დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.11.2005
საქმის ნომერი
ას-395-735-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-395-735-05 18 ნოემბერი, 2005წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: მარჩენლის დაკარგვის გამო სარჩოს დანიშვნა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 9 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხ. ხ-მა მოპასუხე ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის და არასრულწლოვანი შვილებისათვის ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით: მისი მეუღლე ა. ზ-ა 1997 წლიდან მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში დოკერ-მექანიზატორად, რა დროსაც უხდებოდა ალუმინის ოქსიდის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა. 2002 წლის 29 აგვისტოს იგი უეცრად გახდა ცუდად, შეეკრა სუნთქვა და იმავე დღესვე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ ა. ზ-ას ექსჰუმირებული გვამიდან აღებული შინაგანი ორგანოების, კერძოდ, ფილტვების სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა ალუმინის ოქსიდი. მარტვილის რაიონის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დადგინდა ა. ზ-ას სიკვდილის მიზეზი _ მის ორგანიზმში ალუმინის ოქსიდის არსებობა. მოსარჩელის მითითებით, მან მიმართა ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობას, რათა მისი შვილებისათვის კანონის შესაბამისად დაენიშნათ ყოველთვიური სარჩო მეუღლის გარდაცვალების დღიდან, მაგრამ მოპასუხე თავს არიდებდა ამ საკითხის კანონიერად გადაწყვეტას. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაზე.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 35-36-ე მუხლებისა და 39-ე მუხლის საფუძველზე მან მოითხოვა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით და ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა. ვინაიდან ა. ზ-ას საშუალო ხელფასი შეადგენდა 331,22 ლარს, მოსარჩელემ მოითხოვა ერთჯერადი დახმარების სახით 39 746 ლარის ანაზღაურება, ასევე, მისთვის და არასრულწლოვანი შვილებისათვის მოპასუხის მიერ 2002 წლის 29 აგვისტოდან ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა 331,22 ლარის ოდენობით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ფოთის საზღვაო ნავსადგურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გარდაცვლილი ა. ზ-ას 10 წლის სამსახურებრივი სარგო ერთჯერადი დახმარების სახით, რაც შეადგენდა 39746 ლარს; მოპასუხეს მოსარჩელისა და მისი შვილების _ დ. და ა. ზ-ების სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ა. ზ-ას გარდაცვალების დღიდან, 2002 წლის 29 აგვისტოდან, ყოველთვიური სარჩოს სახით თითოეულზე 82 ლარისა და 25 თეთრის, სულ _ 248,25 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ზ-ას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება, რამაც სასიკვდილო შედეგი გამოიწვია, გამოწვეული იყო ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბრალეულობით, კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესებისა და ნორმების მოთხოვნათა არასათანადო შესრულებით. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 143-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციას ეკისრებოდა მუშათა და მოსამსახურეთა ინსტრუქტაჟის ვალდებულება უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შრომის დაცვის სხვა წესების შესახებ. მართალია, ა. ზ-ას ნავსადგურის შესაბამისი სამსახურის მიერ სამუშაოზე მიღებისას ჩაუტარდა ტექნიკური უსაფრთხოების შესავალი ინსტრუქტაჟი, მაგრამ არ ჩატარებია ინსტრუქტაჟი ალუმინის ოქსიდისა და ამავე კატეგორიის ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოების ტექნიკური უსაფრთხოების თაობაზე. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 36-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანი უნდა ანაზღაურებოდათ გარდაცვლილის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს, რაც გარდაცვლილის ხელფასის გათვალისწინებით მთლიანობაში შეადგენდა 248.25 ლარს. სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 39 746 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული ბრძანებულების 39-ე მუხლის მიხედვით, შრომის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს ეძლეოდა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში 39 746 ლარს შეადგენდა.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 143-ე მუხლის დარღვევის თაობაზე. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა ალუმინის ოქსიდის გადატვირთვის განაწესი- დავალება, რაც ადასტურებდა, რომ ა. ზ-ას გავლილი ჰქონდა შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი. გარდა ამისა, არსებობდა სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალი, რომელშიც რეგისტრირებული იყო ყოველკვარტალურად მუშების მიერ ინსტრუქტაჟის გავლა. შრომის კანონთა კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მინდობილი სამუშაოსათვის ვარგისიანობის განსაზღვრისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით მუშაკის სამედიცინო შემოწმება სავალდებულო იყო სამუშაოზე მიღების წინ, ხოლო შემდეგ _ პერიოდულად. ა. ზ-ა ნავსადგურში მუშაობდა 1998 წლის 15 ივნისიდან. სამედიცინო შემოწმება გავლილი ჰქონდა 1998 წლის 20 იანვარს. 1999 წლის 3 ნოემბერს მან ასევე გაიარა სამედიცინო შემოწმება ფოთის ტუბერკულოზის დისპანსერში. 2000-2001 წლებში ნავსადგურის მუშებს ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება კარდეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებთან. ა. ზ-ას გვამის ექსჰუმაცია განხორციელდა ექსპერტ გ-ას მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, სასამართლოს ბრძანების გარეშე, რასაც არ დასწრებიან ნავსადგურის წარმომადგენლები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს “ფ. ს. ნ.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ზ., რომელიც მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში, გარდაიცვალა 2002 წლის 29 აგვისტოს, სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ; სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის აქტით ა. ზ-ას ექსჰუმირებული გვამიდან აღებულ შინაგან ორგანოებში, კერძოდ, ფილტვებში სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა ალუმინის ოქსიდი. ამავე აქტში მიეთითა, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად საჭირო იყო კომისიური ექსპერტიზა მთავარ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2004 წლის 20 ოქტომბრის დასკვნით, ა. ზ-ას ექსჰუმირებული გვამიდან აღებულ მასალაში სასამართლო-ქიმიური გამოკვლევით ფილტვის ქსოვილში აღმოჩენილ იქნა ალუმინის ოქსიდი, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ა. ზ-ას სიკვდილის მიზეზი უნდა ყოფილიყო მოწამვლის შედეგად განვითარებული სუნთქვის ცენტრის დამბლა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რაც დასტურდებოდა მის ორგანიზმში ალუმინის ოქსიდის აღმოჩენით; ა. ზ-ას დარჩა მეუღლე ხ. ხ-ი-ზ-ა და ორი არასრულწლოვანი შვილი _ ა. ზ-ა, დაბადებული 19.. წელს და დ. ზ-ა, დაბადებული 20... წელს; ა. ზ-ას საშუალო ხელფასი შედგენდა 331,22 ლარს. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. ზ-ას გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა სუნთქვის ცენტრის გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რაც გამოწვეული იყო ალუმინის ოქსიდის ფილტვებში გავლის შედეგად. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 35-36-ე მუხლების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირებს წარმოადგენდნენ გარდაცვლილის მეუღლე და მცირეწლოვან შვილები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უბედური შემთხვევის დადგომაში აპელანტს მიუძღოდა ბრალი, ვინაიდან, მართალია, ა. ზ-ას სამუშაოზე მიღებისას ჩაუტარდა ტექნიკური უსაფრთხოების შესავალი ინსტრუქტაჟი, მაგრამ არ ჩატარებია ინსტრუქტაჟი ალუმინის ოქსიდისა და იმავე კატეგორიის ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოების ტექნიკური უსაფრთხოების შესახებ. რაც შეეხებოდა აპელანტის მიერ მითითებულ ე.წ. განაწეს-დავალებას, იგი ეხებოდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მოცულობას. აპელანტი ვერ ადასტურებდა მის მიერ შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების, შრომის დაცვის წესების, ნორმების მოთხოვნათა შესრულებას.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ფ. ს. ნ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. საქმის მასალებში წარდგენილი იყო ალუმინის ოქსიდის გადატვირთვის განაწესი-დავალება, რაც ადასტურებდა, რომ ა. ზ-ას გავლილი ჰქონდა შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი. გარდა ამისა, არსებობდა სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალი, რომელშიც რეგისტრირებული იყო ყოველკვარტალურად მუშების მიერ ინსტრუქტაჟის გავლა. შრომის კანონთა კოდექსის 151-ე მუხლით, მინდობილი სამუშაოსათვის ვარგისიანობის განსაზღვრისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით მუშაკთა სამედიცინო შემოწმება სავალდებულო იყო სამუშაოზე მიღების წინ, ხოლო შემდეგ _ პერიოდულად. ა. ზ-ა ნავსადგურში მუშაობდა 1998 წლის 15 ივნისიდან. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება ჯერ 1998 წლის 20 იანვარს, შემდეგ _ 1999 წლის 3 ნოემბერს _ ფოთის ტუბერკულოზის დისპანსერში. 2000-2001 წლებში ნავსადგურის მუშებს ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება კარდეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებთან. ა. ზ-ას გვამის ექსჰუმაცია განხორციელდა ექსპერტ გ-ას მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, სასამართლოს ბრძანების გარეშე, რასაც არ დასწრებიან ნავსადგურის წარმომადგენლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ფ. ს. ნ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი გარემოებები: ა. ზ-ა მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში, სადაც უხდებოდა ალუმინის ოქსიდის გადმოტვირთვა; იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 2002 წლის 29 აგვისტოს, სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ; სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის აქტის თანახმად, ა. ზ-ას ექსჰუმირებული გვამიდან აღებულ შინაგან ორგანოებში, ფილტვებში, სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა ალუმინის ოქსიდი. ამავე აქტში მიეთითა, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად საჭირო იყო კომისიური ექსპერტიზა მთავარ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2004 წლის 20 ოქტომბრის დასკვნით, ა. ზ-ას ექსჰუმირებული გვამიდან აღებულ მასალაში სასამართლო-ქიმიური გამოკვლევით ფილტვის ქსოვილში აღმოჩნდა ალუმინის ოქსიდი; იმავე დასკვნით, ა. ზ-ას სიკვდილის მიზეზი უნდა ყოფილიყო მოწამვლის შედეგად განვითარებული სუნთქვის ცენტრის დამბლა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რაც დასტურდებოდა მის ორგანიზმში ალუმინის ოქსიდის აღმოჩენით.

შრომის კანონთა კოდექსის 139-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყველა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას. ამავე კოდექსის 143-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციას ეკისრება მუშათა და მოსამსახურეთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ამავე კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე მუშებსა და მოსამსახურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ სპეციალური ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებანი. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინდობილი სამუშაოსათვის ვარგისიანობის განსაზღვრისა და პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით მძიმე სამუშაოებსა და შრომის მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ მუშათა და მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა სამუშაოზე მიღებისას წინასწარ, ხოლო შემდგომ _ პერიოდულად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, ა. ზ-ას სამუშაოზე მიღებისას ჩაუტარდა ტექნიკური უსაფრთხოების შესავალი ინსტრუქტაჟი, მაგრამ არ ჩატარებია ალუმინის ოქსიდისა და იმავე კატეგორიის საფრთხესაშიში ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოების ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი. კასატორი ვერ ადასტურებს, რომ ა. ზ-ას გავლილი ჰქონდა აღნიშნული სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და რომ მხოლოდ შესავალი ინსტრუქტაჟის გავლა საკმარისი იყო საფრთხე საშიშ ტვირთებზე მუშაკის დასაშვებად. რაც შეეხება ალუმინის ოქსიდის გადატვირთვის ე.წ. განაწეს-დავალებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იგი წარმოადგენს მუშაკის მიერ ალუმინის ოქსიდის გადმოტვირთვის კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად მიღების მტკიცებულებას და ვერ ჩაითვლება აღნიშნული კატეგორიის ტვირთის გადატვირთვაზე ინსტრუქტაჟის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად. კასატორმა ვერ დაადასტურა ვერც საფრთხესაშიში ტვირთის გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებამდე ა. ზ-ას მიერ სპეციალური ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების მიღება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ა. ზ-ას გავლილი ჰქონდა სამედიცინო შემოწმება და იყო ჯანმრთელი, რასაც ამტკიცებს კასატორი, აღნიშნული მიუთითებს, რომ არსებობდა მიზეზი, რამაც მოულოდნელად გამოიწვია სრულიად ჯანმრთელი მუშაკის გარდაცვალება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე საქმის მასალების ერთიანობაში შემოწმება, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოების დამადასტურებელ რწმენას, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ა. ზ-ას გარდაცვალებასა და მის მიერ ალუმინის ოქსიდის გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელებასთან, ხოლო საწარმომ არ უზრუნველყო შრომის უსაფრთხოების წესების სათანადო დაცვა, რაც მისი მხრიდან საფრთხის თავიდან აცილების საფუძველი იქნებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ შრომითი მოვალეობის შესრულების შედეგად გარდაცვლილი ა. ზ-ას მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილებისათვის ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა და ერთჯერადი დახმარების მიცემა შეესაბამება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 35-36-ე, 39-ე მუხლების მოთხოვნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ფ. ს. ნ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 თებერვლის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.