დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.04.2005
საქმის ნომერი
ას-59-415-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-59-415-05 1 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „თ-ის“ დირექტორმა გ. თ-მა სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ რ. წ-ას, ქ. გ-ას, მ. შ-ას და სხვათა მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, შპს „თ-ი“ რეგისტრაციაში გატარდა 1996წ. 5 სექტემბერს. იგი წარმოადგენს ასოციაცია შპს „თ-ის“ ¹1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამართალმემკვიდრეს. ზემოაღნიშნულ საზოგადოებასა და ქონების მართვის სამმართველოს შორის 1996წ. 27 ივნისს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება და მოიჯარეს გადაეცა ........ ქ. ¹52-ში მდებარე ქონება იჯარა-გამოსყიდვის უფლებით.

ამჟამად საზოგადოების მიერ დაფარულია გამოსასყიდი თანხის ნაწილი, გადასახდელი დარჩა მხოლოდ 3900 ლარი საიჯარო ქირა, რომელიც უნდა დაიფაროს უახლოეს მომავალში.

მოსარჩელე ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას და შესაბამისად ანგარიშსწორებას აწარმოებს საგადასახადო ინსპექციაში.

მიმდინარე წელს შპს „თ-ის“ შენობაში უკანონოდ შეიჭრნენ მოპასუხეები და დაიკავეს შენობა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ისინი არ ათავისუფლებენ დაკავებულ ფართს, რითაც ილახება მოსარჩელის უფლებები და ფერხდება მათი საქმიანობა.

მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ქ. თბილისში, ......... ქ. ¹52-ში მდებარე შენობიდან მოპასუხეების გამოსახლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: შპს „თ-ი“ არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, ვინაიდან სადავო შენობის მესაკუთრეა ქონების მართვის სამმართველო და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს უფლება გამოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთი.

მოპასუხეების განმარტებით, ისინი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹643 ბრძანებულების საფუძველზე მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და აფხაზეთში დაბრუნებამდე დაკავებული ფართით სარგებლობის უფლება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ ქ. თბილისში, ....... ქ. ¹52-ში მდებარე შენობიდან.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. წ-ამ, ქ. გ-ამ, მ. შ-ამ და სხვებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: სადავო შენობის მესაკუთრეს არ წარმოადგენს შპს „თ-ი“. უკნონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება კი კანონმდებლობით გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹643 ბრძანებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელს ეთქვას უარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და კოოპერატიულ საწარმოთა ასოციაცია შპს „თ-ის“ ¹1 სარემონტო სამშენებლო სამმართველოს შორის 1996წ. 27 ივნისს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს გადაეცა იჯარით აგმოსყიდვის უფლებით ქ. თბილისში, ....... ქ. ¹52-ში მდებარე შენობა. გამოსყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 33 000 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა 10წ. ვადით და საიჯარო ქირის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2006წ. 27 ივნისი.

დადგენილია, რომ შპს „თ-ი“ წარმოადგენს ასოციაცია შპს „თ-ის“ ¹1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამართალმემკვიდრეს.

საიჯარო ხელშეკრულების მესამე თავის 3.3.3 პუნქტის თანახმად მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელობიდან, აგრეთვე ქონების სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და ქონებისადმი მიყენებული ყოველგვარი ზარალის ანაზღაურება“. ამავე ხელშეკრულების მეოთხე თავის 4.4 პუნქტის თანახმად „მოიჯარის უფლებები საიჯარო ხელშეკრულებით აღებულ ქონებაზე დაცულია მესაკუთრის ტოლფასი უფლებებით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაინული სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა შპს „თ-ის“ მიერ საიჯარო დავალიანების დაფარვის შემდგომ გასცეს საკუთრების მოწმობა ქ. თბილისში, ....... ¹52-ში არსებულ ქონებაზე.

პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსმის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები.

ამავე კოდექსის 575-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავის მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრესაგანაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელყოფა განხორციელებულია მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და მოსარჩელე უფლებამოსილია დაიცვას ხელყოფისაგან მის მფლობელობაში არსებული ქონება, როგორც თავისი საკუთრება.

აპელანტების მოთხოვნას საფუძვლად უდევს საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ¹643 ბრძაძნებულება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულება ვერ გავრცელდება განსახილველ დავაზე, ვინაიდან ბრძანებულებით სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, ქალაქების მერებს და რაიონების გამგებლებს აღხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მორალური და სოციალური დაცვის მიზნით კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე დაენვალათ დროებით თავისუფალ, უმოქმედო შენობებში კერძო სექტორში განთავსებული მოსახლეობის განსახლების უზრუნველყოფა. პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულება არ ითალისწინებს დევნილი მოსახლეობის განთავსებას კერძო სექტორში.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მესამელ ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მთელ ტერმტრორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილებისლ გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელის ფართს და არ გაიზიარა აპელანტების განმარტება, აფხაზეთში დაბრუნებამდე ან მათთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფამდე სადაო ფართში მათი ცხოვრების უფლების შესახებ.

სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძო სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების მისი ჩამორთმევის გარეშე. მაშინ მესაკუთრეს შეძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

სააპელაციო პალატის განჩინება რ. წ-ამ, ქ. გ-ამ, მ. შ-ამ, ზ. რ-მა, ი. ჩ-ამ, მ. ჩ-ამ, კ. მ-ამ, თ. კ-ამ, ი. კ-ამ, ც. კ-ამ, ბ. კ-ამ, ზ. ქ-მა, ზ. ჯ-ამ, ნ. ჯ-ამ, თ. კ-მა, ნ. შ-ამ, თ. ლ-ამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, არასათანადო მოსარჩელის „თ-ის“ სათანადო მოსარჩელით _ ქონების მართვის სამმართველოთი შეცვლა, ასევე საქმეში მე-3 პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვა.

კასატორთა აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რმოელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დარღვეულ იქნა სსკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მოსარჩელე შპს „თ-ი“ არ არის სადავო ქონების მესაკურე. იგი არის მოიღარე და მას საბოლოოდ აღნიშნული ქონება არ აქვს გამოსყიდული და საკუთარ თავზე საჯარო რეესტრში აღრიცხული. სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებით მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს სხვა პირებისაგან ნივთის გამოთხოვა.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 239-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოტანილი განჩინება მათი საჩივრის დასაშვებობისა და მისი განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

კასატორთა განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ¹643-ე ბრძანებულებით და „იძულებით გადაადგილებულ პირთა“ შესახებ კანონის მე-7 მუხლის „დ“ პუნქტით. სასამართლო ვალდებული იყო, არასათანადო მხარე შპს „თ-ის“ ნაცვლად საქმეში ჩაერთო სათანადო მოსარჩელე _ ქონების მართვის სამმართველო, როგორც სადავო ქონების მესაკუთრე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კოოპერატიულ საწარმოთა ასოციაცია შპს “თ-ის” ¹1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს შორის 1996წ. 27 ივნისს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს გადაეცა იჯარით, გამოსყიდვის უფლებით ქ. თბილისში ....... ქ. ¹52-ში მდებარე შენობა. გამოსყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 33000 აშშ დოლარით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება გაფორდა 10 წლს ვადით და საიჯარო ქირის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2006წ. 27 ივნისი. შპს “თ-ი” წარმოადგენს ასოციაცია შპს “თ-ის” ¹1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამართალმემკვიდრეს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა შპს “თ-ის” მიერ საიჯარო დავალიანების დაფარვის შემდგომ გასცეს საკუთრების მოწმობა ქ. თბილისში ....... ¹52-ში არსებულ ქონებაზე.

სკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები.

ამავე კოდექსის 575-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს უფლება აქვს, დაიცვას თავის მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისაგანაც.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და დადგენილად მიაჩნია, რომ ხელყოფა განხორციელებულია მოსარჩელის მართლზომიერ ფლობელობაში არსებულ ქონებაზე და მოსარჩელე უფლებამოსილია, დაიცვას ხელყოფისაგან მის მფლობელობაში არსებული ქონება, როგორც თავისი საკუთრება.

სკ-ის 159-ე მუხლის თანაზმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

სკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშალა ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული ნორმების თანახმადბ მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხეთა გამოსახლება სადავო ფირთიდან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ აფხაზეთში დაბრუნებამდე ან მათთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფამდე, აქვთ სადავო ფართში ცხოვრების კაონიერი უფლება. მათ მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს და ასეთ სამართლებრივ ნორმაზე კასატორები ვერ მიუთითებენ.

საკასაციო სასამართლთ თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. რ. წ-ას, ქ. გ-ას, მ. შ-ას, ზ. რ-ის, ი. ჩ-ას, მ. ჩ-ას, კ. მ-ას, თ. კ-ას, ი. კ-ას, ც. კ-ას, ბ. კ-ას, ზ. ქ-ის, ზ. ჯ-ას, ნ. ჯ-ას, თ. კ-ის, ნ. შ-ას, თ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განჩინება.

კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.