დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 23.05.2006
საქმის ნომერი
ას-1400-1618-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1400-1618-05 23 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონოდ მოწყობილი ავტოფარეხის მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ტ-ოვის წარმომადგენელმა მ. ტ-ოვამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. კ-ძის წინააღმდეგ და სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად მოითხოვა ი. კ-ძის მიერ უნებართვოდ მოწყობილი ავტოფარეხის მოშლა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში ოჯახთან ერთად, რომელსაც არ გააჩნია ლოჯია, სარდაფი, აივანი და დამხმარე სათავსოები. თ.კ-ძე არის მისი მეზობელი, რომელიც ცხოვრობს მის ზემოთ მესამე სართულზე. მოპასუხემ ისარგებლა მისი ქალაქში არ ყოფნით და მოსარჩელის და მეზობლების თანხმობის გარეშე მოაწყო ცხაურის ტიპის ავტოფარეხი, მისი ოთახის წინ 3,5 მეტრი დაშორებით. აღნიშნული ავტოფარეხით სარგებლობს მოპასუხის ძმა, რომელიც არ ცხოვრობს მის კორპუსში.

მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული ავტოფარეხით ირღვევა მისი და მისი ოჯახის წევრების უფლებები, რაც შეუძლებელს ხდის ბინაში ცხოვრებას.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე დ.ტ-ოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ტ-ოვმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 19 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ტ-ოვის წარმომადგენელ მ. ტ-ოვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო; უცვლელად დარჩა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც ეცნობა სხდომის შესახებ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მან სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ მისი ადვოკატი 19 მაისს დაკავებულ იქნებოდა სხვა პროცესზე.

სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ი. კ-ძე, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღე კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო საჩივრის შემომტან პირს ეცნობა სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მაგრამ არ გამოცხადდა სხდომაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა სხდომის სხვა დროისათვის გადადების შესახებ მისი ადვოკატის სხვა პროცესში მონაწილეობის გამო, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილი მისივე განცხადებით დადგენილია, რომ მან უფლებამოსილება შეუწყვიტა მის ადვოკატს ქ.ქ-ძეს, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომ მას ჰყავს სხვა ადვოკატი. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მოთხოვნით სასამართლო სხდომა ერთხელ უკვე გადაიდო 2005წ. 19 აპრილს.

სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. ტ-ოვის წარმომადგენელმა მ. ტ-ოვამ. მან თავისი საჩივარი იმით დაასაბუთა, რომ სსკ-ის 233-ე მუხლის თანახმად წინასწარ აცნობა წერილობით სასამართლოს, რომ ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოში თავის ადვოკატთან ერთად, ვინაიდან ის 19 მაისს დაკავებული იყო სხვა პროცესით და ამდენად სასამართლოს ასეთ შემთხვევაში არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 სექტემბრის განჩინებით დ.ტ-ოვის წარმომადგენელ მ.ტ-ოვას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია სსკ-ის 241-ე მუხლით, რომლის თანახმადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს‚ თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ.ტ-ოვის მოსაზრება, რომ იგი მისი ადვოკატის მოუცლელობის გამო ვერ გამოცხადდა პროცესზე, რადგან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მან ახალი ადვოკატი აიყვანა და ამ ახლადაყვანილ ადვოკატს 2005წ. 19 მაისს ჰქონდა პროცესი.

მ.ტ-ოვამ ასევე განმარტა, რომ მის საქმეზე გაგზავნილი უწყება ჩაიბარა მისმა მეუღლემ დ. ტ-ოვმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო 19 მაისის სხდომის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მ.ტ-ოვა მიიღებდა მონაწილეობას პროცესზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობს სსკ-ის 233-ე უხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები და ასევე პროცესზე გამოუცხადებლობის სხვა საპატიო მიზეზი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ტ-ოვმა და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

კასატორი მიუთითებს, რომ მან სასამართლო წინასწარ გააფრთხილა წერილობით და აცნობა, რომ მის ადვოკატს ჰქონდა სხვა სასამართლო პროცესი და არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, რომ აეყვანა ახალი ადვოკატი, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ, რითაც ფაქტიურად დაუკანონა მოპასუხეს მოსარჩელის სახლის ფანჯრებთან უკანონოდ აშენებული ავტოფარეხი. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 233-ე მუხლის I ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეტა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ დ. ტ-ოვის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. ამ ნორმის თანახმად‚ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ახალი ადვოკატის აყვანის დამადასტურებელი მტკიცებულება, მან კონკრეტულად ვერ მიუთითა, თუ რომელ ადვოკატს ჰქონდა 2005წ. 19 მაისს პროცესი დანიშნული. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით‚ რის გამოც არ არსებობს სსკ-ის 241-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. დამატებითი და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენება და განმარტება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ტ-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება – მოპასუხის გამოუცხადებლობა