დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.11.2005
საქმის ნომერი
ას-635-916-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-635-916-05 1 ნოემბერი, 2005 წ.,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს «ტ-ის» ლიკვიდატორმა როინ ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს-ის» მიმართ, გამარტივებული წესით დავალიანების _ 87000 აშშ დოლარის გადახდევინების გამო შემდეგი საფუძვლებით: 1994წ. 15 ივნისს სს ბანკ «ტ-ასა» და თბილისის ...ის ტრანსპორტის უმაღლეს პროფესიულ კოლეჯს შორის, ს-ის უფროსის 1994წ. 1 ივნისის ¹33/6 ბრძანების საფუძველზე გაფორმებული ¹40 ხელშეკრულების თანახმად, ბანკმა იჯარით აიღო მეიჯარის საკუთრებაში არსებული, ... მდებარე შენობის პირველი სართულის სათავსები, მის ქვეშ არსებული 120 კვ.მ სარდაფი და ეზოში შესასვლელი 60 კვ.მ მიწის ნაკვეთი 5 წლის ვადით _ 1994წ. 15 ივნისიდან, 1999წ. 15 ივნისამდე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს ჰქონდა უფლება, მეიჯარესთან შეთანხმებით, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაეტარებინა, რომლის ღირებულებაც მეიჯარეს დაუყოვნებლივ უნდა აენაზღაურებინა საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემთხვევაში. ბანკის მიერ იჯარით აღებულ ფართზე მოიჯარის მიერ წარმოდგენილი ქ. თბილისის არქიტექტურაში შეთანხმებული პროექტის საფუძველზე ჩატარდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 87000 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, დამატებით იქნა ექსპლუატაციაში შეყვანილი 190 კვ.მ. მიუხედავად მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს და ჩატარებული სარემონტო სამუშაოების თანხას არ იხდის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სს «ტ-ის» მიმართ გადაუხდელი საიჯარო ქირის 117766 ლარის დაკისრება და დაკავებული ფართიდან გამოსახლება შემდეგი მოტივებით: სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დაკავებულ ტერიტორიაზე «ანტრესოლის სახით» შეიქმნა დამატებითი 130 კვ.მ ფართი და ბანკის განკარგულებაში აღმოჩნდა ფაქტობრივად 310 კვ.მ. 1996 წლიდან ბანკი არასრულყოფილად იხდიდა საიჯარო ქირას არა დაკავებულ 310 კვ.მ-ზე, არამედ _ 180 კვ.მ-ზე. მოპასუხის განმარტებით, ბანკმა «ს-სთან» შეუთანხმებლად დაიწყო სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება და თანხის _ 87000 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ წერილით აცნობა რკინიგზის დეპარტამენტს. ამასთან, დაარღვია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. შპს «ს-ის» განმარტებით, 1999 წელს საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, მოიჯარეს იჯარით აღებული ფართი არ გამოუთავისუფლებია.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს „ტ-ის“ ლიკვიდატორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო. შპს „ს-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს ბანკ „ტ-ას“ დაეკისრა გადაუხდელი საიჯარო ქირის სახით 52246 ლარის გადახდა შპს „ს-ის“ სასარგებლოდ და იჯარით აღებული ქონების უკან დაბრუნება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ტ-ის» ლიკვიდატორმა რ. ც-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს ბანკ „ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ს-ის“ მოთხოვნა სს ბანკ „ტ-ის“ მიმართ საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ს-ის“ შეგებებული სარჩელი სს ბანკ „ტ-აზე“ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს ბანკ „ტ-ას“ დაეკისრა შპს „ს-ის“ სასარგებლოდ 11860 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ტ-ის» ლიკვიდატორმა რ. ც-მა.

საქმეარაერთხელ იხილეს სხვადასსხვა ინსტანციის სასამართლოებმა და საბოლოოდ სს ბანკ „ტ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინებით სს ბანკ „ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ბანკ „ტ-ის“ სარჩელი შპს «ს-ის» მიმართ, დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: დადგინდა, რომ სს ბანკ «ტ-ასა» და თბილისის ტრანსპორტის უმაღლეს პროფესიულ კოლეჯს შორის 1994წ. 14 ივნისს გაფორმებული ფართის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ბანკმა კოლეჯისაგან იჯარით აიღო ქ. თბილისში, ... მდებარე 120 კვ.მ ფართი. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს მეიჯარესთან შეთანხმებით მიეცა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების უფლება, რისი ღირებულებაც დაუყოვნებლივ უნდა ანაზღაურებულიყო მეიჯარის მიერ. 2000წ. 20 სექტემბერს ბანკმა აცნობა კოლეჯის ხელმძღვანელობას, რომ წყვეტდა მასთან ხელშეკრულებას და ითხოვდა ჩატარებული სარემონტო და სარეკონსტუქციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან შპს «ს-ს» არ გამოუთქვამს პრეტენზია ხელშეკრულების შეწყვეტაზე, იგი შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2000წ. 20 სექტემბერს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ შორის არსებობდა საიჯარო ურთიერთობები. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სკ-ის 573-ე მუხლის პირველ ნაწილში წინადადება _ «დამქირავებელს უფლება აქვს, წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე 6 თვის განმავლობაში»_ გაგებულ უნდა იქნეს შემდეგნაირად: 6 თვიანი ვადა დადგენილია არა სარჩელის, არამედ პრეტენზიის წარდგენისათვის, ვინაიდან აქ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და არა საპრეტენზიო ვადაზეა საუბარი. ამასთან, მუხლის სათაურიც მოთხოვნის ხანდაზმულობაა. ამავე მუხლში დაცულია რა გამქირავებლის უფლებაც ზიანის ანაზღაურებაზე, გამქირავებელიც და დამქირავებელიც მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა ადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობას, ე.ი. იმ ვადას, რომლის ფარგლებშიც გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს გამქირავებლისაგან ზიანის ანაზღაურება. ქირავნობის ხელშეკრულება მხარეთა შორის შეწყდა 2000წ. 20 სექტემბერს, ხოლო სარჩელი გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სს ბანკ «ტ-ამ» შპს «ს-ს» წარუდგინა 2002წ. 3 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ტ-ის» ლიკვიდატორმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა და სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც მითითებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კანონი «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ». ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოპასუხის სიტყვიერი განმარტებების საფუძველზე, რითაც იგნორირება გაუკეთდა ბანკის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 7 ოქტომბრის მითითება, რომ არასწორად იქნა განმარტებული სკ-ის 573-ე მუხლი და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 129-ე მუხლი. კასატორის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, განხილვის საგანს წარმოადგენდა გაწეული ხარჯების ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ მეიჯარეს მოიჯარის მიერ არაერთხელ ეცნობა ბანკის მიერ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 129-ე და 573-ე მუხლები, ჩათვალა რა 129-ე მუხლი ზოგად ნორმად, რომელიც ითვალისწინებს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს, ხოლო 573-ე მუხლი არეგულირებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებს. ბანკის ლიკვიდატორის აზრით, უნდა გამოყენებულიყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები და არა ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, რადგან ბანკი მოპასუხისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯების და არა ზიანის ანაზღაურებას. სს ბანკ «ტ-ის» ლიკვიდატორის მიერ მოპასუხისადმი გაგზავნილი წერილიდან გამომდინარეობს, რომ ბანკის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულება სალიკვიდაციო პროცესის დაწყების გამო 2000წ. 1 ივნისიდან შეწყვეტილ იქნა, ხოლო 2000წ. 20 სექტემბერს მოპასუხეს ეცნობა თანხის გადახდის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1994წ. 14 ივნისს სს ბანკ «ტ-ასა» და თბილისის ტრანსპორტის უმაღლეს პროფესიულ კოლეჯს შორის გაფორმებული ფართის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ბანკმა კოლეჯისაგან იჯარით აიღო ქ. თბილისში, ... მდებარე 120კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს მეიჯარესთან შეთანხმებით მიეცა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების უფლება, რომლის ღირებულებაც მეიჯარეს უნდა აენაზღაურებინა. 2000წ. 20 სექტემბერს ბანკმა აცნობა კოლეჯის ხელმძღვანელობას, რომ წყვეტდა მასთან ხელშეკრულებას და ითხოვდა ჩატარებული სარემონტო და სარეკონსტუქციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას. სს ბანკ «ტ-ამ» სარჩელი გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შპს «ს-ის» მიმართ სასამართლოში აღძრა 2002წ. 3 სექტემბერს.

სსკ-ის 410-ე მუხლის «ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაასკვნა, ვინაიდან სს ბანკ «ტ-ამ» გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელი შპს «ს-ს» მიმართ სასამართლოში აღძრა 2002წ. 3 სექტემბერს, ხოლო ბანკის 2000წ. 20 სექტემბრის განცხადებით მას შეწყვეტილი ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება, მისი მოთხოვნა სკ-ის 573-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულია. ამასთან, სასამართლომ მართებულად მიუთითა სკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის ძალითაც იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არასწორად განმარტა სკ-ის 129-ე და 573-ე მუხლები და არ გამოიყენა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. სკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი ადგენს რა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს, ამავე მუხლის მესამე ნაწილით ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს _ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგადი ვადები, კანონი შეიძლება ითვალისწინებდეს სპეციალურ ვადებსაც, რაც განპირობებულია ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკურობით და იმ გარემოებით, რომ ზოგ შემთხვევაში სადავო გარემოებების სრულად და უტყუარად დადგენა დროის შედარებით მოკლე ფარგლებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალური ვადაა კანონით დადგენილი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სკ-ის 573-ე მუხლი არასწორად იქნა განმარტებული და იგი ადგენს დამქირავებლის მიერ გამქირავებლისათვის პრეტენზიის წაყენების უფლებას და არა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას.

სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობა საპრეტენზიო ვადებს და უფლების დაცვის _ ხანდაზმულობის ვადებს. საპრეტენზიო ვადა პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული), მოსთხოვოს შესრულება უშუალოდ ვალდებულ პირს. სასარჩელო ხანდაზმულობა კი ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. რაც შეეხება საპრეტენზიო ვადებს, სამოქალაქო კანონმდებლობით ასეთი დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. საპრეტენზიო და ხანდაზმულობის ვადებს აქვთ როგორც საერთო, ისე განმასხვავებელი ნიშნები. ამდენად, კონკრეტულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისას ამ ურთიერთობათა სპეციფიკის გათვალისწინებით კანონი შეიძლება ითვალისწინებდეს როგორც საპრეტენზიო, ასევე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასაც, თუმცა მათი მყარი გამიჯვნა, ზემოაღნიშნული გარემოებების (განსხვავებული თანამდევი სამართლებრივი შედეგები) გამო, აუცილებელია.

სკ-ის 573-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს, წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ზიანის ანაზღაურების გამო, გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა _ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით დამქირავებლთან მიმართებაში ნამდვილად არის მოხსენიებული ტერმინი «პრეტენზია», მაგრამ მთლიანად, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იგი საპრეტენზიო ვადად ვერ იქნება შეფასებული. სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება ნორმის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით მუხლით დადგენილი დანაწესების ერთობლიობაში განხილვასა და შეფასებას. ამ ნორმის ინტერპრეტაციისას საკასაციო სასამართლო კანონის ტექსტის საფუძველზე ადგენს რა კანონის აზრს, ნორმის დანაწესებს ერთ მთლიანობაში განიხილავს და არა განცალკავებულად, კერძოდ.

სადავო ნორმის სათაურში დასახელებულია რა ნორმით მოწესრიგებული სფერო _ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა. ეს მუხლი გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების შემთხვევაში აწესებს ზიანის ანაზღაურებაზე როგორც დამქირავებლის, ასევე გამქირავებლის მოთხოვნის სპეციალურ ვადას. ამდენად, აღნიშნული ნორმა ქირავნობის შეთანხმებიდან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დარღვევის მხოლოდ ორი _ გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების _ შემთხვევისას ადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებს. ამ ნორმის განმარტებისას მხედველობაშია მისაღები მისი მეორე ნაწილიც, რომელიც განსაზღვრავს პირველ ნაწილში მითითებული ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს და აწესებს, რომ დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის და არა საპრეტენზიო ვადის დენა იწყება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.

ამრიგად, სკ-ის 573-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამქირავებელს უფლება, წაუყენოს გამქირავებელს პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში, დამქირავებლის ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ ვადას წარმოადგენს და იგი ამ მნიშვნელობით უნდა იქნეს გამოყენებული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დარღვეულია რა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლა მატერიალური თვალსაზრისით გამორიცხავს პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ტ-ის» ლიკვიდატორის რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.