დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ას-600-879-05 22 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი :
ვ. ყ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - ნ. ს-ის, ნ. ზ-ისა და ყ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა 5450 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის გადასახდელად დაკისრება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგზე: მისთვის ცნობილი იყო, ნ. ზ-ესა და ნ. ს-ეს ჰქონდათ ტურისტული ფირმა, ისინი ჰპირდებოდნენ ავსტრალიის ვიზების გაფორმებას მისი შვილისა და ძმისშვილისათვის, რისთვისაც მათ გადასცა 4000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ნ. ს-ემ და ნ. ზ-ემ სხვადასხვა დროს გამოსძალეს 650 აშშ დოლარი, საიდანაც დაუბრუნეს მხოლოდ 200 დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, ვიზების გაფორმებაში მონაწილეობდა ნ. ს-ის მეუღლეც _ ყ. ჩ-ე, რომელსაც ასესხა 1000 აშშ დოლარი, რომელიც არ დაუბრუნა. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა 5450 აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხეებისათვის. აქედან, 4450 აშშ დოლარი ვიზების გასაფორმებლად, ხოლო 1000 აშშ დოლარი _ ყ. ჩ-ისათვის სესხად გადაცემული.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არასოდეს უთქვამთ მოსარჩელისათვის, რომ აქვთ ტურისტული ფირმა. რაც შეეხება მოსარჩელისაგან მიღებულ თანხებს, ნ. ს-ემ და ნ. ზ-ემ აღიარეს მისგან 4000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, მაგრამ განაცხადეს, რომ მოსარჩელისაგან მიღებული თანხები გადასცეს ვიზების გასაკეთებლად თურქეთის მოქალაქე ო. გ-ს, რომელმაც მიითვისა ეს თანხები და ვიზები არ გააკეთა. მოპასუხეთა აზრით, აღნიშნული გამორიცხავს მათ ბრალს, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც მოსარჩელის წინაშე.
მოპასუხე ყ. ჩ-ემაც აღიარა 1000 აშშ დოლარის სესხად აღების ფაქტი, მაგრამ განაცხადა, რომ 200 აშშ დოლარი ამ თანხიდან დახარჯა გზაში ვიზების გაკეთებისათვის, ხოლო 800 აშშ დოლარი დააბრუნა საქმეში და ეს თანხაც დაიკარგა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის გადაცემული თანხები, მოპასუხეებმა გადასცეს თურქეთის მოქალაქეს, რომელმაც ეს თანხები მიითვისა. აღნიშნულის გამო მას ანკარის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა თაღლითობისათვის თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და დაზარალებულების სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები თვითონაც არიან დაზარალებულები და მათ არ მიუძღვით ბრალი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – ნ. ზ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო ყ. ჩ-ეს - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ნ. ს-ე გათავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან. სარჩელი 450 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ ავსტრალიის ვიზების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხის მოსაგვარებლად გადასცა ნ. ზ-ესა და ნ. ს-ეს 4000 აშშ დოლარი. თავის მხრივ, ნ. ზ-ემ ვ. ყ-ის თანხა გადასცა ყ. ჩ-ეს, რომელიც თურქეთის მოქალაქე ო. გ-ს დაუკავშირდა, იგი ჰპირდებოდა ავსტრალიის ვიზების გაკეთებას, მაგრამ მოატყუა და მიღებული თანხები მიითვისა. აღნიშნულის გამო იგი მსჯავრდებული იყო თაღლითობისათვის და დაეკისრა ნ. ზ-ის, ნ. ს-ისა და ვ. ყ-ის სასარგებლოდ 5250 აშშ დოლარის გადახდა.
ყ. ჩ-ის განმარტების საფუძველზე, სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ვ. ყ-მა ყ. ჩ-ეს ასესხა 1000 აშშ დოლარი, ხოლო ვ. ყ-ის მხრიდან ნ. ს-ისათვის თანხის გადაცემა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ყ-სა და ნ. ზ-ეს შორის დაიდო დავალების ზეპირი ხელშეკრულება. ნ. ზ-ემ ვერ შეასრულა დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ნ. ზ-ის განცხადებით, ყ-მა იცოდა, რომ ჩ-ეს ჰქონდა მისი ფული, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ო. გ-თან, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვ. ყ-ი ნებას დართავდა მოპასუხეებს, მისი საქმე მიენდოთ მესამე პირისათვის, სკ-ის 711-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი პირისათვის დავალების გადანდობისას რწმუნებული აგებს პასუხს მარწმუნებლისათვის მიყენებული ზიანისათვის, ანუ ო. გ-ის ქმედების შედეგად ვ. ყ-ს მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს ნ. ზ-ემ. სასამართლომ სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ ყ. ჩ-ე ვალდებულია, დაუბრუნოს ვ. ყ-ს მისგან ნასესხები 1000 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ზ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. გამოიყენა სკ-ის დავალების მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ. ზ-ემ ავსტრალიის ვიზების გაფორმებისათვის ვ. ყ-ისაგან მიღებული თანხა (4000 აშშ დოლარი) გადასცა ყ. ჩ-ეს, რომელმაც, თავის მხრივ, გადასცა თურქეთის მოქალაქე ო. გ-ს. ო. გ-მა კი მიღებული თანხები მიითვისა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ და დამატებით საკასაციო პრეტენზიას. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომის ოქმში არასწორად არის ასახული მისი განმარტება, მას არ დაუდასტურებია ვ. ყ-ისაგან თანხის მიღება, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ნ. ზ-ეს სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნები არ შეუტანია სსკ-ის 291-ე მუხლით დადგენილი წესით. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ სხდომის ოქმზე შენიშვნების წარდგენა ვერ შეძლო, რადგან სხდომის ოქმი არ იყო მზად პროცესის დამთავრებიდან 3 დღის შემდეგ. სსკ-ის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ, წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მხარეებს სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნების შეტანა შეუძლიათ არა პროცესის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, არამედ სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან სამი დღის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, სსსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ნ. ზ-ის აღიარება საკმარის მტკიცებულებად, იმ ფაქტის დასადასტურებლად რომ ნ. ზ-ემ მიიღო ყ-ისაგან სადავო თანხა ავსტრალიის ვიზების გასაკეთებლად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება ზეპირი ფორმით (სკ 709-ე მუხლი), ვინაიდან ნ. ზ-ემ ვერ შეასრულა დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, იგი მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ.ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.