დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-960-1227-05 2 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: ქონების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 12 იანვარს ა. ფ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. თ-ძის მიმართ განქორწინებისა და ერთად შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001წ. 23 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ე.თ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შვილი არ შეეძინათ. ა.ფ-შვილის განმარტებით, 2001წ. აგვისტოში ის და მისი მეუღლე საცხოვრებლად წავიდნენ გერმანიაში, სადაც მუშაობდნენ და დააგროვეს გარკვეული დანაზოგი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2003წ. აპრილში, მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც იძულებული გახდა წამოსულიყო სახლიდან, რომელიც შეიძინეს საერთო თანხით გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა განქორწინება და ქორწინების პერიოდში შეძენილი საერთო ქონების, კერძოდ: 250 ევროდ ღირებული ტელევიზორი «შარფის», 110 ევროდ ღირებული ვიდეომაგნიტოფონი «შარფის», 900 ევროდ ღირებული ვიდეოკამერა «შარფის», 250 ევროდ ღირებული გერმანული წარმოების ტელევიზორის, 300 ევროდ ღირებული მუსიკალური ცენტრის, 370 ევროდ ღირებული ქსეროქსი ფაქსით, 120 ევროდ ღირებული გერმანული ვიდეოს, 7000 აშშ დოლარიანი ავტომანქანა «აუდი 100-ის», ასევე თბილიში შეძენილი ქონების, 800 აშშ დოლარად ღირებული იტალიური საძინებლის, 1000 აშშ დოლარად ღირებული ტყავის კუთხის დივანის ერთი სავარძლით, 300 აშშ დოლარად ღირებული ორკამერიანი მაცივრის, 300 აშშ დოლარად ღირებული სარეცხის მანქანა «არისტონის» გაყოფა, ასევე ქ.თბილისში, ... 1/2-ში მდებარე ე.თ-ძის სახელზე რიცხული ბინის გაყოფა ან მოპასუხიასათვის 19850 აშშ დოლარისა და 1150 ევროს დაკისრება.
მოპასუხემ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო ქონების გაყოფის ნაწილში _ არ ცნო იმ საფუძვლით, რომ საერთო ქონება საერთოდ არ არსებობს.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყვეტილ იქნა ა. ფ-შვილსა და ე. თ-ძეს შორის 2001წ. 23 მარტს რეგისტრირებული ქორწინება.
მოსარჩელის მოთხოვნა საერთო ქონების გაყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მეუღლეთა თანასაკუთრებად იქნა ცნობილი და მხარეებს შორის თანაბარწილად გაიყო შემდეგი ქონება: ქ.თბილისში, ... 1/2-ში მდებარე ე.თ-ძის სახელზე რიცხული ბინა, 250 ევროდ ღირებული ტელევიზორი «შარფი», 110 ევროდ ღირებული ვიდეომაგნიტოფონი «შარფი», 900 ევროდ ღირებული ვიდეოკამერა «შარფი», 250 ევროდ ღირებული გერმანული წარმოების ტელევიზორი, 300 ევროდ ღირებული მუსიკალური ცენტრი, 370 ევროდ ღირებული ქსეროქსი ფაქსით, 120 ევროდ ღირებული გერმანული ვიდეო, 7000 აშშ დოლარიანი ავტომანქანა «აუდი 100-ი».
იტალიური საძინებელი, დივანი ორი სავარძლით, ტყავის კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ორკამერიანი მაცივარი, სარეცხის მანქანა «არისტონი» ჩაითვალა ე.თ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებად და გაყოფას არ დაექვემდებარა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქონების გაყოფის ნაწილში საააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.თ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
2004წ. 9 დეკემბერს ე.თ-ძემ საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობით.
სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის ხდომაზე, ე.თ-ძის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ მოტივით, რომ არ იყო მზად სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, ასევე‚ მარწმუნებელ ე.თ-ძეს პრეტენზიები ჰქონდა მის მიმართ. საჩივრის ავტორი ე.თ-ძე დაეთანხმა წარმომადგენლის შუამდგომლობას და განაცხადა, რომ აღარ ენდობა თავის ადვოკატს, ამასთან არის ცუდად. ე.თ-ძე სხდომის თავმჯდომარემ გააფრთხილა სსსკ-ის 232-ე და 307-ე მუხლებით გათალისწინებულ სამართლებრივ შედეგებზე. მიუხედავად ამისა, ე.თ-ძემ დატოვა სხდომის დარბაზი. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.თ-ძემ და მოთხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი. ე.თ-ძემ აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ, ხოლო კასატორის მიერ ვალად აღებული თანხა გამოყენებულ იყო ოჯახური ინტერესებისათვის, რაც აღიარა ა.ფ-შვილმაც.
ე.თ-ძის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეისწავლა და დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან მოძრავი ნივთები არ იყო შეძენილი ქორწინების პერიოდში, ამდენად, სკ-ის 1158-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ საერთო ქონებას.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სსკ-ის 158-ე და 159-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნით და ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოტანილი განჩინების მაგივრად დაეყრდნო მოწინააღმდეგე მხარის სიტყვიერ მოთხოვნას, რითაც დაარღვია კასატორის კანონიერი უფლება.
კასატორი ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან სასამართლო სხდომის დატოვება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სხდომის დროს, მისი ავადმყოფობის გამო, გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სამოქალაქო სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნა და ფორმალურად გამოიყენა ამვე კოდექსის 232-ე მუხლი.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ იგი დატოვა დაცვის გარეშე, მის ადვოკატ თ. ლაშაბერიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. მას რწმუნება მიეცა მხოლოდ მონაწილეობა მიეღო პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ფუნქციის განხორციელებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ე.თ-ძემ. სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის ხდომაზე, ე.თ-ძის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ მოტივით, რომ არ იყო მზად სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, ასევე მარწმუნებელ ე.თ-ძეს პრეტენზიები ჰქონდა მის მიმართ. საჩივრის ავტორი ე.თ-ძე დაეთანხმა წარმომადგენლის შუამდგომლობას და განაცხადა, რომ აღარ ენდობა თავის ადვოკატს, ამასთან‚ არის ცუდად. სასამართლო სხდომის ოქმით ასევე დადგენილია, რომ ე.თ-ძე სხდომის თავმჯდომარემ გააფრთხილა სსსკ-ის 232-ე და 307-ე მუხლებით გათალისწინებულ სამართლებრივ შედეგებზე. მიუხედავად ამისა, ე.თ-ძემ დატოვა სხდომის დარბაზი. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სსკ-ის 232-ე მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, სსსკ-ს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს გამოაქვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 17 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული.
კასატორის მტკიცება, რომ სასამართლო სხდომის დროს გახდა ცუდად, გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სხდომის ოქმით აღნიშნული არ დასტურდება.
სსკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად. ამავე კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად კი მარწმუნებელს უფლება აქვს‚ საქმის წარმოების ყველა სტადიაზე შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით, წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა და საქმის განხილვის გადადების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს 2005 წ. 19 აპრილს ეცნობათ სხდომის დღე 17 მაისი. ამდენად, ე.თ-ძეს ჰქონდა საკმაო დროს საქმისათვის მოსამზადებლად, ასევე‚ მისთვის სასურველი ადვოკატისათვის მიენდო საქმის წარმოება. სასამართლო სხდომაზე მხარე, საქმის გაჭიანურების მიზნით, ვერ გამოიყენებს უფლებას შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რადგან წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა ვერ გახდება საქმის განხილვის გადადების საფუძველი. ამდენად, აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება სასამართლო სხდომის მიტოვების საპატიო მიზეზად.
კასატორი სადავოდ ხდის ასევე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არ შეიძლებოდა ყოფ-ყო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება