გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 21.04.2005
საქმის ნომერი
ას-25-389-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-25-389-05 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: შესრულებული სამუშაოს სრული ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 19 ნოემბერს – სს მ.ი-ის ს. ბ. ც. კ. ს. “რ.” ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის ექიმ-რეანიმატოლოგებისა და ექთნებმა _ თ.გ-ემ, დ.ჩ-ემ, თ.ი-მა, ლ.მ-მა, თ.ი-მა, მ.ფ-ამ, ნ.დ-ემ, მ.ჩ-ემ, გ.გ-ემ, ს.ჟ-მა, ს.ჩ-ა, ლ.ა-ამ, ნ.ტ-ემ, ნ.უ-მა, მ.ს-მა, ლ.მ-ამ, ნ.ა-ამ, ხ.მ-მა, დ.ბ-ემ, ე.დ-მა, ზ.ზ-მა, რ.ზ-მა, ნ.გ-მა, ლ.მ-ემ, ლ.შ-მა, ც.კ-მა, მ.ხ-მა და ც.მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ამავე საავადმყოფოს გენერალური დირექტორის _ ი.ს-ასა და მესამე პირის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ შესრულებული სამუშაოს სრული მოცულობით ანაზღაურების, შრომის მავნე და მძიმე პირობებში მუშაობის, ღამის საათებისა და უქმე (სადღესასწაულო) დღეებში მუშაობისათვის კანონით დადგენილი წესით ანაზღაურების, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო თანხების გადახდისა და დირექტორატისათვის გარკვეულ ქმედებათა აკრძალვის თაობაზე. მოსარჩელეების განმარტებით, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ მოთავსებულ ავადმყოფებს ესაჭიროებათ მუდმივი მონიტორინგი და დღე-ღამის განმავლობაში მკურნალობის ზედმიწევნით ზუსტი მართვა მდგომარეობის მიხედვით, რაც გაცილებით მეტ დატვირთვასა და პასუხისმგებლობას გულისხმობს, ამას ისიც ემატება, რომ ძირითადი სამუშაო სრულდება ღამის საათებში, როდესაც რეანიმაციულ ავადმყოფთა მიღების ინტენსივობა გაცილებით მეტია და მორიგეობა დაწესებულია ძილის უფლების გარეშე. ამასთან, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ექიმებსა და ექთნებს უწევთ მორიგეობა უქმე და სადღესასწაულო დღეებში, ამასთან, თითოეული მათთგანი დიდი ალბათობის წინაშე დგას, რომ თვითონაც დაავადდეს, ვინაიდან ხშირი კონტაქტი აქვთ შერეულ ინფექციებსა და მძიმე ავადმყოფებთან. საავადმყოფოს ხელმძღვანელობა კი არ ითვალისწინებს კანონით დადგენილ შეღავათებს და სათანადოდ არ ანაზღაურებს მათ შრომას.

მოსარჩელეებმა მიუთითეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-80 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს განსაკუთრებულ და მავნე პირობებში შრომის გადიდებულ ანაზღაურებას, ხოლო მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 23 იანვრის ¹34 დადგენილებით შრომის მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის გათვალისწინებულია დანამატი 15%-ის ოდენობით, რასაც საავადმყოფოს ადმინისტრაცია არ ასრულებს.

სასარჩელო განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ 2001 წლის 1 აგვისტოდან ექიმ-რეანიმატოლოგისა და მედდების საათობრივი ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა მოსარჩელეებს სხვაობა არ მიუღიათ. ამასთან, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია და კერძო სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ მძიმე დავადებებს, შესაბამისად, მათი განაწილება შესრულებული სამუშაოს მიხედვით უნდა ხდებოდეს ყველა იმ ექიმზე, რომლებიც მონაწილეობდნენ განკურნებაში, მაგრამ, მოსარჩელეების განმარტებით, ასე არ ხდება და ექიმ-რეანიმატოლოგებსა და მედდებს დაზღვევის თანხები არ მიუღიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სს მ.ი-ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოსაგან 2001 წლის 1 აგვისტოდან ყოველ ნამუშევარ საათზე სხვაობის _ 10 თეთრის ანაზღაურება; შრომის მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის ყოველ საათზე _ 45 თეთრის 15% დანამატისა და ღამის საათებში მუშაობისათვის ნამუშევარ საათზე 40% დანამატის ანაზღაურება; დამატებით ანაზღაურებადი შვებულების მიცემა, ასევე სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული თანხების ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელეთა მორიგეობის პერიოდში, მძიმე ავადმყოფთა მკურნალობის დაფინანსებისთვის გამოიყო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეების წარმომადგენელმა _ გ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს მ.ი-ის ს. ბ. ც. კ. ს. “რ.” და მუშაკების სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ვადიანი შრომითი კონტრაქტებიდან, რომლებიც მხარეთა მიერ პერიოდულად გრძელდება. ამასთან, მხარეთა ურთიერთობა ასევე რეგულირდება შრომითი შინაგანაწესით, რომლითაც განსაზღვრულია საზოგადოების დაფინანსების წყაროები, ხოლო შრომითი კონტრაქტისა და შინაგანაწესის პირობები არავის გაუსაჩივრებია და იგი დღესაც ძალაშია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში მესამე პირად ჩართული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ დღეისათვის საქართველოში არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავდა შრომის მძიმე და მავნე, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე და მავნე პირობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის კანონთა კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის საფუძველი არ მოიპოვება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა მსჯელობა განსაკუთრებულ პირობებში შრომის ანაზღაურების 15% მომატების თაობაზეც.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოთხოვნა დასვენების დღეებში მუშაობის ფულადი კომპენსაციის ნაწილში, ვინაიდან, შრომის კანონთა კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დასვენების დღეს მუშაობა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს სამაგიერო დასვენების დროის მიცემით ან ფულადი სახით ორმაგად ანუ კომპენსაცია დასვენების დღისათვის დაკავშირებულია მხარეთა შეთანხმებასთან. საზოგადოების შრომის შინაგანაწესის 4.10 პუნქტის შესაბამისად კი დასვენების დღეს მუშაობა ანაზღაურდება სამაგიერო დასვენების დღით. ამავე კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურება ღამით მუშაობისათვის უნდა იყოს იმ თანხებზე მეტი, ვიდრე საათობრივი სამუშაოს ანაზღაურებისათვის ხელშეკრულებითაა დადგენილი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანონის აღნიშნული დათქმა შეეხება მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. რაც შეეხება სს მ.ი-ის ს. ბ. ც. კ. ს. “რ.”, იგი მიეკუთვნება კერძო სამართლის იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც მოწოდებულია მოგებაზე. სადავოდ არავის არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის გაფორმებულია ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, რაც ადასტურებს იმას, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. სასარჩელო მოთხოვნები, რომლებსაც მოსარჩელეები აყენებენ, მათთან დადებულ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული და, შესაბამისად, უსაფუძვლოა მათი პრეტენზია. მუშაკები დათანხმდნენ დამქირავებლის მიერ შეთავაზებულ მხოლოდ იმ პირობებს, რომელიც გათვალისწინებულია შრომითი კონტრაქტით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა მოთხოვნა შრომის კანონთა კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის 15%-იანი დანამატის მიცემის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არ არის შემუშავებული დებულება, რომელიც განსაზღვრავდა იმ განყოფილებათა სიას, რომელიც მიეკუთვნება მძიმე სამუშაობებს. სასამართლო კი უფლებამოსილი არ არის, თვითონ განსაზღვროს მიეკუთვნება თუ არა რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია შრომის მძიმე და მავნე პირობებს და აღნიშნული სასამართლოს კომპეტენციის სფეროს სცილდება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ხელშეკრულებათა შინაარსი, მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს მ.ი-ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო რესპუბლიკის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის ექიმ-რეანიმატოლოგებისა და ექთნების წარმომადგენელმა _ გ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არსწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, სს მ.ი-ის ს. ბ. ც. კ. ს. “რ.” წარმოადგენს არა კერძო სამართლის სუბიექტს, არამედ იგი არის სახელმწიფო დაწესებულება, რადგან მისი აქციების 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო იყო ტენდენციური და არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა იმ თანხების სწორი განაწილების შესახებ, რომლებიც რამდენიმე წელია საავადმყოფოს ერიცხება სადაზღვევო კომპანიებიდან. ამ თანხების 40% შეადგენს ძირითადი მედპერსონალის ანაზღაურებას, მაგრამ ერიცხებათ მხოლოდ დღის მორიგეებს, რაც უკანონოა.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა ღამის მორიგეობაზე ხელფასის 40%-იანი დანამატის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, რადგან ეს გათვალისწინებულია შრომის კანონთა კოდექსის 88-ე მუხლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაენო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხზლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. ამასთან, ამავე კოდექსის 393-ე მუხლით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა _ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება შრომის მავნე და მძიმე პირობებში, ღამის საათებსა და უქმე დღეებში მუშაობისათვის _ ეფუძნება შრომის კანონთა კოდექსის 80-ე, 87-ე და 88-ე მუხლებს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნორმებით დაცული უფლებები ეხება მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკებს. აღნიშნული მოსაზრება არასწორად განმარტავს კანონს, კერძოდ, მითითებული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის), ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურების მისი უსაფრთხოების და ჯანსაღი პირობების, არასრულწლოვანთა და ქალთა შრომის პირობების განსაზღვრის თვისებურეთა გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა უშუალოდ მიუთითებს, რომ შრომის კანონთა კოდექსი, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვრცელდება ყველა საწარმო, დაწესებულებათა და ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებზე. აქედან გამომდინარე, სააქციო საზოგადოებაში დასაქმებული მუშაკის შრომითი უფლებებზე მიუხედავად იმისა, ვის საკუთრებას წარმოადგენს აქციები, ვრცელდება შრომის კანონთა კოდექსის ნორმებიბ ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

შრომის კანონთა კოდექსის მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რასაც ეფუძნება აღნიშნული ნომატიული აქტი. კოდექსის პირველი მუხლი მიუთითებს შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპზე. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 87-ე, 88-ე მუხლებით დადგენილი შრომის ანაზღაურების წესი. განსახილველ შემთხვევაში შრომითი კონტრაქტით უშუალოდ გათვალისწინებული არ არის უქმე დღეებში და ღამის საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია, რაც არასწორია. ჯერ ერთი, შრომით კონტრაქტ(ებ)ში (3.8 მუხლი) მითითებულია, რომ მუშაკს უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით; მეორე, შრომის კონტრაქტში აღნიშნული მითითებაც რომ არ იყოს, შრომის კანონთა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც იცავენ მუშაკის უსაფრთხოებას, შრომის ანაზღაურებას და სხვა უფლებებს, დავის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს და ამ ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა გადაწყდეს დავა.

პალატა ასევე არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას შრომის მავნე და მძიმე პირობების გამო 15% დანამატის ანაზღაურებაზე უარისთქმის საფუძველს _ სამინისტროს მიერ შემუშავებული არ არის დებულება (ნორმატიული აქტი), რომელიც განსაზღვრავდა მძიმე სამუშაოებს. პალატა თვლის, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს აღნიშნული საფუძვლით უარი უთხრას მოთხოვნას (სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის I ნაწილი). ამასთან, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის 1998 წლის 27 აპრილის ¹95 ბრძნების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე 1992 წლამდე მოქმედი ნორმატიული აქტები (საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სფეროში, ჩაითვალა ვადაგაგრძელებულად და მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებამდე. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მითითებული ნორმატიული აქტით და ისე გადაეწყვიტა სარჩელის დასაბუთებულობა ამ ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა შეისწავლოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლომ დაადგინოს ფაქტობრივი თვალსაზრისით, რამდენად დასაბუთებულია მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს მ.ი-ის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო “რ.” ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის ექიმ-რეანიმატოლოგებისა და ექთნების _ თ.გ-ის, დ.ჩ მ.ი-ის ს. ბ. ც. კ. ს. “რ.”-ის, თ.ი-ის, ლ.მ-ის, თ.ი-ის, მ.ფ-ვას, ნ.დ-ის, მ.ჩ-ის, გ.გ-ის, ს.ჟ-ის, ს.ჩ-ის, ლ.ა-ას, ნ.ტ-ის, ნ.უ-ის, მ.ს-ის, ლ.მ-ას, ნ.ა-ას, ხ.მ-ის, დ.ბ-ის, ე.დ-ის, ზ.ზ-ის, რ.ზ-ის, ნ.გ-ის, ლ.მ-ის, ლ.შ-ის, ც.კ-ის, მ.ხ-ისა და ც.მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.