გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-947-1190-04 17 თებერვალი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა; მშენებლობისა და ტერიტორიის სარგებლობის უფლებების აკრძალვა.
აღწერილობითი ნაწილი:
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის დირექტორმა 2002წ. 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა ბ. ხ-ის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის თაობაზე კ. ხ-ისათვის 1986წ. 18 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამავე ბინის თაობაზე კ. ხ-ის სახელზე კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, კ. ხ-ისათვის ქ.თბილისში, ... მდებარე ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის ეზოში მშენებლობის და ტერიტორიის სარგებლობის უფლების აკრძალვა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საშუალო სკოლა მდებარეობს ქ. თბილისში, .... ამ სკოლის ეზოში ბ. ხ-ემ 1950 წელს ააშენა უნებართვოდ 18 კვ.მ-ის ერთი ოთახი ყოფილი მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს უკანა კედელზე. ხ-ის ოჯახი 1972 წელს აიყვანეს ბინის მიღების აღრიცხვაზე იმ პირობით, რომ ბინის მიღების შემთხვევაში დაანგრევდა უნებართვო ნაგებობას, რომელიც საშუალო სკოლის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიდა ხელს. კ.ხ-ის 5 სულიან ოჯახს 1980წ. 19 მარტს გამოეყო ოთხოთახიანი ბინა იმ პირობით, რომ ისინი დაუყოვნებლივ დაცლიდნენ უკანონოდ აშენებულ ნაგებობას; რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა უკანონო ნაგებობის დანგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა მისი დანგრევა. ხ-ეების ოჯახმა არა მარტო მიიღო ახალი ბინა, არამედ ძველის შენარჩუნებაც შეძლო და მოსარჩელისათვის 2002წ. ზაფხულში ცნობილი გახდა შემდეგი: ტექბიურომ უნებართვო ნაგებობა 1978 წელს აღრიცხა ბ.ხ-ის სახელზე 1978წ. 17 ივლისის ¹6\22 მომართვისა და საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში მიღების 1978წ. 10 ივლისის აქტის საფუძველზე. ბ. ხ-ეს 1986 წელს ეს ბინა უჩუქებია თავისი შვილისთვის კ. ხ-ისათვის. კ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ კი 2000წ. 20 იანვარს ეს ბინა კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობით გაიფორმა კ. ხ-ემ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ, ვინაიდან ხ-ეების ოჯახის მიერ 1980 წელს ახალი ბინის მიღებისას სადავო ბინა უკანონო ნაგებობას წარმოადგენდა, მათ ახალი ბინის მიღების შემდეგ კანონის თანახმად დაკარგეს სადავო ბინაზე უფლება, ამიტომ სადავო ბინის ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის დირექტორის სარჩელი. გაუქმდა ბ. ხ-ეს და კ. ხ-ეს შორის 1986წ. 18 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი კ. ხ-ეზე 2000წ. 17 იანვარს გაცემული კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. კ. ხ-ეს აეკრძალა ქ. თბილისში, ... მდებარე ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის ეზოში მშენებლობა და ტერიტორიით სარგებლობის უფლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ხ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით კ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... 42-ე საშუალო სკოლის ეზოში მდებარე ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა აღირიცხა ბ. ხ-ის სახელზე 1978წ. 17 ივლისის ¹6\22 მომართვისა და 1978წ. 10 ივლისის სახლის ექსპლოატაციაში მიღების აქტის საფუძველზე. ეს საცხოვრებელი სახლი ბ. ხ-ემ 1986წ. 18 ნოემბერს აჩუქა სანოტარო ფორმით დადასტურებული ხელშეკრულებით კ. ხ-ეს. კ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული მემკვიდრეობით გაიფორმა საკუთრებაში კ. ხ-ემ 2000წ. 17 იანვარს.
სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითა, რომ რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის გამო მისი გაუქმება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს დავის საგანს. სადავო საცხოვრებელი სახლის კ. ხ-ისათვის ჩუქებისას მის მესაკუთრეს წარმოადგენდა ბ. ხ-ე. კ. ხ-ემ კი მემკვიდრეობით მიიღო ეს საცხოვრებელი სახლი სკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1421-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ რიონულ სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს განუმარტა, რომ მისთვის 1986 წლიდანვე ცნობილი იყო, ხ-ეები სადავო ბინაში რომ ცხოვრობდნენ, 1993 წლიდან კი როცა ეს შენობა დაიწვა, ისინი ამ ბინაში ხან ცხოვრობდნენ და ხან არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს შეეძლო დაინტერესებულიყო და გაეგო მოპასუხის მიერ სადავო შენობის ფლობის სამართლებრივი საფუძველი და სადავო გაეხადა იგი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით. ვინაიდან მოსარჩელემ გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნული წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს. ამის გამო, სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმების ნაწილშიც, რადგან ჩუქების ხელშეკრულება არ არის ბათილი.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის დირექტორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა ლენინის რ-ნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1980წ. 19 მარტის ¹142-ე გადაწყვეტილება, ასევე საბინაო კომისიის 1980წ. 13 თებერვლის ¹14 ოქმი იმის შესახებ, რომ საბინაო კომისიამ ხ-ეების ოჯახს ახალი ბინა გამოუყო იმ პირობით, თუ ისინი ძველ ბინას დაანგრევდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, კ.ხ-ემ ახალიც მიიღო და ძველიც დაიკანონა. ქ.თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომისა და ქალაქის ტექაღრიცხვის ბიუროს ასეთი შეთანხმებული არაკანონიერი ქმედები არ შეიძლება ცნობილი ყოფილიყო სკოლის პედკოლექტივისათვის. 2001 წლიდან სადავო შენობას გამოუჩნდა ახალი მეპატრონე, რომელმაც სკოლის სპორტულ კომპლექსში მოხსნა დამცავი რკინის ბადეები, შეუძლებელი გახდა ამ კომპლექსის გამოყენება სასწავლო პროცესისათვის, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კასატორმა თავისი უფლების დაცვა.
სააპელაციო პალატამ ისე ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად, რომ არ გაითვალისწინა ის, რომ სკოლის კოლექტივს თანხმობა არ მიუცია მოპასუხისათვის სკოლის ეზოს თანაზიარ საკუთრებაზე. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სკოლის დირექციას შეეძლო დაინტერესებულიყო და გაეგო მოპასუხის მიერ სადავო შენობის ფლობის სამართლებრივი საფუძველი და სადავო გაეხადა იგი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით. კასატორი მიუთითებს, რომ ხ-ებმა ორჯერ სცადეს დამწვარი შენობის აღდგენა, მაგრამ ორჯერვე იგი დაანგრიეს მთაწმინდის რ-ნის გამგეობის თანამშრომლებმა. მესამედ კი მშენებლობა შეჩერდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუ რაიონული საბჭოს აღმასკომმა კანონის დარღვევით რაიმე შეღავათი გაუწია ხ-ეებს, სკოლის დირექციას მაინც არ აცნობებდნენ აღნიშნულის შესახებ, რის გამოც ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა.
თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო ბინებს უნდა აკანონებდეს მხოლოდ რაიონული გამგეობის გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ტექბიუროს უკანონო მოქმედების გასწორება შეეძლო ქალაქის მერიას, რ-ნის გამგეობას, მაგრამ მათ შემოწმების მეტი არაფერი გააკეთეს. საოლქო სასამართლომ აღნიშნულ ორგანიზაციას საერთოდ გვერდი აუარა და რაიონულ სასამართლოს დაშვებული შეცდომის გასწორების საშუალება არ მისცა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის დირექტორი გ.დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის დირექტორმა 2002წ. 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა ბ. ხ-ის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის თაობაზე კ. ხ-ისათვის 1986წ. 18 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამავე ბინის თაობაზე კ. ხ-ის სახელზე კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, კ. ხ-ისათვის ქ.თბილისში, ... მდებარე ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის ეზოში მშენებლობის და ტერიტორიის სარგებლობის უფლების აკრძალვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის სხდომაზე, მოცემული დავის განსჯადობის საკითხის გარკვევისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა გ. დ-მა მოითხოვა სადავო ბინის თაობაზე ტექბიუროს 1978წ. ჩანაწერების გაუქმება, რაც სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად დავის საგნის გაზრდად მიიჩნია და მიზანშეუწონლად ჩათვალა, რის გამოც სასამართლომ იმსჯელა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას. ვინაიდან სსკ-ის 178-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს არ მოუთხოვია სადავო ბინის კანონიერების თაობაზე ტექბიუროს 1978წ. ჩანაწერების გაუქმება, ამიტომ საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო ბინებს უნდა აკანონებდეს მხოლოდ რაიონული გამგეობის გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ტექბიუროს უკანონო მოქმედების გასწორება შეეძლო ქალაქის მერიას, რ-ნის გამგეობას, მაგრამ მათ შემოწმების მეტი არაფერი გააკეთეს. საოლქო სასამართლომ აღნიშნულ ორგანიზაციას საერთოდ გვერდი აუარა და რაიონულ სასამართლოს დაშვებული შეცდომის გასწორების საშუალება არ მისცა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად. დადგენილია, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გ.დ-მა სასამართლოში 2003წ. 3 ივნისს წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ კ.ხ-ის ოჯახი 1980 წელს გადავიდა საცხოვრებლად გლდანში, ხოლო მწვავე ავარიული ერთოთახიანი სახლი, რომელსაც სახურავი დაზიანებული ჰქონდა და წვიმა ჩამოდიოდა, თავისით ჩამოინგრა იმავე წელს, ხოლო ნარჩენები გატანილ იქნა სკოლის კოლექტივის მოთხოვნით. კ.ხ-ის ოჯახი 2002წ. ზაფხულში შეიჭრა ...ის ქ. ¹9-ში მდებარე მწვავე ავარიულ ყოფილი მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს შენობაში, რაზეც კრწანისი-მთაწმინდის რ-ნის გამგეობამ შეიტანა სარჩელი მათი იქიდან გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელის წარმომადგენელმა გ.დ-მა აღნიშნული მითითების საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის სხდომაზე განმარტა, რომ სკოლაში დირექტორად მივიდა 1986წ. 10 მაისს, იმ დროისათვის ის შენობა იქ დახვდა. იმ შენობაში იმ დროისათვის ცხოვრობდა კ.ხ-ის ოჯახი, მაგრამ ეს სახლი 1993 წელს დაიწვა და ამის შემდეგ ისინი ხან ცხოვრობდნენ იქ და ხან არა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. იმავე კოდექსის 80-ე მუხლით კი განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევა. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის ოჯახი ახალი ბინის მიღების ე.ი. 1980წ. შემდეგაც აგრძელებდა სადავო ბინაში ცხოვრებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელეს შეეძლო დაინტერესებულიყო და გაეგო მოპასუხის მიერ სადავო შენობის ფლობის სამართლებრივი საფუძველი და სადავო გაეხადა იგი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ორგანიზაციამ დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა, რაც იმავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. რადგან სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ბ. ხ-ის მიერ კ. ხ-ისათვის სადავო ნაგებობის 1986წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულად მიიჩნია, ამის გამო იმავე სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმების ნაწილშიც, რადგან მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლომ ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის სარჩელს ისე უთხრა უარი, რომ საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის _ კ. ხ-ისათვის ქ.თბილისში, ... მდებარე ი.ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის ეზოში მშენებლობის და ტერიტორიის სარგებლობის უფლების აკრძალვის საფუძვლიანობაზე.
სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ დავის საგანს წარმოადგენს მშენებლობისა და ტერიტორიით სარგებლობის უფლებების აკრძალვაც; სააპელაციო პალატამ იმავე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართლისა და საგასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ჩუქების ხელშეკრულებისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება. მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იმავე პალატის 2004წ. 7 ივლისის სხდომაზე მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოითხოვა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა მოსარჩელის სამივე მოთხოვნა; კერძოდ, გაუქმდა სადავო ჩუქების ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის ეზოში მშენებლობა და ტერიტორიით სარგებლობა.
საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობის თანახმად ქ.თბილისში, ... ¹42-ე საშუალო სკოლის ეზოში აღირიცხა სადავო შენობა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერებით ბ. ხ-ის სახელზე 1978წ. 17 ივლისს ¹ 6/22 მომართვისა და 1978წ. 10 ივლისის სახლის ექსპლუატაციაში მიღების აქტის საფუძველზე (ს.ფ. 11).
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 161-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა. ამ ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, მოპასუხე რაიმე მოქმედებით თუ არღვევს მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ სკოლის ეზოთი სარგებლობის უფლებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილებისა ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე, მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. სააპელაციო სასამართლომ ამ ნორმის შესაბამისად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კონკრეტულად არ მიუთითა მოსარჩელეს რომელ მოთხოვნაზე ეთქვა უარი და რა საფუძვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად კანონი დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლის დირექტორი გ.დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება