დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-14-398-05 6 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 აპრილს თ. ქ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს გადახდის ბრძანების გაცემის შესახებ. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2001წ. 14 მაისს ა. გ.-სთან გააფორმა 8680 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება 3 თვის ვადით. ამასთან, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ... მდებარე, ა. გ.-ის კუთვნილი ¹... საცხოვრებელი ბინა. სესხის დაბრუნების ვადის გასვლის მიუხედავად, ა. გ.-ს თანხა არ დაუბრუნებია.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადახდის ბრძანებით ა. გ.-ს დაეკისრა თ. ქ.-ის სასარგებლოდ 8680 აშშ დოლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 290 ლარის გადახდა. ა. გ.-ის შუამდგომლობით საქმის განხილვა დაინიშნა სასარჩელო წესით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ. ქ.-ისაგან თანხა ისესხა შვილიშვილმა – ა. რ.-მ, რომელსაც მისგან გააჩნდა მინდობილობა ქონების ყოველგვარი მართვის უფლებით, ხოლო რაც შეეხება სესხს, აღნიშნულის თაობაზე ა. გ.-ს არანაირი ნება არ გამოუვლენია.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ.ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის ფაქტობრივი გადაცემა უნდა მომხდარიყო დამოუკიდებელი წერილობითი აქტით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა, ხოლო ა. რ.-ის საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარი განაცხადა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ქ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ა. რ.-ს თ.ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8680 აშშ დოლარის გადახდა იპოთეკით დატვირთული ა.გ.-ის კუთვნილი ბინის საჯარო ვაჭრობით რეალიზაციის გზით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001წ. 11 მაისს ა. გ.-მ მინდობილობა გასცა შვილიშვილზე – ა. რ.-ზე, რომლითაც მისცა ამ უკანასკნელს უფლება დადოს ყოველგვარი გარიგება ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის, შეისყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, გაცვალოს დააგირაოს იგი. მინდობილობა მოქმედებდა ერთი თვის ვადით.
2001წ. 14 მაისს ა. რ.-მ, მოქმედებდა რა ა.გ.-ის ზემოხსენებული მინდობილობით, დადო თ. ქ.-სთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მან აიღო სესხად თ. ქ.-ისაგან 8680 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, პროცენტის დაურიცხავად, ხოლო, ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ..., რომელიც ა.გ.-ის საკუთრებას წარმოადგენდა. 2001წ. 14 აგვისტოს თ.ქ.-სა და ა.რ.-ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელებულ იქნა ორი თვით.
სკ-ის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის აღებისა და ბინის იპოთეკით დატვირთვისას ა.რ.-ე მოქმედებდა როგორც ა.გ.-ის წარმომადგენელი. ამასთან, ა.გ.-ს არ მიუნიჭებია ა.რ.-ისათვის უფლებამოსილება, მისი სახელით აიღოს სესხი, მინდობილობა გაცემული იყო მხოლოდ მისი ბინის იპოთეკით დატვირთვაზე.
სკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობით უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ა.გ.-ე არ ადასტურებს თავის ნებას, აეღო სესხი თ.ქ.-ისაგან. ამდენად, სესხის ხელშეკრულება მას და თ.ქ.-ს შორის ვერ ჩაითვლება დადებულად.
სკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია, მეორე მხარის სურვილით, ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმომადგენელი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა ა.რ.-ს და ამ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია ა. გ.-ის საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვით.
სკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გააჭიანურებს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იპოთეკაა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა. გ.-ისა და ა. რ.-ის წარმომადგენლების განცხადება იმის შესახებ, რომ სესხის თანხა მათთვის გადაცემული არ ყოფილა, რაც დასტურდება მათი განცხადებით, აგრეთვე, იმით, რომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა ამის შესახებ დამატებითი წერილობითი აქტი, როგორც ამას მოითხოვს ხელშეკრულების 2.2 პუნქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, აღნიშნული პუნქტი ხელშეკრულებაში არსებობს, მაგრამ წერილობითი აქტის არარსებობა ვერ დაადასტურებს იმას, რომ თანხა არ გადაცემულა, ვინაიდან საქმეში მოიპოვება სხვა უფრო სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს საწინააღმდეგოს.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა შეიძლება მიღებულ იქნეს მტკიცებულებად: მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ქ.-ის ახსნა-განმარტებით დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, რაც დასტურდება იმითაც, რომ პირველი ხელშეკრულების დადების შემდეგ მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება ამ ხელშეკრულების ანუ სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებაზე, რაც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არ მოხდებოდა. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მეორე ხელშეკრულება დაიდო იმის გამო, რომ გაგრძელდა სესხის აღების და არა დაბრუნების ვადა, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებაში ხდება არა სესხის აღების, არამედ მისი დაბრუნების ვადის დათქმა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანხის გადაცემის ფაქტს ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეებიც, კერძოდ, ნოტარიუსი ნ. მ.-ი და მ. ზ.-ი. პალატამ მიუთითა, რომ მართალია, სკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობით, დამოწმებულია ნოტარიალურად, თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება მხარის ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, რაც სავსებით საკმარისია სასამართლოს რწმენის ჩამოყალიბებისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სესხის თანხის გადაცემა მტკიცდება იმითაც, რომ 2001 წლიდან მოპასუხეებს არ მოუთხოვიათ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება ან ხელშეკრულებიდან გასვლა მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების – თანხის გადაცემის შეუსრულებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. რ.-ისა და ა. გ.-ის წარმომადგენელმა _ გ. ხ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო იყო ტენდენციური, ვინაიდან გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ თ.ქ.-ის განმარტებებზე დაყრდნობით, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებები არ იქნა მოსმენილი.
საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2001წ. 11 მაისის მინდობილობით ამომწურავადაა განსაზღვრული, თუ რა უფლებები ჰქონდა ა.რ.-ს ა.გ.-ისაგან მინიჭებული, მას ა.გ.-ის სახელით არც სესხის აღებისა და არც უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება არ ჰქონდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2001წ. 14 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის გადაცემა უნდა მომხდარიყო დამოუკიდებელი წერილობითი აქტით მას შემდეგ, რაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში, ე.ი. არა იმავე დღეს, როდესაც ნოტარიუს ნ.მ.-ის თანდასწრებით მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ანუ აღნიშნულით დასტურდება, რომ ნოტარიუსთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას გამსესხებელს მსესხებლისათვის საკუთრებაში ფული არ გადაუცია და, ამდენად, არც ნ.მ.-ის ჩვენება არ არის სარწმუნო და გასაზიარებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების საპროცესო ნორმების დარღვევით). კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ თ.ქ.-ის ახსნა-განმარტება გაიზიარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, არასწორია, რადგან გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეესაბამება სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ყველა იმ მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც დაადგინა საქმის თითოეული ფაქტობრივი გარემოება.
პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა.რ.-ს ა.გ.-ისაგან მინდობილობით მინიჭებული არ ჰქონდა მარწმუნებლის სახელით სესხის აღების უფლება. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების მხარეები არიან ა.რ.-ე და თ.ქ.-ე. აღნიშნული დასტურდება სესხის წერილობით ხელშეკრულებით. პალატა თვლის, რომ ვინაიდან სესხი და იპოთეკა ერთ ხელშეკრულებად გაფორმდა სანოტარო ბიუროში, ხელშეკრულებაში მითითებულია ა. გ.-ის მიერ გაცემულ მინდობილობაზეც. ა.გ.-ის უძრავ ქონებაზე სათანადო მინდობილობის გარეშე იპოთეკის ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა. აქედან გამომდინარე, ა.გ.-ის წარმომადგენლობით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და არა სესხის ხელშეკრულება. ამდენად, სესხის ხელშეკრულების მხარე ა.რ.-ა და პასუხისმგებლობაც ვალის დაბრუნებაზე მას ეკისრება. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სესხი ნამდვილ გარიგებად, რადგან სესხი რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას გულისხმობს რომ ხელშეკრულების დადების მომენტში თანხა მიღებულია კონტრაჰენტის მიერ. მართალია, ხელშეკრულების 2-2 მუხლში გაკეთებულია დათქმა, რომ თანხის გადაცემა-დაბრუნება ხდება წერილობითი აქტით, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე, მაგრამ ხელშეკრულების ამ მუხლით არ შეიძლება საეჭვო გახდეს თანხის გადაცემა. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხი რეალური ხელშეკრულებაა და წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების 2.2 მუხლი უკვე ადასტურებს თანხის მიღებას, მეორე, თანხა რომ გადაცემულია ამავე ხელშეკრულების 4.1 მუხლიც მიუთითებს, რადგან უკვე მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა ა.გ.-ის კუთვნილი ბინა.
პალატა მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხასიათისაა. ამ ხელშეკრულების მხარეებისაგან, მხოლოდ მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს გარკვეული მოქმედებები, კერძოდ, დაუბრუნოს კრედიტორს ნასესხები თანხა. ამრიგად, მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ მხარეები შეთანხმდენ სესხის შესახებ, მაგრამ სესხის ხელშეკრულების საგანი გადაცემული არ იყო ან გადაცემული იყო, მაგრამ არ დადგა ვალდებულების შესრულების დრო. ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს გადასცემს მსესხებელს. ხელშეკრულების 2.2 მუხლი არ ითვალისწინებს ამ ხელშეკრულების გარდა სხვა წერილობით აქტს თანხის გადაცემის შესახებ. ამაზე მიუთითებს ყველა ის გარემოება, რომელიც შეესატყვისება სესხის ხელშეკრულებას. სკ-ის 338-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარს.
კერძოდ, ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ იპოთეკით უზრუნველყოთ სესხის მოთხოვნა. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არ არსებობს ძირითადი უფლების, ე.ი. კონკრეტულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის გარეშე. ამრიგად იპოთეკის ხელშეკრულებით შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს მოთხოვნა, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნების უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე, ანუ ის მოთხოვნა უნდა არსებობდეს, რაც უზრუნველყოფილია იპოთელით, პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რადგან მისი რეალური ხასიათიდან გამომდინარე მხოლოდ თანხის გადაცემით ითვლება ხელშეკრულება დადებულად, რაც სკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია და მოთხოვნის უზრუნველყოფის წინაპირობა.
ამდენად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. რ.-ისა და ა. გ.-ის წარმომადგენელ გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.