 2000წ. 27 მაისს ნ., ლ. და ნ. დ-შვილებს 11 თვის ვადით ასესხა 18.270 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალეების კუთვნილი ბინა მდებრე ქ.თბილისში, ... ¹3 კორპუსში. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.გ-ურის სარჩელი ლ., ნ. და ნ. დ-შვილების კუთვნილი ბინის აუქციონზე რეალიზაციის და მიღებული თანხიდან მოსარჩელის მიერ 18.270 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 მაისის განჩინებით სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. 2002წ. 9 აგვისტოს იძულებით აუქციონზე მოპასუხეების ბინა 18.300 ლარად შეიძინა მ. გ-ურმა, რომელიც ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ბინის მესაკუთრედ.
მ.გ-ურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ლ., ნ. და ნ. დ-შვილების მიმართ და მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გადაეცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2004წ. მაისში მ. გ-ურმა კვლავ მიმართა სასამართლოს სარჩელით და აღნიშნა, 2003წ. 13 მაისს აღმასრულელის მიერ ლ., ნ. და ნ. დ-შვილები გამოსახლებულები იქნენ თბილისში, ... ¹24 ბინიდან. მაგრამ,2003წ. 28 მაისს მოპასუხეებმა გატეხეს მ.გ-ურის კუთვნილი ბინის კარები და დაიკავეს იგი. მ.გ-ურმა მოითხოვა მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება და მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო მ. გელეხაურის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ლ., ნ. და ნ. დ-შვილებმა საჩივარი შეიტანეს სასამართლოს აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინებით ნ., ნ. და ლ. დ-შვილების საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ., ნ. და ლ. დ-შვილებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 6 სექტემბრის განჩინებით გააუქმა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინება და ნ., ნ. და ლ. დ-შვილების საჩივარი ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ., ნ. და ლ. დ-შვილების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მაგრამ სასამართლოს განჩინებაში საერთოდ არ არის მითითებული იმ გარემოებათა შესახებ, რასაც ემყარება სასამართლოს აღნიშნული დასკვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება მისი დასაბუთებულობის გამო შეუძლებლად მიიჩნია, სსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად დაუბრუნა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-ურმა და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება. მან საკასაციო საჩივარში მიუთითა რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 240-ე მუხლი და ასევე არასწორად მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს განჩინებაში საერთოდ არ არის მითითებული იმ გარემოებათა შესახებ, რასაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. კასატორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინება სრულყოფილად არის დასაბუთებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით და სააპელაციო პალატას მისი გაუქმების საფუძველი არ ჰქონდა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდათ სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად და სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მოტივი არ უცნობებიათ, ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ კი სწორად იხელმძღვანელა იმავე კოდექსის 230-ე მუხლის I ნაწილით.
კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეები შეგნებულად აჭიანურებენ პროცესს 4წ. განმავლობაში, პროცესზე არ ცხადდებიან, მოსარჩელე ვერ სარგებლობს საკუთარი ბინით, მით უმეტეს‚ როცა არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეები მისი ბინიდან ერთხელ უკვე იყვნენ გამოსახლებულები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. გ-ურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინებით ნ., ნ. და ლ. დ-შვილების საჩივარი იმავე სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან რაიონული სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობის გამო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. მართალია, სსკ-ის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მოცემული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება კვლავ გამოიწვევს ამ დავის საბოლოო გადაწყვეტის გაჭიანურებას, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა შეემოწმებინა სსკ-ის 233-ე, 241-ე მუხლების შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება და საქმეზე მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს აპელანტ მ. გ-ურის საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 სექტემბრის განჩინება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2002, # 8, samoq., gv. 1303-1306.