გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 10.06.2005
საქმის ნომერი
ას-503-827-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-503-827-05 10 ივნისი, 2005წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 4 ნოემბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით, ხოლო 2004წ. 6 სექტემბერს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. მ-მა მოპასუხე სს «თ...ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით მატერიალური ზიანისა და 50000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლებით: ცხოვრობდა თბილისში, ..., 2001წ. ნოემბერში სს «... თ...მა», რომლის უფლებამონაცვლესაც სს «თ...ი» წარმოადგენდა, ... ქუჩაზე დაიწყო მრიცხველების გარეთ გამოტანა. აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე მოსარჩელემ სს «თ...ის» თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ... აღრიცხული იყო 5 აბონენტი და დამონტაჟებული იყო 5 მრიცხველი, რის გამოც საჭირო იყო ყველა მრიცხველის შეცვლა. მიუხედავად ამისა, «თ...ის» თანამშრომლებმა დაამონტაჟეს 2 ახალი მრიცხველი და გაიყვანეს 2 ელექტროსადენი, რომლებიც გადადიოდა ... მდებარე მეზობელი სახლის ლითონის სახურავზე. ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები ტარდებოდა უსაფრთხოების წესების დარღვევით, ... მცხოვრებმა მეზობლებმა უარი განაცხადეს ახალი მრიცხველების ჩართვაზე და მათი სახლის სახურავზე გამავალ ელსადენებში დენის გატარებაზე. ამის გამო კომპანიის თანამშრომლებმა ვერ დაასრულეს დაწყებული სამუშაოები. ვინაიდან მ-ების ოჯახი რჩებოდა ელექტროენერგიის გარეშე, სს «თ...ის» თანამშრომლებმა ქუჩაში გამავალ ცენტრალურ ელგადამცემ ხაზსა და ელბოძზე კუსტარული მეთოდით დაახვიეს ელსადენები და შეაერთეს მოსარჩელის სახლის სახურავზე დაყენებულ ელსადგარს, საიდანაც ელსადენები საცხოვრებელ სახლში ჩადიოდა. მათივე განმარტებით, ეს იყო დროებითი მდგომარეობა და უახლოეს დღეებში დამონტაჟდებოდა გამანაწილებელი ფარის და დამატებითი ანძა. ამის შემდგომ სს «თ...ის» თანამშრომლები სამუშაოების ჩასატარებლად აღარ გამოჩენილან. კუსტარულად შეერთებული ელექტროსადენების პირველადი მოკლე ჩართვის გამო 16.02.2002წ. გაჩნდა ხანძარი, რასაც ადასტურებდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ¹1 სახანძრო ნაწილის უფროსი ინსპექტორის 01.03.2001წ. დასკვნა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 10.06.2002წ. დადგენილება. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის სხვენის ხის კონსტრუქციები, დაზიანდა 190 კვ.მ. თუნუქის გადახურვა, საერთო სართულსა და სხვენს შორის ჭერის 120 კვ.მ.გადახურვა, წყლისაგან განადგურდა ოთხი ოთახის ჭერი, 100 კვ.მ. კედლები, საოჯახო ნივთები. ხანძრის ჩაქრობის პროცესში წყლის ჭავლის მასიურმა ზემოქმედებამ ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა სახლი. ვინაიდან თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლო სახლის კაპიტალურად გადახურვა, მოსულმა ნალექმა მთლიანად დააზიანა სახლის ორივე სართული ისე, რომ იქ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. აღნიშნულით გამოწვეული მატერიალური ზიანის ოდენობამ, აუდიტორის დასკვნის თანახმად, 08.10.2003წ. მდგომარეობით შეადგინა 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ხანძრის შედეგად მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისი გახდა: სახლში ჩამოედინებოდა ბუნებრივი ნალექი, დალპა იატაკი, კედლები დაინესტა, სავალალო მდგომარეობაში იყო ფუნდამენტი. ორი წლის მანძილზე ასეთ პირობებში ცხოვრებამ და ხანძრის შედეგად განცდილმა სტრესმა უარყოფითად იმოქმედა შვილებისა და მეუღლის ჯანმრთელობაზე: მისი 13წ. ქალიშვილი ხანძრიდან 3 დღის შემდეგ მკურნალობდა დიაგნოზით _ ნერვულ-რეფლექსური აღგზნებადობის სინდრომით, ხოლო ვაჟიშვილი დაავადებული იყო მარჯვენამხრივი ნეფროქტომიით და საჭიროებდა მუდმივ მკურნალობასა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას, მაგრამ აუტანელმა პირობებმა, სიცივემ, ნესტმა, განცდილმა სტრესმა შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა, მის მეუღლეს, რომელიც დაავადებული იყო ბრონქიალური ასთმით და შაქრიანი დიაბეტით, ხანძრის შემდგომ მავნე პირობებში ცხოვრებამ გაუუარესა ჯანმრთელობა და გარდაიცვალა. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ ხანძარმა და მის ნიადაგზე ბავშვებისა და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ, შემდგომ კი მეუღლის გარდაცვალებამ, ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა თავად მას, ნერვიულობის ნიადაგზე ჩამოუყალიბდა ჰიპერტონული დაავადება, სამედიცინო კომისიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სკ-ის 317-ე, 408-ე, 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 992-ე, მე-1000 მუხლის თანახმად, სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმყოფილებას.

მოპასუხე სს «თ...მა» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ... ქუჩაზე და, შესაბამისად, მოსარჩელის სახლში სს «თ...ის» მიერ გამრიცხველიანების სამუშაოები ჩატარდა 2001წ. გაზაფხულზე და არა 2001წ. ნოემბერში, როგორც მოსარჩელე მიუთითებდა. 2001წ. 1 ივნისისათვის აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მოპასუხის მითითებით, ასევე, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა მოსარჩელის მტკიცება, რომ ქუჩაში გამავალი ცენტრალური ელგადამცემი ხაზიდან ელექტროენერგია მოსარჩელის სახლში კუსტარულად შეიყვანეს სს «თ...ის» თანამშრომლებმა. სინამდვილეში გამრიცხველიანების სამუშაოებს ... ქუჩაზე აწარმოებდა სს «თ...ის» კონტრაქტორი შპს «ზ...ი». ამასთან, ... ვერ მოხერხდა ახალი მრიცხველების დამონტაჟება იქ მცხოვრებთა ხელშეშლის გამო. ამის შემდგომ შპს «ზ...მა» გამოიძახა სს «თ...ის» წარმომადგენლები და ჩახსნეს ძველი ელექტროხაზები. ამის შემდეგ არც სს «თ...ს» და არც შპს «ზ...ს» აღნიშნულ სახლთან აღარ უმუშავიათ, მათ შორის, არანაირი კუსტარული მეთოდით არ შეუყვანიათ ელენერგია. მოპასუხე მიუთითებდა, რომ ... მცხოვრებლები თვითნებურად ჩაერთვნენ ელქსელში. ამასთან, მოსარჩელის სახლში შემავალი ელსადენები იყო ორმილიმეტრიანი სპილენძის მრავალძარღვიანი სადენები, რაც არ გამოიყენებოდა სამონტაჟო სამუშაოებისათვის, იგი განკუთვნილი იყო მხოლოდ სახლის შიდა გაყვანილობისათვის, ისიც, როგორც წესი, მხოლოდ ჩამრთველიდან ნათურამდე ან ტელევიზორამდე, ვინაიდან დიდ დატვირთვას ვერ უძლებდნენ, სამონტაჟო სამუშაოები კი ... ქუჩაზე წარმოებდა თექვსმეტკვადრატიანი ალუმინის სადენებით. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეს ხანძრის მიზეზის თაობაზე არასწორად მოჰყავდა დასტურად 25.02.2002წ. სპეციალისტის დასკვნა, ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ¹1 სახანძრო ნაწილის უფროსი ინსპექტორის 01.03.2001წ. დასკვნა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 10.06.2002წ. დადგენილება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 29.10.2004წ. გადაწყვეტილებით, მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის საცხოვრებელ სახლში ელექტროსადენები უსაფრთხოების წესების დარღვევით შეიყვანეს სს «თ...ის» თანამშრომლებმა, რასაც მოსარჩელე ვერ ადასტურებდა. მოსარჩელე ასევე ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ხანძარი გამოწვეული იყო კუსტარულად შეერთებულ ელექტროსადენებში მომხდარი პირველადი მოკლე ჩართვით. მართალია, 25.02.2002წ. სპეციალისტის დასკვნაში და ამ დასკვნის საფუძველზე შედგენილი ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ¹1 სახანძრო ნაწილის უფროსი ინსპექტორის 01.03.2001წ. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილ ელსადენების ნაჭრებზე აღინიშნებოდა პირველადი მოკლე ჩართვისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ, სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი სახის გარემოებები, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, დადასტურებული უნდა ყოფილიყო ექსპერტის დასკვნით, რასაც ვერ შეცვლიდა სპეციალისტის დასკვნა. სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ელექტროსადენში პირველადი ან მეორადი მოკლე ჩართვის განსაზღვრა შეიძლებოდა მხოლოდ რეტროგენოსტრუქტურული ან მეტალოგრაფიული ანალიზით, რომლის ჩასატარებლად აპარატურა შსს საექსპერტო-კრიმინილასტიკურ მთავარ სამმართველოს არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ვერ დადგინდა ელსადენებზე პირველადი მოკლე ჩართვის კვალი, რაც მნიშვნელოვანი იყო ხანძრის წარმოქმნაში ბრალეული პირის დასადგენად. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი 2001წ. მაისადან, როდესაც დასრულდა გამრიცხველიანების სამუშაოები ... ქუჩაზე, ხანძრის გაჩენამდე, ანუ 16.02.2002წ.-მდე იხდიდა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ხანძრის გაჩენამდე არც ერთხელ არ მიუმართავს სს «თ...ისათვის» და არ შეუტყობინებია, რომ მის სახლს ელექტროენერგია მიეწოდებოდა კუსტარულად, რის გამოც მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხემ იცოდა უსაფრთხოების წესების დარღვევით ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ, უსაფუძვლო იყო. შესაბამისად, არ არსებობდა სკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის მასალები. აპელანტი მიუთითებდა, რომ კუსტარულად გადმოყვანილ ელსადენზე მოკლე ჩართვის შედეგად ხანძრის გაჩენას ადასტურებდა ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის 25.02.2005წ. დასკვნა, დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის უფროსის 01.03.2002წ. დასკვნა, თავად სს «თ...ის» 15.03.2002წ. ¹მ-262 წერილი. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სს «თ...ისათვის» ცნობილი არ იყო მ-ების ოჯახის ელქსელზე მიერთების თაობაზე. სს «თ...მა» იცოდა, რომ მ-ების ოჯახი მიერთებული იყო ელქსელს და მოიხმარდა ელექტროენერგიას. აღნიშნული დასტურდებოდა სს «თ...ის» 07.10.2004წ. წერილით, სადაც მითითებული იყო: «ახალი აღრიცხვის კვანძების დამონტაჟებაზე უარის თქმის და კონტრაქტორისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო ახალ მრიცხველზე არ იქნა ჩართული ... მცხოვრები მ-ები და ბაჩულინა. ამის შემდეგ აღნიშნულმა ოჯახებმა განახორციელეს ელქსელში თვითნებური ჩართვა.» ამ ფაქტს ადასტურებდა ელენერგიის გადახდის ქვითრებიც, რომლითაც სს «თ...ი» ელენერგიის კუსტარულად ჩართვის პერიოდში მ-ების ოჯახს ყოველთვიურად არიცხავდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს და რომლებიც ყოველთვიურად მოჰქონდა სს «თ...ის» წარმომადგენელს. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდებოდა ზიანის მიყენება და ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 04.03.2005წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 29.10.2004წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «თ...ს» მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 71 629 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ექსპერტიზის დასკვნამ ხანდაზმულობისა და აპარატურის უქონლობის მიზეზით პასუხი ვერ გასცა ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დასმულ შეკითხვებს, მაგრამ საქმეში მოიპოვებოდა დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 17.02.2002წ. აქტი, 25.02.2002წ. სპეციალისტის დასკვნა, დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 01.03.2002წ. დასკვნა, სს «... თ...ის» 15.03.2002წ. ¹მ-262 წერილი, რომელთა ერთობლივი შეფასება იძლეოდა საფუძველს, რომ მ. მ-ის სახლში ხანძრის გამომწვევ მიზეზად მიჩნეულიყო ელექტროენერგია, ხოლო მის კერად _ სახურავზე დაყენებული ელდგარი. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ საცხოვრებელი სახლი იკვებებოდა ელექტროენერგიით ქუჩაში გამავალი ელსადენებიდან, რომლებიც კუსტარული წესით დახვეული იყო სახურავზე დაყენებულ ელდგარზე, საიდანაც ნივთმტკიცების სახით აღებულ სპილენძის ნაჭერზე აღინიშნებოდა პირველადი მოკლე ჩართვის ნიშნები. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სს «თ...ის» მოსაზრება, რომ ... მცხოვრებლების მიერ თვითნებურად განხორციელდა ელენერგიის შეყვანა ნაკლებად გამტარიანი ორმილიმეტრიანი სადენებით, რაც გამორიცხავდა სს «თ...ის» პასუხისმგებლობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ელენერგია და სადენები სს «თ...ის» საკუთრება იყო და ის თვითნებურადაც რომ ყოფილიყო გადაყვანილი, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი ვალდებული იყო, ჩაეჭრა და ეს მის ინტერესებშიც შედიოდა. სს «თ...ისათვის» ცნობილი იყო, რომ მ-ების ოჯახი მარაგდებოდა ელენერგიით, რაც დასტურდებოდა აბონენტის ბრუნვის ისტორიით. 2001-2002 წლებში, მათ შორის, 2002წ. იანვარ-თებერვალსა და მარტში მ. მ-ს ჩვეულებრივ ერიცხებოდა ელენერგიის ხარჯვის გადასახადი. იუსტიციის სამინისტროს ექსპერიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ... მდებარე სახლის აღდგენა ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლებელი იყო, რისთვისაც საჭირო იქნებოდა 55279 ლარი, ხოლო ხანძრის შემდგომ მეხანძრეთა მიერ წყლის გამოყენების შედეგად დაზიანებულ სამუშაოთა აღსადგენად _ 16150 ლარი. სკ-ის 1001-ე მუხლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობისას მეზობელ ბინებსა და ნაგებობზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აენაზღაურებინა იმ პირს, რომელსაც ბრალი მიუძღოდა ხანძრის გაჩენაში. შესაბამისად, სს «თ...ს» სახლის აღდგენის ღირებულებასთან ერთად უნდა დაკისრებოდა ხანძრის ჩაქრობის შედეგად მიყენებული ზიანიც. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას სახლში არსებული პირადი და საოჯახო ნივთების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რა ნივთები იყო მის საკუთრებაში, არ გააჩნდა აღნიშნული ნივთების შეძენის მტკიცებულებები, ხოლო აუდიტორულ დასკვნაში, რომელსაც მოსარჩელე ეყრდნობოდა, ნივთების ჩამონათვალი შეტანილი იყო მოსარჩელის ზეპირი განმარტების საფუძველზე, ამიტომ არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სს «თ...ის» წარმომადგენელმა გ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. კასატორი მიუთითებდა, რომ საქმეზე დანიშნულმა სასამართლო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც უსაფუძვლო იყო სააპელაციო პალატის მოსაზრება დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 17.02.2002წ. აქტის, სპეციალისტის 25.02.2002წ. დასკვნის, დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 01.03.2002წ. დასკვნის, სს «... თ...ის» 15.03.2002წ. ¹260 წერილის საფუძველზე მ. მ-ის სახლში ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროენერგიის, ხოლო ხანძრის კერად _ სახურავზე დაყენებული ელდგარის მიჩნევის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგებოდა სსკ-ის 102-ე მუხლს მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად გარკვეული სახის მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარებოდა, არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო სხვა სახის მტკიცებულებებით. კასატორი მიუთითებდა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად სააპელაციო სასამართლო უნდა დაყრდნობოდა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ხანძრის ხანდაზმულობისა და საქმის მასალებში ხანძრის წარმოქმნის კონკრეტული დამახასიათებელი ნიშნების არარსებობის გამო ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზის დადგენა შეუძლებელი იყო. კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს კიდეც რომ ჰქონოდა უფლება, დაყრდნობოდა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს, ისინი სს «თ...ის» «დადანაშაულების» საფუძველს მაინც არ იძლეოდა: დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 17.02.2002წ. აქტი საერთოდ არ მიუთითებდა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრი, რომლის სპეციალისტმაც გასცა 25.02.2002წ. დასკვნა, არ წარმოადგენდა საექსპერტო დაწესებულებას. გარდა ამისა, მაშინ როდესაც შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს არ გააჩნდა სათანადო აპარატურა იმის გასარკვევად, პირველადი იყო თუ მეორადი მოკლე ჩართვა, ნაკლებად დამაჯერებელი იყო, რომ ასეთი აპარატურით აღჭურვილი ყოფილიყო ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის სპეციალისტი. რაც შეეხებოდა დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 01.03.2002წ. დასკვნას, იგი ეყრდნობოდა «ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის» სპეციალისტის 25.02.2002წ. დასკვნას. სს «... თ...ის» 15.03.2002წ. ¹260 წერილი ასევე არ შეიძლებოდა განხილულიყო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან აღნიშნულ წერილში ნათქვამი იყო, რომ ხანძრის გამომწვევი ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო სხვენში გაუმართავი ელგაყვანილობა, რაზეც «... თ...ის» პასუხისმგებლობა არ ვრცელდებოდა. კასატორი მიუთითებდა, რომ სს «თ...მა» არც იცოდა, რომ მ-ების ოჯახს ელენერგია მიეწოდებოდა. მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მ-ს ელენერგიის საფასური სს «თ...ის» ქვითრებით ერიცხებოდა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო აღნიშნულის დასტური, რადგან დადგენილი იყო, რომ წარმოდგენილ ქვითრებში მითითებულ საფასურს მ-ი არ იხდიდა. თუკი სს «თ...ს» ეცოდინებოდა, რომ მ-ს მიეწოდებოდა ელენერგია, არ შეიძლებოდა, არ შეეწყვიტა მისი მიწოდება ცხრა თვის განმავლობაში, ანუ ხაზების ჩაჭრიდან ხანძრის გაჩენამდე, ელენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო, რადგან, როგორც წესი, არათუ ცხრა თვის, არამედ ცხრა დღის განმავლობაში ელენერგიის დავალიანებისთვისაც კი სს «თ...ი» აბონენტებს უთიშავდა ელექტროენერგიას. გარდა ამისა, სახეზე არ იყო ბრალის გარეშე სს «თ...ის» პასუხისმგებლობის შემთხვევაც. ასეთი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის დროს და არა მოცემულ შემთხვევაში. კასატორი მიუთითებდა, რომ მ. მ-ს ხანძრის გაჩენამდე არასოდეს მიუმართავს სს «თ...ისათვის» და არ განუცხადებია პრეტენზია ელესადენების ნორმალურ დამონტაჟებაზე, მისი თანამშრომლებისა თუ კონტრაქტორების დარღვევებზე, მაშინ როდესაც ცხრა თვე სრულიად საკმარისი იყო საამისოდ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული გარემოება იმის თაობაზე, რომ აბონენტის გარე ელექტროქსელის ტექნიკური მდგომარეობა ხანძრის გაჩენამდე საქმის მასალებში არ იყო ასახული და თუკი გარე ელექტროქსელის მონტაჟი მოხდებოდა ნორმების დარღვევით, ექსპლუატაციის ავარიული რეჟიმი უნდა შექმნილიყო ელექტროწრედის ჩართვისთანავე ან დროის მცირე მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა იმის თაობაზე, რომ გარე ელქსელი უხარისხოდ იყო დამონტაჟებული. ძალზედ საყურადღებო იყო ისიც, რომ ექსპერტიზის განმარტებით, თუ გარე ელქსელი ნორმების დარღვევით იქნებოდა დამონტაჟებული, ავარიული რეჟიმი უნდა შექმნილიყო ელექტროწრედის ჩართვისთანავე ან დროის მცირე მონაკვეთში. ცხრა თვე კი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო დროის მცირე მონაკვეთად. ამდენად, ელენერგიას კუსტარულად, სულ ერთია, სს «თ...ი» შეიყვანდა თუ მ. მ-ი, არ შეიძლებოდა, გამოეწვია ხანძარი, რადგან ასეთ შემთხვევაში ხანძარი გაჩნდებოდა დროის მცირე მონაკვეთში. კასატორის მოსაზრებით, ხანძარი თავისუფლად შეეძლო გამოეწვია აბონენტის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ შიდა ქსელს, ეს კი გამორიცხავდა სს «თ...ის» ვალდებულებას, აენაზღაურებინა ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანი, რადგან ასეთ შემთხვევაში ბრალი მიუძღვოდა აბონენტს (მის შიდა ქსელს). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არასწორად ჰქონდა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, დარღვეული ჰქონდა სსკ-ის 102-ე მუხლი, რამაც სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე მ. მ-მაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრებოდა წარმომადგენლის ხარჯები დაკისრებული თანხის 4%-ის ოდენობით, მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებდა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მას და მის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შესაბამისად წარმოიშვა ურთიერთვალდებულებები. წარმომადგენლების მიერ ნაკისრი ვალდებულება, ეწარმოებინათ მ. მ-ის საქმე, შესრულდა. აქედან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო, აენაზღაურებინა წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რის გამოც სსკ-ის 53-ე მუხლის 1 ნაწილისა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სს «თ...ს» მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა წარმომადგენელების ხარჯები მისთვის დაკისრებული თანხის 4%-ის ოდენობით. კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და შეფასების გარეშე დატოვა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მისთვის და მისი ოჯახისათვის მორალური ზიანის მიყენებას. აღნიშნული კი, სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად, მორალური ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა შეგებებული საკასაციო საჩივარი არ ცნო, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი არ ცნო და შეგებებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სს «თ...ის» წარმომადგენელ გ. კვერენჩხილაძის საკასაციო საჩივარი და მ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 17.02.2002წ. აქტის, სპეციალისტის 25.02.2002წ. დასკვნის, დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 01.03.2002წ. დასკვნის, სს «... თ...ის» 15.03.2002წ. ¹მ-262 წერილის ერთობლივი შეფასების შედეგად დადგენილ გარემოებას მ. მ-ის სახლში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზად სახურავზე დაყენებულ ელდგარში სადენების მოკლე ჩართვის მიჩნევის თაობაზე. დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 17.02.2002წ. აქტით დადგენილია, რომ ხანძრის ადგილზე სახანძრო სამსახურის მისვლის მომენტში ცეცხლის ალი გამოდიოდა სხვენიდან; 25.02.2002წ. სპეციალისტის დასკვნის თანახმად, რომელიც შედგენილია ხანძარსაწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის უფროსის მიერ, დადგენილია, რომ ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილ ელსადენის ნაჭერზე, რომელსაც ჩაუტარდა მეტალოგრაფიული ანალიზი, აღინიშნებოდა პირველადი მოკლე ჩართვისათვის დამახასიათებელი ნიშნები და ხანძრის ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზი იყო ელსადენებში მომხდარი მოკლე ჩართვა; ხანძრის მიზეზების გამოკვლევის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 01.03.2002წ. დასკვნით დადგენილია, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზად სამსახურმა მიიჩნია ელდგარში ჩამავალი ოთხწვერა სპილენძის ელსადენების პირველადი მოკლე ჩართვა; სს «... თ...ის» 15.03.2002წ. ¹მ-262 წერილში მითითებულია, რომ ხანძრის თაობაზე მოკვლევის პროცესში დათვალიერებისას სს «... თ...ის» მიერ ამოღებულია სხვენში გამავალი ელსადენები, რომლებზეც აღინიშნება მოკლე ჩართვის კვალი, აქვე მითითებულია, რომ ხანძრის გამომწვევი ყველაზე სავარაუდო მიზეზია სხვენში გაუმართავი ელგაყვანილობა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ხანძრის გამომწვევი მიზეზის საკითხის გამოსარკვევად დაყრდნობოდა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს და ამის დასადგენად ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება აღნიშნული მუხლი. სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნის არსებობისა, რომელმაც შეუძლებლად მიიჩნია ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საფუძველს, გაეკეთებინა დასკვნა ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ხანძრის გაჩენაში სს «თ...ის» ბრალის თაობაზე. სს «თ...მა», რომელსაც აღებული ჰქონდა გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოების ვალდებულება, დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში _ გამრიცხველიანების სამუშაოების დაწყებიდან ხანძრის გაჩენამდე, მომხმარებელი დატოვა მრიცხველისა და ელექტროენერგიის გარეშე. იგი ამ ხნის განმავლობაში აბონენტს არიცხავდა ელექტროენერგიის გადასახადს და არ გაურკვევია, თუ რომელი წყაროდან იღებდა ელექტროენერგიას აღნიშნული აბონენტი, რა მდგომარეობაში იყო აბონენტის გარე ელექტროქსელი. სს «თ...ის» ასეთმა ქმედებამ ხელი შეუწყო მომხმარებლის მიერ თვითნებურად და უსაფრთხოების წესების დარღვევით ელქსელში ჩართვას. შესაბამისად, სახეზეა სს «თ...ის» ბრალეული ქმედება, რაც სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი პირობაა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, მოპასუხე სს «თ...თან» ერთად ხანძრის გაჩენაში მიუძღოდა თუ არა ბრალი მოსარჩელე მ. მ-ს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ელექტროენერგია კუსტარულად ჰქონდა შეყვანილი ქუჩაში გამავალი ცენტრალური ელსადენიდან ცხრა თვის განმავლობაში, მაგრამ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ამ გარემოებას არ მიანიჭა რაიმე მნიშვნელობა, არ გამოარკვია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის აღნიშნულ ქმედებასა და მომხდარ ხანძარს შორის და უსაფრთხოების წესების დარღვევით ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად დამდგარი ზიანისათვის მთელი პასუხისმგებლობა სს «თ...ს» გადააკისრა. სკ-ის 415-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ხომ არ არის სახეზე მოსარჩელისა და მოპასუხის ბრალეული ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანი და განსაზღვროს, როგორია მათი ბრალის ხარისხი ზიანის დადგომაში, შესაბამისად, როგორ მოახდენს აღნიშნული გავლენას ზიანის ანაზღაურების მოცულობაზე და ისე განსაზღვროს ზიანის ოდენობა.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მაგრამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის ასახული, თუ რა მოტივებით იხელმძღვანელა სასამართლომ აღნიშნული დასკვნის გამოტანისას. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რაც დაასაბუთებდა ამ მოთხოვნის უსაფუძვლობას და მიზეზობრივი კავშირის არარსებობას მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მომხდარ ხანძარს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და დაასაბუთოს, არსებობს თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა შეაჯამოს საქმეზე გაწეული მთელი სასამართლო ხარჯები და გაანაწილოს მხარეთა შორის სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად. ხელახალი განაწილება მოიცავს სასამართლო ხარჯებს მთლიანად, რაც გაწეულია სარჩელის აღძვრიდან საქმის ხელახლა განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «თ...ის» წარმომადგენლის გ. კვერენჩხილაძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.