დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-678-950-04 20 იანვარი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. წიქვაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 მაისს მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ., დ., მ. რ-ებისა და ლ. ჯ-ს მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1991წ. 15 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო სამმართველოსთან დადო ხელშეკრულება დაბა წყნეთში მდებარე საცხოვრებელი ფართის იჯარით გადაცემის შესახებ 10წ. ვადით, გამოსყიდვის უფლებით. 1995 წელს, ბინის სრული ღირებულების დაფარვის შემდეგ, მ. ბ-ის სახელზე გაიცა აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ცნობა ¹271. 1996წ. ზაფხულში მოსარჩელემ შეიტყო, რომ მის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეიჭრნენ მოპასუხეები, რადგან ისინი იძულებით გადაადგილებული პირები იყვნენ, მ. ბ-მა არ მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გამოსახლება. 2002წ. 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის დროს დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში. მ.ბ-ის განმარტებით, სადავო ფართი ესაჭიროებოდა საცხოვრებლად, რადგან ავარიულ ბინაში დარჩენა მის ოჯახს საშიშროებას უქმნიდა. მოსარჩელემ მოითხოვა რ-ების გამოსახლება სადავო ფართიდან.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ სადავო ბინაში შესახლდნენ 1993 წლიდან და 10წ. განმავლობაში გამოსახლების თაობაზე პრეტენზიით მათთვის არავის მიუმართავს. მხარემ მიიაჩნია, რომ მ. ბ-ი არ წარმოადგენდა ბინის მესაკუთრეს, რის გამოც მისი გამოთავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაყენების უფლება არ გააჩნია.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და, ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ. ჯ-ა, ტ., დ. და მ. რ-ები გამოსახლებულ იქნენ დაბა წყნეთში, ... მდებარე «გ» კორპუსის ¹9 ბინიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
მოცემულ შემთხვევაში მოხდა სწორედ ნივთის ჩამორთმევას მ. ბ-ისათვის და ამ მუხლის გამოყენება სასამართლოს მიერ უმართებული იყო, ანუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის, 294-ე მუხლის «ე” პუნქტისა და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
პალატამ დაადგინა, რომ 1991წ. 19 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სამშენებლო საწარმოო სამმართველოსა და ამავე სამინისტროს თანამშრომელს _ მ. ბ-ს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში, ... მდებარე ბინა ¹9-ის იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით. ამასთანავე გათვალისწინებული იყო ბინის ვადამდე გამოსყიდვის შესაძლებლობაც.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1995წ. სექტემბერში მ. ბ-მა მოახდინა ზემოაღნიშნული ბინის გამოსყიდვა, რაზეც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹271-II). 2002წ. 21 მაისს ბინა დარეგისტრირდა მ. ბ-ის სახელზე საჯარო რეესტში.
1993წ. ნოემბერში ბინა, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ იჯარის უფლებით ფლობდა მ. ბ-ი, დაიკავა რ-ების ოჯახმა, რომლის წევრები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, ხოლო 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს დამადასტურებელი მტკიცებულება ბინის იურიდიული საფუძვლით დაკავების შესახებ, მოთხოვნა მათი გამოსახლების შესახებ კანონიერია, მით უფრო, რომ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კორპუსი, რომელშიც იგი ცხოვრობს, მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მას მიეკუთვნა მე-2 კატეგორია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს ძველი სკ-ის ნორმების გამოყენებით.
სკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო, სკ-ის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში ურთიერთობა უძრავი ნივთის მესაკუთრესა და ამ ნივთის მფლობელს შორის წარმოიშვა 1995 წელს, როდესაც მ. ბ-მა შეიძინა ეს ბინა, ანუ ძველი სკ-ის მოქმედების დროს, მაგრამ დავა არის სანივთო ხასიათის და ეხება უძრავ ნივთს, რომლის მიმართ სკ-ის ახალ წესებს ითვალისწინებს, რის გამოც იგი განხილულ უნდა იქნეს ახალი კოდექსით დადგენილი წესების გამოყენებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნა მათი გამოსახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ისინი შესახლებული არიან სადავო ბინაში, ხოლო «იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის «დ” ქვეპუნქტის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლოს წესით, ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით, რასაც მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხეების მიერ სადავო ოთახის თვითნებურად დაკავების ფაქტი, კერძოდ: საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი შესახლებული არიან ამ ფართში მესაკუთრის თანხმობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია მოპასუხეებმა წარმოადგინეს თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის წყნეთის გამგეობაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის ცნობა იმის შესახებ, რომ ლ. ჯ-ა ოჯახით ორგანიზებულად ჩასახლებულია ფინანსთა სამინისტროს კუთვნილ შენობაში, მაგრამ აღნიშნული გარემოება სხვა რაიმე დოკუმენტით არ დასტურდება.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «იძულებით გადადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” კანონის მე-7 მუხლში ზემოაღნიშნული მე-2 პუნქტი დამატებითი სახით შევიდა 2001წ. 18 დეკემბერს, ხოლო ბინა მ. ბ-მა შეიძინა 1995 წელს, ბინა არ ყოფილა ნივთობრივად ან უფლებრივად დატვირთული და შემდგომში მიღებული კანონი მასზე ვერ გავრცელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ-ის მოთხოვნა მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ს, ტ., დ. და მ. რ-ების წარმომადგენელმა _ მ. პ-მ და მოითხოვა მისის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განცხადებით, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს განჩმინება უკანონოა, არღვევს საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმებს და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 386-ე და 389-ე მუხლებით, რითაც მას უნდა მიეღო არა განჩინება, არამედ გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც საქართველოს სახელით მიღებული სააპელაციო სასამართლოს აქტი ჩამოყალიბებულია არასწორი ფორმით.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
მითითებულ ფართზე აფხაზეთიდან დევნილების _ რ-ების ოჯახი ცხოვრობს 1993 წლიდან, ე.ი. გამოსახლების მოთხოვნით რ-ების ოჯახისათვის სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 1993წ. დეკემბრიდან.
კასატორის განმარტებით, მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დადგენის თვალსაზრისით, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1964წ. რედაქციით).
კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოითხოვოს თავისი ქონება უკანონო მფლობელობიდან, ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. სკ-ის 1964წ. რედაქციის 84-ე მუხლით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ თუ მ. ბ-ი 1991წ. ხელშეკრულების ძალით ფლობდა წყნეთში, ..., ბ. ¹9-ში მდებარე ფართს, 1993წ. ნოემბერში მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა უფლების დარღვევის შესახებ. ამ დროიდან მას 3წ. განმავლობაში, ანუ 1996წ. ბოლომდე, შეეძლო გამოეთხოვა ბინა რ-ების მფლობელობიდან. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1995წ. სექტემბერში მ. ბ-მა მოახდინა ზემოაღნიშნული ბინის რეგისტრაცია, რაზეც ქონების მართვის სამინისტრომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹271-ე. ეს მოწმობა გაცემულია 1995წ. 12 სექტემბერს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია 2001წ. 12 სექტემბერს. სარჩელი კი მ. ბ-ის მიერ აღძრულია 2002წ. 25 მაისს, ვადის გასვლიდან 8 თვის შემდეგ.
ამგვარად, სარჩელი ხანდაზმულია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ფაქტობრივად არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის განჩინების სავალდებულო მითითებები. საოლქო სასამართლოს უნდა გამოეკვლია: დევნილთა მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლები და სახელმწიფოს მიერ ჩასახლების ფაქტის არსებობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დავის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 1507-ე მუხლი, რადგან იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სკ-ის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. დადგენილია, რომ ახალი მესაკუთრისათვის უძრავი ნივთის შეძენისას, 1995 წელს, გახდა ცნობილი მოპასუხეების მიერ სადავო ფართის უკანონოდ დაკავების შესახებ. ქონების შეძენის მომენტში მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრებოდა 3 წლით. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სამწლიანი ვადის გასვლამდე მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლითაც მოხდა ხანდაზმულობის საერთო ვადის მოდიფიცირება და იგი ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განისაზღვრა 10 წლით. ამავე კოდექსის 131-ე მუხლი კი ადგენს, რომ, თუ მოთხოვნის (განსახილველ შემთხვევაში ვინდიკაცია) წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყებს იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მესაკუთრემ, სარჩელში მითითებული გარემოებების მოტივაციით 2002წ. მაისში აღძრა ვინდიკაციური სარჩელი. სკ-ის 131-ე მუხლთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სანივთო უფლების მქონე პირს (კრედიტორს) მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა მფლობელი მოითხოვს ნივთის დაბრუნებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დავა ხანდაზმული არ არის.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითებანი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებს არ გააჩნიათ სადავო ფართის მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლები. პალატა თვლის, რომ საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, რადგან კასატორები არ მიუთითებენ ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც საწინააღმდეგოს დაადასტურებდნენ და მათზე სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა.
პალატა ასევე არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე უნდა მიეღო არა განჩინება, არამედ გადაწყვეტილება, რადგან მან სსკ-ის 388-ე და 389-ე მუხლებით იხელმძღვანელა. აღნიშნულ ნორმებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება. მართალია, გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებულია სიტყვა «განჩინება”, მაგრამ იგი ფორმით და შინაარსით სსკ-ის 389-ე მუხლის მოთხოვნებს შეესაბამება.
ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჯ-ს, ტ., დ. და მ. რ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.