დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.12.2005
საქმის ნომერი
ას-187-521-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-187-521-05 13 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ნივთების დაბრუნება (ძირითად სარჩელში), მემკვიდრედ ცნობა, პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ტ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ბ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების, ნივთების დაყადაღებისა და დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1983 წლიდან ტ. კ-ე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში აწ გარდაცვლილ თ. კ-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1986 წელს, შეეძინათ ვაჟიშვილი. ქორწინების დღიდან ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... მდებარე კორპუსის ¹40 ბინაში, რომელიც ირიცხებოდა თ. კ-ის სახელზე და ჩაწერილები იყვნენ მათი შვილი გ. კ-ე და მეუღლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან _ ბ. კ-ე. მოსარჩელის განმარტებით, 1993 წელს იგი გაემგზავრა მშობლებთან ქ.ვოლგოგრადში. 1996წ. 22 ნოემბერს მისი მეუღლე თ.კ-ე გარდაიცვალა. ვოლგოგრადიდან ჩამოსვლის შემდეგ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ. ბ-თან, რომელსაც სადავო ფართზე არავითარი კანონიერი უფლება არ გააჩნდა და, მოსარჩელის მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დაკავებულ ბინას არ ათავისუფლებდა.

ჯ. ბ-ის მიმართ სარჩელი აღძრა ასევე ბ. კ-ემ ბინიდან გამოსახლების, სადავო ბინისა და მასში არსებული ქონების აღწერა-დაყადაღების, აგრეთვე, მოპასუხის მიერ თ. კ-ის ყოფილი სამსახურიდან წაღებული ნივთების დაბრუნების შესახებ შემდეგი მოტივებით: ბ. კ-ე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ქუჩის 22-ში მდებარე კორპუსის ¹40 ბინაში, რომელიც ირიცხებოდა გარდაცვლილი მამის _ თ. კ-ის სახელზე, ბინაში ბ. კ-ის გარდა, ჩაწერილი იყო მისი უმცროსი ძმა _ გ. კ-ე. ბინა უკანონოდ დაიკავა ჯ. ბ-მა, რომელიც თავს თვლის თ. კ-ის მეუღლედ, თუმცა არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაკავებულ ფართს არ ათავისუფლებს.

ჯ. ბ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ბ. კ-ისა და სს უბანი “დ. დ.” მიმართ თ. კ-ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობისა და ქ. თბილისში, ... ქუჩის 22-ში მდებარე კორპუსის ¹40 ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ჯ. ბ-ის განმარტებით, თ. კ-ესა და ტ. კ-ეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 1993წ. ზაფხულში, ხოლო ამავე წ. 29 ივლისს ტ. კ-ე ამოეწერა სადავო ბინიდან და შვილთან ერთად გაემგზავრა რუსეთში. 1993 წელს ჯ. ბ-მა იქორწინა თ. კ-ესთან, რომელთანაც ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, თუმცა ქორწინება არ დაურეგისტრირებიათ, ვინაიდან თ. კ-ე ტ. კ-ესთან განქორწინებული არ იყო. ჯ. ბ-ისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ბ. კ-ე ბინაში ჩაეწერა 1996 წელს, თუმცა სადავო ბინაში არასდროს უცხოვრია. ამასთან, ბ. კ-ემ უკანონოდ მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება სს უბნის “დ. დ." მეშვეობით. თ. კ-ემ სიცოცხლეში თავისი ქონება უანდერძა ჯ. ბ-ს.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. და ბ. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ჯ. ბ-ი გამოსახლდა სადავო ბინიდან, ხოლო ჯ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 იანვრის გადაწყვეტილება. ბ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ. ბ-ი გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... ქუჩის 22-ში მდებარე კორპუსის ¹40 ბინიდან. ტ. კ-ის სარჩელი და ჯ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: 1995წ. 16 დეკემბრის ანდერძის თანახმად, აწ გარდაცვლილ თ. კ-ემ მთელი ქონება, მათ შორის, თბილისში, ... ¹22-ში მდებარე ბინა 40 და სახლი, მდებარე ზესტაფონში, .... ¹3-ში, გარდაცვალების შემდეგ უანდერძა ჯ. ბ-ს, რომელთანაც ეს უკანასკნელი არარეგისტრირებულ, ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ანდერძის, როგორც ცალმხრივი გარიგების დადებისას, მამკვიდრებელ თ. კ-ეს ნება არ გამოუვლენია, რაც დასტურდება იუსტიციის სამინისტროს სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის 1997წ.ა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კომისიურ-გრაფიკული ექსპერტიზის 2001წ. 24 ივლისის დასკვნებით.აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან ანდერძზე არ არსებობს კონკრეტული პირის ანუ მოანდერძე თ. კ-ის ხელმოწერა, არ არსებობს თვით გარიგებაც. შესაბამისად, არ არსებობს თ. კ-ის ნების გამოვლენა ჯ. ბ-ის სახელზე საანდერძო განკარგულების გაცემის შესახებ, ანუ იგი უცილოდ ბათილი, არარა გარიგებაა და არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც მესამე პირებისათვის. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. კ-ის გარდაცვალების მომენტში სადავო ბინა მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის ¹519 დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სამკვიდრო მასას, რომლითაც საბინაო სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში ამ სახლებში მათ მიერ დაკავებული ბინები, მიუხედავად იმისა, გადახდილი იყო თუ არა მათ მიერ თავდაპირველი შესატანი საპაიო თანხა. ამასთან მიიჩნია, რომ სადავო ბინაზე ვერ გაიხსნებოდა ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, ანდერძზე მამკვიდრებელ თ. კ-ის ხელის მოწერის და, შესაბამისად, მისი ნების არარსებობის გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ჯ. ბ-მა ისე მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, რომ ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წლის 19 თებერვლის ¹2.12.25 გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. კ-ეს გადაუფორმდა აწ გარდაცვლილი მამის, თ. კ-ის, სახელზე რიცხული ხუთოთახიანი კოოპერატიული ბინა და იგი მიღებულ იქნა კოოპერატივის მეპაიე წევრად, რაც საფუძვლად დაედო 1997წ. 19 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებას, რომელიც დღემდე ძალაშია და არავის გაუუქმებია. ზემოხსენებული გამგეობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ბ. კ-ე, როგორც მეპაიე წევრი, უფლებამოსილი იყო, გაეფორმებინა პრივატიზაციის ხელშეკრულება სს უბან „დ. დ.“. ის გარემოება, რომ სადავო ანდერძზე ხელის მოწერა არ არის შესრულებული თ. კ-ის მიერ, ხოლო სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში ხელის მოწერა შესრულებულია თ. კ-ის მიერ, ვერ გახდება ჯ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სარეგისტრაციო ჟურნალში თ. კ-ის ხელის მოწერის ნამდვილობის დადასტურება, არ ნიშნავს იმას, რომ ანდერძზე ხელის მოწერაც თ. კ-ის მიერ არის შესრულებული. ამ შემთხვევაში, დოკუმენტების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი მათ წარმომდგენ პირზეა დაკისრებული და ჯ. ბ-მა ვერ დაადასტურა გარიგების სისწორე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. კ-ე წარმოადგენს სადავო ბინის ტიტულოვან მესაკუთრეს, ასეთად არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 172-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, მოითხოვოს ჯ. ბ-ის სადავო ბინიდან გამოსახლება. სააპელაციო პალატამ ტ. რ-ა-კ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან იგი არ წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს ან მართლზომიერ მფლობელს და არ გააჩნდა ჯ. ბ-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი. ასევე უსაფუძვლოდ იქნა ცნობილი ტ. კ-ის მოთხოვნა ნივთების გამოთხოვაზე დაუსაბუთებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, რადგან იგი არასაკმარისადაა დასაბუთებული, დარღვეულია ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, ასევე, 162-ე, 168-ე, 175-ე მუხლების დანაწესები. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმეზე წარმოდგენილი ბ-ლ-კ-ის საეკლესიო წესით რეგისტრირებული ქორწინების საბუთი. პალატამ არ გაითვალისწინა, თუ როგორ წყდებოდა 1997წ. თებერვალში, კოოპერატიული ბინების მიკუთვნების საკითხი. კასატორის განმარტებით, საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვისას დაიკითხა კოოპერატივის თავმჯდომარე, თუმცა მის განმარტებას რაიმე იურიდიული შეფასება არ მისცემია, ხოლო სააპელაციო პალატას აღნიშნული პირი საერთოდ არ დაუკითხავს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა თ. კ-ე სადავო სახლის მესაკუთრედ, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებიდან ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ დასკვნებზე, რომელთა თანახმად, თ. კ-ეს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელი არ მოუწერია და თავისი ნება საანდერძო განკარგვისას არ გამოუხატავს. ამასთან, მხოლოდ ის ექსპერტები იქნენ დაკითხული, რომლებმაც ხსენებულ პოზიციას დაუჭირეს მხარი. თუ სადავო ბინა 1996-97 წლებში კოოპერატივის საკუთრება გახდა, აღნიშნული უნდა დადასტურებულიყო ბ. კ-ის კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ განცხადებით და მითითებულის თაობაზე კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ მოხდა კოოპერატივის სამოქმედო კანონისა და წესდების უგულვებელყოფა, რომელთა თანახმად რეგულირდებოდა უძრავი ქონების ირგვლივ არსებული მსგავსი დავები ან რატომ არ გაირკვა სამკვიდრო მასის საკითხი. სასამართლო ვალდებული იყო, მიეთითებინა ჯ. ბ-ის მოთხოვნის უარყოფის სამართლებრივ საფუძველზე, რაც არ მომხდარა. ჯ. ბ-მა სასამართლოს ორი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა _ ერთში მხარეა გამგეობა და სერვისული ფირმა, ხოლო მეორეში _ ბ. კ-ე. დავის საგანი სხვადასხვაა, თუმცა ერთ ობიექტს ეხება. აღნიშნული დავები სასამართლოს ერთ წარმოებად არ უნდა გაეერთიანებინა. ნოტარიუსის დაკითხვისა და წარმოდგენილი სანოტარო საქმის თანახმად დადგენილ იქნა, რომ ორივე ანდერძსა და სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერა განხორციელდა ერთსა და იმავე დღეს, იგივე უწყებასა და საათებში, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯ. ბ-ს ანდერძის ნამდვილობის მტკიცებას არ ავალებს. ჯ. ბ-მა მოითხოვა 1997წ. 5 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა 1997წ. 19 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე, რაც მხარეს არ მოუთხოვია. აღნიშნულით დაირღვა სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორის მოსაზრებით, იურიდიულად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ბ. კ-ის სამკვიდრო ქონების მიღების კანონიერად მიჩნევის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: თ. კ-ე გარდაიცვალა 1996წ. 22 ნოემბერს, რომელიც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... ¹22-ის, ბინა 40-ში. ზემოაღნიშნულ ბინაში თ. კ-ესთან ერთად ჩაწერილები იყვნენ მისი პირველი ქორწინებიდან შვილი – ბ. კ-ე და მეორე ქორწინებიდან შვილი – გ. კ-ე. თ. კ-ე გარდაცვალებამდე არარეგისტრირებულ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჯ. ბ-თან. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წ. 19 თებერვლის ¹2.12.25 გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და ბ. კ-ეს გადაუფორმდა აწ გარდაცვლილი მამის – თ. კ-ის სახელზე რიცხული 67-35 კვ.მ-ის ხუთოთახიანი კოოპერატიული ბინა ¹40, მდებარე დიდ დიღომში, ... ¹22-ში და იგი მიღებულ იქნა ამ კოოპერატივის მეპაიე წევრად. 1997წ. 5 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო, ერთი მხრივ სს უბანი „დიდი დიღომის“ წარმომადგენელ ო. ბ-სა და, მეორეს მხრივ, ბ. კ-ეს შორის, დიდ დიღომში, .... ¹22-ის ბინა ¹40 საკუთრებაში გადაეცა ბ. კ-ეს და საჯარო რეესტრში აღირიცხა ბ. კ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო 1995წ. 16 დეკემბრის ანდერძის თანახმად, აწ გარდაცვლილმა თ. კ-ემ მთელი მისი ქონება, მათ შორის ბინა მდებარე ქ. თბილისში, ... ¹22-ში და სახლი, მდებარე ქ. ზესტაფონში ..., მისი გარდაცვალების შემდეგ უანდერძა ჯ. ბ-ს, მამკვიდრებელ თ. კ-ეს თავისი ნება არ გამოუვლენია. სასამართლომ ამ გარემოების დადგენის საფუძვლად მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო-კალიგრაფიული ექსპერტიზის 1997წ. 30 ივნისისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ 2001წ. 24 ივლისს ჩატარებულ კომისიურ-გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებზე. ამ მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ხელმოწერა, „კ-ე თ.“, დაფიქსირებული 1994წ. 16 დეკემბრის თარიღით შედგენილი ანდერძის პირველ და მეორე პირზე, შესრულებულია არა თ. კ-ის, არამედ _ სხვა პირის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ჯ. ბ-ის სახელზე საანდერძო განკარგულების გაცემისას არ დასტურდება თ. კ-ის ნების გამოვლენა და იგი უცილოდ ბათილი გარიგებაა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა სკ-ის 1403-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ძალითაც ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ. ამავე კოდექსის 50-ე მუხლით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგება არის ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც გარკვეულ იურიდიულ შედეგებს იწვევს. ნების გამოვლენის ნამდვილობა განსაზღვრავს გარიგების ვარგისიანობას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თვალსაზრისით. გარიგების ნების ნაკლი იწვევს გარიგების ბათილობას. სკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით, უცილად ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. სკ-ის 1357-ე მუხლის მეორე ნაწილით, სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი ხელმოწერილ უნდა იქნეს მოანდერძის მიერ. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს რა ანდერძის შედგენის წესებს, მამკვიდრებლის ნების სარწმუნოდ გამოხატვა უნდა დადასტურდეს ანდერძზე მისი ხელმოწერით. ამდენად, კანონის ზემოხსენებული ნორმებით ზუსტად განსაზღვრულია რა ანდერძის შედგენის წესები, მისი დაუცველობა იწვევს ანდერძის ბათილობას.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმეში წარმოდგენილი საეკლესიო წესით რეგისტრირებული ქორწინების საბუთი. აღნიშნულ მტკიცებულებას რაიმე სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება, ვინაიდან მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრირებული დაქორწინება (სკ-ის 1151-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მიკერძოებულად იმსჯელა ექსპერტიზის დასკვნებსა და ექსპერტთა დაკითხვებზე. მოცემულ საქმეზე კალიგრაფიულიექსპერტიზაჩატარდა ოთხჯერ და დადგინდა შემდეგი: იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კლევითი ცენტრის 1997წ. 30 ივნისის დასკვნა ¹56/01-ის თანახმად, ხელმოწერა „კ-ე თ.“, დაფიქსირებული 1994წ. 16 დეკემბრის თარიღით შედგენილი ანდერძის პირველ და მეორე პირზე, შესრულებულია არა თ. კ-ის, არამედ _ სხვა პირის მიერ, ხოლო ხელმოწერა კ-ის სახელით, განლაგებული თბილისის მე-15 სანოტარო კანტორის რეესტრში, სანოტარო მოქმედების ნორმერი „5-10216“, გრაფაში “სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის მიმღების ხელმოწერა” შესრულებულია თ. კ-ის მიერ. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ განყოფილების 1998წ. 6 ივლისის ¹49/გრ დასკვნის თანახმად, ხელნაწერი ანდერძზე კ-ე თ.”, რომელიც ადასტურებს პიროვნების ხელმოწერას, დათარიღებული 1994წ. 16 დეკემბრით, შესაძლებელია შესრულებულ იყოს თ. კ-ის მიერ. უშიშროების სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის საექსპერტო-კრიმინალისტიკური ბიუროს 1998წ. 5 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ხელმოწერა “კ-ე თ.”, დაფიქსირებული 1994წ. 16 დეკემბრის თარიღით შედგენილი ანდერძის პირველ და მეორე პირზე, შესრულებულია კ-ე თ. მიერ. ხელმოწერა კ-ის სახელით, განლაგებული თბილისის მე-15 სანოტარო კანტორის რეესტრში – სანოტარო მოქმედების ნორმერი „5-10216“ გრაფაში “სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის მიმღების ხელმოწერა” შესრულებულია თ. კ-ის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2001წ. 24 ივლისის დასკვნით, 1995წ. 16 დეკემბრით დათარიღებული ანდერძის ორივე ეგზემპლარზე არსებული ხელმოწერები _ ასოითი ჩანაწერების სახით თ. კ-ის გვარით შესრულებულია არა თ. კ-ის მიერ, არამედ სხვა პირის მიერ თ. კ-ის ხელნაწერებთან მიმსგავსებით.

სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა ექსპერტთა დასკვნები, მისი შინაგანი რწმენა სადავო გარიგების ბათილობის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით დააყრდნო საქმეში მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებებსაც, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით კანონშესაბამისია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სადავო ბინის არაკანონიერად პრივატიზაციის თაობზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო პრივატიზაციას კანონიერ ძალაშია და იგი კასატორს არ გაუსაჩივრებია, კერძოდ, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997წ. 19 თებერვლის ¹2.12.25 გადაწყვეტილებით ბ. კ-ეს გადაუფორმდა გარდაცვლილი მამის _ თ. კ-ის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში ... ¹22-ში მდებარე კოოპერატიული ბინა ¹40. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, ბ. კ-ე, როგორც კოოპერატივის მეპაიე წევრი, უფლებამოსილი იყო, მოეხდინა ბინის პრივატიზაცია.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა დარღვევით იმსჯელა 1997წ. 19 თებერვლის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, მაშინ, როდესაც ჯ. ბ-ი ითხოვდა 1997წ. 5 მარტის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმებას. აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში ჯ. ბ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ქ. თბილისში, ... ¹22-ში მდებარე ბინა ¹40-ზე 1997წ. 5 მარტს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იმსჯელა რა ჯ. ბ-ის შეგებებული სარჩელზე, მისი მოთხოვნა ქ. თბილისში, ... ¹22-ში მდებარე ბინა ¹40-ის მემკვიდრედ ცნობისა და ამ ბინაზე ბ. კ-ის მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების თარიღად 1997წ. 5 მარტის ნაცვლად, მართალია, მიუთითა 1997წ. 19 თებერვალზე, მაგრამ აღნიშნულით არ შეცვლილა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის არსი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში თარიღის არასწორად დაფიქსირებას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ გამოუწვევია და, სსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ჯ. ბ-ს ანდერძის ნამდვილობის მტკიცებას არ ავალებს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ძალითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა ადგენს რა მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, მოპასუხეს კი ეკისრება მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურება, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ჯ. ბ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა რა ბ. კ-ის მიმართ, სწორედ ზემოხსენებული ანდერძის საფუძველზე ითხოვდა თ. კ-ის მემკვიდრედ ცნობას, შესაბამისად, ანდერძის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი მის მხარეზეა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშე არის გამოტანილი და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ბ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.