გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 22.03.2005
საქმის ნომერი
ას-852-1076-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-852-1076-04 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: თანასაკუთრების რეალურად გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ი.-მ“ და შპს „ე.-მ“ განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს გადახდის ბრძანებით სს „ა.-სათვის“ შპს „ე.-ის“ სასარგებლოდ 6724827 დოლარის, ხოლო შპს „ი.-სათვის“ 9521998 აშშ დოლარის დაკისრება.

სს „ა.-მ“ შპს „ი.-ის“ წინააღმდეგ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2000წ. 21 მარტს დადებული კაპროლაქტამის მიწოდების თაობაზე ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ი.-ი“ ვალდებული იყო სს „ა.-სათვის“ მიეწოდებინა 2.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნედლეული და ქიმბოჭკოები, მაგრამ მიიღო მხოლოდ 690000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.

სს „ა.-ის“ მითითებით, ნედლეულის გადამუშავებაზე გაწეული მომსახურების ღი რებულების სახით 1 ტონა კაპროლაქტამზე უნდა მიეღო 600 აშშ დოლარი, ხოლო 6 თვეში უნდა გამოეშვა 18000 ტონა, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალმა შეადგინა 10.800000 აშშ დოლარი. მოპასუხესთან შეთანხმებული კალკულაციიდან გამომდინარე, სს „ა.-ს“ 1 ტონაზე უნდა მიეღო 33,14 აშშ დოლარის მოგება, სულ – 596520 აშშ დოლარი. ამასთან, შემოტანილი ნედლეულიდან გადამუშავდა ფენოლი, რომლის ღირებულებამაც 216684 ლარი შეადგინა.

სს „ა.-ის“ საბაჟო საწყობში შესანახად მოთავსებული განუბაჟებელი და „ა.-სათვის“ გადაუცემელი ნედლეუოის შენახვის ღირებულება სარჩელის წარდგენის დღისათვის შეადგენდა 16 290 აშშ დოლარს. ხელშეკრულების 10.3-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, გადასაცემი ნედლეულის ღირებულების 0,1%, რაც 2 142 აშშ დოლარს შეადგენს.

სს „ა.-ის“ საბაჟო საწყობში შესანახად მოთავსებული განუბაჟებელი და „ა.-სათვის“ გადაუცემელი ნედლეულის შენახვის ღირებულება სარჩელის წარდგენის დღისათვის შეადგენდა 16 290 აშშ დოლარს. ხელშეკრულების 10.3-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, გადასაცემი ნედლეულის ღირებულების 0,1%, რაც 2 142 აშშ დოლარს შეადგენს.

დაზუსტებული შეგებებული სარჩელით სს „ა.-მ“ მიუთითა იმ გარემოებებზეც, რომ ნარდობის ხელშეკრულებით და მისი დამატება-დანართებით გათვალისწინებული იყო ნედლეულის, დამხმარე მასალებისა და მოწყობილობების მოწოდება, რომელიც ორ ჯგუფად დაიყო. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა ძირითადი ნედლეული, ე.წ. ბუნებრივი აირი, ოლეუმი, გოგირდმჟავა, ფენოლი, რომელიც ეკუთვნოდა შემკვეთს – „ი.-ს“. მისი გადამუშავებისას მზადდებოდა პროდუქცია და გადაეცემა შემკვეთს. მათი შეძენა და შემსრულებლისათვის, სს „ა.-სათვის“, გადაცემა ევალებოდა შემკვეთს. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებოდა ის ნედლეული, დამხმარე მასალები და მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ძირითადი ნედლეულის გადამუშავებისათვის. ვინაიდან სს „ა.-ს“ მათ შესაძენად საჭირო თანხები არ გააჩნდა, საკოორდინაციო ჯგუფის სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ისინი უნდა შეეძინა და გადაეცა სს „ა.-სათვის“ „ი.-ს“, ხოლო სს „ა.-ი“ მის ღირებულებას გადაიხდიდა კაპროლაქტამის წარმოების გაშვების შემდეგ, მანამდე კი მათი ღირებულება უნდა დაკრედიტებულიყო „ი.-ს“ სასარგებლოდ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტებით და ექსპერტის დასკვნით. აღნიშნული მიზეზის გამო „ა.-ის“ მიერ წარმოდგენილი ¹2 გრაფიკის ქართულ ვარიანტში „ა.-ის“ მაგივრად აღნიშნულია „ი“. ჭიანჭველმჟავა, აქტივირებული ნახშირი, მარილმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, რომლის მიწოდებაც ¹2 გრაფიკის რუსულ ვარიანტში ევალებოდა „ა.-ს“, მიწოდებულია „ე.-ის“ მიერ და მისი ღირებულებაც ამ უკანასკნელის სასარგებლოდაა დაკრედიტებული, რაც დასტურდება საქმეში არსებული შედარების აქტებით და ექსპერტის დასკვნით. აღნიშნული მასალების ღირებულება შეგებებული სარჩელის მოთხოვნაში შეტანილი არ არის. ის გარემოება, რომ მოწყობილობების, მასალებისა და ნედლეულის შეძენას „ი“ ახორციელებდა მტკიცდება, აგრეთვე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

სს „ა.-მ“ მიუთითა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ “ი.-მ“ 673 000 აშშ დოლარი გადარიცხა ფირმა „ჰ.-ის“ სახელზე „ა.-ისათვის“ საჭირო კაპროლაქტამის ბადეების შესაძენად. ამავე გადაწყვეტილებით მხარემ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კაპროლაქტამის ბადეები, ისევე, როგორც სხვა მასალები, სს „ა.-ს“ არ გადასცემია და, მაშასადამე, „ი.-ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

„ი-ს“ უნდა შემოეტანა, აგრეთვე, ტუმბოები, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები, მექანიზმები, რეაქციული მილები, სინთეზის კატალიზატორები, რაზეც ლიზინგის ხელშეკრულება ცალკე გაფორმდა, მაგრამ შემოტანილ იქნა მოსაწოდებელი საქონლის მხოლოდ მცირე ნაწილი. „ი.-ის“ მიერ მიწოდება შეწყდა იმის გამო, რომ „ი.-მა“ კონკურსში ვერ გაიმარჯვა და ფაქტობრივად უარი თქვა “ა.-თან“ ურთიერთობის გაგრძელებაზე. სს „ა.-ის“ მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან დასტურდება „ი.-ს“ მიერ ნედლეულის ჩამოტანის და საბაჟო საწყობში შენახვისათვის მიღების ფაქტი, მაგრამ ხელშეკრულების ¹5 გრაფიკით განსაზღვრულიPმიწოდების პირობის თანახმად, „ი“ ვალდებული იყო, განებაჟებინა ნედლეული და სს „ა.-ისათვის“ გადაცემულად იგი მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებოდა. აღნიშნულის გამო, ანგარიშფაქტურები საბაჟო საწყობში მოთავსებულ ნედლეულზე ჰქონდა მიმწოდებელს და არა სს “ა.-ს“. ანგარიშ-ფაქტურები წარმოდგენილ იქნა იმ ნედლეულზე, რომელიც განბაჟდა და გადაეცა სს “ა.-ს“. ამით შპს „ი.-მ“ დაარღვია ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ა.-მა“ მიიჩნია, რომ სკ-ის 394-ე და 441-ე მუხლების შესაბამისად „ი“ ვალდებულია, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. აღნიშნულის საფუძველზე სკ-ის 633-ე, 394-ე და 411-ე მუხლების, ასევე ხელშეკრულების 10.3 მუხლის შესაბამისად, მიყენებული ზიანისა და ჯარიმის სახით თავდაპირველად მოითხოვა 11 414 952 აშშ დოლარისა და 216 684 ლარის ანაზღაურება. შემდეგში სს „ა.-მ“ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და აუდიტორულ დასკვნაზე დაყრდნობით მოითხოვა 5.569.662 აშშ დოლარის გადახდევინება.

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწზილობრივ, კერძოდ, მიიჩნია, რომ სს „ა.-ისათვის“ მიყენებული ზარალის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხოლოდ მიუღებელი მოგებით 1 ტონაზე 33.34 აშშ დოლარით და საერთო ჯამში 3000 ტონაზე – 99.240 აშშ დოლარით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს “ა.-ს“ დაეკისრა 3154354,46 ლარისა და 952198 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.-ის“ სასარგებლოდ. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელი და შპს „ი.-ს“ სს “ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5998662 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და, მიყენებული ზიანის დაზუსტებისა და მხარეთა ბრალეულობის გამოკვლევის მიზნით, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელიდაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ სს “ა.-სა“ და “ი.-ს“ შორის 2000წ. 20 მარტს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. სკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ა.-სა“ და „ი.-ს“ შორის 2000წ. 20 მარტის ნარდობის ხელშეკრუოლებით, „ი.-ს“ მიერ აღებული ვალდებულება კაპროლაქტამის წარმოებისათვის 2.774.969 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნედლეულის მიწოდების შესახებ, შესრულდა ნაწილობრივ და სს „ა.-ს“ მიაწოდა მხოლოდ 690 ათასი აშშ დოლარის საქონელი, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო პროდუქციის, კერძოდ, კაპროლაქტამის წარმოებაბ კომპანია „ი.-მა“ ვერ გაიმარჯვა რა სს “ა.-ზე“ გამოცხადებულ ტენდერში, ძვირად ღირებული პლატინის ბადეები, რომელიც აუცილებელია კაპროდაქტამის წარმოებისათვის, საქართველოდან გაიტანა, რაც ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძველი გახდა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ 2004წ. 25 მარტის აუდიტორის დასკვნით, კაპროლაქტამის დამზადების შემთხვევაში, სს „ა.-ს“ უნდა მიეღო გადამუშავების ღირებულება – 600 აშშ დოლარი 1 ტონაზე, სადაც შედის მოგება. სს „ა.-სა“ და „ი.-ს“ მიერ ორმხრივად შეთანხმებული კალკულაციით გათვალისწინებულია სავარაუდო მოგება გადამუშავების ღირებულები – 536.86 აშშ დოლარის 6.173%-ი ანუ 33.14 აშშ დოლარი 1 ტონაზე. სს „ა.-სა“ და „ი.-ს“ შორის დადებული სანარდო ხელშეკრულება ითვალისწინებდა წელიწადში 36000 ტონა კაპროდაქტამის გამოშვებას, რაც თვეში შეადგენს 3000 ტონას. აქედან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი ერთ თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 99.420 აშშ დოლარს. ვინაიდან კაპროდაქტამის წარმოება უნდა დაწყებულიყო 2000წ. აგვისტო-სექტემბერში, ხოლო ნარდობის ხელშეკრულება ძალაშია 5წ. განმავლობაში, მიუღებელმა შემოსავალმა მთლიან პერიოდზე, 2000წ. აგვისტო-სექტემბრიდან 2005წ. 20 მარტამდე, 5.567.520 აშშ დოლარი შეადგინა. სასამართლომ მიუთითა, რომ „ი.-ს“ სს „ა.-ისათვის“ უნდა მიეწოდებინა 2.774.969 აშშ დოლარის ღირებულების ნედლეული და მიუწოდებელი დარჩა 2.142.681 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ნედლეული. ნარდობის ხელშეკრულების 103-ე მუხლით გათვალისწინებულ იქნა საურავი მიუწოდებელი ნედლეულის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.142 აშშ დოლარს. სს „ა.-ის“ მიერ კაპროლაქტამის დამზადების შემთხვევაში შესაძლო მოგების ოდენობა და ნედლეულის მიუწოდებლობის გამო, გათვალისწინებული საურავის ოდენობა წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით სს „ა.-ისათვის“ მიყენებულ ზარალს – 5.569.662 დოლარს. კოლეგიამ მიუთითა სკ-ის 633-ე, 411-ე და 412-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, სს „ა.-ისათვის“ ზიანის მიყენება, აუდიტორის მიერ განსაზღვრული ოდენობით, მოპასუხე „ი.-სათვის“ წინასწარ იყო სავარაუდო, ხოლო ხელშეკრულების შეუსრულებლობა კი ზიანის დადგომის უშუალო შედეგიბ კოლეგიამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეს ნედლეული უნდა მიეწოდებინა DDP-ის მეთოდით, ნედლეულის განბაჟებით, რაც არ შეუსრულებია.

საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება „ი.-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია მატერიალური და საპროცესო ნორმერის დარღვევით. აღნიშნული საქმე არაერთი სასამართლო სხდომის განხილვის საგანი იყო, რაზედაც საბოლოოდ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2003წ. 17 დეკემბრის განჩინებით საქმე გადაუგზავნა საოლქო სასამართლოს იმ მითითებებით, თუ რა ფარგოლებში უნდა მომხდარიყო საქმის განხილვა და ზარალის ოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან სხვა დანარჩენი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იყო დადგენილი და საქმეში არანაირი ახალი გარემოება არ იყო აღმოჩენილი, რასაც კოლეგიამ იგნორირება გაუკეთა, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2000წ. 20 მარტის ნარდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ზოგადი ვადის მიუხედავად, ითვალისწინებდა ყოველი თვის 20 რიცხვში მხარეთა შორის შეთანხმებასა და დოკუმენტაციის გაფორმებას მომდევნო „დასაგეგმ პერიოდში“ გამოსაშვები პროდუქციის წარმოებაზე, მის ოდენობაზე, პროდუქციის წარმოების ფასზე, ნედლეულის მიწოდების გრაფიკზე, ცვლილებებსა და დამატებებზე. ხელშეკრულების არც ერთ პუნქტში არ არის მითითებული, რომ კაპროლაქტამის წარმოება უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული მისი წარმოების მოცულობა. ხელშეკრულების მიხედვით, აშკარაა, რომ პერიოდის და წარმოებული პროდუქციის ოდენობის დაგეგმვა ორივე მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა, დამოკიდებული იყო მხარეთა ნებასა და მათ შესაძლებლობებზე, შესაბამისად, თუკი ასეთი შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული და წერილობითი ფორმით დაფიქსირებული, ვერც ერთ მხარეს ვერავითარი ვალდებულება ვერ დაეკისრებოდა. კასატორის აზრით, ამდაგვარი შეთანხმება „დასაგეგმ პერიოდზე“ მოხდა მხოლოდ ერთხელ და ამიტომაც, უზენაესმა სასამართლომ სწორედ მიიჩნია, რომ ზარალის ანაზღაურების პერიოდის განსაზღვრისას უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ ერთხელ და ამიტომაც, უზენაესმა სასამართლომ სწორედ მიიჩნია, რომ ზარალის ანაზღაურების პერიოდის განსაზღვრისას უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ ერთი თვე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კოლეგიამ მითითებული ვადა არ გამოიყენა და ზარალის დაანგარიშების ვადა 6 თვიდან 5 წლამდე უკანონოდ გაზარდა. კასატორის მითითებით, საოლქო სასამართლო მიიჩნევს სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად დადებული ნარდობის ხელშეკრულების სისწორეს, თუმცა არ ითვალისწინებს ამ მუხლით განსაზღვრულ იმ ვალდებულებას, რომლითაც უნდა მომხდარიყო მომავალი საქმიანობისა და პროდუქციის ოდენობის თაობაზე შეთანხმებების გაფორმება. ამასთან, ეს არ იყო მხოლოდ „ი.-ის“ ვალდებულება, არამედ ნარდობის ხელშეკრულებით წარმოადგენდა ორივე მხარის ვალდებულებას, შესაბამისად, ზარალის დაანგარიშება 5 წელზე უკანონოა. მხარის აზრით, გაუგებარია თუ რა დაედო საფუძვლად კოლეგიის მიერ სკ-ის 633-ე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებას, რომელი მოქმედება არ იყო შესრულებული „ი.-ის“ მიერ, რაც საოლქო სასამართლომ ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნია. მხარის აზრით, სასამართლო თავის გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიუთითებს სამოქალაქო სკ-ის 411-ე მუხლს, მაგრამ არ მსჯელობს იმაზე, თუ რომელმა მხარემ და რა გარემოებებში არ მოახდინა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 412-ე მუხლი, ვინაიდან მოვალესთვის ზიანს შეადგენდა მხოლოდ პირველი და ერთადერთი მხარეთა შორის შეთანხმებული კაპროლაქტამის რაოდენობის წარმოების არ განხორციელების შედეგად მიუღებელი მოგება. სხვა რაიმე სავარაუდო ზარალის არსებობა უკანონოა, ვინაიდან ეს არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და მხარეთა შეთანხმებიდან. ამასთან, სს „ა.-ს“ ყოველთვის შეეძლო, მის გარეშე ეწარმოებინა პროდუქცია და მოეხდინა მისი რეალიზაცია. კასატორის აზრით, სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა სკ-ის 414-ე მუხლი, სადაც პირდაპირ არის მოცემული მოთხოვნა, რომ ზიანის ოდენობის დასადგენად უნდა გათვალისწინებულიყო ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ სს „ა.-ს“ არაერთხელ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ პერიოდებში სს „ა.-ი“ ვერ მოახდენდა ვერანაირი პროდუქციის გამოშვებას. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 394-ე და 415-ე მუხლებით. ასევე არ ყოფილა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზიანის გამოწვევას თვით სს „ა.-მაც“ შეუწყო ხელი იმით, რომ ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოტანილი მასალების მიღება, რაც, შესაბამისად, განთავსდა საბაჟო საწყობებში, ხოლო, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღნიშნული მასალები უნდა მიეღო სს „ა.-ის“ მიერ. ხელშეკრულების დანართების თანახმად, სს “ა.-ს“ უნდა მოეხდინა გარკვეული სამუშაოების წარმოება და მასალების და ნედლეულის შეძენა, რაც რეალურად არ განუხორციელებია, რითაც თვითონვე შეუწყო ხელი ნარდობის ხელშეკრულების მოშლასა და ზარალის ანაზღაურებას, რომელიც სს “ა.-ს“ რეალურად მიადგა კასატორის ბრალეული ქმედებით და ეს ჯამში შეადგენს მხოლოდ 99.240 აშშ დოლარს. სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში მიღებულ ტერმინ ...-ს და მიიჩნია, რომ ყველაფერი კასატორის ვალდებულებას წარმოადგენდა, როდესაც გარკვეულ მასალებზე სს „ა.-მა“ თავისი ვალდებულებები არ შეასრულა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს „ა.-ისათვის“ გადასახდელი ზარალის 99240 აშშ დოლარით განისაზღვრა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 5 ივლისის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ა.-სა“ და კომპანია „ი.-ს“ შორის 2000წ. 20 მარტის ნარდობის ხელშეკრულებით, „ი.-ს“ მიერ აღებული ვალდებულება კაპროლაქტამის წარმოებისათვის 2ბ774.969 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნედლეულის მიწოდების შესახებ შესრულდა ნაწილობრივ და სს „ა.-ს“ მიაწოდა მხოლოდ 690 ათასი აშშ დოლარის საქონელი, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო პროდუქციის, კერძოდ, კაპროლაქტამის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ კომპანია „ი.-ს“ დააკისრა სს „ა.-ისათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართვლელოს უზენაესი სასამართლოს პალატის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განჩინებით საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და მიყენებული ზიანის დაზუსტებისა და მხარეთა ბრალეულობის გამოკვლევის მიზნით, სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ კვლავ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ზიანის ოდენობის გაანგარიშების დაუსაბუთებლობის შესახებ.

ხელშეკრულების 4.2 მუხლის შესაბამისად, სს „ა.-ს“ ნედლეულის გადამუშავებაზე გაწეული მომსახურების ღირებულების სახით 1 ტონა კაპროლაქტამზე უნდა მიეღო 600 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დაგეგმილი პერიოდის ნედლეულის მიწოდების გრაფიკი, ცვლილებები, დამატებები და სხვა შეთანხმებები უნდა იყოს მხარეების მიერ გაფორმებული შეთანხმებული და დამტკიცებული ყოველი თვის 20 რიცხვამდე. ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, მონაცემები ნედლეულის რაოდენობისა და სხვა პირობების შესახებ ჩამოყალიბებული იქნება დამატებით შეთანხმებაში, რომელიც ჩაითვლება არსებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული იქნა ნედლეულის მიწოდება ერთი თვით. ამავე ხელშეკრულების 10.3 პუნქტის მიხედვით ნედლეულის მიუწოდებლობის შემთხვევაში, რომელიც გათვალისწინებულია ნედლეულის მიწოდებისა და პროდუქციის გადატვირთვისათვის თვიური გრაფიკით, მხარეები ვალდებული არიან ხელახლა შეათანხმონ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც უნდა გადაიტვირთოს შესაბამის თვეში, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, აცნობოს დამკვეთს გადამუშავების დაწყების დღე. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული მონაცემები ფასზე, რაოდენობასა და ნედლეულის ღირებულებაზე, მისი მიწოდების დრო, პირობები და კაპროლაქტამის დამზადების ღირებულება განისაზღვრება დამატებითი შეთანხმებით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. მხარეებს შორის შეთანხმებული კალკულაციით სს „ა.-ს“ 1 ტონა კაპროლაქტამზე უნდა მიეღო 33.14 აშშ დოლარის მოგება. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმას, რომ პირველ თვეში უნდა წარმოებულიყო 3000 ტონა კაპროდაქტამი.

საოლქო სასამართლოს არ შეუფასებია ხელშეკრულების ზემოხსენებული პირობები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ კასატორს დააკისრა მიუღებელი შემოსავალი კაპროლაქტამის წარმოებაზე 2000წ. აგვისტო-სექტემბრიდან 2005წ. 20 მარტამდე, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულება ძალაშია 5წ. განმავლობაში. სკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამხდგარი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოლვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ 2000წ. 20 მარტის ნარდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ზოგადი ვადის მიუხედავად, ითვალისწინებდა ყოველ თვეში მხარეთა შორის ხელახალ შეთანხმებასა და დოკუმენტაციის გაფორმებას შემდგომ პერიოდში გამოსაშვები პროდუქციის წარმოებასა და მისი მიწოდების პირობებზე, აგრეთვე, შემსრულებლის ვალდებულებას წერილობით ეცნობებინა დამკვეთისათვის გადამუშავების დაწყების დღე. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, განახორციელა თუ არა სს „ა.-მ“ ამგვარი წერილობითი შეტყობინება და შეთანხმდნენ თუ არა ხელშეკრულება კაპროდაქტამის წარმოებას ყოველთვიურად და მოხდა თუ არა მხარეთა შეთანხმება კაპროდაქტამის წარმოების სრულ მოცულობაზე. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებამდე სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დაასაბუთოს ანაცდური მოგების რეალურად არსებობა.

სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვევი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისათვის არ გადაეცინებინა. საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიუთითა რა აღნიშნულ ნორმებზე, არ დაადგინა შეთანხმებული სამუშაოს შესრულებისათვის რა აუცილებელი მოქმედება არ შეასრულა კომპანია „ი.-მა“, რამ განაპირობა ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობა და მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებით გამოირიცხა თუ არა სს „ა.-ის“ ბრალი ხელშეკრულების შეუსრულებლობაში.

სკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირველესად ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით უნდა დაადგინოს მხარეთა ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ორივე მხარის ბრალეულობის გათვალისწინებით იმსჯელოს მათი პრეტენზიების კანონიერებაზე და პასუხისმგებლობის შესაბამისობაზე ვალდებულების დარღვევასთან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კომპანია „ი.-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.