გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 07.07.2005
საქმის ნომერი
ას-309-633-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-309-633-05 7 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 5 მარტს გ. ი-სა და გ. მ-ეს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. გარიგების მიხედვით, გ. მ-ეს გ. ი-მა გადასცა სესხი – 15 000 ლარი სარგებლის გარეშე. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2001წ. 20 აპრილამდე. სესხის უზრუნვალსაყოფად გირაოში ჩაიდო 1995 წელსაა გამოშვებული გ.მ-ის კუთვნილი ავტომანქანა «კამაზ 53-212».

2001წ. 13 აპრილს გ. მ-ემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: გარიგება დაიდო მოპასუხის მხრიდან ძალადობითა და მუქარით, ამიტომ მისი ნების გამოვლენა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს.

მოსარჩელემ თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტებზე: მისმა შვილმა, ზ. მ-ემ, მოპასუხის მეუღლისაგან, ნ. ი-ისაგან, რომელიც ეწეოდა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას, სარეალიზაციოდ მიიღო ფერადი ლითონი ღირებულების შემდგომი გადახდის პირობით. მან დროულად ვერ დააბრუნა რეალიზებული ლითონის ღირებულება, რომლის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. უკანასკნელ ხანს იმდენად გამწვავდა ეს ურთიერთობა, რომ ზ. მ-ემ თვითმკვლელობაც კი სცადა (მოიწამლა თავი), იგი მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.

ვინაიდან ზ.მ-ემ ვალდებულება არ შეასრულა, ნ., გ. ი-ები და მათი ახლობელი დ. კ-ე ზ-ს მამისაგან ვალდებულების შესრულებას მიზნით მოითხოვდნენენ –სესხის ხელშეკრულების გაფორმებას და გირაოში ავტომანქანა «კამაზის» ჩადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ გაამწარებდნენ და შვილს დააკარგვინებდნენ.

მათი მხრიდან მუქარისა და ძალადობის შედეგად, იგი იძულებული გახდა, მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს მან ისესხა მოპასუხისაგან 15000 ლარი და ამ თანხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად დააგირავა მისი კუთვნილი ავტომანქანა. სინამდვილეში კი სესხი არ აუღია.

2001წ. 20 აპრილს გ. მ-ე გარდაიცვალა და, სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაერთო მისი მეუღლე, თ. მ-ე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და, ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 24 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სკ-ის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით, იმ პირის იძულება (ძალადობა, მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ გირავნობის ხელშეკრულების დადებისას, მოპასუხე მხარის მხრიდან იძულება არ მომხდარა, ხოლო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ემყარება მოწმეების _ ტ.მ-ის, ვ.შ-ის, გ.მ-ის ჩვენებებს. აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება, რომ მოპასუხეები აშკარად არ ჩარეულან გ.მ-ის მიერ ნების გამოვლენაში, ვინაიდან იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება კი შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. იძულება უნდა იყოს რეალური საფრთხის მაუწყებელი. საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, რომ გ.მ-ეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს სხდომაზე ტ.მ-მა განმარტა, რომ მან გ.მ-ე წაიყვანა ნავთლუღში, ჯართის საამქროში, სადაც კამათი მოხდა მას, ნ.ი-სა და ვიღაც ორ მამაკაცს შორის, რა დროსაც გ. გახდა ცუდად. მანვე აღნიშნა, რომ გ.მ-ე წაიყვანა ნოტარიუსში, სადაც იყო «ტირილი, ყვირილი. გ-ს ედავებოდნენ მოაწერე ხელიო, რაღაც თანხაზე იყო საუბარი.» სხდომაზე, აგრეთვე, დაკითხულ იქნა ნოტარიუსი კ-ი, რომელმაც განმარტა, რომ «იყო რაღაც დავა, დავა იყო თანხის ოდენობაზე», მან აღნიშნა, რომ მხარეები ერთმანეთს არ ემუქრებიან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, რომ გ.მ-ე ნების გამოვლენისას აიძულებდნენ ან ემუქრებოდნენ, რაც აფიქრებინებდა გ.მ-ეს, რომ მის პიროვნებას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ამასთან, არ დგინდება, რომ გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი იყო გ.მ-ის შვილის მიერ ნ.ი-ისაგან აღებული ვალის უზრუნველყოფა.

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ გ.მ-ის მიერ ნების გამოვლენა მოხდა აშკარა იძულებით, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გარიგების ბათილობას.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რასაც მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეების ჩვენებები.

იძულება დასტურდება მოწმე ვ.შ-ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ნ.ი-ი დაემუქრა გ.მ-ეს. ასევე არ შეაფასა მოწმეების: გ.მ-ის, ტ.მ-ის, ნოტარიუსის ჩვენებები, რითაც დასტურდება იძულების ფაქტი. სასამართლომ, ასევე, შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ გ.მ-ემ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა იმ დროს, როცა მისმა შვილმა, ვალის გამო, თავის მოკვლა სცადა.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გააანალიზა ზემომითითებული მოწმეთა ის ჩვენებები, სადაც ისინი მიუთითებენ გ.მ-ეზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე.

ამდენად, თ.მ-ე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნულ კანონდარღვევას იწვევს გადაწყვეტილების გამოტანისას ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობა, კერძოდ, მითითებული ნორმით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამასთან, ამავე კოდექსის 244-ე მუხლით. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 85-ე მუხლი. აღნიშნული ნორმით, გარიგების დადების მიზნით იმ პირს იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც გარიგება დადო, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას. პალატა მიუთითებს, რომ იძულება აშკარა ჩარევაა ნების გამოვლენის პროცესში. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მიუთითა კანონზე (მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე), მაგრამ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი. კერძოდ, გარიგების დადებისას მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდნენ იძულების ფაქტს გარიგების დადებისას ან დასაბუთებულს გახდიდნენ სარჩელის მოთხოვნას.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით სააპელაციო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებში, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებში, აღნიშნულია გ.მ-ის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვის შეზღუდვა, სასამართლომ კი არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა მოწმეთა: ვ.შ-ის, გ.მ-ის, ტ.მ-ის, დ.კ-ის მიერ ამ გარემოებაზე მითითების ნაწილში მათი ჩვენებები და სხვა რა მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნების გამოხატვის მომენტში თავისუფლად მოქმედებდა.

ამდენად, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს მოწმეების: ვ.შ-ის, გ.მ-ის, ტ.მ-ისა და ნოტარიუს დ. კ-ის ჩვენებები, აგრეთვე, ის მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეები მიუთითებენ სარჩელში, ასევე, შესაგებელში და ისე გადაწყვიტოს მოცემული დავა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაუკტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.