დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-850-1085-04 ას-850-1085-04 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-მა 2002წ. 25 თებერვალს განცხადებით მიმართა სასამართლოს დავალიანების გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე და მოითხოვა ნ. დ-სათვის 1400 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების 21 აშშ დოლარის, სულ _ 1421 აშშ დოლარის დაკისრება; მან მოითხოვა, ასევე, ნ.დ-ის საკუთარ ბინაზე, მდებარე ქ.თბილისი ... ყადაღის დადება სესხის დაბრუნებამდე. განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ნ.დოლიძემ მისი რწმუნებულის ა. ჩ-ის მეშვეობით ისესხა მ. ბ-აგან 1400 აშშ დოლარი 2002წ. 7 თებერვალს, თვეში 2%-ის დარიცხვით სამი თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.დ-ის საკუთარი ბინა, მდებარე ზემოაღნიშნულ მისამართზე. მ.ბ-თვის ცნობილი გახდა, რომ ნ.დ-ის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, რასაც ადასტურებს მისივე რწმუნებული ა.ჩ-ე, ამიტომ სკ-ის 627-ე მუხლის საფუძველზე განმცხადებელმა დაუყოვნებლივ მოითხოვა სესხის დაბრუნება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 1 მარტს მიიღო გადახდის ბრძანება, რომლითაც მოვალე ნ.დ-ეს დაეკისრა მ.ბ-ის სასარგებლოდ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა _ 1400 აშშ დოლარი და 21 აშშ დოლარი სასამართლო ხარჯები.
ნ.დ-ემ გადახდის ბრძანება ჩაიბარა 2002წ. 13 მარტს. ნ. დოლიძემ 2002წ. 3 ივლისს რაიონულ სასამართლოში შეიტანა შესაგებელი (პროტესტი) ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანების წინააღმდეგ, მოითხოვა მისი გაუქმება, მოცემული საქმის განხილვა საერთო სასარჩელო წარმოების წესით, ასევე მოითხოვა აღნიშნული ბრძანების აღსრულების შეჩერება; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2002წ. 5 ივლისს დანიშნული აუქციონის ჩატარების შეჩერება. ნ.დ-ემ პროტესტში მიუთითა, რომ გადახდის ბრძანების წინააღმდეგ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ პროტესტი შეიტანა ავადმყოფობის გამო, რის გამოც მოითხოვა სსკ-ის 307-ე და 66-ე მუხლების საფუძველზე გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა და საპროცესო ვადის აღდგენა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.დოლიძის შუამდგომლობა. მას აღუდგა რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 1 მარტს გამოტანილი გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადა.
იმავე სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს განჩინებით კი გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და მის საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო განკარგულება. დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით. სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ის 308-ე მუხლის თანახმად, თუ მოპასუხე დროულად შეიტანს თავის შესაგებელს, მაშინ დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ და გადაწყვეტილი უნდა იქნეს სასარჩელო წარმოების წესით.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. დ-ეს დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში გადახდა, ასევე სარგებლის სახით ამ თანხის 2%-ი თორმეტ თვეზე გაანგარიშებით.
ნ. დ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. აპელანტმა მიუთითა, რომ გადახდის ბრძანების მიღების მიუხედავად ნ.დ-ის ბინა გაიყიდა აუქციონზე და იგი შეიძინა მ.ბ-მა, ამიტომ მან შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 26 მარტის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც სესხის გადახდა დააკისრა ნ.დოლიძეს და მის შვილს _ მ.კ-ეს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილებით სესხი დაკისრებული აქვს მხოლოდ ნ.დ-ეს. მ.ბ-აგან სესხი უშუალოდ ნ.დოლიძეს არ მიუღია, თანხა ისესხა მისმა შვილმა მ.კ-ემ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით.
შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ.ბ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოებით შეწყვეტა. შეგებებული სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ვინაიდან ნ.დ-ემ კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა გადახდის ბრძანება, მ.ბ-ის განცხადების საფუძველზე 2002წ. 1 აპრილს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, ნ.დოლიძის კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, გავიდა აუქციონზე და იგი შეიძინა მ.ბ-მა, საჯარო რეესტრში იგი აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ. მ.ბ-მა 2003წ. 4 აპრილს აღნიშნული ბინა მიჰყიდა მ.კ-ეს, რომელიც ამჟამად ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინება, 2002წ. 1 მარტს დავალიანების გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადის აღდგენის და სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს განჩინება, გადახდის ბრძანების და სააღსრულებო განკარგულების გაუქმებისა და საქმის სასარჩელო წარმოების წესით განხილვის დადგენის თაობაზე. გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს. ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანებით ნ. დ-ეს დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ 1421 აშშ დოლარის გადახდა. გადახდის ბრძანება ნ.დ-ეს პირადად ჩაბარდა 2002წ. 13 მარტს, რომელიც მას არ გაუსაჩივრებია საპროცესო კოდექსით დადგენილ 10 დღიან ვადაში; ეს გადახდის ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა და 2002წ. 11 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ნ.დ-ემ რაიონულ სასამართლოში გადახდის ბრძანების წინააღმდეგ მოტივირებული პროტესტი შეიტანა 2002წ. 3 ივლისს, ე.ი. ამ ბრძანების ჩაბარებიდან 2 თვისა და 3 დღის გასვლის შემდეგ; მან მოითხოვა, სასამართლოს საპატიოდ ჩაეთვალა გაპროტესტების ვადის გასვლა იმ მოტივით, რომ იგი ავად იყო და მკურნალობდა თბილისის ¹.... სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში 2002წ. 5 თებერვლიდან 2002წ. 25 მარტამდე და ამის დამადასტურებლად წარმოადგინა ცნობა ავადმდყოფობის თაობაზე. რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინებით ნ.დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას აღუდგა 2002წ. 1 მარტს გამოტანილი გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადა. რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა 2002წ. 1 მარტს მიღებული გადახდის ბრძანება და მის საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო განკარგულება.
სააპელციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 307-ე მუხლის მოთხოვნა და ნ.დ-ეს უკანონოდ აღუდგინა გადახდის ბრძანებაზე პროტესტის შეტანის ვადა. ნ.დ-ის ავადმყოფობის ცნობა გაცემულია 2002წ. 18 ოქტომბერს, ე.ი. გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 3 თვისა და 5 დღის შემდეგ. ამ ცნობით ირკვევა, რომ ნ.დ-ე ამბულატორიულ მკურნალობას იტარებდა და იგი სტაციონარში არ წოლილა, არც წოლითი რეჟიმი ჰქონია დანიშნული. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს საპატიოდ არ უნდა ჩაეთვალა ნ.დ-ის მიერ გაპროტესტების გაშვებული ვადა იმის გამოც, რომ იგი ავად იყო 2002წ. 25 მარტამდე, სასამართლოს კი მან მიმართა განცხადებით 2002წ. 5 ივლისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უკანონოდ მიიჩნია რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინება გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე; ასევე, იმავე სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება და მის საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო განკარგულება.
სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 307-308-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ასევე და გააუქმა რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილებაც, რომელიც მიღებულია მოცემული სამოქალაქო დავის საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილვის შედეგად. პალატამ იქვე მიუთითა, რომ 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება აღსრულებულია და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნ.დ-ის საკუთარი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ... გაყიდულია საჯარო ვაჭრობით მ.ბ-ზე, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ბინა გაასხვისა მესამე პირზე.
ნ. დ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს. მ.ბ-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის და 2002წ. 23 აგვისტოს განჩინებები; სასამართლომ იმსჯელა ამ საჩივრების თაობაზე და არ დააკმაყოფილა იგი. აღნიშნული დაფიქსირებულია რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმითაც. ამიტომ სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა ამ განჩინების კანონიერებაზე.
რაიონულ სასამართლოს საპატიოდაც რომ არ მიეჩნია კასატორის ავადმყოფობა, რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება მაინც გასაუქმებელია, რადგან მას ხელს არ აწერს მოსამართლე; ეს ბრძანება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, ისე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და განხორციელდა აუქციონი.
სასამართლომ უკანონოდ გააუქმა ასევე რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილება, რადგან მოცემული დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას მოპასუხეებად ჩართული იყვნენ კასატორი და მისი შვილი მ.კ-ე. თანხის გადახდა დაეკისრა მხოლოდ ნ.დ-ეს. სასამართლომ მ.კ-ე ჩათვალა გამოუცხადებელ მხარედ. სასამართლოს კვამლაძის მიმართ უნდა გამოეტანა დაუსწრებელილ გადაწყვეტილება, ხოლო ნ.დ-ის მიმართ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება. რაიონული სასამართლოს მიერ ზემოხსენებული დარღვევების გამო ნ.დ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა 2003წ. 26 მარტის გადაწვეტილების გაუქმება, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ.დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 1 მარტს მიიღო გადახდის ბრძანება, რომლითაც მოვალე ნ.დ-ეს დაეკისრა მ.ბ-ის სასარგებლოდ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 1400 აშშ დოლარი და 21 აშშ დოლარი სასამართლო ხარჯები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ.დ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება მაინც გასაუქმებელია, რადგან მას ხელს არ აწერს მოსამართლე. საქმეში წარმოდგენილია რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება, რომელიც ხელმოწერილია მოსამართლის მიერ.
საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მ.ბ-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის და 2002წ. 23 აგვისტოს განჩინებები; სასამართლომ იმსჯელა ამ საჩივრის თაობაზე და არ დააკმაყოფილა იგი. აღნიშნული დაფიქსირებულია რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმითაც. ამიტომ სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა ამ განჩინების კანონიერებაზე.
ვინაიდან სსკ-ის 307-ე მუხლით სპეციალურად არ არის გათვალისწინებული გადახდის ბრძანების გაპროტესტების ვადის გასვლის საპატიო მიჩნევის განჩინების გასაჩივრება, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 377-ე მუხლის საფუძველზე სწორად იმსჯელა ასეთი განჩინებების კანონიერებაზე.
სსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სააპელაციო საჩივარში ასეთი განჩინებების დაუსაბუთებლობაზე მითითებას ის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რომ სწორედ მათი მიღების წყალობით იქნა გამოტანილი დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანებით ნ. დ-ეს დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ 1421 აშშ დოლარის გადახდა. გადახდის ბრძანება ნ.დ-ეს პირადად ჩაბარდა 2002წ. 13 მარტს, რომელიც მას არ გაუსაჩივრებია საპროცესო კოდექსით დადგენილ 10 დღიან ვადაში; ეს გადახდის ბრძანება კანონიერ ძალაში შევიდა და 2002წ. 11 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ნ.დ-ემ რაიონულ სასამართლოში გადახდის ბრძანების წინააღმდეგ მოტივირებული პროტესტი შეიტანა 2002წ. 3 ივლისს, ე.ი. ამ ბრძანების ჩაბარებიდან 2 თვისა და 3 დღის გასვლის შემდეგ; მან მოითხოვა, სასამართლოს საპატიოდ ჩაეთვალა გაპროტესტების ვადის გასვლა იმ მოტივით, რომ იგი ავად იყო და მკურნალობდა თბილისის ¹3 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში 2002წ. 5 თებერვლიდან 2002წ. 25 მარტამდე და ამის დამადასტურებლად წარმოადგინა ცნობა ავადმყოფობის თაობაზე. რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინებით ნ.დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას აღუდგა 2002წ. 1 მარტს გამოტანილი გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადა. რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა 2002წ. 1 მარტს მიღებული გადახდის ბრძანება და მის საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო განკარგულება.
სსკ-ის 307-ე მუხლის თანახმად მოპასუხეს შეუძლია არ ცნოს გადახდის ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ და შეიტანოს მის წინააღმდეგ მოტივირებული შესაგებელი (პროტესტი) სასამართლოში, რომელმაც მიიღო ეს ბრძანება გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, მოპასუხეს შეუძლია გააპროტესტოს გადახდის ბრძანება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გაპროტესტების ვადის გასვლას სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს.
სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 307-ე მუხლის მოთხოვნა და ნ.დ-ეს უკანონოდ აღუდგინა გადახდის ბრძანებაზე პროტესტის შეტანის ვადა. ნ.დ-ის ავადმყოფობის ცნობა გაცემულია 2002წ. 18 ოქტომბერს, ე.ი. გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 3 თვისა და 5 დღის შემდეგ. ამ ცნობით ირკვევა, რომ ნ.დ-ე ამბულატორიულ მკურნალობას იტარებდა და იგი სტაციონარში არ წოლილა, არც წოლითი რეჟიმი ჰქონია დანიშნული. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს საპატიოდ არ უნდა ჩაეთვალა ნ.დ-ის მიერ გაპროტესტების გაშვებული ვადა იმის გამოც, რომ იგი ავად იყო 2002წ. 25 მარტამდე, სასამართლოს კი მან მიმართა განცხადებით 2002წ. 5 ივლისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია უკანონოდ რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინება გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე; ასევე იმავე სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება და მის საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო განკარგულება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად ჩათვალა უკანონოდ რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილებაც, რომელიც მიღებულია მოცემულ სამოქალაქო დავის საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილვის შედეგად. პალატამ იქვე მიუთითა, რომ 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანება აღსრულებულია და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნ.დ-ის საკუთარი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ... გაყიდულია საჯარო ვაჭრობით მ.ბ-ზე, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ბინა გაასხვისა მესამე პირზე. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ.დ-ეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო პალატამ 2004წ. 5 ივლისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ნ. დ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე, რითაც დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეამოწმოს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას საპროცესო დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება არ გამოუტანია, რადგან სააპელაციო პალატამ მ.ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი სწორად მიიჩნია საფუძვლიანად და გააუქმა რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინება, რომლითაც ნ.დ-ეს აღუდგა იმავე სასამართლოს 2002წ. 1 მარტს გამოტანილი გადახდის ბრძანების გასაჩივრების ვადა; ასევე სააპელაციო პალატამ კანონიერად გააუქმა რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს განჩინება იმავე სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადახდის ბრძანების გაუქმების თაობაზე და შესაბამისად უკანონოდ იქნა მიჩნეული რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილებაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ნ.დ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.