გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 20.10.2005
საქმის ნომერი
ას-242-566-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-242-566-05 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. შ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სადაზღვევო კომპანია „ა.-ს“ მიმართ და მოითხოვა 3070 ლარის გადასახდელად მოპასუხისათვის დაკისრება. მან თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ა. გ.-მ სადაზღვევო ხელშეკრულება დადო „ა.-სთან“ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ მესამე პირების სასარგებლოდ. 2001წ. 22 ივნისს ა. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა მისმა შვილმა ა. გ.-მ, რომელიც მინდობილობით მართავდა მამის კუთვნილ ავტომანქანას, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება და დღეის მდგომარეობით არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ა. გ.-მ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე ეცნობებინა სადაზღვევო კომპანიისათვის. მოპასუხეს აღნიშნულის შესახებ აცნობა მამამისმა ა. შ.-მა 2001წ. 24 ივლიის, 30 დღიან ვადაში, მაგრამ სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.

მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონის მეორე, მეოთხე, მერვე, მეთერთმეტე მუხლები და სკ-ის 839-ე, 889-ე, 999-ე, 1008-ე მუხლები. ძირითადი თანხის გარდა მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დამატებით მოითხოვა 2001წ. 24 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის დარიცხვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2003წ. 25 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გ. შ.-მა გაზარდა მოთხოვნა და სადაზღვევო კომპანია „ა.-საგან“ მოითხოვა 3360 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ და ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

გ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სადაზღვევო კომპანია „ა.-ს“ დაეკისრა გ. შ.-ის სასარგებლოდ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის 3360 ლარის გადახდა.

სადაზღვევო კომპანია „ა.-მ“ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის თანახმად, დამზღვევმა ან დაზარალებულმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სადაზღვევო კომპანიას არა უგვიანეს 30 დღე-ღამისა წერილობით უნდა აცნობოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატაში სადაზღვევო კომპანია „ა.-ს“ საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა იშუამდგომლეს მოცემული საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ და წარმოადგინეს მორიგების აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის პირობების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მხარეთა შორის წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ სადზღვევო კომპანია “ა.-ს” წარმომადგენელი დ.ხელაიას და გ. შ.-ის წარმომადგენელი ზ.გუმბარიძის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

სადაზღვევო კომპანია “ა.-ო” კისრულობს ვალდებულებას 2005წ. 25 დეკემბრამდე გადაუხადოს 2000 ლარი გ. შ.-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება მოხდება იძულების წესით; გ. შ.-ი თანახმაა, მიიღოს სადაზღვევო კომპანია “ა.-საგან” 2000 ლარი და ამ თანხის მიღების შემდეგ არავითარი ფინანსური პრეტენზია სადაზღვევო კომპანიასთან არ ექნება; მხარეთათვის ცნობილია საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება თუ მხარეები მორიგდნენ. საქმეში წარმოდგენილია კასატორის წარმომადგენელი ა. ჭ.-ს მიერ 134 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ზემოანიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი სახელმეიფო ბაჟის ნახევარი, რაც 67 ლარს შეადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 49-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სადაზღვევო კომპანია “ა.-სა” და გ. შ.-ს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

სადაზღვევო კომპანია “ა.-ო” კისრულობს ვალდებულებას 2005წ. 25 დეკემბრამდე გადაუხადოს 2000 ლარი გ. შ.-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება მოხდება იძულების წესით; გ. შ.-ი თანახმაა, მიიღოს სადაზღვევო კომპანია “ა.-საგან” 2000 ლარი და ამ თანხის მიღების შემდეგ არავითარი ფინანსური პრეტენზია სადაზღვევო კომპანიასთან არ ექნება; მხარეთათვის ცნობილია საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო ალატეს 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, ასევე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.

სადაზღვევო კომპანია “ა.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმეიფო ბაჟის ნახევარი _ 67 ლარი ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300033114 გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის; მიმღები _ მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახდო შემოსულობების ანგარიშის ¹ 200122900 საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107 _ ანგარიშიდან.

საკასაციო ალატეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.