დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-833-1107-05 1 დეკემბერი, 2005 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც.ვ-მა და მისმა მეუღლე ი.შ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში, მოპასუხე ხ.ვ-ის მიმართ და მოითხოვეს, რომ მოპასუხეს მათ სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებოდა ქ.გურჯაანში,... მდებარე ხ. ვ-ის პირადი საკუთრების საცხოვრებელ სახლში მათ მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება 6623 ლარის ოდენობით, აგრეთვე, მათვე მოითხოვეს, რომ სასამართლოს ისინი ეცნო სადავო სახლის ნაწილზე - 60 კვ.მ-ზე მოსარგებლეებად.
მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნეს შემდეგ გარემოებებზე:
1990 წელს მათ მოპასუხე ხ.ვ-ს ასესხეს ფული სამი თვის ვადით, რაც ამ უკანასკნელმა არ დაუბრუნა და მათ დაჰპირდა, რომ ამ თანხით სახლს უყიდდა. მათი განმარტებით, 1993 წელს, ც. ვ-ის დაბადების დღეს, ხ.ვ-მა მათ აჩვენა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რითაც იგი უფლებამოსილი იყო, რომ გაეყიდა ან გაესხვისებინა ქ.გურჯაანში, ... მდებარე რ. მ-ის პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლი და დაჰპირდა, რომ ამ სახლს მათ სახელზე გააფორმებდა. ისინი ოჯახის წევრებთან ერთად შესახლდნენ ამ სახლში და, ზემოაღნიშნულ გარემოებებათა გამო თვლიდნენ რა თავიანთ საკუთრებად, 1995წ. 3 თებერვლიდან 1995წ. ივლისამდე ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, ეზო გაასუფთავეს საამშენებლო ნარჩენებისაგან, სახლში დააგეს ხის იატაკი, შეცვალეს კოჭები, გააკეთეს ბუხარი, ააშენეს საქათმე და სხვა, სულ საერთო თანხით _ 6623 ლარი, რომლის დასადასტურებლად წარმოადგენს 2002წ. სადეფექტო აქტი და ხარჯთაღრიცხვა.
მოპასუხე ხ.ვ-მა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1990 წელს მოსარჩელეებისაგან ფული არ უსესხია. 1995 წელს თავისი დის, ც.ვ-ის, დაბადების დღეზე არ ყოფილა, არც მინდობილობა უჩვენებია მათთვის და არც დაჰპირებია, რომ სახლს უყიდდა. აღნიშნულ პერიოდში იგი საქართველოში არ ყოფილა და დროებით სახალინზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
მისივე განმარტებით, სადავო სახლი მან იყიდა მესაკუთრე რ.მ-ისაგან 1995წ. ივლისში ყიდვა-გაყიდვის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე და სახლის ყიდვის შემდეგ გაემგზავრა ისევ სახალინზე. 2000 წელს, როცა საქართველოში დაბრუნდა, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად კვლავ აგრძელებდა ამ სახლში ცხოვრებას, რის გამოც, მან მიმართა სასამართლოს სადავო სახლის მესაკუთრედ აღიარებისა და მოსარჩელეთა გამოსახლების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა.
მისივე განმარტებით, მოსარჩელეებს სახლში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, სახლი რემონტს არ საჭიროებდა და მათ მიერ შედგენილი სადეფექტო აქტი არის ყალბი.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილებით ი.შ-ისა და ც.ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ხ. ვ-ს, ც.ვ-ისა და ი.შ-ის სასარგებლოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ასანაზღაურებლად დაეკისრა 4368 ლარის გადახდა. მოსარჩელეებს მოთხოვნის დანარჩენ ნაწილზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო. არ დაკმაყოფილდა ც.ვ-ისა და ი.შ-ის საჩრელი, ხ.ვ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სარგებლობის უფლებით 60 კვ.მ-ის მიკუთვნებიმს თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილებას სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლად დაედო, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, სკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებმა შეცდომით გასწიეს ხარჯები მოპასუხე ხ. ვ-ის ქონებაზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით ხ. ვ-მა იმ ნაწილში, რომლითაც მას გადასახდელად დაეკისრა ც.ვ-ისა და ი.შ-ის სასარგებლოდ 4368 ლარის გადახდა, მის კუთვნილ სახლზე მათ მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ც.ვ-სა და ი.შ-ს უარი ეთქვათ სარემონტო სამუშაოების ანაზღაურების შეჩსახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვე5ტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლი მოპასუხეზე აღირიცხა 1995წ. 26 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელეების განმარტებით, სახლს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარეს 1995წ. 3 თებერვლიდან 1995წ. ივლისამდე, როცა სახლის მესაკუთრე ჯერ კიდევ იყო რ.მ-ი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარემონტო სამუშაოების ღირებულების მოთხოვნის უფლება, თუკი მართლაც ასე იყო, მოსარჩელეებს უნდა წარმოშობოდათ რ.მ-ის მიმართ და არა მოპასუხის მიმართ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს რა მოცულობისა დ აღირებულების სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს სადავო სახლში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკვასაციო წესით გაასაჩივრა ი.შ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, კერძოდ, საქმე განიხილეს მოსამართლეებმა, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული მსი სააპელაციო საჩივრის განხილვაში, რაც სსკ-ის 394-ე მუხლიმ «ზ» პუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. ასევე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ხ.ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადოდ არ შეაფასა ხ.ვ-ზე გაცემული მინდობილობა, რაც იყო სახლის ყიდვა-გაყიდვის გარენტი. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ხ.ვ-ს არ შეეძლო, თავის თავთან დაედო გარიგება, მას სახლი უნდა გაეფორმებინა მოსარჩელეებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. აღნიშნული ნორმა გულისხმობს ერთსა და იმავე მოსამართლის მონაწილეობას ერთსა და იმავე საქმეზე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში, რაც დაუშვებელია ამავე კოდექსის 29-ე მუხლირთ. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველ ინსტანციის ანდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, 29-ე მუხლი არ გამორიცხავს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობას ერთსა და იმავე ინსტანციაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლეებმა ამ საქმის განხილვაში განმეორებით მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ ერთ ინსტანციაში, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რაც დასაშვებია. შესაბამისად, კასატორის მტკიცება, რომ მოსამართლეების იმავე შემადგენლობას არ ჰქონდა უფლება, განეხილა მოცემული დავა, ვერ იქნება გაზიარებული. ასევე უსაფუძვლოა კასტორის მტკიცება, რომ ხ.ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტი-ლების გამოცხადებას ესწრებოდა ორივე მხარე, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან და არა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან. ხ.ვ-ის დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოცხადების მომენტიდან ხ.ვ-ის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005წ. 28 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2005წ. 23 თებერვალს, ანუ გასაჩივრების ერთთვიან ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელებმა ვერ დაადასტურეს რა მოცულობისა და ღირებულების სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს სადავო სახლში, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი აქტი და ხარჯთაღრიცხვა სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ აქტის შემდგენმა სპს «პ-ის» ხელმძღვანელმა თ.ს-ემ მოითხოვა ამ აქტის ბათილად ცნობა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აქტი და ხარჯთაღრიცხვა შედგენილი იყო მოსარჩელეების მითითებით სადავო სახლის დათვალიერებისა და აზომვების გარეშე. სხვა მტკიცებულება მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდ ადაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო თვლის, ვინაიდან მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, მართებულად ეთქვათ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, არარსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი.შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 აპრილის გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.