გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-884-1179-05 29 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე) ,რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: სამკვიდროს გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 14 მაისს გარდაიცვალა გ.პ-ი, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილი ა. პ-ი და შ-ი თ. პ-ი. თ. პ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხე ა. პ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ გ. პ-ს დარჩა სამკვიდრო ქონება _ რუსთავში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მასში არსებული მოძრავი ნივთებით. სამკვიდრო ქონებას დაეუფლა ბიძა, ა. პ-ი. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ბინა აწ გარდაცვლილ გ. პ-ს 2004წ. 8 აპრილს უჩუქებია ა. პ-ისათვის და აღრიცხულია მის სახელზე. მოსარჩელემ მოითხოვა გ. პ-ის მემკვიდრედ ცნობა, მოძრავი ნივთების 1/2-ისა და ბინაზე სავალდებულო წილის სახით საკომპესაციო თანხის მიკუთვნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის სადავო ქონება სამკვიდრო მასაში არ შედიოდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით თ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. პ-ი ცნობილ იქნა გ. პ-ის დანაშთ მოძრავ ქონებაზე - სამზარეულოს ნაკრებსა და მაცივარ „ზილმასკვას“ 1/2-ის მემკვიდრედ. ა. პ-ს დაეკისრა ბინის ნაწილში სავალდებულო წილის სახით 2625 ლარის კომპესაციის გადახდა თ. პ-ის სასარგებლოდ.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 12 აპრილის განჩინებით ა.პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ. პ-ის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალი აღარ იყო მისი შვილი ა.ი, თ. პ-ის მამა. თ. პ-ი, ა. პ-თან ერთად წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს სკ-ის 1336-ე მუხლის მიხედვით. მამკვიდრებელმა სადავო ბინა გააჩუქა სამკვიდროს გახსნამდე 2004წ. 8 აპრილს. სააპელაციო პალატამ სკ-ის 1371-ე, 1372-ე და 1378-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ თ. პ-ს გააჩნია სავალდებულო წილისა და გაჩუქებული ნივთის (ბინის ) ხარჯზე წილის გაზრდის მოთხოვნის უფლება. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სავალდებულო წილის კომპენსაციის მოცულობის დადგენისას საქალაქო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ბინის რეალური ღირებულება და ფართი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სავალდებულო წილის თანხა დადგენილ იქნა მხარეთა მიერ მოპოვებული და წარდგენილი მტკიცებულებების აუდიტის დასკვნათა საშუალო მონაცემების შესაბამისად.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით, დარღვეულია სკ-ის 1371-ე მუხლის მოთხოვნა. სავალდებულო წილი გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით მემკვიდრეებზე ანდერძის შემთხვევაში. ანდერძი არ არსებობდა და მოსარჩელეს არ გააჩნია სავალდებულო წილის მიღების უფლება გაჩუქებული ნივთის ხარჯზე. კასატორის აზრით, სამკვიდრო მასა არ არსებობდა, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ბინა აღრიცხული იყო მის საკუთრებად. ასევე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1378-ე მუხლი და არასწორად განსაზღვრა სადავო ბინის ღირებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1371-ე მუხლი. ეს ნორმა განსაზღვრული ზომით ზღუდავს ანდერძით მემკვიდრეთა ამორჩევის თავისუფლებას. მასში ჩამოთვლილ მემკვიდრეებს აქვთ სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, გაითვალისწინა თუ არა ისინი მოანდერძემ ანდერძით. სავალდებულო წილის მიღების საკითხი არ დადგება, თუ არ არის შედგენილი ანდერძი, ვინაიდან იგი ანდერძთანაა დაკავშირებული და ხორციელდება მის წინააღმდეგ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მიერ ანდერძი არ ყოფილა შედგენილი, შესაბამისად, ვერ დადგება სავალდებულო წილის მიღების საკითხი. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1371-ე და 1378-ე მუხლები.
დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ბინის ღირებულების დადგენისა და, შესაბამისად, წილის კომპენსაციის მოცულობის დადგენის ნაწილში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით სადავო ბინა შეფასებულია 15300 ლარად, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნით _ 6000 ლარად. სასამართლომ კი ბინის ღირებულება განსაზღვრა ორივე დასკვნის საშუალო მონაცემის შესაბამისად _ 10500 ლარად, ამასთან, არ მიუთითა მოსაზრებებზე, რასაც სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება, რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე მამკვიდრებლის მიერ არ არის შედგენილი ანდერძი, სასამართლომ ფაქტების სამართლებრივი შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს სკ-ის 1452-1483-ე მუხლებით (სამკვიდროს გაყოფა). იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სამკვიდრო ქონების ღირებულების შესახებ არ მიიჩნევს სარწმუნოდ, სსსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა. ასევე სასამართლომ უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავნონ (სსსკ-ის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 12 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები განისაზღვროს და განაწილდეს მხარეთა შორის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.