გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 14.06.2005
საქმის ნომერი
ას-1435-1554-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1435-1554-04 14 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჟანა ზ.-მ სარჩელი აღძრა მ. პ.-ისა და მისი მეუღლის ლ. მ.-ის მიმართ 30600 აშშ დოლარის დაკისრების გამო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მან 2000წ. 29 აპრილს მოპასუხე მ. პ.-ს ერთი წლის ვადით ასესხა 10000 აშშ დოლარი თვეში 5%-ის დარიცხვით. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხე მ. პ.-მ პროცენტის სახით სხვადასხვა დროს გადაუხადა 10500 აშშ დოლარი. ვინაიდან მოპასუხემ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მ. პ.-ს გადასახდელი დარჩა 22500 აშშ დოლარი. 2002წ. 17 იანვარს ჟ. ზ.-მ მ.პ.-ს ერთი წლის ვადით ასესხა 6500 აშშ დოლარი უპროცენტოდ, რაც მოპასუხემ ასევე არ დაუბრუნა. 2002წ. 15 აგვისტოს მოსარჩელემ მ.პ.-ის თხოვნით, ამ უკანასკნელის შვილის, ა. მ.-ის, სწავლის ქირის სახით 2002წ. 15 აგვისტოს შეიტანა 1000 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ ასევე არ გადაუხადა. მოსარჩელემ მიმართა ქ.ბათუმის პოლიციის საგამოძიებო განყოფილებას, სადაც მოპასუხე მ. პ.-მ გამომძიებლისათვის 2003წ. ნოემბერში მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაადასტურა მოსარჩელისაგან სესხად აღებული, 10000 აშშ დოლარის გამო, 14000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: მ.პ.-ემ ჟ.ზ.-საგან 2000წ. აპრილს ზეპირი ფორმით ისესხა 10000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით, რაც გადახდილ იქნა სხვადასხვა დროს. ასევე მ.პ.-მ 2002წ. 17 იანვარის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე უპროცენტოდ ისესხა 6500 აშშ დოლარი. მ.პ.-ის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის მიერ გადახდილი 10500 აშშ დოლარი საკმარისია ყველა ვალდებულების დასაფარავად. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სწავლის ქირა ნამდვილად მის მიერ იქნა გადახდილი და მხარეებს შორის დაიდო სხვა სახის შეთანხმება. მოპასუხის წარმომადგენელმა მტკიცებულებად არ ცნო მ.პ.-ის მიერ გამომძიებლისათვის მიცემული ახსნა-განმარტება, რადგანაც მის მიერ უცნობი იყო შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და მისი მეუღლის, ლ. მ.-ის, მიერ ვალის დასაფარავად 13050 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით ჟ.ზ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.პ.-ს დაეკისრა 20500 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა ჟ.ზ.-ს სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 1025 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდა 150 ლარის ოდენობით. სარჩელის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ.-მ. სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ჟ.ზ.-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. პ.-ისათვის 31850 აშშ დოლარის დაკისრება.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.პ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ჟ.ზ.-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.პირონიან-მ.-ს ჟ.ზ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 29776 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 637 ლარის ნაწილის _ 522 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების _ 250 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე ჟ.ზ.-მ 2000წ. 29 აპრილს მოპასუხე მ. პ.-ს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა 10 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით, რისთვისაც ჟ.ზ.-ს გადაუხადა სულ 10500 აშშ დოლარი პროცენტის სახით. 2002წ. 17 იანვარს ჟ.ზ.-სა და მ.პ.-ეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა უპროცენტოდ, ერთი თვის ვადით, 6500 აშშ დოლარის სესხების ხელშეკრულება. სასამართლომ არ გაიზიარა მ.პ.-ის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მის მიერ ჟ.ზ.-საგან 2000წ. 29 აპრილს აღებული სესხის _ 10 000 აშშ დოლარის დასაფარავად მისმა მეუღლე ლ. მ.-ემ ჟ.ზ.-ს გამოუგზავნა 13 288 აშშ დოლარი, რადგანაც ჟ.ზ.-სა და ლ.მ.-ეს შორის სკ-ის 203-ე მუხლით გათვალისწინებული სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და რაიმე სახის ხელშეკრულება ვალის დაკისრების თაობაზე არ დასტურდება. სკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმება სესხის 5%-იან განაკვეთზე სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. სკ-ის 341-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ პოლიციაში მიცემული ახსნა-განმარტება არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად. ჟ.ზ.-ს მოთხოვნა მ.პ.-ის მიმართ ა. მ.-ისადმი სწავლის ქირის სახით გადახდილი 1600 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა, რადგანაც აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი. პალატამ მიიჩნია, რომ, სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ მოთხოვნის გაზრდის საფუძველი იურიდიულად დაასაბუთა. ვალის გადახდის ვადის დარღვევა მხარეთა აღიარებითა და წარმოდგენილი საბანკო გზავნილებით დადასტურდა. სკ-ის 403-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ვალდებულების დამრღვევ მ.პ.-ეს ვადის გადაცილების მთელი პერიოდისათვის გადაეხადა წლიური პროცენტის ზღვრული ოდენობა, რაც შეადგენდა 3,5%-ს და მთელი პერიოდისათვის _ 13650 აშშ დოლარს. აღნიშნული უნდა ჩაითვალოს, სკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანგარიშში. ვინაიდან ჟ.ზ.-ს ვადის გადაცილების შემდეგ მიღებული აქვს პროცენტის თანხა ორჯერ, მისაღები დარჩა 5150 აშშ დოლარი ზიანის ანაზღაურების სახით. 2002წ. 17 იანვრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 6500 აშშ დოლარის დაბრუნების მტკიცებულება მ. პ.-ის მიერ ვერ წარმოადგინა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სასესხო გარიგება დათქმულ ვადაში ვერ შესრულდა და, მიუხედავად იმისა, რომ სესხის გარიგება იყო უპროცენტო, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სკ-ის 403-404, 408-ე მუხლების შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა ამ ნაწილში ზიანის ანაზღაურების თაობაზე კანონიერია. ამ საფუძვლით მ.პ.-ეს დაეკისრა ჟ.ზ.-სათვის 4095 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ.პ.-ეს ბანკში ანგარიში გახსნილი ჰქონდა 2002წ. იანვარ-თებერვლიდან და არა 2002წ. მაისიდან, რაც დადასტურებულ იქნა ს.-იდან მიღებული შეტყობინებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. პ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 203-ე მუხლი, როდესაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ ლ. მ.-ის მიერ ჟ. ზ.-ს ანგარიშზე გადარიცხული 13288 აშშ დოლარი არ ჩაითვლება ვალის სანაცვლოდ გადახდილად. კასატორის განმარტებით, ლ.მ.-ის მიერ ხსენებული თანხის გადარიცხვა ჟ.ზ.-მ მოიწონა, რის საფუძველზე სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 204-ე მუხლით. პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 625-ე მუხლი, როდესაც დადგენილი სასესხო 5% გონივრულ ოდენობად მიიჩნია. მხარის მითითებით, იმ დროისათვის ზღვრულ მინიმუმად ითვლებოდა 2,7%, ხოლო, ზემოხსენებული მუხლის მიხედვით, ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია. პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 384-ე მუხლიც, ზიანის ანაზღაურება დააკისრა უკანონოდ, ვინაიდან მას მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულებები გასტუმრებული ჰქონდა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით წლიურ ზღვრულ ნორმად 3,5% არასწორად იქნა მიჩნეული. სასამართლომ არ მიუთითა იმ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც არ გაიზიარა მ.პ.-ის მიერ ბანკში 2002წ. თებერვალში ანგარიშის გახსნის ფაქტი. ასევე არ მიუთითა იმ ნორმაზე, რომლითაც ჩათვალა, რომ ხსენებული ანგარიში გაიხსნა 2002წ. მაისიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფაქტობრივი გარემოებები საკმარისად გამოკვლეული არ არის, რაც ეჭვ ქვეშ აყენებს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებასაც, კერძოდ:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი: მოსარჩელე ჟ.ზ.-მ 2000წ. 29 აპრილს მოპასუხე მ. პ.-ს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა 10000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. 2002წ. 17 იანვარს ჟ.ზ.-სა და მ.პ.-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჟ. ზ.-მ მ.პ.-ს ასესხა უპროცენტოდ, ერთი წლის ვადით, 6500 აშშ დოლარი. მ. პ.-მ მოსარჩელე ჟ.ზ.-ს ამ უკანასკნელისაგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აღებული 10000 აშშ დოლარისათვის პროცენტის სახით გადაუხადა თანხა სულ 10500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდგომ, აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით, არც ძირითადი და არც პროცენტის თანხა აღარ გადაუხდია. მოპასუხე მ. პ.-ს ჟ.ზ.-სათვის, ამ უკანასკნელთან სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით სესხის _ 6500 აშშ დოლარის დასაფარავად თანხა არ გადაუხდია. პალატამ არ გაიზიარა მ.პ.-ის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მის მიერ ჟ.ზ.-საგან 2000წ. 29 აპრილს აღებული სესხის დასაფარავად მისმა მეუღლემ ლ. მ.-ემ მოსარჩელე ჟ.ზ.-ს გამოუგზავნა 13 288 აშშ დოლარი, რადგანაც საქმის მასალებით ჟ.ზ.-სა და ლ.მ.-ს შორის სასესხო ან ვალის გადაკისრების შესახებ სკ-ის 203-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა არ დასტურდება.

საქმეში წარმოდგენილ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში ჟ. ზ.-ო მიუთითებს, რომ მოპასუხეებს მ.პ.-ესა და მის მეუღლეს 2000წ. 29 აპრილს სესხად გადასცა 10000 აშშ დოლარი, ხოლო 2002 წელს უპროცენტოდ ასესხა 2600 აშშ დოლარი. ჟ. ზ.-მ სარჩელით და შეგებებული სააპელაციო საჩივრით თავის მოთხოვნაზე მოპასუხედ ჩათვალა როგორც მ.პ.-ე, ასევე მისი მეუღლე ლ. მ.-ე. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს დასკვნა, რომ ჟ.ზ.-სა და ლ.მ.-ს შორის სასესხო სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა არ დასტურდება, დაუსაბუთებელია.

სკ-ის 371-ე მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. სასამართლოს არ გამოურკვევია მოცემულ შემთხვევაში ხომ არ ჰქონდა ადგილი მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებას.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმით მხარეთა შორის გადანაწილებულია რა მტკიცების ტვირთი, პროცესში მონაწილე მხარეები ვალდებული არიან, ამტკიცონ მათ მიერ დასახელებული გარემოებების სისწორე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მ.პ.-მ უარყო რა ჟ.ზ.-ს სასარჩელო მოთხოვნა, მიუთითა, რომ მის მიერ სესხად აღებული თანხა გადაიხადა ლ. მ.-ემ. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლითაც ლ. მ.-მ ჟ. ზ.-ს გაუგზავნა 13288 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა რა მოპასუხის ეს არგუმენტი, არ იმსჯელა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟ.ზ.-ს საწინააღმდეგო მოსაზრება რა მტკიცებულებებით იყო დასაბუთებული. ჟ.ზ.-მ არ უარყო ლ. მ.-ისგან საბანკო წესით გამოგზავნილი თანხის მიღება, იგი ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ აღნიშნული თანხით მის მიერ მოთხოვნილი სასესხო ვალდებულება არ შესრულებულა.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ ზემოხსენებული საკითხების გამოკვლევისა და უტყუარად დადგენის შემდეგ უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუ მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროების გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. პ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.