დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.07.2005
საქმის ნომერი
ას-262-581-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-262-581-05 5 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 21 ნოემბერს მ., მი., ბ. მ-ებმა და ბ. ნ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს «... ბანკის» მიმართ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელეებმა მოპასუხისაგან მოითხოვეს 175000 დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა. მოსარჩელეთა განმარტებით, სს «... სადაზღვევო კომპანიასა» და სს «... ბანკს» შორის 2001წ. 18 სექტემბერს დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება _ კომერციული ავტოტრანსპორტის სადაზღვევო პოლისი. დაზღვევის ვადა განისაზღვრა 2001წ. 22 სექტემბრიდან 2002წ. 21 სექტემბრამდე. ხელშეკრულების ¹001 დანართით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაზღვეულია ყველა მძღოლი, რომელიც არის 23 წელზე მეტი ასაკის და 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გააჩნია მართვის უფლება. პოლისის ¹002 დანართით დაზღვეულ იქნა ატომანქანა _ «ვაზ 2107»..

2002წ. 21 აპრილს 22:20 წუთზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის სავტომობილო გზის 44-ე კილომეტრზე გორი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი «ვაზ 2107»., რომელსაც მართავდა ი. მ-ი, შეეჯახა იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილ «კამაზს», რომელსაც მართავდა მძღოლი ვ. თ-ი. შეჯახების შედეგად «ვაზ 2107-ის» მძღოლი და ამავე ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები: ლ. ნ-ე და ზ. მ-ი გარდაიცვალნენ, ხოლო ბ. მ-მა მიიღო სხეულის დაზიანება.

შსს-ს საექსპერტო კრიმინალური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნით, ავტომობილი «ვაზ 2107-ის» სამუხრუჭე სისტემა გამოვიდა მწყობრიდან საგზაო სანტრანსპორტო შემთხვევამდე, ხოლო საჭის მართვის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან შეჯახების შედეგად. დასკვნის მიხედვით, ადგილი არ ჰქონია მძღოლების – ი. მ-ის და ვ. თ-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა შეუსრულებლობას და მძღოლებს არ შეეძლოთ მომხდარის თავიდან აცილება.

კასპის რაიონული პროკურატურის 2002წ. 30 მაისის დადგენილებით, ამ შემთხვევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე.

სს «... ბანკის» ¹4/13 ბრძანებით აწ გარდაცვლილი ი. მ-ი დანიშნული იყო «ვაზ 2107» მარკის ავტომანქანის, მატერიალურად პასუხისმგებელ პირად.

მოსარჩელეთა განმარტებით, სს «... ბანკსა»და სს «... სადაზღვევო კომპანიას» შორის 2001წ. 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სხვა პირის, ამ შემთხვევაში აწ გარდაცვლილი ი. მ-ის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას.

ამრიგად, მოცემული შემთხვევის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 836-ე-838-ე მუხლები. მოსარჩელეთა აზრით, სახეზეა სადაზღვევო შემთხვევა: ი. მ-ი დაიბადა 1975 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იგი იყო 27წ., ავტომანქანის მართვის უფლებას ი. მ-ი ფლობდა 1998 წლიდან, ესე იგი 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაზღვეული ავტომანქანა «ვაზ 2107-ით» ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროის მონაკვეთზე და ტერიტორიაზე. ი. მ-ი შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში. შემთხვევის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდნენ ლ. ნ-ე, ზ. მ-ი და ბ. მ-ი, რომლებიც ბანკთან არ იყვნენ დაკავშირებული სამსახურეობრივი ან სხვაგვარი ურთიერთობებით, ამიტომ აღნიშნული პირები გვევლინებიან სადაზღვეო პოლისის მეორე კარის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მესამე პირებად.

სკ-ის 837-ე მუხლის თანახმად, სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშვება დაზღვევის ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაზღვეულ პირს შეუძლია, ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლების განხორციელება მოითხოვოს მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადაზღვეო მოწმობა მოსარჩელეებს არ ჰქონდათ მათ სს «... ბანკიდან» სადაზღვეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევით ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს, კერძოდ, მათ მოითხოვეს, რომ ს.ს «... კომპანიას» დაკისრებოდა 175000 აშშ დოლარის გადახდა აქედან 15000 აშშ დოლარი, სამი პირის _ ი. მ-ის, ზ. მ-ის და ლ. ნ-ის გარდაცვალების გამო, ხოლო 25000 აშშ დოლარი მოსარჩელე ბ. მ-ის სხეულის დაზიანების გამო. სასარჩელო განცხადების მიხედვით მოსარჩელე მი. მ-ი არის ი. მ-ის მამა, მოსარჩელე მ. მ-ი _ ზ. მ-ის მეუღლე, ხოლო ლ. მ-ი ლ. ნ-ის დედა. მოპასუხე სს «... ბანკმა» შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებაში ბანკი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან, სკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, სადაზღვეო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეკისრება მზღვეველს და არა დამზღვევს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 მარტის განჩინებით მოპასუხე ს.ს «... ბანკი» შეიცვალა სათანადო მოპასუხით ს.ს «... სადაზღვევო კომპანიით», რომელმაც სარჩელი არ ცნო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 აგვისტოს განჩინებით, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

2003წ. 28 ნოემბრის დადგენილებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა სს «.. ..», რომელიც სს «... ბანკის» სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეებმა: მი., მ., ბ. მ-ებმა და ლ. ნ-ე-მ-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 837-ე მუხლით და 2001წ. 18 სექტემბერს სს «...სადაზღვევო კომპანიასა» და სს «... ბანკს» (ამჟამად .. ..) შორის გაფორმებული სადაზვევო პოლისით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას, რომელიც დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით _ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ და შეთანხმებულ პირობებს.

მოსარჩელეებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში ხელახლა განსახილველად. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად არსებითად დაარღვია კანონი, ვინაიდან მათ წარმომადგენელს, ადვოკატ ი. ზ-ს, არ აცნობა სასამართლო სხდომის შესახებ.

სასამართლო სხდომები არაერთხელ დაინიშნა და გადაიდო, ესწრებოდნენ სხვადასხვა მოსამართლეები.

სასამართლოს 2004წ. 28 ივლისის სხდომაზე კასატორებმა იშუამდგომლეს, რომ ბანკიდან და სადაზღვევო კომპანიიდან გამოეთხოვათ სადაზღვევო ხელშეკრულების დედნები და დააყენეს მოთხოვნა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა კათედრას განეხორციელებინა თარგმანი იგლისურიდან ქართულ ენაზე, ჯერ კიდევ რაიონული სასამართლოს განჩინებით წარდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების დედნები, რაც არ შესრულებულა. შემდგომში სასამართლოს განჩინებით საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტი იქნა მიწვეული თარგმნისათვის, მაგრამ თარგმანის შემოწმება ჩაატარებინეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს შტატგარეშე თანამშრომელს _ მ. ჩ-ს. ვინაიდან ხელშეკრულების დედნები წარდგენილი არ ყოფილა, დედნები შეცვლილია, ხოლო არაკვალიფიციურად განხორციელებული თარგმანი ართმევს კასატორებს საშუალებას, დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე.

სამოტივაციო ნაწილი:

სააკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, სააკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ სააკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 2001წ. 21 აპრილს, 22:20 წუთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრზე გორი-თბილისის მიმართულებით მოძრაობისას ავტომანქანა «ვაზ 2107», რომელსაც მართავდა სს «... ბანკის» თანამშრომელი ი. მ-ი, უკანა მხრიდან შეეჯახა იმავე მიმართულებით მოძრავ «კამაზის» მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანის მძღოლი ი. მ-ი, აგრეთვე, ამ ავტომანქანის მგზავრები ლ. ნ-ე და ზ. მ-ი, მესამე მგზავრმა ბ. მ-მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანა «ვაზ 2107» სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევამდე, ხოლო ამავე მანქანის საჭის მართვის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა შეჯახების შემდეგ. აწ გარდაცვლილი ი. მ-ისთვის დაზღვეული ავტომანქანის მართვის უფლება არ მიუციათ, მას ევალებოდა ავტომანქანის დაცვა და არა მართვა. 2002წ. 21 აპრილს, კვირას, ი. მ-ი, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, პირადი მიზნებისათვის იყენებდა და მართავდა ზემო აღნიშნულ ავტომანქანას. ი. მ-ი ბანკში მძღოლად არ მუშაობდა. იგი სს «... ბანკთან» 2001წ. 10 მაისს გაფორმებული შრომითი კონტრაქტის საფუძველზე წარმოადგენდა აღნიშნული ბანკის დაცვის თანამშრომელს, ხოლო ამავე ბანკის დირექტორის 2001წ. 25 მაისის ¹4/13 ბრძანებით დანიშნული იყო «ვაზ 2107» ავტომანქანაზე მატერიალურ პასუხისმგებელ პირად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ი. მ-ს არ გააჩნდა ავტომანქანის მართვის უფლება. სასამართლომ მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიიჩნია სამხრეთ ოსეთის თვით გამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ გაცემული უნომრო და უთარიღო ცნობა.

ოთხი მოსარჩელედან სამი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას მოითხოვს მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, მაშინ როცა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორების მიერ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არათუ დამატებითი და დასაბუთებული, არამედ საკასაციო პრეტენზია საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

2001წ. 18 სექტემბერს სს «... სადაზღვევო კამპანიასა» და სს «... ბანკს» (ამჟამად სს «.. ..») შორის გაფორმებული სადაზღვეო პოლისის საფუძველზე ბანკმა დააზღვია თავისი კუთვნილი ავტომანქანა «ვაზ 2107», აგრეთვე, ყველა მძღოლი, რომელიც არის 23 წელზე უფროსი და სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობს მართვის უფლებას, ხელშეკრულებით აგრეთვე დაზღვეულ იქნენ სადაზღვეო შემთხვევისას ავტომანქანაში მყოფი სხვა მესამე პირები.

სადაზღვევო პოლისის საერთო გამონაკლისების კარის მეხუთე პუნქტით კომპანია არ არის პასუხისმგებელი რაიმეს გადახდაზე იმ ზარალთან ან ზიანთან მიმართებაში, რომელიც დადგება თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება უბედური შემთხვევის მომენტში იმართებოდა ან გამოიყენებოდა პოლისის დანართში მოცემული მიმდინარე გამოყენებისათვის განსხვავებული მიზნებისათვის. საერთო გამონაკლისების 9-ე პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია იმ შემთხვევაში თუ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებდნენ სახიფათო, არასაექსპლოატაციო ან დაზიანებულ მდგომარეობაში, როგორც უბედურ შემთხვევამდე, ისე მის შემდეგ.

საერთო გამონაკლისების მეათე პუნქტის თანახმად კომპანია პასუხს აგებს იმ შემთხვევაში, როდესაც დაზღვეული სანტრასპორტო საშუალების მძღოლი უფლებამოსილი იყო, ემართა დაზღვეული სატრანსპოორტო საშუალება.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ხელშეკრულებით მკვეთრად განისაზღვრა მზღვეველის – სს «.. .. სადაზღვევო კომპანიის» პასუხისმგებლობის საფუძვლები და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებანი და სწორად მიიჩნია, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პირები და დაზარალებული პირი თავისი მონაცემებით არ აკმაყოფილებდნენ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ და შეთანხმებულ პირობებს.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ ადვოკატი ზაქარეიშვილი არ იყო გაფრთხილებული სხდომის თარიღის თაობაზე და საქმის განხილვაში სხვადასხვა მოსამართლეები მონაწილეობდნენ. საქმის მასალების მიხედვით 2004წ. 12 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული სხდომა განსახილველ სამოქალაქო საქმეზე გადაიდო 17 ნოემბერს. მოსარჩელე მი. მ-ი, რომლის ადვოკატი გახლდათ ი. ზ-ი, ხელწერილით კისრულობს ვალდებულებას, რომ აცნობებს სხდომის დღეს მის წარმომადგენელს (საქმის ფურცელი 455). სააპელაციო საჩივარს იხილავდა სასამართლო შემადგენლობა (ნ. კ-ი, ც. დ-ი, ნ. ნ-ე), რომელმაც 2004წ. 30 ივლისის სასამართლო სხდომაზე გადადო სასამართლო სხდომა 2004წ. 8 ოქტომბრისათვის და მხარეებს მისცა ვადა მოსარიგებლად. 2004წ. 8 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობამ (ნ. კ-ი, თ. მ-ი, თ. კ-ა), მაგრამ საქმის განხილვა არ გაგრძელებულა, იგი დაიწყო თავიდან საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა ზემოაღნიშნული პრეტენზიები საფუძვლიანადაც, რომ იქნეს მიჩნეული, ისინი ვერ დაედებიან საფუძვლად გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას, რომ მათი შუამდგომლობა სადაზღვევო პოლისის ხელშეკრულების დედნების გამოთხოვისა და თარჯიმნის მოწვევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალების მიხედვით მოპასუხე სს «... სადაზღვეო კომპანიის» წარმომადგენელმა ნ. ყ-მა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა სადაზღვევო პოლისის დედანი, რომელიც შედარდა ასლს და დაუბრუნდა წარმომადგენელს, საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სადაზღვევო პოლისის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. საქმის მასალების მიხედვით თარჯიმნის მეშვეობით შედარდა საქმეში არსებული სადაზღვევო პოლისის ინგლისურენოვანი ასლები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიებს, რომ მართალია, სასამართლოს განჩინებით საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტი იქნა მიწვეული თარგმნისათვის, მაგრამ თარგმანი და შემოწმება ჩაატარებინეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს თარჯიმანს მ. ჩ-ს. საქმის მასალების მიხედვით, მ. ჩ-ე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თარჯიმანია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორები აცხადებენ რა სადაზღვევო პოლისის გაყალბებისა და საქმეში არსებული ასლების შინაარსობრივ სხვაობაზე, არ მიუთითებენ, რაში გამოიხატება თარგმანის უზუსტობა და რატომ არის ხელშეკრულებები ურთიერთგამომრიცხავი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მი., მ. და ბ. მ-ებისა და ლ. ნ-ე-მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.