დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.01.2006
საქმის ნომერი
ას-411-750-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-411-750-05 1 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 17 ივნისს ქ. გ-ძემ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხეების: ც. და დ. ლ-შვილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის მითითებით, გ.ლ-შვილი, როგორც ვ.კ-სის რწმუნებული შეუთანხმდა მას, რომ გადაუფორმებდა კ-სის საკუთრებაში არსებულ ბინას, რისთვისაც მოსარჩელემ გ.ლ-შვილს გადაუხადა 1500 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელე შევიდა ბინაში და დაიწყო რემონტი, თუმცა გ.ლ-შვილმა დააყოვნა ბინის გადაფორმება. მოსარჩელემ მას დამატებით გადაუხადა 900 აშშ დოლარი და მასთან სანოტარო წესით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 2400 აშშ დოლარზე.

მოსარჩელის განმარტებით, გ.ლ-შვილი გარდაიცვალა 2003წ. აპრილის თვეში, ისე რომ მას მოსარჩელისათვის ბინა არ გადაუფორმებია. მოგვიანებით გაირკვა, რომ 2003წ. 11 მარტს მან აღნიშნული ბინა გადაუფორმა თავის ვაჟს - დ.ლ-შვილს. ამ უკანასკნელმა კი ბინა იპოთეკით დატვირთა ჯ-ულისა და ბ-შვილის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გ.ლ-შვილის მემკვიდრეებისაგან ამ უკანასკნელზე გასესხებული თანხის - 2400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და ასევე აღნიშნულის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხე მხარემ დ.ლ-შვილმა სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მან სადავო ბინა შეიძინა გ.ლ-შვილისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. იგი იყო გ.ლ-შვილის შვილი არარეგისტრირებული ქორწინებიდან, იზრდებოდა მამის მზრუნველობის ქვეშ, მას სამკვიდრო არ მიუღია, რის გამოც არ იყო ვალდებული‚ გადაეხადა მამის მიერ დატოვებული ვალები. აღნიშნულდან გამომდინარე, დ. ლ-შვილმა მოითხოვა სსკ-ის 170-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეების სადავო ბინიდან გამოსახლება.

სარჩელი არ ცნო‚ აგრეთვე‚ მეორე მოპასუხე ც.ლ-შვილმა. მისი მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ გ.ლ-შვილის მემკვიდრეებს გადასახდელი ჰქონდათ მამკვიდრებლის მკურნალობასა და დაკრძალვაზე გაწეული ხარჯებიდან დასაფარავი 1580 აშშ დოლარი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 1168-ე, 1328-ე და 1334-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიდა. მოპასუხეებს ც., ზ. და ი. ლ-შვილებს დაეკისრათ 2400 აშშ დოლარის ან შესაბამისი ეკვივალენტის ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხე დ.ლ-შვილი გათავისუფლდა ვალდებულებისაგან და მისი შეგებებული სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც.ლ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოარკვია დარჩა თუ არა რაიმე ქონება გ.ლ-შვილს და რა ქონების მემკვიდრეებად ჩაითვალენ მოპასუხეები. ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ.ლ-შვილს მოსარჩელესთან გაფორმებული ჰქონდა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ბინასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე მოთხოვნა უნდა დაკისრებოდა დ.ლ-შვილს, რომელსაც გ.ლ-შვილმა ბინაზე გადასცა საკუთრების უფლება. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კოპერატიულ ბინაზე პაი შეადგენდა 3841 აშშ დოლარს. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მემკვიდრეებს პირველ რიგში უნდა დაეფარათ მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინებით ც. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ლ-შვილსა და ქ.გ-ძეს შორის 2002წ. 2 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება 2400 აშშ დოლარზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის სინამდვილეში არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება სამოქალაქო კოდექსის 1168-ე და 1334-ე მუხლებზე, რომლის თანახმადაც მათ არ ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მამკვიდრებლის ვალებისათვის, რადგან 1168-ე მუხლი აწესრიგებდა სხვა სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დაცვის საკითხებს მეუღლეთა შორის თანასაკუთრების გაყოფისას. სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას ასევე ვერ გამოიყენებდა 1334-ე მუხლს, რადგან ამ მუხლით რეგულირდებოდა სამართლებრივი ურთიერთობები თანამემკვიდრეებს შორის, რომელსაც აღნიშნულ დავასთან შემხებლობა არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაკრძალვისა და მკურნალობის გამო მხოლოდ თანამემკვიდრეებს შორის შეიძლებოდა დავა და ეს ხარჯები გათვალისწინებულ იქნებოდა მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფისას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ც.ლალიაშვილმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საოლქო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეებს ეკისრებათ ვალის დაფარვა მიღებული აქტივების ფარგლებში თითოეული მემკვიდრის წილის პროპორციულად.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2002წ. 2 მაისს აწ გარდაცვლილ გ. ლ-შვილსა და ქ. გ-ძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ გ. ლ-შვილის კანონიმიერი მემკვიდრეები არიან ც., ზ. და ი. ლ-შვილები. გ. ლ-შვილისა და ც. ლ-შვილის, თანასაკუთრებას წარმოადგენს კოოპერატიული ბინა მდებარე თბილისი ..., ბ.115.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას, რომ ქ. გ-ძემ აღიარა სესხის არსებობა 1900 დოლარის ოდენობით, ხოლო 500 დოლარი მის მიერ გამოყენებული იქნა სარემონტო ხარჯების დასაფარავად. ვინაიდან საქმეზე დართულია სესხის ხელშეკრულება, სადაც მითითებული თანხა შეადგენს 2400 აშშ დოლარს.

ასევე დამატებით და საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სამკვიდრო მასა საკმარისი არ არის მამკვიდრებლის ვალის გასასტუმრებლად და ამ ვალის დაფარვა უნდა მოხდეს მხოლოდ მიღებული სამკვიდრო აქტივებით, ვინაიდან სსკ-ის 1485-ე მუხლის თანახმად მემკვიდრემ უნდა ამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სსსკ-ის 102 მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც., ზ. და ი. ლ-შვილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.