გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-697-975-05 6 იანვარი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საიჯარო ქირის და საურავის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის ... თავმჯდომარემ 2004წ. ივნისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქ. ა-შვილის მიმართ და მოითხოვა გადაუხდელი ქირისა და საურავის გადახდა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2001წ. 1 მარტს გორის ... თავმჯდომარე ე. მ-ძესა და ქ. ა-შვილს შორის დაიდო სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელმა ქ. ა-შვილმა იკისრა ვალდებულება, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა ქირას _ 40 ლარს‚ ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი გამქირავებლისათვის დამქირავებელს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის უნდა გადაეხადა 1% საურავი. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო ერთიწ. ვადით. ქ. ა-შვილმა დაარღვია ხელშეკრულების მოთხოვნა და არ გადაიხადა ქირა სრული ოდენობით. 2004წ. თებერვლისათვის მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 680 ლარი, ამ დროისათვის დავალიანების ძირითადმა თანხამ და საურავმა შეადგინა 3030 ლარი.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით‚ გორის ... სარჩელი მოპასუხე ქ. ა-შვილთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა და საურავის _ 3030 ლარის გადახდის შესახებ არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემNმაღაზიაში იმუშავა 17 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მხარეთა შორის შეწყდა ქირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნული პერიოდისათვის იგი კეთილსინდისიერად იხდიდა ქირას. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 558-ე მუხლზე და ჩათვალა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე ქ. ა-შვილის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც მაღაზიით სარგებლობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის ... თავმჯდომარემ ე. მ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით გორის ... სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გორის ... სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ქ. ა-შვილს დაეკისრა გორის ... სასარგებლოდ 320 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 559-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 1 მარტის შემდეგ მხარეთა შორის გაგრძელდა ქირავნობის ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხე ქ. ა-შვილი ქირას იხდიდა 2001წ. 1 მარტიდან 2002წ. სექტემბრამდე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა 2002წ. აგვისტოს ბოლოს, რადგან აღნიშნული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ამჟამადაც გრძელდება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ 2003წ. 24 აპრილს წერილობით აცნობა ქ.ა-შვილს ხელშეკრულების გაუქმების შესახებ; ეს შეტყობინება მოპასუხეს გაეგზავნა ფოსტით და ჩაჰბარდა 2003წ. 1 მაისს; სკ-ის 559-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა 2003წ. მაისიდან. ქ.ა-შვილმა 2003 წელს შეიძინა სხვა მაღაზია, რაც მხარეთა ახსნა-განმარტებებითაა დადგენილი; მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ სადავო მაღაზია დაკეტილი იყო და მოპასუხე სარგებლობდა თავისი მაღაზიით. სასამართლომ ასევე დადგენილად, რომ 2002წ. სექტემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია და 2002წ. სექტემბრიდან 2003წ. მაისამდე გადასახდელმა ქირამ შეადგინა 320 ლარი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა‚ რადგან არ იყო დაცული სკ-ის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და შეთანხმება საურავის თაობაზე არ ყოფილა წერილობითი ფორმით გათვალისწინებული. პალატამ სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად არ ჩათვალა მიზანშეწონილად დამწვარი შენობის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე ემსჯელა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გორის ... თავმჯდომარე ე. მ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 5325 ლარის დაკისრება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვის დროს არასწორად გამოიყენა სკ-ის 418-ე მუხლი, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 პუნქტის მიხედვით შეთანხმება პირგასამტეხლოს წერილობითი ფორმის შესახებ დაცული იყო.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სსკ-ის 381-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან‚ ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად‚ ქ. ა-შვილი კისრულობდა კომპენსაციის გადახდას, თუკი დაქირავებულ ობიექტს რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. სსკ-ის 381-ე მუხლის ნაცვლად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 380-ე მუხლი. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, თუ რატომ ვერ უზრუნველყო გაქირავებული მაღაზიის მესაკუთრისათვის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ორგანიზაციის შუამდგომლობა მოწმის სახით ა. გ-ძის დაკითხვის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გორის ... თავმჯდომარე ე.მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ქირის დაკისრების ნაწილში, ასევე‚ საურავის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გორის ... თავმჯდომარე ე. მ-ძესა და ქ. ა-შვილს შორის 2001წ. 1 მარტს დაიდო სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელმა _ ქ. ა-შვილმა იკისრა ვალდებულება, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა ქირას 40 ლარს; ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად გამქირავებლისათვის დამქირავებელს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის უნდა გადაეხადა 1% საურავი. ამდენად, მხარეთა შორის წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია შეთანხმება საურავის გადახდის თაობაზე, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ რადგან არ იყო დაცული სკ-ის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და შეთანხმება საურავის თაობაზე არ ყოფილა წერილობითი ფორმით გათვალისწინებული, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ მოითხოვა ქ. ა-შვილისათვის მაღაზიით სარგებლობის ქირის _ თვეში 40 ლარის გადახდის დაკისრება 2002წ. სექტემბრიდან 2004წ. თებერვლის ჩათვლით, რადგან მოპასუხეს მოსარჩელისათვის მაღაზია თავისუფალ მდგომარეობაში არ გადაუცია. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ქ.ა-შვილი მოსარჩელეს ქირას უხდიდა 2001 წელს 1 მარტიდან 2002წ. სექტემბრამდე, ამიტომ სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა ქირის გადახდა 2002წ. სექტემბრიდან 2003წ. მაისამდე, რადგან ჩათვალა, რომ 2003წ. მაისში მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის 2003წ. მაისში მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას, იგი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს არ გადაუცია მაღაზია გამქირავებლისათვის. საკასაციო პალატა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ქირავნობის საგნის დაბრუნების მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ქ.ა-შვილმა 2003 წელს შეიძინა სხვა მაღაზია, სადავო მაღაზია კი დაკეტილი იყო და მოპასუხე სარგებლობდა თავისი მაღაზიით. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, მოსარჩელეს როდის დაუბრუნა მოპასუხემ სადავო მაღაზია. მოსარჩელე ორგანიზაციამ სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა პროცესზე მოწმის სახით ა. გ-ძის დაკითხვა, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მაღაზია არ დაუბრუნებია. სააპელაციო სასამართლომ ა.გ-ძე არ დაკითხა მოწმის სახით. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა წამოაყენა ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 564-ე მუხლი, რომლის თანახმად‚ ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე იმავე კოდექსის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ‚ თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ორგანიზაციის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2003წ. მაისიდან 2004წ. თებერვლამდე მაღაზიის ქირის გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება‚ სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად‚ კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
დადგენილია, რომ კასატორს სასარჩელო განცხადებით არ მოუთხოვია ხანძრის შედეგად სადავო მაღაზიის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რადგან კასატორის განმარტებით‚ მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა მხოლოდ რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად გამოიყენა სსკ-ის 381-ე მუხლი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნულია, რომ დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. მოცემული ნორმის საფუძველზე სასამართლომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად დამწვარი შენობის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე ემსჯელა‚ ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე ; 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის ... თავმჯდომარე ე.მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება ქ. ა-შვილისათვის გორის ... სასარგებლოდ ქირის დაკისრების ნაწილში‚ ასევე‚ საურავის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.