გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-879-1109-04 10 მარტი, 2005 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: შესყიდვის უპირატესი უფლების მქონე პირად აღიარება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამბროლაურის რაიკოოპერატივისა და ლე. ს-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ამბროლაურში, ... ¹35-ში მდებარე წიგნების მაღაზიის შესყიდვის უპირატესი უფლების მქონე პირად აღიარება და ამბროლაურის რაიკოოპერატივსა და ლე. ს-ეს შორის დადებული მაღაზიის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, 1989 წელს მან დააფუძნა ფირმა «თოკი», რომელსაც საოფისედ გადაეცა წიგნების მაღაზიის მეორე სართულზე მდებარე ხუთი ოთახი, თუმცა საიჯარო ქირის გადახდა ვერ შეძლო, რადგან შენობა რაიკოოპერატივის სახელზე დადგენილი წესით რეგისტრირებული არ აღმოჩნდა. მესაკუთრის დადგენამდე რაიკოოპერატივის გამგეობამ 1999წ. 22 დეკემბერს მიიღო დადგენილება წიგნების მაღაზიის პრივატიზაციის შესახებ, ხოლო რაიკოოპერატივის რწმუნებულთა კრებამ 1999წ. 24 ოქტომბრის დადგენილებით შენობა 1500 ლარად მიჰყიდა ლ.ს-ეს. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გარიგება ბათილია, ვინაიდან წიგნების მაღაზიის გაყიდვის დროს _ 1999წ. 24 დეკემბერს, რაიკოოპერატივი არ იყო მისი მესაკუთრე, არ გააჩნდა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი მესაკუთრეობის შესახებ და მესაკუთრედ არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ა.გ-ის განმარტებით, აღნიშნულ შენობას იგი 10 წელზე მეტ ხანს ფლობდა, ამდენად, სსკ-ის 180-ე და სკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე, აღიარებული უნდა იქნეს ამ შენობის შესყიდვის უპირატესი უფლების მქონე პირად.
ლე. ს-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 38 წლის განმავლობაში მუშაობდა რაიკოოპერატივში, იყო მისი მეპაიე, ამდენად, გააჩნდა სადავო ფართის უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიც მან გამოიყენა. ამბროლაურის რაიკოოპერატივმაც სარჩელი არ ცნო.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო შენობაზე ა.გ-ეს მიეცა შესყიდვის უპირატესი უფლება სკ-ის 155-ე, 159-ე და 169-ე მუხლების გამოყენებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ა. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2001წ. 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განჩინებით ლე. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამბროლაურის რაიკოოპერატივის გამგეობის 1999წ. 22 დეკემბერის დადგენილებით მოხდა ამბროლაურში ... ქ.¹35-ში მდებარე შენობის პრივატიზაცია. ამბროლაურის რაიკოოპერატივის რწმუნებულთა კრებამ 1999წ. 24 დეკემბერს დაადგინდა აღნიშნული შენობის ლე. ღოღელიანზე (ს-ეზე) გასხვისება. აღნიშნულის შემდგომ ცეკავშირის გამგეობის 2000წ. 24 აპრილის ¹7 დადგენილებით ამბროლაურის რაიკოოპერატივის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სადავო შენობის 2000 ლარად გასხვისების ნება დაერთო. საბოლოოდ, 2001წ. 27 ივლისის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით რაიკოოპერატივის სადავო შენობა საკუთრებაში გადაეცა ლ.ღოღელიანს. 2000წ. 25 აგვისტოს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. გ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნულ შენობაზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადება, რაც იმავე სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ რაიკოოპერატივის ნასყიდობის მომენტში სადავო შენობა გასხვისების უფლება არ ქონდა, რადგან ამ მომენტისათვის რაიკოოპერატივი არ წარმოადგენდა სადავო შენობის კანონიერ მესაკუთრეს. პალატამ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2001წ. 27 ივლისს. ხელშეკრულებაში გასაყიდი ობიექტის კუთვნილების საკითხის საფუძვლად მითითებულია ამბროლაურის ტექაღრიცხვის ბიუროს 2001წ. 23 ივლისის ¹60 ცნობა-დახასიათება და სასამართლოს 2001წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება. ანალოგიური ინფორმაციაა მითითებული ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ ლ.ს-ე-ღოღელიანის სახელზე გაცემულ ცნობა-დახასიათებაში. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ სადავო შენობის მესაკუთრედ რაიკოოპერატივი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იქნა ცნობილი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიკოოპერატივმა გადაწყვეტილება 1999წ. 22 და 24 დეკემბრის დადგენილებებით სადავო შენობის პრივატიზაციისა და მისი ყიდვა-გაყიდვის შესახებ მიიღო სადავო შენობის მესაკუთრედ აღიარებამდე, ანუ იურიდიულად მასზე მესაკუთრედ ცნობამდე, რისი უფლებაც მას, სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ ჰქონდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო შენობა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, ე.ი. 2002წ. 8 თებერვალს, ამბროლაურის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული არ იყო. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამბროლაურის რაიკოოპერატივმა გადაწყვეტილება სადავო ქონების გაყიდვის თაობაზე მიიღო 1999 წელს, ხოლო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა 2001წ. 27 ივლისს, რა დროსაც სკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებისა და 1515-ე მუხლის თანახმად, ამ ქონებაზე საკუთრების ცნობისათვის სავალდებულო იყო მისი საჯარო რეესტრში (ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის) რეგისტრაციის არსებობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შენობის პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილებები და, შესაბამისად, გარიგება მისი გასხვისების ანუ ყიდვა-გაყიდვის შესახებ მიიღო და განახორციელა არა მესაკუთრე იურიდიულმა პირმა ამბროლაურის რაიკოოპერატივის სახით. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 54-ე მუხლით და განმარტა, რომ სადავო ობიექტის ყიდვა-გაყიდვის გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი წესის დარღვევა, ანუ ცალკეული გარიგებისათვის დამახასიათებელი სპეციალური პირობის შეუსრულებლობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა სკ-ის 311-ე და 1515-ე მუხლებით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნების უგულებელყოფაში. გარდა ამისა, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შენობაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას იგნორირებულ იქნა სსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2000წ. 25 აგვისტოს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო სადავო „წიგნების მაღაზიის” შენობას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აღნიშნული განჩინება ამბროლაურის რ-ის სახელმწიფო სანოტარო კანტორას ჩაბარდა 2000წ. 6 სექტემბერს. ამასთან, მოცემულ დავაში მოპასუხის სტატუსით მონაწილე ამბროლაურის რაიკოოპერატივს ყადაღის განჩინება ჩაბარდა 2000წ. 5 სექტემბერს და არ გაუსაჩივრებია. ამდენად, მას დაყადაღებული ქონების გასხვისების უფლება არ ჰქონდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ ყადაღის განჩინების მიღების დროს, ე.ი. 2000წ. აგვისტოში სადავო შენობა არ იყო საჯარო რეესტრში ანუ ტექაღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული, რის გამოც დაყადაღების აქტი საჯარო რეესტრში არ ყოფილა გადაგზავნილი, რასაც ითვალისწინებს «სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 631 მუხლი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ლ. ს-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, სადავო ფართი მან რაიკავშირის გამგეობის 1996წ. 28 ივნისის ¹40 დადგენილების საფუძველზე, რომლის თანახმად, კოოპერატიული ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება მეპაიეებსა და სისტემის მუშაკებს მიენიჭათ, 2000 ლარის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა. მხარემ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ა.გ-ე არ წარმოადგენდა წიგნების მაღაზიის სკ-ის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ მესაკუთრეს, 169-ე მუხლის შესაბამის უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს, ამდენად, მას ხსენებულ შენობასა და მის გასხვისებასთან არაფერი ესაქმებოდა. კასატორის აზრით, დგება ა.გ-ის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის საკითხი, რასაც ადასტურებს საკასაციო სასამართლოს მსჯელობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების საკითხი არასათანადო მხარის მიერაა დასმული. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა ლ.ს-ის შუამდგომლობა ა.გ-ის არასათანადო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, მაშინ, როცა სსკ-ის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს თავად უნდა შეეცვალა ა.გ-ე სათანადო მოსარჩელით. ლ.ს-ის აზრით, სააპელაციო პალატა გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და მოახდინა საკასაციო სასამართლოს განჩინების გადასინჯვა. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს აღსრულებული იყო თუ არა განჩინება ამ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ანუ მითითებული განჩინების შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადება რეგისტრირებული იყო თუ არა საჯარო რეესტრში ან ტექბიუროში. მხარის აზრით, საკასაციო სასამართლოს შენობის პრივატიზების დოკუმენტების კანონიერების საკითხის გარკვევა სააპელაციო პალატისათვის არ დაუვალებია. კასატორის განმარტებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საუბარია კოოპერაციულ და არა სახელმწიფო ქონებაზე, პრივატიზაცია ჩატარდა კანონის დაცვით, რაიკოოპერატივმა კანონიერად დაიწყო მის ბალანსზე რიცხული შენობის პრივატიზაცია, გასცა რწმუნებულთა კრებისა და გამგეობის დადგენილებები, რომელთა საფუძველზე ცეკავშირმა ნებართვა მისცა სადავო უძრავი ნივთის ლ.ს-ისათვის მიყიდვაზე. შენობა აგებულ იქნა 1969 წელს და ირიცხებოდა რაიკოოპერატოვის ბალანსზე, რაც სადავო მხოლოდ ა.გ-ის სარჩელის შემდეგ გახდა. კასატორის მითითებით, პრივატიზაციის პროცესში მიღებული დადგენილებების კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში 2001წ. 27 ივლისის შენობა ტექბიუროში რეგისტრირებული იყო. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ 2000წ. 25 აგვისტოს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს განჩინება შენობაზე ყადაღის დადების შესახებ აღსრულებული არ იყო, რასაც ადასტურებს ცნობა-დახასიათება ¹60 სადავო შენობის დაყადაღების თაობაზე ცნობის არარსებობის შესახებ, ასევე, ტექბიუროს უფროსი მ.მ-ისა და რაიკოოპერატივის თავმჯდომარე ზ.დ-ის განმარტებები. ლ.ს-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმება და ა.გ-ის არასათანადო მოსარჩელედ ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 16 ივნისის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააყრდნო იმ გარემოებას, რომ ამბროლაურის რაიკოოპერატივმა გადაწყვეტილება სადავო ქონების გაყიდვის თაობაზე მიიღო 1999 წელს, ხოლო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა 2001წ. 27 ივლისს, რა დროსაც სკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებისა და 1515-ე მუხლის თანახმად, ამ ქონებაზე საკუთრების ცნობისათვის სავალდებულო იყო მისი საჯარო რეესტრში (ტექნიკური აღრიცხვის სამსახური) რეგისტრაცია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო შენობა ნასყიდობის დროს სათანადო წესით რეგისტრირებული არ იყო. ამასთან, ამავე გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებაში სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გასაყიდი ობიექტის კუთვნილების საკითხის საფუძვლად მითითებულია ამბროლაურის ტექაღრიცხვის ბიუროს 2001წ. 23 ივლისის ¹60 ცნობა-დახასიათება და სასამართლოს 2001წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება. ტექაღრიცხვის ბიუროს ცნობა-დახასიათება წარმოდგენილია საქმის მასალებშიც. ამდენად, სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასაბუთება არ გამომდინარეობს მის მიერვე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა რა დასახელებულ მტკიცებულებაზე (¹60 ცნობა-დახასიათება) და გადაწყვეტილებაში არ მიუთითა იმ მოსაზრებებზე, რომლითაც უარყო იგი, დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული ხელშეკრულების ბათილობის ცალსახა საფუძველს არ წარმოადგენს საოლქო სასამართლოს მიერ დასახელებული გარემოება. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოყვეს მესამე პირისათვის საჯარო რეესტრში საკუთრების არასწორად აღრიცხვას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სკ-ის 185-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის ძალითაც შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით და საკასაციო სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიცემული განმარტებითაც დადგენილია, რომ ა. გ-ე თავის მოთხოვნას ადასტურებდა იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან ლ. ს-ე არ იყო მეპაიე და არ ჰქონდა სადავო ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება, ა. გ-ემ დაკარგა აუქციონზე შესყიდვის გზით ქონების მიღების შესაძლებლობა. გ-ის მოსაზრებით, არც ერთ მხარეს დავის საგნის შესყიდვის უპირატესობა არ გააჩნია და თანაბარ საწყისებზე არიან. ამ გარემოებასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს არ შეუფასებია და ამ საკითხზე არ უმსჯელია. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით უნდა დაადგინოს სადავო ნივთის მესაკუთრის იურიდიულ სტატუსი; მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, წესდების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უნდა იმსჯელოს, წარმოადგენდა თუ არა ლ. ს-ე მეპაიეს და აღჭურვილი იყო თუ არა რაიმე პრივილიგირებული უფლებებით. ამავდროულად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს რა აღიარებით სარჩელს, ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არსებობდა თუ არა ამგვარი სარჩელის აღძვრის და განხილვის აუცილებელი წინაპირობა, ანუ რამდენად სავარაუდო იყო მოსარჩელე ა.გ-ის უფლების მომავალში დარღვევის საშიშროება. ამ მოთხოვნას აწესებს სსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სადავო ნივთზე ყადაღის დადების საკითხსაც და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ ყადაღის განჩინების მიღების დროს, ე.ი. 2000წ. აგვისტოში სადავო შენობა არ იყო საჯარო რეესტრში ანუ ტექაღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული, რის გამოც დაყადაღების აქტი საჯარო რეესტრში არ ყოფილა გადაგზავნილი, რასაც ითვალისწინებს «სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 631 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, ყადაღადადების აქტის ასლი იგზავნება საჯარო რეესტრში. ამ მხრივ ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული საოლქო სასამართლოს მსჯელობა, ვინაიდან სასამართლოს დასკვნა ფაქტობრივ დასაბუთებას არ ემყარება. კერძოდ, სასამართლო არ უთითებს იმ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო შენობა ტექაღრიცხვის სამსახურში არანაირი სახით არ იყო რეგისტრირებული.
ამდენად, საოლქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ და საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლე. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.