დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.01.2005
საქმის ნომერი
ას-957-1192-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-957-1192-04 28 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. კობახიძე,რ. ნადირიანი

დავის საგანი: საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 2 ივნისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ე. ბ-ას, ი. ფ-ას, მ. კ-ისა და დ. ც-ას მიმართ და მოითხოვა ფართიდან მათი გამოსახლება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისში, ........ ქ. ¹3-ში განთავსებული იყო ჩუღურეთის რაიონის პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა. 2001წ. თებერვალში დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონული პროკურატურები გაერთიანდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურად, რომელსაც შემდგომი ფუნქციონირებისათვის გადაეცა. ყოფილი დიდუბის პროკურატურის შენობა, მდებარე ....... ქ. ¹200 და ყოფილი ჩუღურეთის რაიონის პროკურატურის შენობა, მდებარე ....... ქ. ¹3-ში, სადაც 2003წ. 30 მაისს თვითნებურად შეიჭრენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ე. ბ-ა, ი. ფ-ა, მ. კ-ე და დ. ც-ა, რომლებმაც დაიკავეს შენობის პირველი სართულის ოთახები. მოსარჩელემ არასაცხოვრებელი ფართით კანონიერი მფლობელობის ხელშეშლის აღსაკვეთად მოპასუხეების თვითნებურად დაკავებული შენობიდან გამოსახლება მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის მათთან მყოფ პირებთან ერთად.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არა აქვს უფლება, აღძრას სარჩელი, ვინაიდან სადავო ფართზე საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით გააჩნია სახელმწიფოს წარმომადგენელს _ თბილისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს.

2003წ. 4 ივლისის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება შედგენილია და საჯარო რეესტრის ამონაწერი გაცემულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და სკ-ის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი 2000წ. 2 ნოემბრის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიულად დამტკიცებული არ არის. მოპასუხეები სადავო შენობაში შეიჭრნენ არა 2003წ. 30 მაისს, არამედ _ 20 მაისს, რითაც განახორციელეს სკ-ის 118-ე მუხლით მინიჭებული თვითდახმარების უფლება და დაიკავეს სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უმოქმედო შენობა. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ¹643-ე და 2002წ. 5 ივნისის ბრძანებულებით, სახელმწიფო ვალდებული იყო მოეწესრიგებინა მოპასუხეთა საყოფაცხოვრებო, მათ შორის, საბინაო პირობები. ვინაიდან აღნიშნული არ განხორციელდა, მოპასუხეებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება, თვითონ აღმოაჩინეს უმოქმედო შენობა, დაიკავეს იგი და აღნიშნულზე მეორე დღესვე აცნობეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. შენობის უმოქმედობაზე მეტყველებს საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა და ის გარემოება, რომ პროკურატურამ შენობის დაკავებიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

მესამე პირმა _ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზირების სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა იმ საფუძვლით, რომ თბილისში, ........ ქ. ¹3-ში მდებარე 267 კვ.მ შენობა წარმოადგენს სახელმწიფო ადგილობრივ საკუთრებას. 2000წ. 2 ნოემბრის უზუფრუქტის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტით ეს ფართი გადაეცა თბილისის ჩუღურეთის რაიონის პროკურატურას. დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების პროკურატურების გაერთიანების შემდგომ, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით, გადაეცა ........ ქ. ¹3-ში მდებარე 267 კვ.მ შენობა. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემის წესის შესახებ“ დებულებიდან და სკ-ის 242-ე, 160-ე მუხლების მოთხოვნებიდან.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ბ-ა, ი. ფ-ა, მ. კ-ე და დ. ც-ა გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ........ ქ. ¹3-ში მდებარე 267 კვ.მ არასაცხოვრებელი შენობიდან გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის მათთან მყოფ ყველა პირთან ერთად.

სასამართლომ სამოქალაქო დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 159-ე, 161-ე, 242-ე მუხლები. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ზ. თ-ამ და ი. ბ-ამ აპელაციის წესით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში.

აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ........ ქ. ¹3-ში მდებარე 267 კვ.მ შენობა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, 2000წ. 2 ნოემბრის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ჩუღურეთის რაიონის პროკურატურას.

იმის შემდგომ, რაც თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონული პროკურატურები დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურად გარდაიქმნა, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან 2003წ. 7 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით ზემოაღნიშნული შენობა, ასევე, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაეცა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას.

ის ფაქტი, რომ თბილისში, ....... ქ. ¹3-ში მდებარე შენობა უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემული აქვს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას, ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შენობის უზუფრუქტით გადაცემის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და უზუფრუქტის ხელშეკრულებები დღემდე არავის გაუსაჩივრებია.

სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

სკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშალა ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

ამავე კოდექსის 242-ე მუხლით, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა წარმოადგენს თბილისში, ...... ქ. ¹3-ში მდებარე შენობის მართლზომიერ მფლობელს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება სხვის მფლობელობაში არსებულ შენობაში თვითნებურად უკანონოდ შეჭრილ პირთა თვითდახმარებისა და მათი მართლზომიერი მფლობელობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ამ, მ. კ-ემ, ე. ბ-ამ და დ. ც-ამ.

კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა სადავო შენობის მართლზომიერ მფლობელად. მათი მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას სადავო ფართი არ ჰქონდა გამოყენებული და არც ფაქტობრივად მიუღია იგი. ამასთანავე, უზუფრუქტის ხელშეკრულება გაფორმდა და რეესტრში გატარდა კასატორების მიერ აღნიშნული ფართის დაკავების შემდეგ. ამის გათვალისწინებით, მათ მოითხოვეს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

სკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშალა ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

ამავე კოდექსის 242-ე მუხლით, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა.

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული ნორმების თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხეთა გამოსახლება სადავო ფართიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას სადავო ფართი არ ჰქონდა გამოყენებული და არც ფაქტობრივად მიუღია იგი, ამასთანავე, უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმება და რეესტრში გატარება განხორციელდა კასატორთა მხრიდან აღნიშნული ფართის დაკავების შემდეგ, არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს და ასეთ სამართლებრივ ნორმაზე თვით კასატორებიც ვერ მიუთითებენ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ბ-ას, ი. ფ-ას, მ. კ-ისა და დ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.