გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ას-869-1145-05 14 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. და ზ. ჩ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს «ტ-ის» მიმართ ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1998წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს ზ.ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს _ 17 ლარის, სანიტრისათვის _ 10,20 ლარისა და გაძლიერებული კვებისათვის _ 12 ლარის, სულ _ 39.20 ლარის გადახდა. ზ.ჩ-ემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საწარმოში არაკვალიფიციური მუშის ხელფასი გაიზარდა და გახდა 39 ლარი. ამასთან, მას ესაჭიროება თვალის ოპერაცია. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2002წ. 1 ოქტომბრიდან 2004წ. 1 ოქტომბრამდე მის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს _ 39 ლარის, სანიტარული მომვლელის ხარჯის _ 15 ლარის, გაძლიერებული კვების _ 16,20 ლარის დაკისრება. ასევე, ერთჯერადად თვალის ოპერაციისთვის - 800 ლარის დაკისრება. სულ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის 3334 ლარის დაკისრება. სარჩელის განხილვისას მოსარჩელეებმა შეამცირეს დავის საგნის ღირებულება და მოითხოვეს მოპასუხისათვის 1326,60 ლარის დაკისრება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს „ტ-ს” 2004წ. 1 ოქტომბრიდან დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს სახით _ 39 ლარი, სანიტარული მომვლელის ხარჯი _ 10 ლარი, გაძლიერებული კვებისათვის _ 16,20 ლარი, სულ _ 65,20 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და ლ. ჩ-ეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, აპელანტებმა მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს დაკისრებოდა 2004წ. 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად სანიტარული მომვლელისათვის _ 15 ლარის, ერთჯერადი თანხა _ 462 ლარის და ქირურგიული ოპერაციისათვის _ 800 ლარის გადახდა.
Qქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1998წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.ჩ-ის სარჩელი და სს „ტ-ს” მის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 733 ლარის, ხოლო ყოველთვიურად სარჩოს სახით _ 17 ლარი, სანიტარული მოვლისთვის _ 10,20 ლარი, გაძლიერებული კვებისათვის კი 12 ლარი.
ზ.ჩ-ემ სარჩელით მოითხოვა გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხების გადაანგარიშება იმ მოტივით, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პროდუქტების ღირებულება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სს „ტ-ისთვის” ყოველთვიურად 65,20 ლარის დაკისრების ნაწილში მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუსაჩივრებია და, სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში.
აპელანტმა მოითხოვა მისი სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება, კერძოდ სანიტარული მომვლისათვის დამატებით ყოველთვიურად 5 ლარის, 2003წ. 1 იანვრიდან 2004წ. 1 ოქტომბრამდე ერთდროულად 462 ლარის, ოპერაციისთვის - 800 ლარისა და სასამართლოს ხარჯებისთვის 100 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ აპელანტის მოთხოვნა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია, რადგან იგი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ქვითრით, დანარჩენ ნაწილში კი აპელანტის მოთხოვნა პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, კერძოდ, უსაფუძვლოა აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა დადატებითი თანხების ანაზღაურების შესახებ, რადგან მხარემ სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა იმ გარემოებების არსებობა, რის გამოც აუცილებელი გახდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1998წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხების გაზრდა. სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან მათში მითითებულია მხოლოდ ამჟამინდელი ფასები და შეუძლებელია დადგინდეს, განიცადეს თუ არა მათ არსებითი ცვლილება. სააპელაციო სასამართლოს ასევე არასწორად მიიჩნია აპელანტის მითითება მოპასუხის საწარმოს არაკვალიფიციური მუშის ხელფასზე, რადგან იგი არ იყო ამ საწარმოს მუშაკი და რაიონულმა სასამართლომ ამ საკითხთან მიმართებაში არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 დადგენილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სანიტრის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის გაზრდისა და 2003წ. 1 ოქტომბრიდან 2004წ. 1 ოქტომბრამდე ერთდროულად 462 ლარის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მისთვის ოპერაციის ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რადგან, მართალია, აპელანტმა მოპასუხის ბრალით მიიღო ბავშვობაში დაზიანება, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ოპერაცია მიზეზობრივ კავშირშია და გამომდინრეობს მის მიერ 1984 წელს მიღებული დაზიანებიდან. მხოლოდ ექიმის ცნობას იმის თაობაზე, რომ აპელანტს ესაჭიროება ოპერაცია, პალატამ დამდგარ შედეგში მოწინააღმდეგე მხარის ბრალის დამადასტურებლად ვერ მიიჩნია, ამდენად, სკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რადგან, მართალია, ზ.ჩ-ეს მოპასუხის ბრალით მიადგა ზიანი, მაგრამ იგი დაზიანების მომენტისთვის იყო არასრულწლოვანი და არ იყო მოპასუხე საწარმოს მუშაკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დავა უნდა გადაეწყვიტა არა პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე, არამედ სკ-ის ნორმების შესაბამისად.
ვინაიდან გადაწყვეტილება ნაწილობრივ შესულია ძალაში, პალატამ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნების კანონიერებასა და მათ სამართლებრივ შეფასებაზე ვერ იმსჯელა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და ლ.ჩ-ეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესები”. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტი აწესრიგებს უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარი ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების წესს. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი მის მოთხოვნას, რადგან არაკვალიფიციური მუშაკის ხელფასი 39 ლარი გახდა, სანიტრის _ 30 ლარი. ასევე გაიზარდა პროდუქტის ღირებულება. იგი თვლის, რომ მისი მოთხოვნები შესაბამისი მტკიცებულებებით დაასაბუთა, კერძოდ, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებიდან წარადგინა ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ სანიტრის ხელფასი 50 ლარია. სასამართლოს წარუდგინა ცნობები ბაზრიდან, რითაც დგინდება პროდუქტებზე ფასების ზრდა და ცნობა ექიმისაგან, რომლითაც ირკვევა, რომ ავადმყოფს ესაჭიროება თვალზე ქირურგიული ჩარევა. ამასთან, კასატორმა გაზარდა მოთხოვნა და ნაცვლად 15 ლარისა, მომვლელისათვის ითხოვს 19,5 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი”. აღნიშნული ნორმატიული აქტი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ დ. ჩ-ე არ იყო სს «ტ-ის” მუშაკი, მას ბავშვობაში აუფეთქდა ელექტროდეტენატორი და როგორც დელიქტით გამოწვეული ზიანი, სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა სს „ტ-ს”. ამდენად, სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყდეს სკ-ის ნორმებით, მაგრამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა კონკრეტული ნორმაზე, ე.ი. სასამართლომ დავა ისე გადაწყვიტა, რომ არ მისცა მას იურიდიული შეფასება (კვალიფიკაცია), შესაბამისად, დაუსაბუთებელია გადაწყვეტილებაც. პალატა მიუთითებს, რომ დავის სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრას სასამართლოსათვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარჩელის დასაბუთებულობის საკითხს გადაწყვეტს. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია 408-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მეშვეობითაც გაირკვევოდა სარჩელის დასაბუთებულობა.
პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას თვალზე ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებელი თანხის – 800 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე. უდავოა, რომ სარჩოს ზიანისათვის მოსარჩელე იღებს მოპასუხისაგან. ასევე, უდავოა, რომ ზიანი (ორივე თვალით დაბრმავება) გამოწვეულია ელექტროდეტონატორის აფეთქებით. მოსარჩელემ მოითხოვა თვალის ქირურგიული ოპერაციისათვის 800 ლარის ანაზღაურება და წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებანი. პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოპასუხის მიზეზობრივ კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის თაობაზე, რადგან უდავოა დელიქტმა გამოიწვია ორივე თვალის დაზიანება. საქმეში არსებობს მტკიცებულება ქირურგიული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა აღნიშნული მტკიცებულებები და დაედგინა გარემოებანი, მიეცა მათთვის სათანადო შეფასება და ისე უნდა გადაეწყვიტა მიზეზობრივი კავშირის არსებობა-არარსებობის საკითხი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითება სკ-ის 412-ე მუხლზე და უარი აღნიშნული თანხის დაკისრებაზე, დაუსაბუთებელია.
პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება დამატებითი თანხების (სანიტრის მომსახურებისა და ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი.
პალატა არ იზიარებს კასატორის გაზრდილ მოთხოვნებს მომვლელის თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან სსკ-ის 406-ე მუხლით, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე, დაუშვებელია.
პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. და ლ.ჩ-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.