დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.07.2006
საქმის ნომერი
ას-46-495-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-46-495-06 17 ივლისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე დავის საგანი: სათბურის ექსპლუატაციის აკრძალვა, უკანონო ნაგებობის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. და მ. თ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ყ-ის მიმართ სათბურის ექსპლუატაციის აკრძალვისა და უკანონო ნაგებობის აღების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები არიან მეზობლები, მ.ყ-იანმა თავის საკარმიდამო ნაკვეთში სახლისა და ეზოს გასწვრივ, საზღვრიდან 1,5 მეტრის დაშორებით, სანიტარული ნორმების დარღვევით, დაიწყო 15X30 კვ.მ სათბურის მშენებლობა. მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს, დაეცვა სანიტარული ნორმები და სათბური მხარეთა ნაკვეთების მიჯნიდან მოშორებით აეშენებინა, ვინაიდან მოსარჩელეთა შვილის მწვავე ალერგიული დაავადების გათვალისწინებით ბავშვისათვის საზიანო გარემო არ შეექმნა, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითეს სკ-ის 174-ე, 176-ე მუხლებზე, ამასთან, მიიჩნიეს, რომ სადავო ნაგებობა არღვევს «საწარმოების, ნაგებობების და სხვა ობიექტის სანიტარული დაცვის ზონებისა და სანიტარული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ» შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. ¹234/ვ ბრძანების 67-ე მუხლის 4.5 პუნქტის მოთხოვნას დასახლებული პუნქტებიდან საწარმოს დაშორების ზღვრული 100-მეტრიანი დაშორების არსებობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო ხის შენობა, რომელიც ე.წ. «ცელოფნითაა» გადახურული, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლიდან 6 მეტრით, ხოლო მათი ღობიდან 2 მეტრითაა დაშორებული. უსაფუძვლოა მხარის მითითება, რომ სათბურის ექსპლუატაციით ირღვევა სანიტრული ნორმები, ვინაიდან სახელმწიფო ცენტრალური სანიტარული ზედამხედველობის ინსპექტორის მიმართვაზე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის 2004წ. 9 მარტის პასუხის თანახმად, «საწარმოების, ნაგებობების და სხვა ობიექტის სანიტარული დაცვის ზონებისა და სანიტარული კლასიფიკაციის დანტკიცების შესახებ» შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. ¹234/ვ ბრძანება100-მეტრიანი ზღვრული დაშორების არსებობის აუცილებლობას ადგენს იმ სათბურებისა და კვალსათბურების მიმართ, რომელთაც თბური ენერგიის წყაროების გამოყენებით მიღებული ხელოვნური გათბობა ესაჭიროება, სადავო 10X30 კვ.მ ნაგებობა კი კომპეტენტური ორგანოების მიერ შეფასებულია ორანჟერულ სათბურად, რომელიც მხოლოდ დროებით გადახურულ გრუნტს წარმოადგენს. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პრეტენზია მათი შვილის ჯანმრთელობისათვის საზიანო გარემოს შექმნის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სათბურში შეტანილი სასუქი სრულიად უვნებელია. თავად მოპასუხე მეორე ჯგუფის ინვალიდია და მავნე სახის ნივთიერებებით სარგებლობა მისი ჯანმრთელობისათვისაც დაუშვებელია.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ყ-იანს აეკრძალა ბაღდათის რაიონის სოფ. ... სადავო ადგილზე თავის საკარმიდამო ნაკვეთში დ. და მ. თ-ძეების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის გასწვრივ აგებული სათბურის ექსპლუატაცია და დაევალა სათბურის საკუთარი ხარჯებით აღება.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მ. ყ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სათბური მდებარეობს თ.თ-ძის სახლიდან ხუთი მეტრის დაშორებით. ბაღდათის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის უფროს თ.გ-იას, საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმ ნ.შ-იას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროს დ.მ-შვილის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროს თ.კ-ძის წერილების, მოცემულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 6 ოქტომბრის ¹234/ნ ბრძანებით დამტკიცებული «საწარმოების, ნაგებობისა და სხვა ობიექტების სანიტარული დაცვის ზონებისა და სანიტარული კლასიფიკაციის» შესახებ ნორმატიული აქტის საფუძველზე, პალატამ ასევე დაადგინა, რომ მ.ყ-იანის კუთვნილი სათბური განეკუთვნება მეოთხე კლასის საწარმოს, რომლის სანიტარული დაცვის ზონა შეადგენს 100 მეტრს და აღნიშნული პარამეტრების დარღვევა დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ, სსკ-ის 382-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სკ-ის 176-ე მუხლით და მოპასუხეს დაავალა უკანონო ნაგებობის აღება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ყ-იანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. ¹234/ნ ბრძანების 67-ე მუხლი, ვინაიდან სადავო სათბურის სიდიდე აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ ოდენობას არ შეესაბამება. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამავე ბრძანების მე-11 პუნქტითა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2004წ. 28 ოქტომბრის ¹438-05/11 წერილით, რომელთა მიხედვით მოცემული სათბურის მიმართ განსხვავებული წესები გამოიყენებოდა, კერძოდ, მისი სიდიდის დასაბუთება უნდა შეემუშავებინა ობიექტის მფლობელს, რომელიც ყოველივეს შეათანხმებდა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან. Aსასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან კომისიური ექსპერტიზის ნაცვლად, იგი ჩაატარა მხოლოდ ერთმა ექსპერტმა, ამასთან, მან პასუხი გასცა ისეთ კითხვებს, რომლებიც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. სააპელაციო პალატამ, სკ-ის 75-ე მუხლის ნაცვლად, არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 176-ე მუხლი, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუდასტურებია, თუ რაში გამოიხატებოდა მისი, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებათა დაუშვებელი ხელყოფა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მ.ყ-იანმა სათბურის მშენებლობისას დაარღვია არქიტექტურული ნორმები, ვინაიდან სადავო ნაგებობა სანიტარული დაცვის ზონაში არ შედიოდა და ასმეტრიანი დისტანციის დაცვა მას არ ევალებოდა. სასამართლომ არ გაიზიარა მ.ყ-იანის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სათანადო სპეციალისტების მიერ იყო გაცემული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დარჩეს უცვლელი, მ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი კი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნული სახის პრეტენზიას არ შეიცავს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბაღდათის რაიონის სოფ. ... მ.ყ-იანის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე სადავო სათბური აგებულია დ. და მ. თ-ძეების სახლიდან ხუთი მეტრის დაშორებით. სადავო სათბური განეკუთვნება IV კლასის საწარმოს და მისი სანიტარული დაცვის ზონა შეადგენს 100 მეტრს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ, სკ-ის 175-ე მუხლის ნაცვლად არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 176-ე მუხლი. სკ-ის 175-ე მუხლი ადგენს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლებების უმნიშვნელო ხელყოფისას, არსებითი ზემოქმედების თმენის ვალდებულება კი წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში მ.ყ-იანის მიერ სადავო სათბურის სანიტარულ ნორმათა დარღვევით აშენება და ექსპლუატაცია სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულების კანონით დადგენილ ფარგლებს სცილდება და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უსაფრთხოების დადგენილი წესები დაცული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად გამოიყენა სკ-ის 176-ე მუხლი, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასწორად არ გაიზიარა. სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შინაგანი რწმენითა და საქმის მასალების დეტალურად გამოკვლევის შედეგად თავად გადაწყვიტოს, საქმეში არსებულ რომელ მტკიცებულებას მიანიჭოს უპირატესი ძალა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი მტკიცებულება არ გაიზიარა სასამართლომ და რაში გამოიხატებოდა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამავე დასაბუთებით უსაფუძვლოა მ.ყ-ის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 11 აპრილის ¹77/15 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულებად უკანონოდ მიიღო. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ექსპერტიზის დასკვნა სავსებით მართებულად გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ექსპერტის სპეციალური ცოდნის გამოყენებით მიღებულ დასკვნას სასამართლოსათვის მნიშვნელოვან საკითხზე.

სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევები არ არსებობს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.