გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-1436-1555-04 12 აპრილი, 2005 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ვ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. ქ-ის გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად ქ.ბათუმში, ... ქუჩასა და ... ქ.კვეთაში მდებარე ¹29/4 საცხოვრებელი სახლიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მას, რაც დადასტურებულია ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურში შესაბამისი ჩანაწერით. ეს სახლი ზ.ვ-ემ მემკვიდრეობით მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995წ. 4 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე. მანამდე კი სახლი ირიცხებოდა მერიის ბალანსზე და ამ სახლში ცხოვრობდა ე.ქ-ი ოჯახთან ერთად.
1995 წლიდან ე.ქ-ს ბინის ქირა არ გადაუხდია. 2002 წელს მოსარჩელემ ე.ქ-ს წერილობით მოსთხოვა ბინის ქირის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს, რეალური პირობების გათვალისწინებით, ნორმალურ თანხად მიაჩნდა, მაგრამ მოპასუხემ მაინც არ გადაიხადა ბინის ქირა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995წ. 4 მაისის გადაწყვეტილება არის უკანონო, რის გამოც ისინი აპირებენ განცხადების შეტანას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განხლების შესახებ მოთხოვნით. მოპასუხის აზრით, ვინაიდან არ არსებობს ზ. ვ-ესა და მათ შორის წერილობით გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, ისინი არ არიან დამქირავებლები და თვლიან, რომ სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მოპასუხეებთან ზ. ვ-ის საკუთრებაში რიცხული, ქ.ბათუმში ... ქუჩასა და ... კვეთაში ¹29/4 სახლში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე მოპასუხე ე. ქ-ისა და თ. ჯ-ი-ქ-ის ქირავნობის ხელშეკრულება. ე. ქ-ი და თ. ჯ-ი-ქ-ი შვილებთან ერთად გამოსახლდნენ ზემოთ აღნიშნული ბინიდან და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ზ. ვ-ე არის სადავო ფართის მესაკუთრე, რაც დასტურდება ბინის ტექნიკური პასპორტით, ასევე ის ფაქტი, რომ მოპასუხის დედა, ხოლო შემდგომ _ მოპასუხეები, 1960 წლიდან სადავო ფართში ცხოვრობენ აჭარის ა/რ საბინაო სამმართველოს კომუნალური მეურნეობის ბათუმის დეპუტატთა საბჭოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. შესაბამისად, ისინი ითვლებოდნენ აღნიშნული ფართის დამქირავებლებად. 1995 წლიდან სადავო ფართის მესაკუთრე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ბინის ტექნიკური პასპორტის თანახმად, გახდა ზ. ვ-ე. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 312-ე, 752-ე და 558-ე მუხლებით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.ქ-მა და თ.ჯ-ი-ქ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ ისინი სადავო სახლში ცხოვრობდნენ ორდერის საფუძველზე. მხარეებს შორის არ არსებობის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა, ამიტომ გაუმართლებელია ასეთი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება. სასამართლო ვალდებული იყო, შეეჩერებინა საქმის წარმოება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის 81 მუხლის საფუძველზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება. ზ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ზ. ვ-ესა და ე. ქ-ს შორის ქირავნობის ხელშეკრულება, ქ.ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში ¹29/4 სახლში მდებარე ბინაზე, ჩაითვალა მოშლილად, მოპასუხეები ე. ქ-ი და თ. ჯ-ი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გამოსახლდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან და ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე ზ.ვ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ.ვ-ეს 1995 წლიდან, მანამდე სახლი ეკუთვნოდა ქ.ბათუმის მერიას და მასში ცხოვრობდა მოპასუხე ე.ქ-ი ოჯახთან ერთად. ე. ქ-ი ითვლებოდა ბინის დამქირავებლად, ხოლო ქ.ბათუმის მერია - გამქირავებლად (მესაკუთრედ), რომელსაც იგი უხდიდა დადგენილ ბინის ქირას. 1995 წლიდან სახლის მესაკუთრის შეცვლის შემდეგ, ე.ქ-ს ბინის ქირა ახალი მესაკუთრისათვის, ზ. ვ-ისათვის არ გადაუხდია და როგორც მთავარ სხდომაზე განმარტა, იგი თავს ვალდებულად არ თვლის, გადაუხადოს ზ.ვ-ეს ბინის ქირა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1997წ. 25 ნოემბრამდე, რის გამოც საქალაქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის ნორმები. განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 284-ე, 323-ე მუხლებით და 285-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ქ-მა და თ. ჯ-ი-ქ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი. კასატორთა აზრით, განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ მოშალა არარსებული ქირავნობის ხელშეკრულება. მათ სადავო ბინა მიღებული აქვთ მუდმივ სარგებლობაში კომუნალური ფონდიდან. მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1-11 ¹107 და 1994წ. 5.VIII-2 ¹520 დადგენილებებით მოპოვებული აქვთ ბინაზე საკუთრების უფლება. კასატორები მოითხოვენ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას და საქმეში მხარედ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის, ორდერების გამცემი ორგანოს ჩაბმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩასა და ... ქ.კვეთაში მდებარე ¹29\4 სახლი 1995 წლიდან საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ. ვ-ეს. მანამდე სახლი ეკუთვნოდა ქ. ბათუმის მერიას და მასში ცხოვრობდა ე. ქ-ი ოჯახთან ერთად. სასამართლომ ასევე დაადგინა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება.
პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება არასწორადაა დადგენილი. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებას აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. ის გარემოება, რომ ე. ქ-ი ორდერის საფუძველზე ფლობს სადავო ბინას, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმის დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოების არასწორმა დადგენამ შესაძლოა, გამოიწვიოს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არასწორი შეფასება და დავის არასწორი გადაწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ხომ არ არსებობს მხარეთა შორის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონით რეგულირებული ურთიერთობა. აღნიშნული კანონი არეგულირებს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე კერძო საცხოვრებელ სადგომში შესახლებულ პირსა და მესაკუთრეს შორის ურთიერთობებს. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ე. ქ-სა და ზ. ვ-ეს შორის არსებობს ასეთი სახის ურთიერთობა, ამავე კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დავის განხილვა უნდა შეჩერდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არასწორადაა შეფასებული სასამართლოს მიერ და მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არასწორადაა დასაბუთებული. აღნიშნულის გამო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ქ-ისა და თ. ჯ-ი-ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.