გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1. პატივისა და ღირსების შელახვა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1422-1638-05 23 მაისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: პირადი არაქონებრივი უფლების დაცვა (სარჩელში); მორალური ზიანის ანაზღაურება; ნივთების დაბრუნება, ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ვ-ძემ 2003წ. 25 ივნისს სასამართლოში აღძრა სარჩელი მოპასუხეების ნ. და გ. ე-ძეების მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთებისა და ძვირფასეულობის დაბრუნება, პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე ნ.ე-ძისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრება; მან თავისი სარჩელი იმით დაასაბუთა, რომ 2003წ. 19 აპრილს ცოლად გაჰყვა ნ.ე-ძეს. მეუღლეებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს ნ.ე-ძის მშობლების საცხოვრებელ სახლში. მას მეუღლის ნათესავებმა საჩუქრად გადაცეს 1170 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და სხვადასხვა სახის ინდივიდუალური მოხმარების ნივთები. მეუღლეებმა ერთად იცხოვრეს სულ 40 დღე, რის შემდეგაც მოსარჩელე არსებული ტრადიციის თანახმად, ერთი კვირით გაემგზავრა თავის მშობლებთან, ხოლო თავისი კუთვნილი ნივთები დატოვა მეუღლის ოჯახში. მან ნ. ე-ძის ნათესავისაგან შეიტყო, რომ მის მეუღლეს აღარ სურდა მასთან ცხოვრება, იგი ოჯახის დანგრევის მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ მ.ვ-ძე არ იყო ქალიშვილი, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან ამის გამო თავი იგრძნო შეურაცხყოფილად და განიცადა მორალური ტრამვა. მან მეუღლის მშობლებს მოსთხოვა თავისი კუთვნილი ნივთების დაბრუნება, რაზეც უარი მიიღო.
ნ. და გ. ე-ძეებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს მოპასუხე მ. ვ-ძის მიმართ და მოითხოვეს 575 აშშ დოლარის ღირებულების ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ნ.ე-ძეს დაევალა მ.ვ-ძის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, მასვე დაეკისრა მ.ვ-ძის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მ.ვ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა ნ.ე-ძის შეგებებული სარჩელიც.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მ.ვ-ძემ, ისე _ ნ.ე-ძემ.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით მ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება; მ. ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხეებს: ნ. და გ. ე-ძეებს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეში და სააპელაციო საჩივარში ჩამოთვლილი ოქროს სამკაულების და პირადი მოხმარების შემდეგი დასახელების ნივთების დაბრუნება. 1. ოქროს სამეული _ 13 თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი და საყურე, ღირებული 250 აშშ დოლარი; 2. ოქროს რგოლი ბეჭედი, ღირებული 60 აშშ დოლარად; 3. 25 აშშ დოლარიანი ოქროს საფირისთვლიანი ბეჭედი; 4. ოქროს ბეჭედი, ბადისებური, 30 აშშ დოლარი; 5. ოქროს ბეჭედი ქარვის თვლით 20 აშშ დოლარიანი; 6. ოქროს სამაჯური 50 აშშ დოლარიანი; 7. ოქროს ძეწკვი ბუბლიკის ფორმით, 50 აშშ დოლარიანი; 7. ოქროს ბეჭედი, ერთთვლიანი, 20 აშშ დოლარიანი; 8. ოქროს ბეჭედი, 6 ბრილიანტის თვლით, 30 აშშ დოლარიანი; სულ, 535 აშშ დოლარის ღირებულების; 1. ტყავის გრძელი ლაბადა ღირებული 250 ლარად; 2. ამაზონკები, 80 ლარის; 3. ქვედა ბოლო, 50 ლარიანი; 4. მწვანე ფერის ქვედა ბოლო, 30 ლარიანი; 5. ხალათი ალუბლისფერი, 25 ლარი; 6. აბანოს პირსახოცი, 10 ლარიანი; 7. პირსახოცები, 7 ლარის; 8. პენუარი, 15 ლარიანი; 9. ოთახის ჩუსტები, 15 ლარი; 10.ფრჩხილების ნესესერი, 10 ლარიანი; 11. კალგოტკა, 5 ლარიანი; 12. შარფი ნაცრისფერი, 5 ლარიანი; 13. ტყავის ქუდი, 10 ლარიანი; 14. კოფტა თაფლისფერი, 20 ლარიანი; 15. ფეხსაცმელი, თეთრი ფერი, 30 ლარიანი; 16. რეიტუზები და წინდები, 15 ლარიანი; 17. წვრილმანები კომპლექტად 20 ლარიანი; 18. ცხვირსახოცები, 5 ლარიანი; 19. კოფტა, ნაცრისფერი 10 ლარიანი; 20. სავარცხლის ნაბორი, 5 ლარიანი; სულ _ 607 ლარის ღირებულების ნივთები.
მოსარჩელეს დანარჩენი ნივთების დაბრუნებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატამ გაიზიარა მ.ვ-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ნაჩუქარი ოქროს სამკაულებისა და პირადი მოხმარების ნივთების დაბრუნება, რადგან უდავოა, რომ მოპასუხეებმა და მათმა ნათესავებმა ნამდვილად აჩუქეს მოსარჩელეს მის მიერ დასახელებული ოქროს სამკაულები და პირადი მოხმარების ნივთები, რასაც მოპასუხე ნ.ე-ძეც ადასტურებს. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნაჩუქარი ნივთები მოსარჩელეს ნამდვილად დატოვებული აქვს მოპასუხეთა ოჯახში. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 524-ე მუხლი და მიუთითა, რომ ნიშნობაზე და ქორწილზე მ.ვ-ძეზე ნაჩუქარი ნივთები ითვლება მის საკუთრებად და მოპასუხეები ვალდებული არიან, დაუბრუნონ მას.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნონ პირადი მოხმარების ნივთები, რადგან მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მშობლებთან სტუმრად წამოსვლისას ნაჩუქარი ნივთები არ წაუღია და როგორც თვით მოსარჩელემ აღიარა, მან წამოიღო მხოლოდ ჩემოდანი, რადგან იყო ნათხოვარი და დაუბრუნა თავის რძალს, რომლითაც მოპასუხეთა ოჯახში მიიტანა საკუთარი პირადი მოხმარების ნივთები; სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა თავისი კუთვნილი პირადი ნივთების დაბრუნების თაობაზე, რადგან მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის დედამ სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ მოგვიანებით მოპასუხეებმა დაუბრუნეს მოსარჩელეს მისი საკუთარი ნივთები.
ამასთან პალატამ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ ოქროს სამკაულების ღირებულება შეადგენს 1170 აშშ დოლარს, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, ხოლო მოპასუხეებმა აღიარეს, რომ მათი ღირებულება შეადგენს 575 აშშ დოლარს, რაც პალატამ გაიზიარა, რადგან სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, აღიარება სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და დაუდოს საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პირადი მოხმარების ნივთების ღირებულებას, მოპასუხეს ასეთი სადავოდ არ გაუხდია და მათი დაკისრებისას პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებულ ნივთების ღირებულება.
სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სულ 535 აშშ დოლარის ღირებულების სამკაულების დაბრუნება და 607 ლარის ღირებულების პირადი მოხმარების ნივთების დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ე-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე უკანონოა, რადგან მოპასუხეების მიერ არ გავრცელებულა მ. ვ-ძის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, კერძოდ ის, რომ ქალწული არ იყო. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ. ვ-ძის ნათესავებმა და ნაცნობებმა მისი მშობლების ოჯახში დაბრუნებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ გაიგეს, რომ მოპასუხემ მიატოვა იგი, რადგან ქალწული არ იყო. აღნიშნული ცნობის შესახებ, როგორც მოწმე შ.შაშიკაძემ განმარტა, გაიგო თავისი ახლობლის დაკრძალვაზე იქ მყოფი მოსახლეობისგან. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის ოჯახში ვითარების გასარკვევად მისულ მოსარჩელის ნათესავებს მ.ვ-ძის დატოვების მიზეზად მოპასუხეებმა აღნიშნული მიზეზი განუცხადეს. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს ასეთი ცნობის გავრცელებას და მიუთითებს, რომ მოსარჩელე ქალწული იყო, სააპელაციო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვისას, მხარეების ახსნა-განმარტებების მიღებისას სასამართლოს შინაგანი რწმენა შეექმნა იმისა, რომ მოპასუხის ბრალეული მოქმედებით ნამდვილად იქნა გავრცელებული მ.ვ-ძის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, რის შედეგადაც მან მძიმე სტრესი განიცადა. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის მე-18 მუხლი, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ სამართლიანად და კანონიერად ჩათვალა მოპასუხე ნ.ე-ძისათვის მ.ვ-ძის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
ნ. და გ. ე-ძეებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.ვ-ძის სარჩელზე უარის თქმა. მათი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, სასამართლო უნდა აფასებდეს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, განსაზღვროს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი, რომელი დაუდგენელი და რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მისი პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტის თაობაზე. მის მიერ შემოტანილ სარჩელში და ახსნა-განმარტებებში მიუთითებს წერილობით მტკიცებულების არსებობაზე, რომელიც შეიცავდა მისი პატივისა და ღირსების შემლახველ ინფორმაციას; მაგრამ მ. ვ-ძემ ვერ წარმოადგინა აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოყვანილ არცერთ მოწმეს უხსენებია ასეთი წერილის არსებობის შესახებ, არცერთს უთქვამს მათ მიერ წერილის გაცნობის შესახებ, მაშინ, როცა მოსარჩელე ახსნა-განმარტებებში მიუთითებს, რომ წერილის გაცნობის დროს მარტო არ ყოფილა და მას ახლდა მისი ნათესავები.
სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის მე-18 მუხლი, ვინაიდან პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის შესაბამისად მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია ბრალეული მოქმედება, რომელიც უნდა დადასტურდეს კანონით დადგენილი წესით, სასამართლომ უნდა დაადგინოს სამართალდამრღვევის ბრალეულობა.
მორალური ზიანის _ 2500 აშშ დოლარის დაკისრებისას სასამართლომ გამოიყენა 413-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციებში იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რაში გამოიხატებოდა მისთვის მორალური ზიანის მიყენება. კასატორმა ნ. ე-ძისათვის დატოვა ცოლი მ. ვ-ძე ქორწინებიდან ორმოცი დღის შემდეგ, მაგრამ მას არ გაუვრცელებია არანაირი პატივისა და ღირსების შემლახვევლი ცნობები.
მოსარჩელე მ. ვ-ძემ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ სადავო ნივთები კასატორის ხელთაა. მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები ოქროს სამკაულების კასატორ ნ. ე-ძეზე გადაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელეს ახსნა-განმარტებას, რომელიც არასწორია. სასამართლომ არასწორად დააკისრა გ. ე-ძეს მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე, ოქროს სამკაულებისა და ნივთების დაბრუნება, რადგან საქმის განხილვისას არ დაუდგენია, არის თუ არა გ. ე-ძე სათანადო მოპასუხე, არ დაუდგენიათ სარჩელი აღძრულია თუ არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ნ. ე-ძისაგან, ხოლო ნივთების დაბრუნების ნაწილში ორივესაგან. სააპელაციო საჩივარში კი მოსარჩელე ითხოვდა ნივთების დაბრუნებას მხოლოდ ნ. ე-ძისაგან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ნ. და გ. ე-ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ვ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მორალური ზიანის _ 2500 აშშ დოლარის ანაზღაურება, მოპასუხე ნ. ე-ძისათვის ოქროსა და ბრილიანტის სამკაულების საფასურის _ 1234 აშშ დოლარის დაკისრება, მისთვის ნაჩუქარი ტანსაცმლის ღირებულების 642 ლარის დაკისრება, ასევე, პირადი მოხმარების ნივთების ღირებულების 202 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე მოპასუხისათვის ქორწინების დროს ნაჩუქარი ნივთების (398 ლარის ღირებულების) ნატურით დაბრუნება, ასევე მისთვის მოსარჩელის ოჯახის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯების _ 150 ლარის დაკისრება, სულ 548 ლარის დაკისრება. სააპელაციო პალატის 2005წ. 16 სექტემბრის სხდომაზე მ. ვ-ძის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება; ამდენად, სააპელაციო საჩივრით მ. ვ-ძეს სადავო ნივთების ღირებულების დაბრუნების მოთხოვნა მეორე მოპასუხე გ. ე-ძის მიმართ არ გააჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, თავისი ინიციატივით, ნ. ე-ძესთან ერთად გ. ე-ძესაც დააკისრა სადავო ნივთების ღირებულების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ეს მუხლი დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა და სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით; სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს პასუხს მოსარჩელის მიერ განცხადებულ მოთხოვნაზე.
სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაარღვია რა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნ. ე-ძე კატეგორიულად უარყოფს მოსარჩელის მიმართ შეურაცხმყოფელი ცნობის გავრცელებას და მიუთითებს, რომ მოსარჩელე ქალწული იყო, მოპასუხემ ბრალეული ქმედებით მაინც დაარღვია მისი პატივისა და ღირსება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელის მითითებით დაკითხული მოწმები განმარტავდნენ, რომ მოსარჩელის პატიოსნების თაობაზე შეურაცხმყოფელ ცნობებს ავრცელებდა დედამთილი _ გ. ე-ძე, უშუალოდ ნ. ე-ძის მიერ კი ამ ინფორმაციის გავრცელების თაობაზე არ არის მითითებული და დადასტურებული მოწმეთა ჩვენებებით; ხოლო თვითონ ნ. ე-ძე კი უარყოფს ასეთი ინფორმაციის გავრცელებას. სასამართლომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია სასამართლო სხდომაზე მ. ვ-ძის მამის განმარტება იმის შესახებ, რომ მან გასვენებაში შეიტყო მეზობლებისგან ნ. ე-ძის მიერ მ. ვ-ძესთან განქორწინების მიზეზი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა სკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის შესაბამისად პირის პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით შესაბამის დაცვას ექვემდებარება, თუ შელახულია პირის პატივი და ღირსება; მოცემული ნორმა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს პატივისა და ღირსების დაცვის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს იმ პირის მიმართ, რომელმაც უშუალოდ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის – პირადი არაქონებრივი უფლების დაცვის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოება, იქნა თუ არა გავრცელებული ნ.ე-ძის მიერ ეს ინფორმაცია და დაირღვა თუ არა მოსარჩელის პატივი და ღირსება, ასევე, რა ფორმით იქნა მის მიერ ეს ინფორმაცია გავრცელებული. სკ-ის მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს როგორც მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ხელყოფის ხასიათი და სიმძიმე, ისე, მოპასუხის დამოკიდებულება ასეთი ხელყოფის მიმართ და მისი ქონებრივი მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც, იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. და გ. ე-ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.