დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 07.10.2002
საქმის ნომერი
3კ/1039-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-1039-02 3კ-1039-02 7 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: თანხების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 10 ივლისს დ. კ.-ემ ქ.ბ.ა. სს “...-ის” დირექტორ ნ. ლ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997წ. 13 ოქტომბერს მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელს გადასცა 10000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხემ არ დაუბრუნა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი ვალის _ 10000 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით 5500 აშშ დოლარის დაბრუნება. მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა, რის გამოც პროცენტის სახით დამატებით ეკუთვნის 13740 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ 2001წ. 4 ოქტომბერს წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელის გამოსახლება მისი ბინიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოცემულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “...-ის” დირექტორმა.

სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, 2002წ. 8 აგვისტოს, კერძოდ მაშინ, როცა მხარეები გადავიდნენ კამათზე, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების საქმეზე დართვა.

იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვის ამ სტადიაზე დაუშვებელი იყო ახალი მტკიცებულებების მიღება, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საოქმო განჩინებით უარი უთხრა მოსარჩელეს ახალი მტკიცებულების წარმოდგენაზე. საოლქო სასამართლომ იმავე დღესვე მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, გააუქმა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს 13740 აშშ დოლარის ნაცვლად დააკისრა 1070 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.

მოსარჩელეს მოცემულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. მან კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 8 აგვისტოს მიღებული საოქმო განჩინება დამატებითი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და იგი შემდგომი განხილვის მიზნით გადმოიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 414-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს განჩინებაზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღნიშნული კოდექსი არ ითვალისწინებს რეპლიკის დროს მტკიცებულებათა წარდგენის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ უარის გასაჩივრებას კერძო საჩივრის შეტანის გზით. ამასთან მიუთითა, რომ კერძო საჩივრით დაუშვებელი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, მაშინ, როცა ამ საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლოს მიღებული ჰქონდა ახალი გადაწყვეტილება და განმარტებული იყო მისი გასაჩივრების წესი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად საქმეში მტკიცებულებების წარდგენა შეიძლება საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.

სკ-ს 206-ე მუხლის შესაბამისად მხარეები მოვალენი არიან, შეასრულონ საქმის მომზადების მიზნით მოსამართლის მოთხოვნები. წერილობითი მასალების წარუდგენლობა თუ სხვა მოქმედებების შეუსრულებლობა ისეთი მიზეზით, რომელსაც სასამართლო არასაპატიოდ სცნობს, ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებათა მიუღებლობაზე გამოტანილი განჩინება ცალკე არ გასაჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე მოსამზადებელ სტადიაზე მიეცა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება. მაგრამ მის მიერ ის მტკიცებულებები, რომლის წარდგენაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე მხარეთა შორის წარმოთქმულ რეპლიკის დროს, დადგენილი წესით სათანადო სტადიაზე არ იქნა წარდგენილი.

მართალია, სსკ-ს 380-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, მაგრამ ახალი მტკიცებულებების წარდგენა სსკ-ს 219-ე მუხოლით დასაშვებია მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის დროს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. ამასთან, ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარმოედგინა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ ისინი უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემხვევაში მოსარჩელემ ახალი მტკიცებულების (“...-ი” არის ლომბარდი და იგი ფუნქციონირებდა ყადაღის დადების მიუხედავად) წარმოდგენა მოინდომა, საქმის ზეპირი განხილვის დამთავრების და მხარეთა პაექრობის შემდეგ მხარეთა მიერ რეპლიკის წაროთქმის დროს საპროცესო კანონომდებლობის დარღვევით. ამ სტადიაზე კი ახალი მტკიცებულების წარდგენა დაუშვებელია.

მართალია, სსკ-ს 104-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებათა მიუღებლობაზე გამოტანილი განჩინება ცალკე არ გასაჩივრდება, მისი გასაჩივრება ამავე კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია, თუ კი იგი წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან შეტანილია იმ განჩინებაზე, რომელიც მიღებულია საქმის არსებითი განხილვის დამთავრების შემდეგ მხარეთა მიერ წარმოთქმული რეპლიკის დროს, როცა მხარეს არ ჰქონდა უფლება შეეტანა შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების დართვის შესახებ, ხოლო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, დაეკმაყოფილებინა მხარის ასეთი მოთხოვნა.

ამასთან, ამ განჩინების ცალკე გასაჩივრება დაუშვებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ შეტანილა საკასაციო საჩივარი, ამასთან ამ საქმეზე მიღებული სადავო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, ვინაიდან იგი ცალკე არ საჩივრდება.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, ასეთი მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან. სსკ-ს 414-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივარი შეიტანება სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე და არა გადაწყვეტილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. კ.-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.