გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1433-1531-04 ას-1433-1531-04 30 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: პატივისა და ღირსების დაცვა; მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. და თ. გ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში “მოპასუხეების შპს გაზეთ „ჯ. თ.“ (მთავარი რედაქტორი ი. დ-ა, სტატიის ავტორი დ. მ-ი) და შპს გაზეთ „კ. პ.“ (მთავარი რედაქტორი გ. თ-ი, სტატიის ავტორი მ. მ-ი) მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ გაზეთ „ჯ. თ.“ 2003წ. 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა დ.მ-ის სტატია სათაურით _ „სვანეთის არეულობა კახა თარგამაძემ დაუკვეთა?“
სტატიაში აღნიშნულია რომ გაზეთის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით, სვანური საპროტესტო აქციის მიზეზი, ორიწ. წინ კიევში მოკლული „კრიმინალური ავტორიტეტის“, 13 მკვლელობის ორგანიზატორისა და შემსრულებლის ბ. გ-ის საქმესთან არის კავშირში. იმავე გაზეთის მეორე გვერდზე სტატიის გაგრძელებაში მითითებულია, რომ ბ. გ-ს 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული და მათ შორის სვანი – ვ-ი, რომელიც ციმბირში დამარხა. იმავე სტატიაში მითითებულია, რომ სამწუხარო ის არის, რომ ბ. სიკვდილის შემდეგ მის სისხლიან კვალს აგრძელებენ მისი დები - თ. და ი. გ-ები, რომელთაც კიევში დაუკვეთეს ბ. ერთ-ერთი მეგობრის მკვლელობა, რომელიც საკუთარ მანქანაში დაწვეს, ამავე დროს თბილისში მოკლეს მ. გ-ი, შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრეს სკოლაში მიმავალი 10წ. ბიჭი (ჭეხანი), დები აშანტაჟებდნენ ჭეხანების ოჯახს, მაინც მოვკლავთო.
სტატიის ავტორი ერთ-ერთი მოსარჩელის თ. გ-ის შესახებ წერს: „როგორც გაზეთ ჯ. თ-ვის გახდა ცნობილი, თ. გ-ი იძებნებოდა მკვლელობის გამო, ინფორმაციის გადამოწმებისას გავარკვიეთ, რომ მის მიმართ დღეისათვის ძებნა შეჩერებულია“.
სტატია მთავრდება ფრაზებით: „თუ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია მართალია (და ეს რომ ასე არის, ამას სვანები გვიდასტურებენ), მაშინ გამოდის, რომ გირგვლიანების ე.წ. სადამსჯელო ჯგუფი ორი ქალის მიერაა ჩამოყალიბებული. ნუთუ ორი ქალის, თუნდაც შეიარაღებულის, წინააღმდეგ პოლიცია უძლურია.“ მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ამ საგაზეთო პუბლიკაციამ შეურაცხყო მოსარჩელეთა ოჯახი, ჩირქი მოსცხო მათ პატისონებასა და ავტორიტეტს, შეურაცხყო გარდაცვლილი ძმა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ლოგინად ჩავარდა მოსარჩელეთა ავადმყოფი დედა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ იმავე თემაზე ანალოგიური შინაარსის სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „კ. პ-ის“ 2003წ. 5-12 სექტემბრის ნომერში სათაურით: „აწყობთ სვანეთში სიტუაციის დაძაბვა და საარჩევნოდ განმუხტვა“.
სტატიის ავტორი - მ. მ-ი ასევე „სარწმუნო წყაროზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბ. გ-ი იყო კრიმინალური ავტორიტეტი და რომ მას 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ასევე, „ინკოგნიტოდ“ დარჩენილი რესპოდენტის გადმოცემით აცხადებს, რომ ს. ჯ-ე კიევიდან ბ. გ-ის ჩამოსვენებისას, მიცვალებულს წამოჰყვა საქართველოში. აღნიშნული სიმართლეს არ შეეფერება, რადგან ს.ჯ-ე დ.გირგვლიანის გადმოსვენების დღეს კიევის პოლიციამ დააკავა, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი.
მოსარჩელეებმა ი. და თ. გ-ებმა სარჩელში მიუთითეს, რომ ეს საგაზეთო სტატიაც პირადად მათი და გარდაცლილი ძმის ბ. გ-ის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელია.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. და თ. გ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „გაზეთი ჯ. თ.“ რედაქციას დაევალა 2003წ. 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი პუბლიკაციების სათაურით „სვანეთის არეულობა კახა თარგამაძემ დაუკვეთა?“ - საჯაროდ უარყოფა ამავე გაზეთის მეშვეობით.
მოპასუხე შპს გაზეთ „კ. პ.“ რედაქციას დაევალა 2003წ. 8-14 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი პუბლიკაციების სათაურით _ „აწყობთ სვანეთში სიტუაციის დაძაბვა და საარჩევნოდ განმუხტვა?“ - საჯარო უარყოფა ამავე გაზეთის მეშვეობით.
მოსარჩელეების: ი. და თ. გ-ების სასარგებლოდ, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხეებს დაეკისრათ შესაბამისად შპს „გაზეთ ჯ. თ-ს“ - 3000 აშშ დოლარის, ხოლო გაზეთ „კ. პ-ას“ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტის თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს შპს „გაზეთმა ჯ. თ-მა“ და შპს გაზეთმა „კ. პ-ამ“.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი, მოპასუხეებისათვის: შპს „გაზეთ ჯ. თ-სა“ და შპს გაზეთ „კ. პ-ათვის“ მოსარჩელეების: ი. და თ. გ-ების სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის - 3 ათასი და ათასი აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ი. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თ. გ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე შპს „გაზეთ ჯ. თ-ს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს გაზეთ „ჯ. თ- ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ხოლო მოპასუხე შპს „გაზეთ კ. პ-ის“ მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თ. და ი. გ-ებს სოლიდარულად დაეკისრათ გაზეთ „კ. პ-ის“ სასარგებლოდ 60 ლარი, ხოლო შპს გაზეთ „ჯ. თ-ს“ სასარგებლოდ _ 52 ლარი, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთ „ჯ. თ-ს“ 2003წ. 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ დ.მ-ის სტატია სათაურით _ „სვანეთის არეულობა კ. თ-ემ დაუკვეთა?“
გაზეთ „კ. პ-ამ“ კი 2003წ. 8-14 სექტემბრის ნომერში დაბეჭდა ჟურნალისტ მ.მ-ის სტატია სათაურით _ „აწყობთ სვანეთში სიტუაციის დაძაბვა და საარჩევნოდ განმუხტვა“.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული სტატიები შეეხება მოსარჩელე ი. და თ. გ-ებს და მათ გარდაცვლილ ძმას _ ბ. გ-ს.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა მოცემული დავის გადაწყვეტისას სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც.
პალატამ მიუთითა, რომ სკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია. სახელის, პატივის ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახველია საგაზეთო პუბლიკაციებში აღნიშნული ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა „გაზეთ ჯ. თ-ს“ 2003წ. 4-11 სექტემბრის ნომერში - „ბ. გ-ს 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული, მათ შორის, ერთი სვანი ვ-ი, რომელიც ციმბირში დამარხეს“; „ორიწ. წინ კიევში მოკლეს კრიმინალური ავტორიტეტი, როგორც აცხადებენ 13 მკვლელობის ორგანიზატორი და შემსრულებელი - ბ. გ-ი“; „სამწუხარო ის არის, რომ ბ. სიკვდილის შემდეგ, მის სისხლიან კვალს აგრძელებენ მისი დები - თ. და ი. გ-ები, რომელთაც კიევში დაუკვეთეს ბექას ერთ-ერთი მეგობრის მკვლელობა, რომელიც საკუთარ მანქანაში დაწვეს, ამავე დროს თბილისში მოკლეს მ. გ-ი“; „სასიკვდილოდ დაჭრეს სკოლაში მიმავალი ბავშვი (ჭეხანი), ბავშვი დღემდე ვერ დადის სკოლაში, დები აშანტაჟებენ ჭ-ების ოჯახს“; „თ. გ-ი და მისი დეიდაშვილი რ. გ-ი კიევში ბ. გ-ის მეგობრის მკვლელობის გამო იძებნებოდნენ. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავარკვიეთ, რომ მათ მიმართ ძებნა შეჩერებულია“. სააპელაციო სასამართლომ პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველად ჩათვალა გაზეთ „კ. პ-ს“ 2003წ. 8-14 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილი შემდეგი გამონათქვამები: - „ორიწ. წინათ კიევში მოკლეს კრკიმინალური ავტორიტეტი - ბ. გ-ი“; „ბ. გ-ს 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული“.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ არაქონებრივი უფლებების ხელყოფის განზრახვა არ ჰქონიათ და ამდენად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს, დაემტკიცებინათ პრესაში მათ მიერ გავრცელებული ცნობების ნამდვილობა, ამიტომ სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეებს სრული უფლება აქვთ, მიუხედავად ხელმყოფის ბრალეულობისა მოითხოვონ, მათი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა.
სკ-ის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნის შესაბამისად, დაადგინა მოსარჩელეთა და მათი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი პუბლიკაციების საჯაროდ უარყოფა იმავე გაზეთების მეშვეობით. გადაწყვეტილებაში, მართალია, აღნიშნული არაა კონკრეტულად, რომელი გამონათქვამების უარყოფა უნდა მოხდეს, მაგრამ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელეებს სწორად მიაკუთვნა ის რასაც ითხოვდნენ და არ გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის დარღვევით, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნია.
ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით კი, მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდა დაეკისრათ შპს „გაზეთ ჯ. თ-ს“ და შპს გაზეთ „კ. პ-ს“. მოსარჩელე ი. და თ. გ-ებმა განმარტეს, რომ ნ. ჯ-ის და ჟურნალისტ დ. მ-ის მიმართ მათ სასარჩელო მოთხოვნა არა აქვს. მორალური ზიანის ანაზღაურებას კი ისინი უშუალოდ შპს „გაზეთ ჯ. თ-ისაგან“@ მოითხოვენ.
გაზეთ „კ. პ-ს“ 2004წ. 8-14 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოსარჩელეთა აწ გარდაცვლილი ძმა ბ. გ-ი მოხსენიებულია როგორც „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული; სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაც შეეხება პირადად ი. და თ. გ-ებს, ისინი სტატიაში კონკრეტულად მოხსენიებული არ არიან, სტატიაში ზოგადად საუბარია გ-ებისა და ჯ-ების დაპირისპირებაზე, ასეთს კი თვით მოსარჩელეებიც არ უარყოფენ.
ამიტომ ამ გაზეთის მიმართ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი; შპს „გაზეთ ჯ. თ-ს“ მიმართ კი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მითითებულ საგაზეთო პუბლიკაციაში ნ. ჯ-ის ინტერვიუს გარდა არის შემდეგი სახის ჩანაწერი; როგორც „ჯ. თ-ვის“ გახდა ცნობილი, თ. გ-ი და მისი დეიდაშვილი რ. გ-ი კიევში ბ. გ-ის მეგობრის მკვლელობის გამო იძებნებოდნენ. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავარკვიეთ რომ მათ მიმართ ძებნა შეჩერებულია“.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებულ ჩანაწერში უშუალოდ გაზეთ „ჯ. თ-ს“ რედაქციის სახელით გავრცელებული იქნა პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია, რომლის სინამდვილესთან შესაბამისობაც გაზეთის რედაქციამ ვერ დაადასტურა, ამიტომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაზეთ „ჯ. თ-ს“ რედაქციის მხრივ ბრალეულ მოქმედება არ მომხდარა.
სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სასამართლომ მიუთითა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია შემდეგი სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული; ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ.
მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.
პალატამ მიუთითა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის გადამეტებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი კომპენსაციის უზომოდ გაზრდა და სიტყვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს დასჯა, კომპენსაციის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნია მოპასუხე შპს გაზეთ „ჯ. თ-ე“ 2 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის დაკისრება მოსარჩელე თ. გირგვლიანის სასარგებლოდ.
შპს გაზეთი “ჯ. თ-მა“ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
შპს „ჯ. თ-ა“ მიუთითა, რომ 2003წ. 4-11 სექტემბრის დ.მ-ის სტატია სათაურით „სვანეთის არეულობა კ. თ-ემ დაუკვეთა?“ გამოქვეყნდა ავტორის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით. ეს სტატია მიზნად არ ისახავდა ვინმესთვის მორალური ზიანის მიყენებას და, რაც მთავარია, სტატიის ავტორს თავისი აზრი დაფიქსირებული არ აქვს. აღნიშნული მასალის რესპოდენტია ნ.ჯ-ე, რომელიც მოპასუხედ არ არის ჩართული საქმეში. გაზეთის რედაქციის და სტატიის ავტორის მოქმედება სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე, საერთაშორისო ეროვნულ კანონმდებლობასთან. საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლში მითითებულია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოაქვეყნოს და გაავრცელოს თავისი აზრი წერილობით და სხვა საშუალებებით. ჩვენთვის გაუგებარია, სასამართლომ რის საფუძველზე დაადგინა რედაქციის განზრახ ბრალეულობა, მაშინ, როდესაც ასეთს ადგილი არ ქონია.
კასატორი მიუთითებს, რომ იგი საქმეში არასწორად იქნა მოპასუხედ ჩართული, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში კანონის შესაბამისად მოპასუხედ შეიძლება ჩართული იქნეს თვით რესპოდენტი ნ.ჯ-ე, რომელმაც გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია; თუ ჟურნალისტის მიერ იქნებოდა ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელებული, ამ შემთხვევაში პროცესზე მესამე პირად შეიძლება მიწვეული ყოფილიყო „ჯ. თ-ი“, თუ მხარის მიერ დაყენებული იქნებოდა იმავე გაზეთის მეშვეობით საჯაროდ ბოდიშის მოხდა. სხვა შემთხვევაში „გაზეთი ჯ. თ-ი“ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ხოლო თუ მოსარჩელე არ დათანხმდებოდა სათანადო მოპასუხის შეცვლას, ამ შემთხვევაში სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულად სამართლის ის ნორმა, რითაც დააკისრა პასუხისმგებლობა „ჯ. თ-ს“, რესპოდენტის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ი. და თ. გ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. მათი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ შპს „კ. პ-აგან“ მოითხოვეს მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან, მართალია, პუბლიკაციაში არ არის ნახსენები კასატორების სახელები _ „ი.“ და „თ.“, მაგრამ ნახსენებია მათი ძმის ახლობლები გირგვლიანები, რომლებსაც ბრალად დებენ დანაშაულის ჩადენას. მათ ძმას კი კასატორებზე უფრო ახლობელი გირგვლიანები არავინ ჰყავს. ი. გ-ს მორალური ზიანი მიაყენა არა ნ.ჯ-ემ ან პირადად ჟურნალისტმა, არამედ გაზეთის რედაქციამ _ შპს „ჯ. თ-მა“, რომელმაც გაავრცელა შეურაცხმყოფელი ცილისმწამებლური მონაჭორი დანაშაულის დაბრალებით, ამიტომაც კასატორებმა მისგან მოითხოვეს მორალური ზიანის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. და თ. გ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს გაზეთი „ჯ. თ-ს“ საკასაციო საჩივარი; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. გ-ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე; ასევე იმ ნაწილში, რომელთაც შპს „გაზეთი ჯ. თ-ს“ დაეკისრა თ. გ-ის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და ამ ნაწილებში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს გაზეთი „ჯ. თ-ს“ საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ გაზეთის 2003წ. 4-11 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიის მასალის რესპოდენტია ნ.ჯ-ე, ამიტომ საქმეში იგი უნდა ყოფილიყო მოპასუხედ ჩართული, თვით კასატორი კი არასათანადო მოპასუხეა. დადგენილია, რომ შპს გაზეთ „ჯ. თ-ს“ 2003წ. 4-11 სექტემბერს გამოქვეყნებული დ.მ-ის სტატია სათაურით „სვანეთის არეულობა კახა თარგამაძემ დაუკვეთა?“ მთავრდება შემდეგი ფრაზით: „თუ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, მართალია (და ეს რომ ასე არის, ამას სვანები გვიდასტურებენ), მაშინ გამოდის, რომ გ-ების ე.წ. სადამსჯელო ჯგუფი ორი ქალის მიერაა ჩამოყალიბებული. ნუთუ ორი ქალის, თუნდაც შეიარაღებულის წინააღმდეგ პოლიცია უძლურია.“
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მითითებულ ჩანაწერში უშუალოდ გაზეთ „ჯ. თ-ს“ რედაქციის სახელით გავრცელებული იქნა პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია, რომლის სინამდვილესთან შესაბამისობაც გაზეთის რედაქციამ ვერ დაადასტურა. ამიტომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაზეთ „ჯ. თ-ს“ რედაქციის მხრივ ბრალეულ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული სტატიის გამოქვეყნების დროისათვის მოქმედი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად ყალბი ცნობების გავრცელებისათვის, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განზრახ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ ხელმძღვანელებს, რედაქტორს (მთავარ რედაქტორს) და მასალების ავტორებს, რომლებმაც დაარღვიეს ეს კანონი. ამ ნორმის თანახმად, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია შპს გაზეთ „ჯ. თ-ს“ საკასაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოცემულ დავაში ის არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე შპს გაზეთი „ჯ. თ-ის“ თ. გ-ის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება, რადგან სასამართლომ, ერთი მხრივ, ზოგადად მიუთითა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი კომპენსაციის უზომოდ გაზრდა და სიტყვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა; კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს დასჯა, კომპენსაციის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც. სააპელაციო პალატამ მოცემული შემთხვევისათვის არ დააკონკრეტა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა და არ დაასაბუთა ზემოაღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების კრიტერიუმები.
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია ი. გ-ის საკასაციო საჩივარი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკისრა გაზეთ „ჯ. თ-ს“ მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირადად ი. გ-ის მიმართ გაზეთ „ჯ. თ-ს“ რედაქციის სახელით პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები არ დაბეჭდილა და, შესაბამისად, არ გავრცელებულა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა საქმეში გაზეთის პოზიცია იმის შესახებ, რომ „.......გ-ების ე.წ. სადამსჯელო ჯგუფი ორი ქალის მიერაა ჩამოყალიბებული” და ა.შ.
ყოველივე ამის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. გ-ის სასარგებლოდ შპს გაზეთი „ჯ. თ-ვის“ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია და სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თ. და ი. გ-ების საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკისრა შპს გაზეთ „კ. პ-ას“ მათ სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება.
გაზეთ „კ. პ-ას“ 2004წ. 8-14 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოსარჩელეთა აწ გარდაცვლილი ძმა ბ. გ-ი მოხსენიებულია როგორც „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული; სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ პირადად ი. და თ. გ-ები სტატიაში კონკრეტულად მოხსენიებული არ არიან; სტატიაში ზოგადად საუბარია გირგვლიანებისა და ჯ-ების დაპირისპირებაზე, ასეთს კი თვით მოსარჩელეებიც არ უარყოფენ.
ამიტომ ამ გაზეთის მიმართ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი; სკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია. სახელის, პატივის ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს „კ. პ-ს“ სწორად არ დააკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოელგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ ი. და თ. გ-ებს ამ ნაწილში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. და თ. გ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „გაზეთი ჯ. თ-ს“ საკასაციო საჩივარი; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. გ-ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე; ასევე იმ ნაწილში, რომელთაც შპს „გაზეთი ჯ. თ-ს“ დაეკისრა თ. გ-ის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და ამ ნაწილებში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.