დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.10.2006
საქმის ნომერი
ას-202-621-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

ას-202-621-06 24 ოქტომბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

სს „...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ჩ-ულისა და შპს „...“ მიმართ სესხის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 2000წ. 4 ოქტომბერს სს „...“ და ფიზიკურ პირ ვ.ჩ-ულს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად‚ ვ.ჩ-ულის სახელზე გაიცა სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით 2000წ. 25 დეკემბრამდე 24%-იანი წლიური სარგებლით. ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებულ იქნა საურავი 0,35%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად სს „...“ და ვ. ჩ-ულს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, .... ¹9-ში მდებარე შპს „...“ საოფისე ფართი. ვ. ჩ-ულმა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და სესხიდან დაფარა მხოლოდ 1462 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხის _ 15000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის _ 3136 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება ქ.თბილისში, .... ¹9-ში მდებარე საოფისე ფართის რეალიზაციის გზით.

შპს „...“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „...“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით: შპს „...» და სს „...“ შორის 1997წ. 14 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება 275000 აშშ დოლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ, რითაც შპს „...“ უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლის კარკასი ... ¹9-ში. ბანკმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 1998წ. 30 სექტემბრამდე გამოყო მხოლოდ 189136 აშშ დოლარი, რითაც მსესხებელი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში. 2000წ. 24 მარტს შპს „...“ და სს „...“ შორის დამატებით გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ბანკს 2000წ. 15 ივლისამდე შპს „...“ უნდა მიეცა 45865 აშშ დოლარის კრედიტი წელიწადში 12%-იანი სარგებლის დარიცხვით. იმავე დღეს თანხა ჩაირიცხა შპს „...“ ანგარიშზე, მაგრამ, მსესხებლისათვის შეუტყობინებლად და მისი ნებართვის გარეშე ბანკმა თანხა თვითნებურად ჩამოწერა, რითაც ბანკმა დაფარა მხარეთა შორის არსებული ადრინდელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყოფილი კრედიტის სარგებლობისათვის დარიცხული საპროცენტო თანხა. შპს „...“ სკ-ის 861-ე მუხლისა და „უნაღდო ანგარიშსწორების წესების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, სს „...“ მოითხოვა 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 45865 აშშ დოლარის, 2000წ. 24 მარტიდან 2001წ. 6 მარტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 0,5%-ის, სულ _ 125440,7 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ გადახდა. ასევე, შპს „...“ მოითხოვა სკ-ის 442-ე და 444-ე მუხლების საფუძველზე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების ვალდებულებების გაქვითვა და საბოლოოდ მოპასუხისათვის 107304,7 აშშ დოლარის დაკისრება.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე _ ვ.ჩ-ულს სს „...“ სასარგებლოდ დაეკისრა 18136 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე შპს „...“ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის _ ქ.თბილისში, ... ¹9-ში მდებარე საოფისე ფართის აუქციონის წესით რეალიზაციის გზით. შპს „...“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, ასევე გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მარტის განჩინება შპს „...“ შეგებებული სარჩელის მიღების შესახებ და შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა მიღებაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «...» დირექტორმა ვ. ჩ-ულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს «...» დირექტორმა ვ. ჩ-ულმა შუამდგომლობით მიმართა პალატას შპს «...» უფლებამონაცვლედ ფიზიკური პირის _ ვ. ჩ-ულის ცნობისა და მის სასარგებლოდ სს «...» 125440 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 92-ე, 184-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ პროცესში ჩართული მხარის სხვა პირით შეცვლაზე უარი განაცხადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა, შპს «...» შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს «...» შპს «...» სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 45 865 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ზიანის _ 11 007 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ 1997წ. 14 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ. 2000წ. 24 თებერვლის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მსესხებელს დამატებით უნდა გამოყოფოდა 51 000 აშშ დოლარი, მე-4 პუნქტის მიხედვით, მანამდე გაფორმებული ყველა და ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აპელანტის ვალდებულება ბანკის წინაშე განისაზღვრა 380 000 აშშ დოლარით, რომელიც იყო საბოლოო თანხა და მას პროცენტი არ დაერიცხებოდა. ამასთან, თუ მსესხებელი 2000წ. 15 ივლისამდე 380 000 აშშ დოლარს არ დაფარავდა, იგი უარს იტყოდა იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაზე ბანკის სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2000წ. 24 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹დ/00-0014 45865 აშშ დოლარზე, რომელიც ბანკს კლიენტის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. საქმის მასალების საფუძველზე პალატამ დადასტურებულად მიიჩნია და მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000წ. 24 მარტს თანხა აპელანტის ანგარიშზე გადაირიცხა, თუმცა მხარეს იგი არ მიუღია და გაიხარჯა სხვადასხვა დროს აპელანტის მიერ მიღებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გაცემული სესხისა და პროცენტის დასაფარად. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის დადებული 2000წ. 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა ყველა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე აპელანტის მიერ გადასახდელი თანხა 380000 აშშ დოლარის ოდენობით, ამდენად, სს «...ს» 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 45 865 აშშ დოლარი ადრე გამოტანილი სესხისა და პროცენტის დასაფარად არ უნდა მიექცია, ვინაიდან 2000წ. 24 თებერვლის ხელშეკრულებით დადგენილი 380000 აშშ დოლარი იყო საბოლოო თანხა, რომელიც მოიცავდა ბანკის მიმართ მანამდე არსებულ აპელანტის ყველა დავალიანებას, ამასთან, 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის შპს «...» ადრე არსებული დავალიანებების დასაფარად მიქცევისას, სს «...» დაარღვია სკ-ის 861-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სადავო თანხა ანგარიშიდან ჩამოჭრა კლიენტის თანხმობის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს «...» მითითება, რომ აღნიშნული თანხმობის მიღება ბანკისათვის საჭირო აღარ იყო, ვინაიდან იგი მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა 1997წ. 14 ნოემბრის ხელშეკრულების 2.4 მუხლითა და საკრედიტო ხელშეკრულების 7.2 მუხლით. პალატამ მიიჩნია, რომ 2000წ. 23 აგვისტოს ვალის ჩამოწერის აქტით, სკ-ის 448-ე მუხლის თანახმად, აპელანტის მიმართ პატიების ნაწილში უნდა მომხდარიყო ვალდებულების შეწყვეტა. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და 2000წ. 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი 380 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული‚ შპს «...» კუთვნილი‚ ქ.თბილისში, ... ¹9-ში მდებარე ¹7, 8, 9, 10 და 11 ბინები დაიტვირთა ვალის ჩამოწერის აქტით 250 000 აშშ დოლარამდე შემცირებული დავალიანების უზრუნველსაყოფად. ამდენად, აღნიშნული ბინებით დაიფარა შპს «...» 2000წ. 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება და ასევე ამავეწ. 24 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ისეთი დავალიანება, რომელიც შპს «...ტს» არ წარმოშობია, ვინაიდან სადავო თანხა არ გადასცემია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სს «...ისათვის» 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 45865 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის დარიცხვის თაობაზე, რადგან ვალდებულების უზრუნველყოფის აღნიშნული საშუალება, სკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით დადგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 404-ე მუხლით და ჩათვალა, რომ შპს «...ტს» უნდა აუნაზღაურდეს 2000წ. 24 მარტიდან 2001წ. 6 მარტამდე ბანკის მიერ გადასაცემი თანხის დაყოვნებით გამოწვეული მინიმალური ზიანი _ 11007 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარი ყოველთვიურად ძირითადი თანხის 2%-ის დარიცხვით. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა ფიზიკური პირის _ ვ. ჩ-ულის მიმართ სს «...ის» სასარგებლოდ არსებული 18136 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების გაქვითვის შესახებ, ვინაიდან, სკ-ის 442-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებათა გაქვითვისათვის საჭიროა, რომ მხარეები იყვნენ ერთდროულად კრედიტორიც და მოვალეც.

სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავეწ. 31 იანვრის განჩინება შპს «...» დირექტორმა ვ.ჩ-ულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება, ვ.ჩ-ულის შპს «...» უფლებამონაცვლედ ცნობა, ახალი გადაწყვეტილებით სს «...ისათვის» ძირითადი თანხის _ 45 865 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე ამ თანხის 0,5%-ის _ 79 575,7 აშშ დოლარის დაკისრება, მხარეებს შორის არსებული ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, კერძოდ, 125 440,7 აშშ დოლარისათვის 18 136 აშშ დოლარის გამოკლებით ბანკისათვის 107 304,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდევინება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 417-ე მუხლი, როდესაც შპს «...» მოთხოვნას ძირითადი თანხის გადახდის ვადის ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,5%-ის დარიცხვის შესახებ უარი უთხრა. მხარეთა შორის 2000წ. 24 მარტის ¹დ/00-0014 საკრედიტო ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ კლიენტის პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები უნდა მოაწესრიგონ მოქმედი კანონდმებლობის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინების შესახებ. სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დადგენილი «საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების» პირველი მუხლის მე-14 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშზე სახსრების არსებობისას ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა და ანგარიშიდან თანხების არასწორად ჩამოწერის შემთხვევაში ბანკისათვის ჯარიმის _ ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე 0,5%-ის გადახდას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცილებისას ძირითადი თანხის 0,5 %-ის გადახდას ითვალისწინებს ასევე «კომერციული ბანკის საქმიანობის შესახებ» 1996წ. 23 თებერვლის კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია. სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა, სსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, ვ. ჩ-ულის შპს «...» უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე და არ გაითვალისწინა მხარის მიერ წარდგენილი შპს «...» 2005წ. 17 ოქტომბრის კრების ოქმი, რომლის თანახმად, სკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, შპს «...» მოთხოვნა სს «...» მიმართ 125 440 აშშ დოლარის შესახებ დაეთმო ფიზიკურ პირ ვ. ჩ-ულს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 184-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...» მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 861-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ბანკმა შპს «...» საბანკო ანგარიშიდან თანხები საზოგადოების თანხმობის გარეშე არასწორად ჩამოჭრა. მხარეთა შორის 1997წ. ხელშეკრულების 7.2 და 12.2 მუხლები აღნიშნული სახის თანხმობას იმთავითვე შეიცავდნენ. მხარეებმა, სკ-ის 68-71-ე მუხლებისა და სახელშეკრულებო სამართლის ნორმათა თანახმად, თავად განსაზღვრეს გარიგების შინაარსი და ფორმა, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ბანკს არაერთხელ ჩაურიცხავს და ჩამოუჭრია თანხები შპს «...» ანგარიშიდან, რაზეც მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს და იგი იწონებდა ბანკის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინებით მხარეები მორიგდნენ და შპს «...» სს «...» მიმართ არსებული დავალიანებების, მათ შორის, სადავო 45 865 აშშ დოლარის ნაწილში საქმის წარმოება დასრულდა. ამდენად, ხსენებულ თანხასთან დაკავშირებით პრეტენზია შპს «...» უნდა გამოეთქვა მორიგების აქტის გაფორმებამდე. 2000წ. 23 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებულ ვალის ნაწილის ჩამოწერის (პატიების) აქტში შპს «...» აღიარა ბანკის წინაშე ვალდებულება სხვადასხვა დროს მიღებული კრედიტების სახით, მათ შორის‚ 2000წ. 24 მარტს მიღებული კრედიტი 45865 აშშ დოლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი არ შეისწავლა და ბანკის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: შპს «...» და სს «...» შორის თავდაპირველად 1997წ. 14 ნოემბერს გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ, რის შემდეგაც იმავე მხარეებს შორის არაერთი საკრედიტო ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. 2000წ. 24 თებერვლის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს დამატებით უნდა გამოყოფოდა 51 000 აშშ დოლარი, ხოლო მეოთხე და მეხუთე პუნქტების მიხედვით, მანამდე გაფორმებული ყველა და ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს «...» ვალდებულება ბანკის წინაშე განისაზღვრა 380 000 აშშ დოლარით და მას პროცენტი არ დაერიცხებოდა. ამასთან, თუ მსესხებელი 2000წ. 15 ივლისამდე 380 000 აშშ დოლარს არ დაფარავდა, იგი უარს იტყოდა იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაზე ბანკის სასარგებლოდ. 2000წ. 24 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹დ/00-014 45865 აშშ დოლარზე, მითითებული ხელშეკრულებით, თანხა ბანკს კლიენტის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა, რაც განხორციელდა, თუმცა მხარეს იგი არ მიუღია და დაიფარა სხვადასხვა დროს აპელანტის მიერ მიღებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გაცემული სესხისა და პროცენტის დასაფარად. 2000წ. 23 აგვისტოს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება ვალის პატიების შესახებ და შპს «...» ვალდებულება ბანკის წინაშე განისაზღვრა 250000 აშშ დოლარის ოდენობით. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და 2000წ. 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი 380 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შპს «...» კუთვნილი ქ.თბილისში, ... ¹9-ში მდებარე ¹7, 8, 9, 10 და 11 ბინები დაიტვირთა ვალის ჩამოწერის აქტით 250 000 აშშ დოლარამდე შემცირებული დავალიანების უზრუნველსაყოფად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 407-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მათ სავალდებულოდ მიიჩნევს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული 2000წ. 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა რა შპს «...» ყველა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე აპელანტის მიერ გადასახდელი თანხა 380000 აშშ დოლარის ოდენობით, სს «...» 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 45 865 აშშ დოლარი ადრე გამოტანილი სესხისა და პროცენტის დასაფარად არ უნდა მიექცია, ვინაიდან 2000წ. 24 თებერვლის ხელშეკრულებით დადგენილი 380000 აშშ დოლარი იყო საბოლოო თანხა, რომელიც მოიცავდა ბანკის მიმართ მანამდე არსებულ აპელანტის ყველა დავალიანებას. სადავო 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის შპს «...» ადრე არსებული დავალიანებების დასაფარად მიქცევისას სს «...» დაარღვია სკ-ის 861-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სადავო თანხა ანგარიშიდან ჩამოჭრა კლიენტის თანხმობის გარეშე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სს «...» მოსაზრებას, სასამართლოს მიერ სკ-ის 861-ე მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ნორმით აუცილებელ კლიენტის თანხმობას მხარეთა შორის გაფორმებული 1997წ. ხელშეკრულების 7.2 და 12.2 მუხლები იმთავითვე შეიცავდნენ, რაც ბანკს არაერთხელ განუხორციელებია.

სკ-ის 861-ე მუხლით, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია‚ ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. კასატორის მიერ მითითებული საკრედიტო ხელშეკრულების 7.2 მუხლით, კრედიტორის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს‚ ცალმხრივად დაარღვიოს ხელშეკრულება და ვადაზე ადრე სასამართლო ან სხვა წესით ამოიღოს (მათ შორის უაქცეპტო წესით) კრედიტის და მისი სარგებლობისათვის პროცენტის მთელი თანხა, ხოლო 12.2 მუხლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს ნებისმიერი სახით, რაც მიმართული იქნება გადასახადების დასაფარად და რაც გათვალისწინებულია არსებული ხელშეკრულებით კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების ამ პირობათა შინაარსიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა უფლებამოსილს ხდის ბანკს, განახორციელოს რიგი ღონისძიებები, თუმცა დათქმა იმის შესახებ, რომ მხარემ იმოქმედოს სკ-ის 861-ე მუხლის დანაწესის საწინააღმდეგოდ და განკარგოს ანგარიშის მფლობელის ქონება, მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საანგარიშსწორებო-სამართლებრივ ურთიერთობებში კლიენტის ანგარიშზე რიცხული თანხების ხელშეუხებლობა ამ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი პრინციპია და თანხის ანგარიშიდან ჩამოწერა მხოლოდ მხარეთა შორის დადებული სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინებით მხარეები მორიგდნენ და შპს «...» სს «...» მიმართ არსებული დავალიანებების, მათ შორის, სადავო 45 865 აშშ დოლარის, ნაწილში საქმის წარმოება დასრულდა. რაიონული სასამართლოს განჩინებაში და მხარეთა შორის შემდგარ მორიგების აქტში სადავო ხელშეკრულების თაობაზე მითითებული არ არის, შესაბამისად, ზემოხსენებული განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ სს «...» მოსაზრებას, რომ 2000წ. 23 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებულ ვალის ნაწილის ჩამოწერის (პატიების) აქტში შპს «...» აღიარა ბანკის წინაშე ვალდებულება სხვადასხვა დროს მიღებული კრედიტების სახით, მათ შორის, 2000წ. 24 მარტს მიღებული კრედიტი 45865 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ აქტში მითითებულია რა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობების წარმომშობი ხელშეკრულებების ზუსტი ჩამონათვალი, სადავო ხელშეკრულება ¹D/00-0014 დაფიქსირებული არ არის.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს «...» საკასაციო საჩივრის საფუძვლებსაც, კერძოდ:

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონი, ნაცვლად სკ-ის 417-ე მუხლისა და ბანკისთვის უნდა დაეკისრებინა ჯარიმა არანაკლებ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა სკ-ის 417-ე მუხლით დადგენილი პირგასამტეხლოს გამოყენებაზე და ამავე კოდექსის 404-ე მუხლით სავსებით მართებულად დააკმაყოფილა კრედიტორის მოთხოვნა ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ყოველთვიური 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტს, მოცემულ შემთხვევაში მისი გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს დაგვიანებული გადახდის შემთხვევაში თანხის პროცენტის ოდენობას ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული შპს «...» მოთხოვნა საქმეში მხარედ შპს «...» ნაცვლად ფიზიკური პირი ვ. ჩ-ულის ჩართვისა და, შესაბამისად, მოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ 2006წ. 31 იანვრის გასაჩივრებული განჩინებით სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა შპს «...» დირექტორის შუამდგომლობა პროცესში ჩართული შპს «...» ნაცვლად ფიზიკური პირის _ ვ. ჩ-ულის შესახებ შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის გამო. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე, ვინაიდან კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირ ვ. ჩ-ულს დაეკისრა სს «...» სასარგებლოდ 18 136 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო სს «...» ეკისრება შპს «...» სასარგებლოდ თანხის გადახდა, ურთიერთგაქვითვა დაუშვებელია. სკ-ის 442-ე მუხლი ითვალისწინებს ორ პირს შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა გამოტანილი და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «...» და სს ...» საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 31 იანვრის განჩინება და 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

შპს «...» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 4000 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2005, # 4, samoq., gv. 101-106.