დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-185-607-06 11 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ აივნისა და სველი წერტილების მოშლა, ნაკვეთის გამონთავისუფლება; შეგებებულ სარჩელში _ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ე-ძის მიმართ აივნისა და სველი წერტილების მოშლის, ასევე ნაკვეთის გამონთავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ნ. ე-ძე არის მოსარჩელის გარდაცვლილი ძმის მეუღლე. 1970წ. 30 დეკემბერს ვ.გ-შვილის ოჯახი გამოეყო დედის კომლს. გაყრილობის განაჩენით მას მიეკუთვნა 0,10 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო მის ძმას _ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ი. გ-შვილის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლე ნ. ე-ძემ. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის სახლის აივანი და სველი წერტილები გადმოსულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 მეტრით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთიდან ნ. ე-ძის სახლის აივნისა და სველი წერტილების მოშლა.
Yნ. ე-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ-შვილის მიმართ შემდეგი დასაბუთებით: ნ.ე-ძე წლების განმავლობაში არის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ასეთად აღრიცხულია საჯარო რეესტრში. ვ.გ-შვილი კი არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთითა და ნაყოფით, ამდენად, უკანონოა მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა უძრავი ქონების, სოფელ არბოში მდებარე ბინის, კარმიდამოსა და სველი წერტილების მესაკუთრედ ცნობა და ვ. გ-შვილის მხრიდან ნ. ე-ძის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ამასთან, ზიანის ანაზღაურების სახით ვ. გ-შვილისათვის მის სასარგებლოდ 2000 ლარის დაკისრება.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ.ე-ძეს დაევალა 0,10 ჰა მიწის ნაკვეთიდან აივნისა და სველი წერტილების აღება და ნაკვეთის გადაცემა ვ. გ-შვილისათვის. ნ.ე-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის განჩინებით ნ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. გ-შვილმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვა დაინიშნა 2005წ. 20 ივლისს, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს. ამავეწ. 18 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.ე-ძემ და, თავისი ავადმყოფობის მოტივით, მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. მითითებულ სხდომის დღეს ნ.ე-ძე არ გამოცხადდა, ვ.გ-შვილმა კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 20 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პალატამ იხელმძღვანელა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნ.ე-ძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვა უცვლელი, რაზეც ნ.ე-ძემ შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 241-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ, მართალია, ნ. ე-ძემ სასამართლოს აცნობა, თავისი ავადმყოფობის გამო, სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, თუმცა მას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლომ განსახილველი საჩივარი უსაფუძვლდ ჩათვალა.
სააპელაციო პალატის განჩინება ნ. ე-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა როგორც გასაჩივრებული განჩინების, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიტანა, შემდგომ კი ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სსკ-ის 233-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო, ვინაიდან ნ.ე-ძემ სასამართლოს აცნობა საქმის განხილვაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შესახებ, 80 წელს მიღწეულ, მძიმე ფინანსური მდგომარეობაში მყოფ ნ.ე-ძეს ექიმის გამოძახების საშუალება არ გააჩნდა. მას უვლიდა მეზობელი ნ. ა-ევა, რომლის განცხადება მხარემ წარმოადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნ.ე-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ამბერგი ოქროპირიძის გარდაცვალების გამო კასატორი დარჩა იურიდიული დაცვის გარეშე. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, რის გამოც, სასამართლოს მხარეთა თანასწორ პირობებში ყოფნის აუცილებლობის გათვალისწინებით, ნ.ე-ძისათვის უნდა დაენიშნა სახაზინო ადვოკატი, რაც მას არ განუხორციელებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ნ. ე-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ნ. ე-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2005წ. 20 ივლისს, რის შესახებ მხარეებს სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ. ამავეწ. 18 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.ე-ძემ და თავისი ავადმყოფობის მოტივით მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარუდგენია. მითითებულ სხდომის დღეს ნ.ე-ძე არ გამოცხადდა, ვ.გ-შვილმა კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორი ნ. ე-ძე დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმა სწორად გამოიყენა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად დატოვა ძალაში.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო სსკ-ის 233-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ ნ.ე-ძემ წინასწარ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნ.ე-ძეს სხდომაზე თავისი ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არც ზემოხსენებულ განცხადებასთან და არც შემდგომ, მისი საჩივრის განხილვისას, არ წარმოუდგენია.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი ნ.ე-ძის მითითება, 2005წ. 20 ივლისს მისი ავადმყოფობის თაობაზე ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ვერც იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევით, ნ.ე-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის გარდაცვალების პირობებში, მას სახაზინო ადვოკატი არ გამოუყო. სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს‚ ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმეში მიზანშეწონილია. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას საფუძვლად უნდა ედოს მხარის შუამდგომლობა, მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულის შესახებ ნ.ე-ძეს სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია. ამასთან, სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მხოლოდ განსახილველი საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობის ან სირთულის შემთხვევაშია დასაშვები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და იგი მართებულად დარჩა ძალაში, ხოლო ნ. ე-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება