გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 22.03.2005
საქმის ნომერი
ას-831-1081-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-831-1081-04 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ ცისკაძე

დავის საგანი: ბინის ქირის გადახდა და ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ც. თ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე მ. კ-ის მიმართ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹9-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ბინის ¹16 ოთახიდან მ. კ-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებისა და მოპასუხისათვის 1991 წლიდან ბინის ქირის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ¹16 ოთახში, რომელიც ამჟამად მოპასუხე მ. კ-ს უკავია, 1952 წელს ორდერის საფუძველზე შესახლდა მოპასუხის მამამთილი ჰ. ხ-ი. ორდერი გაუქმდა თბილისის კიროვის რაიონის მეორე უბნის სასამართლოს 1954წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით. ჰ. ხ-ი ბინის ქირას უხდიდა მოსარჩელის დედას _ თ. თ-ეს. სადავო ოთახი კომუნალურ აღრიცხვაზე არ ყოფილა. 1987 წელს ჰ. ხ-მა მიიღო ბინა, სადაც გადავიდა საცხოვრებლად. სადავო ბინაში დარჩა მისი შვილი ცოლთან _ მ. კ-თან ერთად. მ. კ-ი იქ ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მოსარჩელის აზრით, ჰ. ხ-ი იყო განუსაზღვრელი დროით მცხოვრები მდგმური. “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მათ შორის გარიგება საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ არ შემდგარა, არ მომხდარა გარკვეული საფასურის გადახდა და მათზე არ ვრცელდება ამავე კანონის მე-8 მუხლი. მოსარჩელის განმარტებით, მას სადავო ბინა სჭირდება პირადი საჭიროებისათვის, მოპასუხე 1991 წლიდან ქირას არ იხდიდა.

მ. კ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ც. და ნ. თ-ეების, ნ. ე-ისა და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის გამგეობის მიმართ პირვანდელი მდგომარეობის (ჩაწერის) აღდგენის შესახებ. შეგებებულ სარჩელით, სადავო ბინაში 1952 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ცხოვრობდა მისი მამამთილი _ ჰ. ხ-ი, რომელმაც ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად 1987 წელს მიიღო ბინა, ხოლო სადავო ოთახში საცხოვრებლად დარჩა მ. კ-ი მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. 1996 წელს გარდაეცვალა მეუღლე. 1997 წელს, როდესაც იგი დროებით გასული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ, მესაკუთრე ც. თ-ის განცხადების საფუძველზე ამოწერილ იქნა სადავო ბინიდან, რამაც განაპირობა მის მიერ სარჩელის აღძვრა მთაწმინდის რაიონის სასამართლოში ჩაწერის აღდგენის თაობაზე. მთაწმინდის რაიონის სასამართლომ სარჩელი დატოვა განუხილველად. მ. კ-ის აზრით, გარემოებები, რომლებზედაც ც. თ-ე ამყარებდა თავის მოთხოვნებს, იყო ხანდაზმული, შესაბამისად, უკანონო იყო ც. თ-ის მოთხოვნა ბინის ქირის გადახდის შესახებ, ვინაიდან იგი კანონიერად, ორდერის საფუძველზე, არის შესახლებული და თვითონ იხდის ბინის, გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა გადასახადებს. რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა განცხადებით მოხსნა თავისი მოთხოვნა გამგეობის მიმართ და ამორიცხა იგი მოპასუხეთა რიცხვიდან.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე მ. კ-ს ც. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998წ. 25 ივნისიდან ბინის ქირის საზღაურად 948 ლარის გადახდა. დარჩენილი ქირის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. ც. თ-ეს უარი ეთქვა მ. კ-ის ოჯახის წევრებთან ერთად ბინიდან გამოსახლებაზე. მ. კ-ის შეგებებული სარჩელი ც. და ნ. თ-ეების, ნ. ე-ის მიმართ პირვანდელი მდგომარეობის ჩაწერის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ც. თ-ემ, ასევე მ. კ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მ. კ-მა, ისე ც. თ-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა 2004წ. 24 მარტის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით ც. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მ. კ-ი თავის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ........ ქ. ¹9-ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი ბინის 25,75 კვ.მ. ¹16 ოთახიდან. მ. კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ....... ქ. ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹16 ოთახი საკუთრების უფლებით ირიცხება ც. თ-ის სახელზე. სადავო ბინაზე თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს მიერ 1952წ. 10 მაისს ჰ. ხ-ზე ¹....... ორდერის გაცემა მიჩნეულ იქნა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევად და თბილისის კიროვის რაიონის მე-2 უბნის სახალხო სასამართლოს 1954წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით თ. თ-ისა და დ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ჰ. ხ-ი გამოსახლებულ იქნა თბილისში, ....... ქ. ¹9-ში მდებარე სადავო ბინიდან ოჯახის წევრებთან ერთად და დადგინდა მისი ჩაბარება გამქირავებლისათვის. ამასთან, დაევალა ქალაქის საბინაო სამმართველოს ხ-ის ბინის გადაცემა, რაც არ აღსრულებულა. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ჰ. ხ-ის 8 სულიანი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდა 1987 წელს 6 სულზე გათვალისწინებით და სადავო ბინაში საცხოვრებლად დარჩა ჰ. ხ-ის ერთი ვაჟი მეუღლით მ. კ-ით. პალატამ დაადგინა, აგრეთვე, რომ 1957წ. შეთანხმებით, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹9-ში სახლის მესაკუთრეებმა: თ., დ. და ლ. თ-ეებმა ჰ. ხ-ს საიჯარო სარგებლობაში გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული 22 კვ.მ. ერთი ოთახი, რომელიც მდებარეობდა დამქირავებლის _ ჰ. ხ-ის მიერ დაკავებული ოთახის გვერდით. მხარეთა განმარტებით, აღნიშნული ოთახი არის ¹17, რაზედაც ქირის ოდენობა განისაზღვრა ზემომითითებული შეთახმებით. პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის გარიგება ბინის ქირის გადახდის შესახებ არსებობდა ¹17 და არა სადავო ¹16-ზე ოთახზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ც. თ-ის მოსაზრება, რომ მას და მოწინააღმდეგე მხარეს შორის ურთიერთობა არ უნდა მოწესრიგებულიყო „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონით, რადგან აღნიშნული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, როდესაც მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა). სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის სადავო ¹16 ოთახის დათმობის შესახებ არანაირი გარიგება არ არსებობდა, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მ. კ-ის ოჯახი ბინაში შესახლდა მოხდა 1952 წელს ორდერის, ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, რაც ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, დადგინდა მათი გამოსახლება სადავო ბინიდან. პალატის აზრით, ის ფაქტი, რომ ვერ მოხდა ზემოთმითითებული გადაწყვეტილების აღსრულება ჰ. ხ-ის ოჯახის გამოსახლების შესახებ, ც. თ-ეს არ აძლევს საფუძველს, მოითხოვოს ქირის დაკისრება მ. კ-ისათვის, თუნდაც თვეში 20 ლარის ოდენობით 1998წ. აპრილიდან (როცა იგი გახდა კონკრეტული სადავო ბინის მესაკუთრე), რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული ოთახის სარგებლობისათვის მხარეთა შორის არ არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დაავალდებულებდა მ. კ-ს ც. თ-ის მიმართ ბინის ქირის გადახდას. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ც. თ-ის მოთხოვნა მ. კ-ისათვის ბინის ქირის დაკისრების შესახებ საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ც. თ-ის მოთხოვნა, ნივთის მ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანია. სააპელაციო პალატამ მ. კ-ის შეგებებული სარჩელი თავდაპირველი მდგომარეობის (ჩაწერის) აღდგენის შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან, ჯერ ერთი, აპელანტი მ. კ-ის განმარტებით, იგი ისევ არის რეგისტრირებული ქ. თბილისში, ....... ქ. ¹9-ში, ამასთან, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება აქვს, რეგისტრაცია გაუუქმოს მის საკუთრებაში მყოფ სახლში რეგისტრირებულ პირს, მიუხედავად მისი ამ სახლში ცხოვრების ვადისა და, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, თუ პირი სამ თვეზე მეტი ვადით არ ცხოვრობს იმ მისამართზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. კ-ის რეგისტრაციიდან მოხსნა სადავო ფართის მესაკუთრის _ ც. თ-ის მიერ მოხდა იმ დროს, როცა მ. კ-ი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება, მის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას (ჩაწერას) სადავო ფართში, იგი შესაძლებელია მხოლოდ მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და, სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა მისი გაუქმება. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც, კერძო საცხოვრებელ სადგომში შესახლებულ პირსა და მესაკუთრეს შესაბამისი კანონის მიღებამდე უნარჩუნდებათ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობანი. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა აპელანტ ც. თ-ის მოსაზრება, რომ მას და მ. კ-ს შორის ურთიერთობა არ უნდა მოწესრიგებულიყო ზემოთ მითითებული კანონით, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს კანონი აწესრიგებს მხოლოდ მესაკუთრესა და მოსარგებლეს იმ ურთიერთობებს, როდესაც არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ¹16 ოთახზე არსებობს არა გარიგება, არამედ ადმინისტრაციული აქტი – ორდერი ¹......., რომელიც გაცემულია ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს მიერ 1952 წელს, რომლის თანახმადაც, მ. კ-ს მიეცა უფლება, ჩასახლებულიყო კანონიერად ....... ქ. ¹19-ში მდებარე ¹16 ოთახში, ასევე, ორდერ ¹...... საფუძველზე, 1942წ. 26 ოქტომბერს, შესახლდა მოქალაქე მაკუნინი. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა 1954წ. 13 მარტის ქ. თბილისის კიროვის რაიონის უბნის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის დადგენილებით ნაწილშიც მითითებულია მხოლოდ ჰ. ხ-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება და არა 1952 წელს გაცემული ¹...... ორდერის ბათილობა და მისი არაკონსტიტუციურად ცნობა. კასატორის აზრით, 1954წ. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჰ. ხ-ის ოჯახთან ერთად გამოსახლება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის მტკიცებად, რომ მ. კ-ს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ფართის სარგებლობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. ჰ. ხ-ათვის სარგებლობის უფლების ჩამოურთმელობის ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ კალინინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1971წ. 7 ივლისის ¹14 გადაწყვეტილებით, ამ უკანასკნელს ნება დაერთო ქ. თბილისში, ....... ქ. ¹9-ში მდებარე ბინის ეზოში ლითონის გადასატანი ავტოფარეხის დადგმაზე. კასატორის აზრით, აღნიშნულზე მიუთითებს თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, 1978წ. 21 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებაც, სადაც ჰ. ხ-ი ითხოვდა საერთო აივანზე ტიხარის გამოყენების საშუალებით სამზარეულოს მოწყობას. მხარემ აღნიშნა, რომ 1954წ. 13 მარტის გადაწყვეტილება მიღებულია 50 წლის წინ და არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მ. კ-ს ორდერის საფუძველზე ჰქონდა სადავო ბინის ფლობის უფლება და მისთვის ამ ბინით სარგებლობის უფლება არავის ჩამოურთმევია. ამდენად, მხარის აზრით, მოცემული დავა უნდა მოწესრიგებულიყო 1998წ. 25 ივნისს მიღებული “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლით, რომლის თანახმად, მ. კ-ის სადავო ბინიდან გამოსახლება დაუშვებელია. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი მ. კ-ს რეგისტრაციის აღდგენაზე, ვინაიდან 1997 წელს, როდესაც მოხდა მისი რეგისტრაციიდან მოხსნა, ც. თ-ის გარდა, ბინას ჰყავდა სხვა მესაკუთრეებიც, კერძოდ, ნ. თ-ე და ნ. ე-ე, რომელთა თანხმობა მ. კ-ის რეგისტრაციიდან მოხსნაზე მოქმედი კანონმდებლობით ასევე საჭირო იყო. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ც. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება ც. თ-ის სარჩელის საფუძველზე მ. კ-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებისა და ბინის ქირის გადახდის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო მ. კ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მ. კ-ის შეგებებული სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, კერძოდ:

დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ც. თ-ე. ასევე დადგენილია, რომ მ. კ-ის სადავო ფართზე რეგისტრაციიდან მოხსნა მესაკუთრემ განახორციელა კ-ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს. “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის” შესახებ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირის რეგისტრაციიდან მოხსნა დასაშვებია, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირის რეგისტრაციისათვის სავალდებულოა საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ამდენად, საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და არ დააკმაყოფილა მ. კ-ის მოთხოვნა ც. თ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში რეგისტრაციაზე, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.

რაც შეეხება თ-ის სარჩელს მ. კ-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებისა და ბინის ქირის გადახდის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროების გამო, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას.

საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. კ-ი თავის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ....... ქ. ¹9-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ბინის ¹16 ოთახიდან. დადგენილია, რომ დავის განხილვისას სასამართლო პროცესზე მ. კ-ის ოჯახის წევრები არ იყვნენ მოწვეული და სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება გამოსახლების თაობაზე, რომ მათი ვინაობაც არ დაუდგენია. აღნიშნულით დარღვეულია სსკ-ის მე-2 მუხლის მოთხოვნა, რომლის ძალითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად, ხოლო, 87-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს. ამდენად, თანამონაწილეები სასამართლო პროცესზე მოწვეული უნდა იყვნენ კანონით დადგენილი წესით, რათა შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა. მხოლოდ ამ შემთხვევაშია უფლებამოსილი სასამართლო, გამოიტანოს გადაწყვეტილება პირისათვის ამა თუ იმ უფლების დადგენის ან რაიმე ვალდებულების დაკისრების თაობაზე. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სარჩელზე უნდა მოახდინოს თანამოპასუხე პირთა წრის განსაზღვრა და კანონით დადგენილი წესით მათი სასამართლო პროცესზე მოწვევა.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ¹16 ოთახის სარგებლობისათვის მხარეთა შორის არც ქირავნობის ხელშეკრულება და არც დათმობის შესახებ არანაირი გარიგება არ არსებობდა, რადგან მ. კ-ის ოჯახის სადავო ფართში ჩასახლება მოხდა 1952 წელს, ორდერის, ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, რაც ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, დადგინდა მათი გამოსახლება სადავო ბინიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ სკ-ის 172-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მ. კ-ს არა აქვს სადავო ოთახის ფლობის სამართლებრივი საფუძველი და იგი მისი ოჯახის წევრებთან ერთად უნდა გამოსახლდეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის არსებითი წინაპირობას წარმოადგენს ნივთის უკანონო მფლობელობაში ყოფნა, რაც მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებული არ არის. სასამართლომ სსკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად მიიღო რა მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების და შესაგებლის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები, არანაირი შეფასება არ მისცა მათ, რითაც დაარღვია ამავე კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენის თაობაზე. კერძოდ: სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის სადავო უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ არაერთი მტკიცებულება (თბილისის კალინინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976წ. 18 მარტის გადაწყვეტილება ჰ. ხ-ისათვის ბინის ქირის დაკისრების შესახებ; ამავე სასამართლოს 1978წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება, საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს მიერ 1952წ. 10 მაისის ¹...... ორდერი და სხვა); აგრეთვე უნდა შეფასდეს თვით ც. თ-ის წარმომადგენლის განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე 1991 წლამდე მოსარჩელეს უხდიდა ბინის ქირას. სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, თბილისის კიროვის რაიონის მეორე უბნის სახალხო სასამართლოს 1954წ. 13 მარტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გაუქმდა თუ არა საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს მიერ 1952წ. 10 მაისის ¹....... ორდერი, რომლითაც სადავო ბინაში შესახლდა ჰ. ხ-ი ოჯახის წევრებთან ერთად.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ყოველმხრივად უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ მათი ურთიერთშეჯერებისა და ობიექტური განხილვის შემდეგ გამოიტანოს დასკვნები, თუ რა სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რა სამართლებრივი ნორმით უნდა მოწესრიგდეს იგი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება ც. თ-ის სარჩელის საფუძველზე მ. კ-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებისა და ბინის ქირის გადახდის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

მ. კ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.