დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-167-497-05 28 ივნისი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ახალაძე
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ჟ-ემ, მოპასუხედ დაასახელა ჯ. ა-ი და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება მასთან ერთად მცხოვრებ ყველა პირთან ერთად ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, იმ საფუძვლით, რომ 2003წ. 26 ნოემბერს მოპასუხისაგან 9000 ლარად იყიდა მითითებული საცხოვრებელი სახლი, რაც დადასტურებულია ნასყიდობის სანოტარო ხელშეკრულებით, მაგრამ მოპასუხე დღემდე უარს აცხადებს ნასყიდობის ნივთის მისთვის გადაცემაზე.
2004წ. 10 თებერვალს ჯ. ა-მა სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, გ. ჟ-ესთან ერთად მოპასუხეებად დაასახელა ნოტარიუსები: მ. ბ-ე და თ. მ-ე და მოითხოვა სანოტარო აქტების _ 2003წ. 14 ივნისის ¹1-1873 მინდობილობისა და 2003წ. 26 ნოემბრის ¹1-12765 ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
ჯ. ა-ის განმარტებით, 2003წ. 14 ივნისს მას და გ. ჟ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მასთან ერთად მინდობილობა, რომელსაც იგი იპოთეკის შემადგენელ ნაწილად თვლიდა. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა მის მიერ შესრულებულ იქნა, ამიტომაც გ. ჟ-ეს სესხის დაბრუნებაზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა. მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, გ. ჟ-ის სარჩელის ჩაბარების შემდეგ, გახდა მისთვის ცნობილი ის გარემოება, რომ გ. ჟ-ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით თითქოსდა მისი ბინა შეუძენია, რის საფუძველზეც ითხოვდა ჯ. ა-ის გამოსახლებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ჯ. ა-ი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. ქუთაისში, ... და დაევალა გ. ჟ-ისათვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
ჯ. ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე _ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სესხის თანხა გ. ჟ-ისათვის დაბრუნებული იყო. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლი მოტყუებით დადებული და საცილო გარიგებების შესახებ, ასევე, არ იმსჯელა საკუთარ თავთან გარიგების დაუშვებლობაზე და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის დაუშვებლობაზე.
მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, სადავო გახადა აპელანტის მიერ წარმოდგენილი სანოტარო აქტი ¹1-12638, რომლის მიხედვითაც ჯ. ა-ს მ. ჟ-ისათვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა _ 3900 აშშ დოლარი გადახდილი ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ჯ. ა-ის სააპელაციო საჩივარი _ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ჯ. ა-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. მ-ის მიერ 2003წ. 26 ნოემბერს გაფორმებული სანოტარო აქტი _ ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა გაცემულია ჯ. ა-ის მიერ, მოტყუების გარეშე, რის გამოც მინდობილობის ბათილობაზე ჯ. ა-ს უარი ეთქვა, ხოლო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სანოტარო აქტი ¹1-12638 მტკიცებულებად მიიღო ქსეროასლის სახით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის კანონიერებაში მხარეები არ დაინტერესებულან. აღნიშნული მტკიცებულება, როგორც კასატორი აღნიშნავს, ამოღებული აქვს პროკურატურას. ამ დოკუმენტით გ. ჟ-ემ თანხმობა განაცხადა ყადაღის მოხსნაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2003წ. 14 ივნისს გ. ჟ-ესა და ჯ. ა-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჯ. ა-მა გ. ჟ-ეს სამი თვით ასესხა 3900 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლი. 2003წ. 14 ივნისს ჯ. ა-მა გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც გ. ჟ-ეს მიანდო, განეგო მისი ქონება და დაედო ამის შესაბამისად კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, მათ შორის, მას უფლება ჰქონდა შეესყიდა, გაესხვისებინა, გაეჩუქებინა ქონება, მიეღო საჩუქარი და ა.შ. მინდობილობა გაიცა ერთი წლის ვადით და ძალაში იყო 2004წ. 14 ივნისის ჩათვლით. მითითებულ მხარეთა შორის დამატებით განისაზღვრა სესხის ხელშეკრულების შესრულების პირობები, კერძოდ, თუ ჯ. ა-ი არ დაუბრუნებდა 2003წ. 14 სექტემბრამდე სესხის თანხას გ. ჟ-ეს, მას უფლება ეძლეოდა ყოველგვარი თანხმობის გარეშე გადაეფორმებინა ჯ. ა-ის სახელზე აღრიცხული ბინა.
აღნიშნული გარემოებანი სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
კასატორი თავის საკასაციო საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს არ უნდა მიეღო მტკიცებულება – სანოტარო აქტი ¹1-12638 ქსეროასლის სახით. აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჯ. ა-მა იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გადაიხადა და გ. ჟ-ე თანახმაა გაუქმდეს იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული მტკიცებულება გამოთხოვილ იქნა სასამართლოს მიერ ნოტარიუს თ. მ-ისაგან, მაგრამ იგი ნოტარიუსმა სასამართლოში არ წარადგინა. მისი წარმომადგენლის განცხადებით, იგი სანოტარო ბიუროში არ მოიძებნა. აღნიშნული მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში გ. ჟ-ის წარმომადგენლის მიერაც. ასეთ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გაათავისუფლა ჯ. ა-ი აღნიშნულ მტკიცებულებაში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთისაგან. თ. მ-ის მიერ სანოტარო საქმის წარმოუდგენლობა სასამართლოში არ შეიძლება საპატიოდ იქნეს მიჩნეული. მითუმეტეს, რომ აღნიშნული სანოტარო აქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა მოცემულ საქმეზე.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, იარსებებდა თუ არა კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულება, სანოტარო აქტი _ ნასყიდობის ხელშეკრულება _ მაინც ბათილია, რადგან არსებობს საკუთარ თავთან დადებული ხელშეკრულება. საქმეში არსებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით ჯ. ა-ის წარმომადგენლობით გ. ჟ-ემ საკუთარ თავს მიჰყიდა ჯ. ა-ის საცხოვრებელი ბინა. სკ-ის 114-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით დადოს გარიგება. ასეთი გარიგება მიიჩნევა კანონსაწინააღმდეგო გარიგებად და იგი სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია, ხოლო კასატორი არ იყო უფლებამოსილი, დაედასტურებინა ასეთი სახის გარიგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.