დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.12.2005
საქმის ნომერი
ას-990-1246-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-990-1246-05 26 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო ფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-ამ 2003წ. 11 დეკემბერს სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე გ. კ-ისა და მ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების თანმხლებ პირებთან ერთად თვითნებურად დაკავებული ფართიდან გამოსახლება, მათ მიერ დანგრეული ოთახის გამყოფი ტიხარის აღდგენა და მისი შესახლება სადავო ფართში შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის მითითებით, იგი აფხაზეთიდან დევნილია და 1999 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...... მის მეზობლად ცხოვრობენ მოპასუხეები, რომლებთანაც აქვს დაძაბული ურთიერთობა. მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. 14 ნოემბერს მოპასუხეებმა და მათმა უახლოესმა ნათესავებმა, მისი სახლში არყოფნის დროს შეამტვრიეს თვითნებურად მისი კუთვნილი ფართის კარი და შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე დაიკავეს მისი ოთახი. მიუხედავად მის მიერ არაერთგზისი მოთხოვნისა გაანთავისუფლონ დაკავებული ფართი, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას. მ. ბ-ა მიუთითებს, იგი როგორც დევნილი, დროებით საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, მასზე შევსებულია საოჯახო ანკეტა, შესაბამისად გაცემულია დევნილის მოწმობა და ღებულობს დევნილის კუთვნილ სახელმწიფო შემწეობას. ამჟამად კი იგი გამოძევებულია მოპასუხეების მიერ მისი ოთახიდან, გამყოფი ტიხრები მთლიანად დანგრეულია, იგი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი და ნათესავებთან ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ, როგორც ....... მდებარე სადავო ფართის მართლზომიერმა, კეთილსინდისიერმა მფლობელმა მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება მათ მიერ დაკავებული ფართიდან, გამყოფი ტიხარის აღდგენა და სადავო ფართში შესახლება.

მოპასუხეებმა მ. და გ. კ-ეებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ქონების მართვის სამმართველოს შორის 1993წ. 13 ოქტომბერს გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების (მასზე დართული სიის) საფუძველზე 22.11.99 წელს შედგენილი აქტით გახდნენ მათ მიერ 1997წ. დეკემბრიდან დაკავებული ფართის (მდებარე ქ. თბილისში, ......), პირდაპირი და კეთილსინდისიერი მფლობელები, ხოლო მოპასუხეების ოჯახს (კ-ეებს და ქ-ეს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია) არანაირი საფუძვლით არ მოუპოვებია სადავო ფართზე მფლობელობის უფლება. მოპასუხეების მითითებით, 1999წ. 13 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე ანუ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დოკუმენტაციის მომზადების პერიოდში მოსარჩელე დევნილიც კი არ ყოფილა, რეგისტრაცია კი არ შეიძლება გახდეს ფართზე მფლობელობის წარმოშობის საფუძველი.

მოპასუხეებმა შესაგებლით მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ მ. ბ-ა არასათანადო მოსარჩელეა. მათივე განმარტებით, მ. ბ-ას დევნილობის ფაქტი არ წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საფუძველს, იგი უნდა მიწერილიყო თავისი მეუღლის რ. კ-ას საოჯახო ანკეტაზე და ეცხოვრა მასთან სოფ. ....., აბაშის რაიონში.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

ამავე სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სადავო ოთახი თავიდან გამოყოფილი იყო დროებითი სარგებლობისათვის მოპასუხის ოჯახისათვის, შემდგომში მათ ეს ოთახი დაუთმეს დროებით საცხოვრებლად მოსარჩელე მ. ბ-ას, რომელიც არ იყო დევნილი. მოგვიანებით მ. ბ-ა დაქორწინდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან, მიენიჭა დევნილის სტატუსი და რეგისტრაციაში გატარდა ქ. თბილისში, ........ რაიონული სასამართლო დაეყრდნო სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც მოპასუხე მ. კ-ეს უარი ეთქვა მ. ბ-ას სადავო ფართიდან გამოსახლების შესახებ სარჩელის მიღებაზე, იმ მოტივით, რომ მ. კ-ე იყო არასათანადო მოსარჩელე. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და მოცემულ საქმეზე მას აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ უფლება, თვითნებურად გამოესახლებინათ მ. ბ-ა, რადგანაც იგი საქართველოს სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, იყო სადავო ოთახის კეთილსინდისიერი მფლობელი, ხოლო ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, „თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მ. ბ-ას აღუდგა სარგებლობის უფლება ....... მდებარე სადავო ფართზე, სადაც შესახლებულ იქნა. მოპასუხეებს დაევალათ სადავო ოთახის გამონთავისუფლება და მათ მიერ დანგრეული ოთახის გამყოფი ტიხარის აღდგენა.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გ. და მ. კ-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლებით, რომ სადავო ფართი აპელანტებს გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მეშვეობით, უზუფრუქტის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. უზუფრუქტის ხელშეკრულებით თავიდან განისაზღვრა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც თანდართულ სიაში და მიღება-ჩაბარების აქტშია დაფიქსირებული. აღნიშნული დოკუმენტაციის მოსარჩელე მ. ბ-ას არ გადასცემია არანაირი ფართი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 242-ე მუხლით და უზუფრუქტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი იმ უფლება-მოვალეობებით, რაც ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოიშობა.

მოწინააღმდეგე მხარე მ. ბ-ამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება მიიჩნია იურიდიულად და ლოგიკურად დასაბუთებულად.

საჩივრის განხილვისას მესამე პირმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით მ. და გ. კ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე მ. ბ-ა არ ცნო კეთილსინდისიერ მფლობელად.

მ. ბ-ამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ მფლობელს. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია სადავო ფართში, სამინისტროში მის მიერ შევსებულია საოჯახო ანკეტა, მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა და იღებს სახელმწიფო დახმარებას. კასატორის აზრით, მითითებული მტკიცებულებები არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დიდუბის რაიონის გამგეობის 1999წ. 31 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1999წ. 16 ივლისის ბრძანების შესაბამისად სადავო ფართი, მდებარე ქ. თბილისში, ........ ქონების მართვის სამმართველოსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 1993წ. 13 ოქტომბერს დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. აღნიშნულზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 1999წ. 25 ნოემბერს დამტკიცებული „ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი წარმომადგენლობის საქმიანობის წესის“ თანახმად, აღნიშნული ფართი სამინისტრომ დროებით სარგებლობაში გადასცა 3 ოჯახს, მათ შორის მოპასუხეებს.

ასევე დადგენილია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2003წ. 26 დეკემბრის წერილის საფუძველზე მ. ბ-ას უარი ეთქვა სამინისტროს მიერ ...... ჩაწერაზე სათანადო საბუთების უქონლობის გამო, ხოლო ამავე სამინისტროს 2004წ. 12 იანვრის ცნობით ფ. ტ-ას და მ. ბ-ას ოჯახებს არ მიუმართავთ სამინისტროსათვის დროებითი საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით.

სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი ითვლება დამტკიცებულად, რადგან წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის გარემოება, რომ კასატორი დევნილია და მას შევსებული აქვს საოჯახო ანკეტა.

სკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ნება კი გამოხატულ უნდა იქნეს როგორც პოტენციური მფლობელის მიერ, ასევე მფლობელობის მინიჭების უფლებამოსილების მქონე პირის მიერაც. ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს) მიერ გაცემული ცნობითა და ამავე სამინისტროს წარმომადგენლის სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მ. ბ-ა არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ ფართში. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ 1999წ. 22 ნოემბერს მიღება-ჩაბარების აქტში, რომლითაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მის სასარგებლოდ უზუფრუქტით დატვირთული ფართი გადასცა დევნილებს, მითითებული არ არის მ. ბ-ა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კასატორისვე განმარტებით, მას დღეისათვის (2004 წლიდან) შეჩერებული აქვს დევნილის სტატუსი, რაც მითუფრო დაუსაბუთებელს ხდის მისი მფლობელობის კეთილსინდისიერების ფაქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ. ბ-ა სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კეთილსინდისიერ მფლობელად და, შესაბამისად, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნები.

რაც შეეხება სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც მ. კ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი, მას არ შეიძლება მიეცეს სსკ-ის 206-ე მუხლით პრეიუდიციული მნიშვნელობა, რადგან მითითებულ სარჩელთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, მან მხოლოდ განუხილველი დატოვა იგი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.