დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.04.2005
საქმის ნომერი
ას-43-430-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-43-430-05 5 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: მინდობილობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. შ-ამ და ნ. დ-ომ სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. ა-ის, კ. ტ-ოს, დ. და ს. შ-ებისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ნოტარიუს ე. მ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ლიტ „ა“ ნაგებობიდან: ვ. შ-ს _ 1\12, ნ. დ-ოს – 1\12, მ. ა-ას _ 1\12, რ. ა-ს _ 1\4, კ. ტ-ოს _ 1\4, საქველმოქმედო ასოციაცია “მ-ს“ – 1\4, ლიტერ „გ“ ნაგებობიდან – აწ გარდაცვლილ ვ. შ-ს, ნ. დ-ოს, მ. ა-ას, რ. ა-სა და კ. ტ-ოს _ 3\4, ხოლო საქველმოქმედო ასოციაცია „მ-ს – 1\4. 2000წ. 12 აპრილს, რ. ა-მა, ხოლო 14 აპრილს კ. ტ-ომ დ. შ-ზე გასცეს მინდობილობები, რომლითაც მას მისცეს უფლება განეგო ...... მათ სახელზე რიცხული ქონება. 2000წ. 21 აპრილს დ. შ-მა, როგორც რ. ა-ისა და კ. ტ-ოს რწმუნებულმა დედასთან – ს. შ-თან დადო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ. შ-მა, როგორც ზემოაღნიშნული პირების წარმომადგენელმა, ს. შ-ს აჩუქა ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის 2\4. მოსარჩელეებმა მოითხოვეს რ. ა-სა და დ. შ-ს შორის 2000წ. 12 აპრილს გაფორმებული ხელწერილისა და მინდობილობის ბათილად ცნობა. კ. ტ-ოსა და დ. შ-ს შორის 2000წ. 14 აპრილს გაფორმებული ხელწერილისა და მინდობილობის ბათილად ცნობა, ასევე, დ. და ს. შ-ებს შორის 2000წ. 21 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეულ იქნა მათი, როგორც სადავო ფართის უპირატესი შესყიდვის მქონეთა, უფლებები.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. დ-ომ და ა. შ-ამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მინდობილობებისა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულით დაირღვა სკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული უპირატესი შესყიდვის უფლება. პალატამ სკ-ის 173-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 959-ე მუხლის საფუძველზე მითითებული არგუმენტი არ გაიზიარა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ ჩუქების უსასყიდლო ხელშეკრულება და, შესაბამისად, შესყიდვის უპირატესობის გამოყენება შეუძლებელია. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ივნისის საოქმო განჩინების მოსაზრებანი, ვინაიდან, მართალია, სკ-ის 1433-ე მუხლით მიღებული სამკვიდრო მემკვიდრეს საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან და ეს ფაქტი წარმოადგენს საკუთრების წარმოშობის კანონიერ საფუძველს, მაგრამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად სკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით, აუცილებელია საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც ა. შ-ას მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, იგი არ წარმოადგენს საზიარო უფლების მქონე პირს.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. დ-ომ და ა. შ-ამ. კასატორთა განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სკ-ის 173-ე მუხლის მე-4 ნაწილით მათთვის მინიჭებული უპირატესი შესყიდვის უფლება, ხოლო სააპელაციო პალატამ აღნიშნული ნორმა არ გამოიყენა. მხარეთა მითითებით, პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ჩუქების საგანი წარმოადგენდა ვ. შ-ის, ნ. დ-ოს, მ. ა-ას, რ. ა-ის, კ. ტ-ოსა და საქველმოქმედო ასოციაცია “მ-ის“ თანასაკუთრებას, ამდენად, სკ-ის 959-ე მუხლის მიხედვით, ამ უკანასკნელთ წარმოეშვათ გასხვისებული წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. კასატორთა განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001წ. 29 აგვისტოს ¹321 ბრძანებით დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 39-ე-42-ე მუხლების მოთხოვნები, როდესაც გარიგების დამტკიცებისას წარმოდგენილ არ იქნა სავალდებულო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ პირთა თანხმობა ქონების გასხვისებაზე. მხარის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 99-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, ძირითადი გარიგების _ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭირო იყო საჩუქრად გადაცემული საერთო საკუთრების ქონების ყველა თანამესაკუთრეთა თანხობა. პალატამ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულებით ს. შ-ს მიეკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ტექბიუროს ცნობა-დახასიათებაში იყო მითითებული გამსხვისებლების _ ტ-ოსა და ა-ის საერთო საკუთრებაში. ხელშეკრულებით გასხვისებულ იქნა მთელი საცხოვრებელი სახლის 2\4, ანუ ლიტ. „ა“-ში და ლიტ „გ“-ში 2\4 წილი. ცნობა-დახასიათების მიხედვით, ლიტ „გ“-ში ტ-ო-ა-ს არ გააჩნდათ 2\4. არამედ ლიტ „გ“ საერთო საკუთრებით ეკუთვნოდათ, ასოციაცია „მ-ს“ _ 1\4, ხოლო ტ-ო-ა-ს და კიდევ სამ პირს იდეალური 3\4. აღნიშნულის თაობაზე სარჩელში იყო მითითებული. სასამართლომ არ განიხილა აღნიშნული მოთხოვნა, როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაყენებული საფუძველი, თუმცა სარჩელში ეს საფუძველი არსებობდა. კასატორები არ დაეთანხმნენ ასევე 2003წ. 17 ივნისის საოქმო განჩინებას და მიიჩნიეს, რომ ა. შ-ა, სადავო ქონების თანამესაკუთრე, აწ გარდაცვლილი ვ. შ-ის მეუღლე, სამემკვიდრეო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის უქონლობის გამო, არასწორად იქნა ცნობილი არასათანადო მოსარჩელედ, ვინაიდან ა. შ-ამ სამკვიდრო მიიღო სკ-ის 1336-ე და 1421-ე მუხლების საფუძველზე. ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი ფლობდა და განაგებდა მის დანაშთ ქონებას. კასატორთა აზრით, სასამართლომ ა. შ-ა არასწორად ამორიცხა მოსარჩელეთა სიიდან, რადგან სსკ-ის 84-ე მუხლი ითვალისწინებს არასათანადო მოსარჩელის სათანადო მხარით შეცვლას და არა მის ამორიცხვას მოსარჩელეთა სიიდან. კასატორებმა მოითხოვეს როგორც საოქმო, ისე _ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლი (ყოფილი ....... პირველი შესახვევი ¹20) საკუთრებაში ჰქონდათ: ლიტერ „ა-1“ _ საქველმოქმედო ასოციაცია “მ-ს“, რ. ა-სა და კ. ტ-ოს თითოეულს _ 1\4, ხოლო ვ. შ-ს, ნ. დ-ოსა და მ. ა-ას თითოეულს _ 1\12, ლიტერ „გ“ ნაგებობა – აწ გარდაცვლილ ვ. შ-ს, ნ. დ-ოს, მ. ა-ას, რ. ა-სა და კ. ტ-ოს, თითოეულს, 3\4, ხოლო საქველმოქმედო ასოციაცია „მ-ს – 1\4. 2000წ. 12 აპრილს, რ. ა-მა დ. შ-ზე გასცა მინდობილობა, რომლითაც რწმუნებულს მიენიჭა უფლებამოსილება, მართოს და განკარგოს ........ რ. ა-ის საკუთრებაში არსებული ქონება. ამავე წლის 14 აპრილს კ. ტ-ომ დ. შ-ზე გაცემული მინდობილობით რწმუნებულს მიანიჭა უფლება, მართოს და განკარგოს ზემოხსენებულ მისამართზე მის საკუთრებაში არსებული ქონება. 2000წ. 21 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებით დ. შ-მა, როგორც ზემოაღნიშნული პირების წარმომადგენელმა, ს. შ-ს აჩუქა მარწმუნებლების საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მართებულად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი მინდობილობებისა და ჩუქების ხელშეკრულების დადებით მათი, როგორც თანამესაკუთრეების, უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევის თაობაზე. სკ-ის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ყოველ თანამესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. საერთო ქონების თანამესაკუთრის იგივე უფლებაა დაწესებული ამავე კოდექსის 959-ე მუხლით, რომლის ძალითაც წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, სხვებისაგან უპირატესად იყიდოს თანასაკუთრებაში არსებული ქონება. სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირს უპირატესი უფლების განხორციელების შესაძლებლობა წარმოეშობა მხოლოდ მაშინ, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო რა უსასყიდლო გარიგება ნივთის ჩუქების თაობაზე, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის ამგვარი განკარგვა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირთა თანხმობას არ საჭიროებს.

უსაფუძვლოა კასატორთა მოსაზრება ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ივნისის საოქმო განჩინებით ა. შ-ას, სადავო ქონების თანამესაკუთრე, აწ გარდაცვლილი ვ. შ-ის მეუღლის სამემკვიდრეო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის უქონლობის გამო არასათანადო მოსარჩელედ არაკანონიერად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ, სკ-ის 1336-ე და 1421-ე მუხლების შესაბამისად, შ-ამ სამკვიდრო მიიღო სამკვიდრო ქონების ფლობით. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო სასამართლომ სავსებით სწორად მიუთითა სკ-ის 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ძალითაც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ა. შ-ამ ნივთზე საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა, რის გამოც იგი უფლებამოსილ პირად არ იქნა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. დ-ოს და ა. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.