დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-938-1217-05 21 ივლისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მაკანტალაშვილმა 2004წ. 10 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 2004წ. 31 იანვარს მან საკუთარი ავტომანქანა «მერსედეს-ბენცი», პარკირების მიზნით გააჩერა შპს «ინტერსერვისის» შემოღობილ და დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაცულ ტერიტორიაზე, რისთვისაც გადაიხადა საფასური _ 1 ლარი და მიიღო საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ¹31. გ.მაკანტალაშვილი სადგომზე დაბრუნდა 30-35 წუთის შემდეგ, სადაც ავტომანქანა ვეღარ აღმოაჩინა. მან დაუყოვნებლივ მიმართა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, წარუდგინა ქვითარი და მოსთხოვა შესაბამისი ზომების მიღება მანქანის მოსაძებნად. მოსარჩელის მითითებით, ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ავტომანქანით შეიძლებოდა მხოლოდ დაცვის სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ არსებული გასასვლელიდან.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹0704173, სადაც გ. მაკანტალაშვილი დაზარალებულად იქნა ცნობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სკ-ის 781-ე, 785-ე და 997-ე მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა შპს «იტერსერვისისათვის» მიყენებული ზიანის _ 11 000 აშშ დოლარის _ ანაზღაურების დაკისრება და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2004წ. 31 იანვარს გ. მაკანტალიშვილსა და შპს «ინტერსერვისს» შორის დაიდო მოძრავი ნივთის მიბარების სასყიდლიანი ხელშეკრულება, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ გაცემული საქმეში წარმოდგენილი ქვითრით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქვითარი გაცემული იყო მხოლოდ მანქანის პარკირებისათვის, ვინაიდან თვით ქვითარზე მითითებულია, რომ მფლობელი ვალდებულია‚ ტრანსპორტის ტერიტორიიდან გაყვანისას წარმოადგინოს ქვითარი, რითაც დასტურდება მოპასუხის ვალდებულება, შეინახოს მიბარებული საქონელი. აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს ასევე საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ვაკე-საბურთალოს რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს «ინტერსერვისს» შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით «დაცვას» ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს დამქირავებლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვა 24 საათის განმავლობაში.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 763-ე, 770-ე და 394-ე მუხლებით და 2004წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მაკანტალაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. შპს «ინტერსერვისს» დააკისრა 11 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რაც შეეხება გ. მაკანტალაშვილის მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა, სსკ-ის 268-ე მუხლის «ზ» პუნქტის შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ინტერსერვისის» დირექტორმა გ. დაბრუნდაშვილმა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიჩნია და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს «ინტერსერვისის» მითითებული ტერიტორია, სადაც მაკანტალაშვილის ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, წარმოადგენს ავტომობილებისა და ავტონაწილების მაღაზიების ბაზრობის გარე პერიმეტრს, სადაც შაბათ-კვირაობით ნებისმიერი ავტომობილის მფლობელი უფლებამოსილია‚ დღიური სავაჭრო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ დააყენოს ავტომობილი სავაჭროდ. ამასთან, ავტომობილის მფლობელი საჯაროდ გამოკრული განცხადებით ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ბაზრობის გამართვის დღეებში ბაზრობის ადმინისტრაცია მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს. ბაზრობის ტერიტორიიდან გასვლისას მოვაჭრე ვალდებულია წარადგინოს ქვითარი, მხოლოდ იმის გამო, რომ დაადასტუროს სავაჭრო მოსაკრებლის გადახდის ფაქტი. შპს «ინტერსერვისი» ავტომობილებს იბარებს და მათზე მატერიალურად პასუხისმგებელია მას შემდეგ, რაც ავტომობილი თავსდება ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და რეგისტრირდება დაცვის სამსახურის მიერ ნაწარმოებ, მიბარებული ავტომობილების აღსარიცხ სპეციალურ რეესტრში. მიბარებულ ნივთზე გაცემულ ქვითარზე დასმულია შპს «ინტერსერვისის» ბეჭედი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის დადებული გარიგება და იგი მიბარების ხელშეკრულებად მიიჩნია.
გარდა ამისა, აპელანტი არ დაეთანხმა აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც დაკარგული ავტომანქანა შეფასებულ იქნა 10 000-15 000 აშშ დოლარად, ვინაიდან ის პარამეტრები, რომლებიც აღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად, არ აღირიცხება ავტომობილის ტექნიკურ პასპორტში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ახალ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004წ. 31 იანვარს გ.მაკანტალაშვილმა მისი კუთვნილი მანქანა «მერსედეს ბენცი» დააყენა შპს «ინტერსერვისის» სადგომზე; ავტომობილი დაიკარგა;
შპს «ინტერსერვისის» მიერ გაცემული ქვითარი ადასტურებს მხოლოდ მანქანის პარკირებას;
შპს «ინტერსერვისი» წარმოადგენს ავტობაზრობას და იგი თავის ტერიტორიას უთმობს ავტომფლობელებს ნივთის გასაყიდად, რის გამოც იღებს კიდეც მოსაკრებელს. ამასთან, იგი იბარებს ავტომობილებს შესანახად. მიბარების ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ავტომობილი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში და გაიცემა ქვითარი, რაზეც ერტყმება შტამპი;
გ.მაკანტალაშვილის მიერ წარმოდგენილ ქვითარს არ არტყია აღნიშნული შტამპი, არ არის მითითებული თარიღი და მანქანის სახელწოდება. ამასთან, მანქანა არ არის რეგისტრირებული სპეციალურ ჟურნალში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია გ.მაკანტალაშვილსა და შპს «ინტერსერვისს» შორის დადებული ხელშეკრულება სკ-ის 763-ე მუხლით გათვალისწინებულ მიბარების ხელშეკრულებად. შპს «ინტერსერვისსა» და ვაკე-საბურთალოს დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით კი დაცვა პასუხისმგებლობას იხსნის ჩაუბარებელ მანქანებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ინტერსერვისს» მოცემულ შემთხვევაში არ წარმოეშობა ნივთის დაბრუნების მოვალეობა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მაკანტალაშვილმა.
კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა შპს «ინტერსერვისის» მიერ გაცემული ქვითარი და უკანონოდ არ მიიჩნია იგი მიბარების ხელშეკრულებად. კასატორის მითითებით, მან თავისი ავტომანქანა შპს «ინტერსერვისის» საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გააჩერა, რომელსაც დაცვის პოლიციის მუშაკები იცავდნენ. გ. მაკანტალაშვილმა სიცრუედ მიიჩნია ასევე სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ შპს «ინტერსერვისი» აფორმებს მიბარების შესაბამის ხელშეკრულებას. კასატორის მტკიცებით, 2004წ. 31 იანვრისათვის შპს «ინტერსერვისს» არანაირი ბეჭედი და ჟურნალი არ ჰქონია და თუ ჰქონდა, სწორედ მას ეკისრებოდა აღნიშნულ ჟურნალში მისი მანქანის გატარების მოვალეობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით და გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004წ. 31 იანვარს გ.მაკანტალაშვილმა მისი კუთვნილი მანქანა «მერსედეს ბენცი» დააყენა შპს «ინტერსერვისის» სადგომზე, საიდანაც ავტომობილი დაიკარგა;
შპს «ინტერსერვისის» მიერ გაცემულ იქნა ქვითარი ¹31, რომელიც მხოლოდ მანქანის პარკირებას ადასტურებს;
შპს «ინტერსერვისი» წარმოადგენს ავტობაზრობას. იგი თავის ტერიტორიას უთმობს ავტომფლობელებს ნივთის გასაყიდად, რის გამოც იღებს კიდეც მოსაკრებელს. ამასთან, იგი იბარებს ავტომობილებს შესანახად. მიბარების ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ავტომობილი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში და გაიცემა ქვითარი, რაზეც ერტყმება შტამპი.
გ. მაკანტალაშვილსა და შპს «ინტერსერვისის» მომსახურე პერსონალს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იმ მომენტიდან, როდესაც ავტომანქანის მესაკუთრემ (კასატორმა) მიიღო ქვითარი. აღნიშნული ქვითარი წარმოადგენს ორმხრივი ნების გამოვლენას ანუ გარიგებას. სსკ-ის 50-ე მუხლის მიხედვით, «გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის». გარიგების შინაარსი, თუ ნება წერილობითი ფორმით არის გამოვლენილი, სწორედ წერილობით შედგენილი დოკუმენტიდან დგინდება. ამ შემთხვევაში შპს «ინტერსერვისის» მიერ გაცემული ¹31 ქვითრიდან. აღნიშნულ ქვითარზე ზუსტად არის მოცემული ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც, ერთი მხრივ, შპს «ინტერსერვისსა» და, მეორე მხრივ, გ. მაკანტალაშვილს ეკისრებოდა, კერძოდ, შპს «ინტერსერვისისათვის» გ. მაკანტალაშვილს უნდა გადაეხადა ერთი ლარი და აღნიშნული ქვითარი წარედგინა ტრანსპორტის ტერიტორიიდან გაყვანის დროს, ხოლო შპს «ინტერსერვისს» ეკისრებოდა მოვალეობა, მიეცა ავტოტრანსპორტის მფლობლისათვის მანქანის პარკირების შესაძლებლობა. სკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, «მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი». ამდენად, ზემოაღნიშნული ქვითრის მეშვეობით მხარეთა ნება იმდენად ერთმნიშვნელოვნადაა გამოვლენილი, რომ არ იძლევა გარიგების შინაარსში შეცდომის დაშვების შესაძლებლობასა და, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, გამოვლენილი ნების ახსნა-განმარტების საჭიროებას. შესაბამისად, გ. მაკანტალაშვილსა და შპს «ინტერსერვისს» შორის დადებული გარიგება ვერ ჩაითვლება მიბარების ხელშეკრულებად. აღნიშნული ქვითრის თანახმად, ავტოტრანსპორტის მფლობელს ენიჭებოდა მხოლოდ პარკირების უფლება, ხოლო შპს «ინტერსერვისს» მომხმარებლისათვის პარკირების შესაძლებლობის მინიჭების მოვალეობა. «პარკირება» უცხო სიტყვის «კალკია» ქართულ ტერმინოლოგიაში. იგი შვეიცარული წარმოშობისაა და ნიშნავს მანქანის გაჩერებას ავტოსადგომზე. თავისთავად‚ პარკირება არ გულისხმობს ავტოტრანსპორტის შესანახად მიბარებას, თუ პარკირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის შს დაცვის პოლიციის სამმართველოს მიერ შპს «ინტერსერვისის» ტერიტორიაზე პოლიციის ძალებით და საგანგაშო ღილაკის მეშვეობით დაცვის შესახებ 2003წ. 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, «დაცვა» ჩაუბარებელ ავტომანქანებზე, ოფისსა და მაღაზიებში არსებულ ფასეულობებზე იხსნის მატერიალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას. შპს «ინტერსერვისში» დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მოძრავი ნივთი მაშინ ითვლება ჩაბარებულად, თუ ამის შესახებ მითითებულია პარკირებისათვის გაცემულ ქვითარზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარი წესით გაცემული ქვითარი ითვლება მიბარების ხელშეკრულებად და ვრცელდება სკ-ის 763-ე_779-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. გარდა ამისა, სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად კი, მიბარების ხელშეკრულებით, შემნახველი კისრულობს შეინახოს შემნახველის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. ე.ი. იმისათვის რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მიბარების ხელშეკრულებად იქნას მიჩნეული, კანონი იმპერატიულად აწესებს მიბარების ხელშეკრულების არსებითი პირობის, კერძოდ, შემნახველის მიერ შენახვის ვალდებულების რეგლამენტირებას აღნიშნულ ხელშეკრულებაში. სადავო ქვითარი არ ითვალისწინებს მიბარების ხელშეკრულების არსებით პირობებს, შესაბამისად, გ. მაკანტალაშვილსა და შპს «ინტერსერვისს» შორის დადებული ხელშეკრულება მიბარების ხელშეკრულებას არ წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მაკანტალაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.