დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-891-1506-03 9 მარტი, 2006 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ფ-ძემ 1999წ. 29 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – მ. ბ-იასა და ი. ზ-ძის მიმართ და აღნიშნა, რომ 1990 წელს ლ. ფ-ძემ შ. ა-ვისაგან იყიდა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლი, რომლის საცხოვრებელი ფართიდან 17 კვ.მ ოთახი ეკავათ მ. ბ-იასა და მისი ოჯახი წევრებს. მ. ბ-იამ შ. ა-ვასთან დადებული ერთწლიანი გირავნობის ხელშეკრულებით გადაიხადა 5 000 მანეთი, ხოლო ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ბინის ქირა 10 მანეთის ოდენობით. 1990 წლიდან, მ. ბ-იას ახალი მესაკუთრისათვის ბინის ქირა არ გადაუხდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება, ბინის ქირის _ 2160 ლარისა და მორალური ზიანის _ 6000 ლარის გადახდევინება.
აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვის დროს გარდაიცვალა მოპასუხე მ. ბ-ია და საქმეში უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მისი მეუღლე ი. ზ-ძე.
მოგვიანებით ლ. ფ-ძემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, რომ გირავნობის გარიგებაში მითითებული თანხა გაქვითულ იქნეს ბინის ქირის სახით გადასახდელ თანხაში, რომელიც შეადგენს 4000 ლარს და მოპასუხე გამოსახლებულ იქნეს სადავო ბინიდან, მასვე დაეკისროს 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
ი. ზ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ სადავო ოთახში ჩატარებული რემონტისა და სამზარეულოს მიშენების ხარჯების ანაზღაურება 5092 ლარის ოდენობით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ასევე, არ დაკმაყოფილდა ი. ზ-ძის შეგებებული სარჩელიც.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ფ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ი. ზ-ძის ბინის ქირის გადაუხდელობისა და ბინიდან გამოსახლების ნაწილში. ასევე მოსარჩელემ მოითხოვა შ. ა-ვის მიერ ხელწერილში მითითებული თანხის გაქვითვა ბინის ქირაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განჩინებით ლ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... შესახვევის ¹9-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლში ერთი 17 კვ.მ ოთახი უკავია აწ გარდაცვლილი მ. ბ-იას მეუღლე ი. ზ-ძეს; მ. ბ-იამ სახლის ყოფილ მესაკუთრე შ. ა-ვს გადაუხადა 5000 მანეთი. სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კანონი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ», ვინაიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა, რომ მოპასუხის ბინის ქირის დავალიანება _ 4000 ლარი ჩათვლილიყო გირავნობის ხელწერილში მითითებული თანხის გადახდაში, რადგან საქართველოს კანონის «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» მე-5 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მოსარგებლის ვალდებულებას მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე გაეთავისუფლებინა სადგომი, თუ მესაკუთრე მოსარგებლეს მისცემდა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას, გაუქმებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ფ-ძემ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი რითაც დასტურდება, რომ მოპასუხე ფლობს სადავო ფართს. საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება კი ადასტურებს, რომ ი. ზ-ძეს შეწყვეტილი აქვს ნივთზე მფლობელობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არასწორი შეფასება მიეცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ლ. ფ-ძემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის უკან დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 27 თებერვლის განჩინებით შეჩერდა აღნიშნული საქმის წარმოება, კერძოდ, სსკ-ის 441-ე მუხლისა და «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-81 მუხლის საფუძველზე «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.
2005წ. 30 ივნისს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები.
2005წ. 9 სექტემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ლ. ფ-ძის საკასაციო საჩივარზე და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი განხილვის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 441-ე მუხლის თანახმად, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოებმა შეაჩერეს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავების განხილვა, აგრეთვე, შეჩერდა სააღსრულებო მოქმედებები და საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდათ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.
2005წ. 30 ივნისს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შედეგად საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აცილებულ იქნა, რის გამოც, სსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, გოგებაშვილის მეორე შესახვევის ¹9-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფართიდან 17 კვ.მ. ერთი ოთახი უკავია აწ გარდაცვლილი მ. ბ-იას მეუღლე ი. ზ-ძეს, რომელიც წარმოადგენს სადავო ოთახის მოსარგებლეს, კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ პრეტენზია არ წამოუყენებია, რითაც იგი დაადასტურებდა, რომ ი. ზ-ძე არ წარმოადგენს სადავო ოთახის მოსარგებლეს და რომ მას მიტოვებული ჰქონდა ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობა. უფრო მეტიც, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის გამოსახლებას იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები სარგებლობენ მისი საკუთრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს შეწყვეტილი აქვს სადავო ნივთზე მფლობელობა.
2005წ. 30 ივნისს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ, კერძოდ, ამ კანონის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში მითითებული ნორმით დადგენილი პირობები მესაკუთრეს არ შეუსრულებია, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მოპასუხეების გამოსახლების შესახებ უსაფუძვლოა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.