გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-921-1535-03 26 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,მ. ცისკაძე
დავის საგანი: უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1970წ. 1 მარტს ქ. თ-ეს, ლ. ა-ესა და ე. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ. ე. მ-მა გ. თ-ესა და ლ. ა-ეს უვადოდ გადასცა 34 კვ.მ ორი ოთახი შენიღბული და ღია აივნით, სარდაფითა და სამზარეულოთი. გ. თ-ესა და ლ. ა-ეს უნდა გადაეხადათ ბინის ქირა.
გ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ., ნ. და ნა. თ-ეების მიმართ და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე, კერძოდ, ბინის გამქირავებელი – ე. მ-ი არ იყო ბინის მესაკუთრე, მას არ ჰქონდა უფლება რაიმე სახით გარიგებოდა და დროებით ან მუდმივ სარგებლობაში გადაეცა გ. თ-ისა და მისი ოჯახისათვის ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გ. მ-მა სარჩელით მოითხოვა, გ., ნ. და ნა. თ-ეები მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ საცხოვრებელი ბინიდან.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-ის წარმომადგენლებმა ე. და გ. ა-იებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. მ-ის წარმომადგენლების, ე. და გ. ა-იების, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ შეუწყდათ მფლობელობა ნ., ნა. და გ. თ-ეებს თბილისში, ..... მდებარე სახლის პირველ სართულზე განთავსებულ გ. მ-ის პირადი საკუთრების 34 კვ.მ ორ საცხოვრებელ ოთახზე, დამხმარე სათავსებზე და ისინი გამოსახლდნენ აღნიშნული ფართობიდან.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს არა კანონი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ», არამედ _ სკ-ს ნორმები. სააპელაციო პალატამ იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» კანონის მე-5 და მე-7 მუხლები, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სკ-ს 168-ე მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნა. თ-ემ, ნ. თ-ემ და გ. თ-ის წარმომადგენელმა ნ. თ-ემ, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა”, «ბ”, «გ” პუნქტების და 394-ე მუხლის «ე” პუნქტის თანახმად, იგი ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ: გამოიყენა სკ-ს 168-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 162-ე მუხლი; სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო რა სკ-ს 170-ე მუხლს, არასწორად განმარტა მისი შინაარსი და არ გაითვალისწინა ამავე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო აბზაცი, მე-2 ნაწილის მოთხოვნები, არასწორად გამოიყენა კანონი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელეთა გამოსახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უზრუნველყოფდა შესაბამისი ბინით ან გადაუხდიდა ამ ბინის შესაბამის კომპენსაციას; სააპელაციო პალატამ ისე დააკმაყოფილა გ. მ-ის წარმომადგენლების, ე. და გ. ა-იების, სააპელაციო საჩივარი, რომ მათ სსკ-ს 98-ე მუხლის თანახმად, არ ჰქონდათ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 1998წ. 25 ივნისის საქართველოს კანონში «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” 2003წ. 5 დეკემბერს შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტმა 2004წ. 1 მაისამდე უნდა მიიღოს იქნეს ამ კანონში შესატანი ცვლილებები.
სამოტივაციო ნაწილი:
2003წ. 5 დეკემბერს საქართველოს კანონში «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” შეტანილია ცვლილებები. «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა 2004წ. 1 მაისამდე უნდა მიიღოს ამ კანონში შესატანი ცვლილებები. პარლამენტის დადგენილების თანახმად, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლომ უნდა შეაჩეროს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავები და მათ უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება-მოვალეობანი საცხოვრებელ სადგომზე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება მესაკუთრესა და მოსარჩელეს შორის არსებულ ე.წ. დათმობის ურთიერთობებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 279-ე მუხლის «ე” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნა. თ-ის, ნ. თ-ის და გ. თ-ის წარმომადგენლის, ნ. თ-ის, საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდეს სამოქალაქო საქმეზე – გ. მ-ის სარჩელით მოპასუხეების, ნა., გ. და ნ. თ-ეების მიმართ უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, ბინიდან გამოსახლების შესახებ – საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღებამდე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.