გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 18.01.2005
საქმის ნომერი
ას-996-1239-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ას-996-1239-04 18 იანვარი, 2005 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: აივნისა და სველი წერტილების მოშლა, ნაკვეთის გამოთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. გ-მა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში ნ. ე-ის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ ნ. ე-ე არის მისი გარდაცვლილი ძმის მეუღლე. მისი ოჯახი 1970 წლის 30 დეკემბერს გამოეყო დედის კომლს და გაყრილობის განაჩენით მას მიეკუთვნა 0,10 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო მისი ძმა ი. გ-ი იყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღო მისმა მეუღლემ - ნ. ე-ემ.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის სახლის აივანი და სველი წერტილები (აბანო და ტუალეტი) გადმოსულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 მეტრით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება ნ. ე-ის სახლის აივნისაგან და მის ნაკვეთში მდგომი სველი წერტილების მოშლა.

ნ. ე-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა რაიონულ სასამართლოში, რომელშიც მიუთითა, რომ ვ. გ-ი არ აძლევს საშუალებას, ისარგებლოს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთითა და ნაყოფით. სადავო მიწასა და ბინას 35 წელია კეთილსინდისიერად ფლობს, განკარგავს და საჯარო რეესტრშიც აღრიცხულია მესაკუთრედ. იგი კანონიერად არის აღჭურვილი მიწითა და ბინით სარგებლობის უფლებით და მისი განმარტებით უკანონოა მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ნ. ე-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა უძრავ ქონებაზე (სოფ. ...ში მდებარე ბინის კარმიდამოსა და სველი წერტილების) მესაკუთრედ ცნობა და ვ. გ-ის მხრიდან ნ. ე-ის საკუთრებაში მყოფი სხვა უძრავ-მოძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურების სახით ვ. გ-ისათვის მის სასარგებლოდ 2000 ლარის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე ნ. ე-ეს დაევალა 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება აივნის, სველი წერტილებისაგან (ტუალეტი და აბანო) და მისი გადაცემა ვ. გ-ისათვის. ნ. ე-ის შეგებებული სარჩელი სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და ზარალის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე-ემ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს: საქმეში წარმოდგენილი ბინის ტექნიკური პასპორტის თანახმად, საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია სადავო ტერიტორიაზე გადმოწეული აივანი, რაც თავის მხრივ აკანონებს მოპასუხის მიერ მისი მფლობელობის კეთილსინდისიერებასა და კანონიერებას. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ თანახმად სკ-ის 150-ე მუხლისა, სადავო აივანი არის არსებითი შედგენილი ნაწილი ბინის, როგორც უძრავი ნივთისა და მისი გამოცალკევება შეუძლებელია ამ ბინის ნაწილის განადგურებისა და მისი დანიშნულების მოსპობის გარეშე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სკ-ის 508-ე მუხლზე, რაც ორმხრივი რესტიტუციის მოთხოვნით მხარეებს ავალდებულებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, თუმცა სასამართლო არაფერს ამბობს ვ. გ-ის ვალდებულებაზეც, რომ მან მიწის ნაკვეთთან ერთად ნ. ე-ეს უნდა დაუბრუნოს ნაყოფიც, რომელიც მან ექვსი წლის განმავლობაში 0, 25 ჰა მსხმოიარე ხეხილის ბაღიდან მიიღო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2004წ. 15 ივნისის განჩინებით ნ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატის აზრით, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. საქმის მასალებით არ დგინდება ვ. გ-ის საკუთრების უფლება 0,10 ჰა მიწის ფართზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ე-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ვ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის განჩინების გაუქმება, გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილების დაკმაყოფილება და ნ. ე-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ვ. გ-ს გასაჩივრებული განჩინება მიაჩნია უსაფუძვლოდ და უკანონოდ. იგი მიღებულია სამოქალაქო ნორმათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გ-ის აზრით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასეთ მტკიცებულებას კი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც უკვე დადგენილია, რომ ნ. ე-ის სახლის აივანი 3 მეტრით და სველი წერტილები გადმოსულია მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიჩნია იურიდიულად დაუსაბუთებლად და იგი დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს ხელახლა განხილვისათვის სსკ-ის 394-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე (სასამართლოს „ე” ქვეპუნქტის ნაცვლად განჩინებაში არასწორად მითითებული აქვს „დ” ქვეპუნქტი, თუმცა გადმოცემულია „ე” ქვეპუნქტის შინაარსი). სააპელაციო სასამართლო მითითებულ ნორმას იყენებს სსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განხილვისათვის, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამავე დროს უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამდენად, სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, საქმე დააბრუნოს ხელახალი განხილვისათვის პირველ ინსტანციაში, თუ თვითონ გადაწყვიტოს იგი.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი, არ შეიძლება იქნეს საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლო არ არის შეზღუდული თვითონ დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი.

პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მითითებას იმ საკითხზე, რომ თითქოს საქმის მასალებით არ დგინდება ვ. გ-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რადგან წარდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის მონაცემები, აგრეთვე, საკადასტრო რუკა. ასეთი წარმოდგენილი რომ არც იყოს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ასეთი სახის მტკიცებულებანი სსკ-ის 380-ე მუხლის საფუძველზე.

პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არგუმენტებით მიზანშეუწონელია საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში, ამიტომ იგი განხილული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.