გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-155-458-04 18 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხმარებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში) მემკვიდრედ ცნობა და მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ცვლილებების შეტანა, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
რ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ., რ., მ., ვ., ს. და ა. მ-ების, ვ. ჟ-ის, ქ. ლ-ის, ი. ა-ას, გ. პ-ის, ე. ბ-ის, ლ. ვ-ის, ნ. მ-ის, ა. ს-ას, ზ. ბ-ის, ი. მ-ის, დ. ბ-ის, მ. გ-ის, ვ. ს-ის, ჯ. მ-ის, ვ. მ-ის, კ. მ-ის, გ. ნ-ისა და გ. ღ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. თბილისში, ...... ¹7-ში მდებარე სახლი ირიცხებოდა ა. ბ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1970 წელს. ა. ბ-ეს ჰყავდა სამი შვილი _ თ. ბ-ე, მ. ბ-ე და ვ. ბ-ე. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა დედის გარდაცვალებამდე, ხოლო მ. ბ-ე _ 1983 წელს. 2001წ. 17 თებერვალს მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მთლიან სახლზე გაიცა ა. ბ-ის ერთ-ერთ მემკვიდრეზე _ თ. ბ-ეზე. 2001წ. 4 ივლისის რ. კ-სა და თ. ბ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რ. კ-ი გახდა სადავო სახლთმფლობელობის მესაკუთრე. მოსარჩელე თავის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს სკ-ის 170-ე მუხლის პირველი პუნქტს.
რ. და ს. მ-ებმა, ვ. ჟ-მა სარჩელი არ ცნეს, შეგებებული სარჩელით მოითხოვეს თ. ბ-ესა და რ. კ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ცვლილებების შეტანა და სამკვიდროს 1/2-ის მემკვიდრეებად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: ქ. თბილისში, ...... მდებარე სახლი 1941 წლიდან ირიცხებოდა დ. ბ-ის სახელზე. 1949წ. 29 აგვისტოს დ. ბ-ის მფლობელობა გაუქმდა და მფლობელად გატარდა დ. ბ-ის მეუღლე _ ა. ბ-ე, რომელიც 1970 წელს გარდაიცვალა. ა. ბ-ეს დარჩა სადავო სახლში მცხოვრები ორი პირველი რიგის მემკვიდრე _ თ. და მ. ბ-ეები. ამ დროისათვის სახლი უკანონო ნაგებობას წარმოადგენდა. ამდენად, მოპასუხენი მასში მხოლოდ რეგისტრირებული იყვნენ. მართალია, დედის გარდაცვალების შემდეგ მ. ბ-ეს სამკვიდრო მოწმობა არ აუღია, მაგრამ იგი აგრძელებდა სამკვიდრო სახლში ცხოვრებას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ბინაში ცხოვრობდნენ მისი შვილები _ შეგებებული სარჩელის ავტორები. მხარემ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა დარღვევით მთელ სახლზე, ვინაიდან თ. ბ-ეს აღნიშნულის უფლებამოსილება არ ჰქონდა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი და შეგებებული სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეები: ქ. ლ-ე, გ. პ-ი, ე.ბ-ე, ლ. ვ-ი, ნ. მ-ე, ა. ს-ი, ი. მ-ი, დ.ბ-ე, მ. გ-ი, ვ. ს-ი, ჯ. მ-ე, ვ. მ-ი, კ.მ-ე, გ. ნ-ე და გ. ღ-ე გამოსახლდნენ სადავო სახლის 1\2-დან და აღნიშნული ნაწილი რეალურ სარგებლობაში დარჩა მოსარჩელეს. სახლის 1\2-ზე გაუქმდა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და ნასყიდობის ხელშეკრულება. რ. კ-ს საკუთრებაში დარჩა სახლთმფლობელობის 1\2. რ. და ს. მ-ებსა და ვ. ჟ-ს, თითოეულს, მიეკუთვნათ სამკვიდრო სახლისა და ნაკვეთის 1\6. საჯარო რეესტრს დაევალა შესაბამისი ცვლილების განხორციელება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ვ-მა, ვ. მ-მა, ქ. ლ-ემ, გ. პ-მა, ე. ბ-ემ და რ. კ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. და ს. მ-ები, ე. ბ-ე და ვ. ჟ-ი გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ...... მდებარე სადავო ბინიდან, ხოლო ქ. ლ-ის, გ. პ-ის, ლ. ვ-ისა და ი. მ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. და ს. მ-ები და ვ. ჟ-ი ცნობილ იქნენ სახლის 1\2-ის მემკვიდრეებად და თითოეულის წილი განისაზღვრა მთლიანი სახლის 1\6-ით. შესაბამისი ცვლილება შევიდა სამემკვიდრეო მოწმობაში, ხოლო შეგებებული სარჩელი სახლის 1\2-ზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...... მდებარე სახლი ირიცხებოდა ა. ბ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1970წ. 14 თებერვალს. მას დარჩა სამი მემკვიდრე, შვილები: თ. ბ-ე, მ. ბ-ე და ვ. ბ-ე. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა ა. ბ-ის გარდაცვალებამდე, ხოლო მ. ბ-ე _ 1983 წელს. ა. ბ-ის მემკვიდრეები, მისი გარდაცვალების დროისათვის, ცხოვრობდნენ სადავო სახლში, ხოლო შემდგომ კი მათი შვილები _ ს. და რ. მ-ები, ვ. ჟ-ი და ე. ბ-ე. აღნიშნულ ბინაში, ბინის მესაკუთრის თანხმობით, ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობდნენ და რეგისტრირებულნი იყვნენ დანარჩენი მოპასუხეებიც. 2001წ. 17 თებერვალს ა. ბ-ის ერთ-ერთი მემკვიდრე _ თ. ბ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მთლიან სახლზე. იმავე წლის 4 ივლისს თ. ბ-ის რწუნებულ ე. ბ-ესა და რ. კ-ს შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მთლიანი სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. კ-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 1430-ე და 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ, ვინაიდან ს., რ. მ-ებმა და ვ. ჟ-მა ფაქტობრივად მიიღეს სამკვიდრო, რომელიც მათ დედას, მ. ბ-ეს, თავის დასთან, თ. ბ-ესთან, ერთად თანაბარწილად ეკუთვნოდა, ისინი წარმოადგენდნენ სამკვიდროს _ სადავო სახლის 1/2-ის, ხოლო თითოეული _ მთლიანი სახლის 1/6-ის მემკვიდრეებს, შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს თ. ბ-ის სახელზე გაცემულ სამემკვიდრეო მოწმობაში. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რ. კ-სა და თ. ბ-ეს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ნაწილში გაუქმების შესახებ დაუსაბუთებელია. პალატამ მიუთითა სკ-ის 185-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სადავო გარიგების დადების დროს საჯარო რეესტრის მონაცემებით სახლის მესაკუთრედ სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული იყო თ. ბ-ე. რ. კ-ს არ შეიძლება სცოდნოდა ის გარემოება, რომ თ. ბ-ის გარდა, არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები, რომელთაც სამკვიდრო მოწმობა მიღებული არ ჰქონდათ. პალატის მოსაზრებით, ს. და რ. მ-ებსა და ვ. ჟ-ს უფლება აქვთ, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლებიდან გამომდინარე, მოთხოვნა წაუყენონ აწ გარდაცვლილი თ. ბ-ის უფლებამონაცვლეს. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ თ. ბ-ის შვილიშვილი ე. ბ-ე სადავო ბინიდან მართებულად გამოსახლდა, რადგან მან თ. ბ-ის რწმუნებით განკარგა რა საცხოვრებელი სახლი, დაკარგა ამ სახლის ფლობის უფლება. პალატის აზრით, საცხოვრებელი სახლის ფლობის უფლება აღარა აქვთ ამ სახლის 1/2-ის დანარჩენ მემკივდრეებსაც, კერძოდ, ს. და რ. მ-ებსა და ვ. ჟ-ს, რომელთაც ეს უფლება დაკარგეს სამკვიდრო მასის _ საცხოვრებელი სახლის რ. კ-ისათვის მიყიდვის გამო, ამდენად, ისინიც სადავო ბინიდან უნდა გამოსახლდნენ. პალატამ იხელმძღვანელა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლით და აპელანტების _ ქ. ლ-ის, გ. პ-ის, ლ. ვ-ისა და ი. მ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში რ. კ-ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან დაადგინა, რომ მითითებული პირები სადავო ბინაში ცხოვრობენ ჯერ კიდევ ადრინდელი მესაკუთრის თანხმობით, ისინი ჩაწერილნი იყვნენ ბინაში ხანგრძლივი დროის მანძილზე, ხოლო ქ. ლ-ეს გააჩნდა შინაურული ხელწერილი ბინის დათმობის შესახებ.
სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება რ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნები, გასცდა მხარეების მიერ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ საფუძვლებს და თავად ჩამოაყალიბა მოპასუხეთა მოთხოვნა. კერძოდ, პალატამ გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონი, რომელზეც მხარეებს არ მიუთითებიათ. კასატორის აზრით, ფორმა ¹1-ის გარდა საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხეები წლების განმავლობაში აღნიშნული ბინის მოსარგებლეები იყვნენ, მხოლოდ ხსენებულ დოკუმენტზე დაყრდნობა კი, მხარის აზრით, დაუშვებელია და ზემოაღნიშნული კანონის დანაწესებს ეწინააღმდეგება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ის 185-ე მუხლის გამოყენების პირობებში რ. კ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება უკანონოა. მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა რ. მ-მა და მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 185-ე მუხლი. სადავო გარიგების დადების დროის საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ¹2, ¹3, ¹4, ¹5, ¹6, ¹7, ¹8 და ¹9 ნაგებობები აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. ამდენად, სადავო ბინა იყო უფლებრივად ნაკლიანი, რაც, კასატორის აზრით, შემძენისთვის, რ. კ-ისათვის, ცნობილი იყო. მან ასევე იცოდა, რომ სადავო ბინაში, ე. ბ-ის გარდა, ცხოვრობდნენ სხვა პირები, რომელთაც შეეძლოთ ხსენებულ ფართზე პრეტენზია განეცხადებინათ. ეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას რ. კ-ის რწმუნებულმა თ. ნა-ამ დაადასტურა, რაც დაფიქსირდა სხდომის ოქმში. ამდენად, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბინის 1/2-ზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა, უკანონოა. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა და გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, როდესაც დაადგინა მისი სადავო ბინიდან გამოსახლება, რადგან მას ხსენებული ბინის ფლობის სრული უფლება ჰქონდა, 1935 წლიდან იგი აღნიშნულ ბინაში რეგისტრაციის საფუძველზე კანონიერად ცხოვრობდა, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. ამდენად, სკ-ის 157-ე მუხლის თანახმად, იყო მართლზომიერი და კეთილსინდისიერი მფლობელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, კერძოდ, მისი გამოსახლებისა და ბინის 1/2 ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელს უარი უნდა ეთქვას, ხოლო შეგებებული სარჩელი სადავო ბინის 1/6-ზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის წარმომადგენლების _ თ. ნ-ასა და ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება რ. მ-ის ბინიდან გამოსახლებისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
ქ. თბილისში, ...... მდებარე სახლი ირიცხებოდა ა. ბ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1970წ. 14 თებერვალს. მას დარჩა სამი მემკვიდრე _ შვილები: თ. ბ-ე, მ. ბ-ე და ვ. ბ-ე. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა ა. ბ-ის გარდაცვალებამდე, ხოლო მ. ბ-ე გარდაიცვალა 1983 წელს. ა. ბ-ის მემკვიდრეები მისი გარდაცვალების დროისათვის, ცხოვრობდნენ სადავო სახლში, ხოლო შემდგომ კი მათი შვილები _ ს. და რ. მ-ები, ვ. ჟ-ი და ე. ბ-ე. აღნიშნულ ბინაში, ბინის მესაკუთრის თანხმობით, ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობდნენ და რეგისტრირებული იყვნენ დანარჩენი მოპასუხეებიც. 2001წ. 17 თებერვალს ა. ბ-ის ერთ-ერთი მემკვიდრის _ თ. ბ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მთლიან სახლზე. იმავე წლის 4 ივლისს თ. ბ-ის რწუნებულ ე. ბ-ესა და რ. კ-ს შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მთლიანი სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. კ-ის სახელზე. სააპელაციო პალატა ასევე დადგენილად ცნო, რომ ქ. ლ-ე, გ. პ-ი, ი. მ-ი და ლ. ვ-ი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩაწერილი არიან სადავო ბინაში და ცხოვრობენ ადრინდელი მესაკუთრის თანხმობით, ხოლო ქ. ლ-ეს გააჩნია შინაურული ხელწერილი ბინის დათმობის შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. კ-ის წარმომადგენლების თ. ნ-ასა და ზ. ფ-ას საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნები, გასცდა მხარეების _ ქ. ლ-ის, გ. პ-ის, ი. მ-ისა და ლ. ვ-ის შეპასუხებას და მათი სამართლებრივ საფუძველების მითითების გარეშე გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონი.
რ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სკ-ის 172-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია რა, რომ ზემოხსენებული მოპასუხეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის ფარგლებში წარმოადგენდნენ სადავო ბინის მოსარგებლეებს, მათ ჰქონდათ ნივთის ფლობის უფლება და, შესაბამისად, მათი გამოსახლების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილია რა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გამოტანილი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას, მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, იგი ვალდებულია, მიუთითოს იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებზე, რომელზე დაყრდნობითაც აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება. ამდენად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ კანონებზე, რომელთა საფუძველზეც მოახდინა სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასება, მიუხედავად იმისა, ეყრდნობა თუ არა მხარეთა მოთხოვნა ან შესაგებელი კონკრეტულ სამართლებრივ ნორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იურიდიულად სავსებით სწორად დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოებები.
რაც შეეხება რ. მ-ის საკასაციო საჩივარს, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაასკვნა, რომ სადავო გარიგების დადების დროს საჯარო რეესტრის მონაცემებით სახლის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო რა თ. ბ-ე, შემძენ რ. კ-ს არ შეიძლება სცოდნოდა ის გარემოება, რომ თ. ბ-ის გარდა სადავო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ სხვა მემკვიდრეები, რომელთაც სამკვიდრო მოწმობა მიღებული არ ჰქონდათ.
სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
აღნიშნული ნორმა იცავს რა შემძენის ინტერესებს, ადგენს გამსხვისებელი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ თუ არის რეგისტრირებული. ეს საკმარის საფუძველს წარმოადგენს შემძენისათვის, რომ გამსხვისებელი მესაკუთრედ ჩათვალოს. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია ამავე ნორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემძენმა იცის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გამსხვისებელი, არ არის მესაკუთრე. ამდენად, აღნიშნული ნორმით დაწესებული შემძენის კეთილსინდისიერების დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინება, ვინაიდან მოცემულ შემთვევაში არსებითი საკითხია შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება (იცოდა თუ არ იცოდა) მესაკუთრის ვინაობისადმი. შესაბამისად, შემძენის ინტერესების დაცვის მარეგულირებელი ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს როგორც საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე _ უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა არ იცოდა ქონების სხვა მესაკუთრის თაობაზე.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმის გამოყენებისას და მისი განმარტებისას შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, იცოდა თუ არა შემძენმა _ რ. კ-მა სადავო გარიგების დადების დროს ქონებაზე სხვა მესაკუთრეების არსებობის საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ რ. მ-ს სადავო სახლის 1/2 ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით აქვს მიღებული და სახლის ამ ნაწილში ცხოვრობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება რ. მ-ის ბინიდან გამოსახლებისა და 2001წ. 4 ივლისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.