გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-450-773-05 1 დეკემბერი, 2005წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს «თ-მა” მოპასუხე გ. ჯ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 246 400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. 31 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 154 000 აშშ დოლარზე. კრედიტით სარგებლობისათვის მოპასუხეს ბანკისათვის უნდა გადაეხადა წლიური 24%, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში _ გაორმაგებული 48%. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის დაბრუნების საბოლოო ვადა – 1999წ. 31 მაისი. კრედიტი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის უძრავ-მოძრავი ქონებით და აქტივებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მსესხებელმა არ შეასრულა. საბოლოოდ მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა სესხი – 154 000 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი – 92 400 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ 1998წ. 31 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 154 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 31 მაისს და სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის უფლება ჰქონდა 3 წლის განმავლობაში _ 2002წ. 31 მაისამდე, მოსარჩელემ კი სარჩელი სასამართლოში აღძრა 2003წ. 7 მარტს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულ იყო.
სასამართლო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «თ-ის» ლიკვიდატორმა გ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 4 თებერვლის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით სს «თ-ის» სარჩელი კვლავ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 56-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გ. ჯ-სა და ს/ს «თ-ს» შორის 1998წ. 31 მაისს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რადგან იგი დაიდო 1998წ. 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დასაფარად. სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმად, ს/ს «თ-სა» და შპს «მ-ს» შორის 1996წ. 12 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე 250 000 აშშ დოლარის ოდენობით. ბანკმა საზოგადოებაზე 1996-97 წლებში გასცა 670 000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების გარანტად ჩადებულ იქნა შამლუქის სპილენძის კოლჩედანური მადნის მოპოვების, კონცენტრატად გადამუშავების და რეალიზაციის პროექტის იურიდიული განკარგვის უფლება. ასევე, საგარანტიო უზრუნველყოფად ჩადებული იყო დამფუძნებლების მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და სხვა აქტივები. შემდგომში მოსაჩვენებლად გაფორმდა 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულება, რითაც ფიქტობრივად, ბუღალტრული გატარებით სესხი დაიფარა და იმავე დღეს შპს-ს პარტნიორებზე, მათ შორის, მოპასუხეზე, ვითომდა გაიცა სესხი. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებით მხარეებს არ სურდათ საკრედიტო ხელშეკრულების თანმდევი იურიდიული შედეგის დადგომა, არამედ, ბანკს სურდა თავი დაეცვა იმ სანქციებისაგან, რასაც ეროვნული ბანკი გამოიყენებდა მის მიმართ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულება უცილოდ ბათილ ხელშეკრულებად მიიჩნია და მიზანშეწონილად არ ჩათვალა სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ს/ს «თ-ის” ლიკვიდატორმა გ. ჯ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, გ. ჯ-ისათვის 246400 აშშ დოლარის დაკისრება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის გზით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ მტკიცებულებებზე და გადაწყვეტილებაში არ მიუთითა იმ მოსაზრებებზე, რომლებითაც უარყო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა. სს «თ-სა» და გ. ჯ-ს შორის 1998წ. 31 მაისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც საბანკო კრედიტი გაიცა წარმოებაში კაპიტალდაბანდებისათვის, დამოწმებულ იქნა სს «თ-ისა» და გ. ჯ-ის მიერ. 1999წ. 8 ივნისს სს «თ-სა» და შპს «მ-ს» შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 პუნქტით კი ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები შეჩერებულ იქნა. ასეთ ვითარებაში სასამართლოს არ გამოურიცხავს საზოგადოების ვალდებულებების პარტნიორებზე გადაკისრების არსებობა. ასევე არ გამოურკვევია ხელშეკრულების მოქმედების განახლების საკითხი. 1998წ. 8 ივნისის ხელშეკრულებით 1996წ. 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით საზოგადოებისათვის მიცემული თანხის დაბრუნების მიზნით ბანკის საკუთრებაში გადავიდა 1998წ. 31 მაისის გირავნობის ხელშეკრულების საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გამოურკვევია, გირავნობის საგანი რეალურად გადაეცა თუ არა ბანკს და ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა მას სესხის მოთხოვნის უფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით სს «თ-ის» სარჩელი მოპასუხე გ. ჯ-ის მიმართ სასესხო ვალდებულების შესრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. 31 მაისს სს «თ-სა» და გ. ჯ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 154.000 აშშ დოლარის ოდენობით, 1 წლის ვადით. ხელშეკრულების მხარეები იყვნენ გამსესხებელი (კრედიტორი _ სს «თ-ი») და მსესხებელი (მოვალე _ გ. ჯ-ი). საბანკო კრედიტის მიზნად ხელშეკრულებაში მითითებული იყო «წარმოებაში კაპიტალდაბანდება». საოლქო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 623-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კრედიტორისა და მოვალის განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები. რაც შეეხებოდა მოთხოვნის დათმობას ან ვალის გადაკისრებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში სკ-ის 199-ე და 203-ე მუხლების შესაბამისად, იგი უნდა შემდგარიყო დამოუკიდებელი ხელშეკრულების სახით, რომელშიც განისაზღვრებოდა გადაცემის დროისათვის მოთხოვნის ან ვალის მდგომარეობა და ის პირები, რომლებმაც, ერთის მხრივ, გადასცეს და, მეორე მხრივ, მიიღეს მოთხოვნა თუ ვალი, რასაც განხილულ სარჩელში ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ 1999წ. 9 დეკემბრიდან მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენამდე გასული იყო 3 წელი და 3 თვე, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული იყო.
საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «თ-ის» ლიკვიდატორმა გ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, იურიდიულად არ იყო საკმაოდ დასაბუთებული, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. კასატორი არ ეთანხმებოდა საოლქო სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან სარჩელში მათ მიერ მითითებული იყო იმ გარემოებებზე, რაც ფაქტობრივად იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ აღიძრა ჯერ კიდევ 2000წ. 14 თებერვალს, ასევე, 2000წ. 25, 2001წ. 10 იანვარს, რაც ადასტურებდა მოსარჩელის რეაგირებას მოპასუხის ქმედებათა წინააღმდეგ და სკ-ის 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და თავიდან ათვლის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეჩერებული იყო შპს «მ-სა» და ს/ს «თ-ს» შორის 1999წ. 8 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ვადის გაგრძელების არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა. სადავო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. არსებული დავალიანება, კასატორის აზრით, უნდა დაფარულიყო უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. ამდენად, სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 6 წელს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ სს „თ-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად მოტივად მიუთითა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე. ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კოლეგიის მიერ 2004წ. 19 მაისს. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საკასაციო სასამართლოს მიერ და საქმე დაუბრუნდა ხელახალი განხილვისათვის იმავე კოლეგიას. საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა რიგი გარემოებანი, რომლებიც სასამართლოს უნდა შეეფასებინა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დადგენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კოლეგიას არ შეუსრულებია საკასაციო სასამართლოს მიერ, სსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის მოცემული მითითებები.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა შპს „მ-სა” და სს კბ „თ-ს” შორის არსებული 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულება იმ თვალსაზრისით, რომ დადგენილიყო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, მოხდა თუ არა „თ-სა” და გ. ჯ-ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების განახლება.
როგორც კასატორი მიუთითებს, შპს „მ-სა” და სს „თ-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეჩერდა ბანკსა და გ. ჯ-ს შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ იგი დადებულია ბანკსა და შპს „მ-ს” შორის 1996წ. 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე არსებული შპს «მ-ის» დავალიანება ბანკის მიმართ, სს «თ-ის» განმარტებით, დაიფარა ფიქტიურად, რეალურად კი 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულებებით სესხის თანხა დაიშალა რამდენიმე მსესხებელზე (შპს «მ-ის» პარტნიორებზე) და მოხდა მათთან საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმება, მათ შორის, გ. ჯ-თან.
მითითებული გარიგება დადებულია შპს „მ-სა” და „თ-ს» შორის. ამდენად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოებაც, ამ ხელშეკრულებით გ. ჯ-ის და სხვა ფიზიკური პირების საკრედიტო დავალიანების გადახდა ხომ არ აიღო თავის თავზე მესამე პირმა _ შპს „მ-მა”.
სს „თ-სა” და შპს „მ-ს” შორის 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულების დამატებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში პროექტი გადადიოდა შპს „მ-ის” საკუთრებაში და, შესაბამისად, უნდა განახლებულიყო ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებების მოქმედება. ამასთან, თვით მითითებული ფიზიკური პირები ამ ხელშეკრულებას განახლებულად არ მიიჩნევდნენ, რაც ირკვეოდა მათ მიერ შპს «მ-ისადმი» გაგზავნილი წერილებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ კოლეგიას უნდა დაედგინა, გადავიდა თუ არა შპს „მ-ის” საკუთრებაში ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებაში ხსენებული პროექტი და, შესაბამისად, აღდგა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებულ ფიზიკურ პირებსა და ბანკს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების მიმართ.
სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი, რომელი დაუდგენელი და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენამ შეიძლება განაპირობოს საქმეზე კანონის არასწორი გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს შპს «მ-სა” და „თ-ს” შორის დადებულ 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულებას და შეფასების შედეგად დადგენილი გარემოებების საფუძველზე იმსჯელოს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.