გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1209-01 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: შეტანილი ანაბრების და მასზე რიცხული პროცენტების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 25 ივლისს ს/ს “...-2”-ის კრედიტორების წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ს/ს “...-2”-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციაში შეტანილი ანაბრების და მათზე რიცხული პროცენტების გადახდა.
სარჩელში აღნიშნა, რომ სავაჭრო-სამრეწველო კომპანია “...ში”, რომლის სამართალმემკვიდრეც არის ს/ს “...-2”, მისმა მარწმუნებლებმა შეიტანეს ანაბრები, ყოთელთვიური პროცენტის გადახდის და საბოლოოდ პროცენტთან ერთად დაბრუნების პირობით იმ საფუძვლით, რომ 1994 წელს კომპანია “...იმ” ფუნქციონირება შეწყვიტა და მის ბაზაზე შეიქნა ს/ს “...-2”, მოსარჩელეებმა მისგან მოითხოვეს შეტანილი თანხების, სულ 360852 აშშ დოლარის დაბრუნება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 იანვრის განჩინებით, ს/ს “...-2”-ის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა შეამცირეს 231288 აშშ დოლარამდე და, აღნიშნულის გამო, შუამდგომლობით მოითხოვეს საქმის განსჯადობით გადაგზავნა რაიონულ სასამართლოსათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები საქმის რაიონული სასამართლოსათვის განსახილველად გადაგზავნის შესახებ.
2001 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის განუხილველად დატოვება და უკან დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვიტეს სასარჩელო განცხადებების ცალ-ცალკე შეტანა რაიონულ სასამართლოში, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ, საქმე გაესაჩივრებინათ სააპელაციო და საკასაციო წესით.
2001 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელეებმა განმეორებით მიმართეს სასამართლოს განცხადებით და მიუთითეს, რომ ამ ეტაპზე ისინი პირადი მოტივით ვერ მიიღებდნენ სასამართლო პროცესში მონაწილეობას, ხსნიდნენ სარჩელს და მოითხოვდნენ საქმის მასალების დაბრუნებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო სარჩელის მოხსნის შესახებ განცხადების განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე, რადგან სარჩელის მოხსნა სარჩელზე უარის თქმად მიიჩნია. სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად საქმის წარმოება შეწყდა.
მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით მიმართეს საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს 2001 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი. სასამართლომ ამ ნორმის არასწორად გამოყენებით მხარეს დაუკარგა უფლება, დარღვეული უფლების აღსადგენად სარჩელით კვლავ მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სარჩელის მოხსნა გამოიწვევდა მათი სარჩელის უკან დაბრუნებას და არა საქმის შეწყვეტას.
კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე მოითხოვეს საოლქო სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვათ მოთხოვნაზე საქმის რაიონული სასამართლოსათვის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ. განჩინების გაუქმება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ მათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა 500 000 ლარზე ქვევით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლით და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რაიონული სასამართლოსათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის გამო და იგი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2001 წლის 2 ოქტომბერს.
2001 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის განუხილველად დატოვება და მისი უკან დაბრუნება იმ მოტივით, რომ გადაწყვიტეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელთა ცალ-ცალკე შეტანა რაიონულ სასამართლოში, რათა სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონოდათ, გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ ორ ინსტანციაში.
2001 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელეებმა განმეორებით მიმართეს საოლქო სასამართლოს. განცხადებაში მიუთითეს, რომ ვინაიდან პირადი მოტივებით ამ ეტაპზე ვერ მიიღებდნენ სასამართლო პროცესში მონაწილეობას, ს/ს “...-2”-ის კრედიტორები ხსნიდნენ სარჩელს და მოითხოვდნენ საქმის მასალების დაბრუნებას.
2001 წლის 2 ოქტომბერს მთავარ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეები არ გამოცხადნენ.
სასამართლომ მოსარჩელეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა მათი განცხადებები. პირველად განხილულ იქნა 2001 წლის 18 სექტემბრის განცხადება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და სარჩელის დაბრუნების შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლზე. იმავე სხდომაზე სასამართლომ განიხილა მეორე განცხადება, რომლითაც მოსარჩელეები პირადი მოტივებით ამ ეტაპზე სარჩელის მოხსნას და საქმის მასალების დაბრუნებას მოითხოვდნენ.
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ ისინი პირადი მოტივით ამ ეტაპზე ვერ მიიღებდნენ სასამართლო პროცესში მონაწილეობას, ხსნიდნენ სარჩელს და მოითხოვდნენ საქმის მასალების დაბრუნებას, მიიჩნია სარჩელზე უარის თქმად და საქმის წარმოება შეწყვიტა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2001 წლის 1 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე საქმის წარმოებით შეწყვეტა არასწორია და საოლქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 2 ოქტომბერს მიერ მიღებული განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე, რაც დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. Eეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელზე უარის თქმა შეიძლება გამოწვეული იყოს მოსარჩელის მიერ თავის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებზე უარის თქმით მოპასუხის მიმართ. სარჩელზე უარის თქმა შეიძლება გამოწვეული იყოს აგრეთვე იმით, რომ მოსარჩელე დარწმუნდა მისი მოთხოვნის ფაქტობრივ, თუ სამართლებრივ დაუსაბუთებლობაში; ან კიდევ იმით, რომ მოპასუხემ საქმის განხილვის პროცესში ნებაყოფლობით დააკმაყოფილა სარჩელი.
სარჩელზე უარის თქმას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი უკავშირებს საქმის წარმოების შეწყვეტას, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება, ე.ი. მხარეს ესპობა უფლება განმეორებით წარადგინოს სარჩელი სასამართლოში. ცხადია, რომ მოსარჩელე, რომელიც უარს ამბობს სარჩელზე, სასამართლოს მიერ გაფრთხილებული უნდა იყოს ასეთი შედეგის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უარს კი არ ამბობს სარჩელზე, ზემოთ აღნიშნული გაგებით, არამედ მას არ სურს დროის ამ მონაკვეთში, ამ ეტაპზე სარჩელის განხილვა და ამიტომ მოითხოვს მის უკან დაბრუნებას. Aასეთი გარემობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი და საქმის წარმოება შეწყვიტოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს: სარჩელზე უარის თქმა გულისხმობს, რომ მოსარჩელე აღარ მოითხოვს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას სასამართლო წესით, ე.ი. მას აღარ სურს მომავალში კვლავ აღძრას სარჩელი იმავე მხარის (მხარეების) წინააღმდეგ, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. Aაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელზე უარის თქმისას მოსარჩელის ნება აშკარად უნდა იყოს გამოხატული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ განცხადებაში იმის მითითება, რომ პირადი მოტივით ისინი ამ ეტაპზე ვერ მიიღებდნენ სასამართლო პროცესში მონაწილეობას, ხსნიდნენ სარჩელს და მოითხოვდნენ მასალების დაბრუნებას, სრულებით არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მოსარჩელეებმა უარი თქვეს სარჩელზე და სამუდამოდ დაკარგეს ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ. პირიქით, 18 სექტემბრის განცხადებაში მითითებული გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ მოსარჩელეები სარჩელის მოხსნას და მასალების დაბრუნებას მოითხოვდნენ იმ მოტივით, რომ ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარედგინათ თავიანთი სარჩელები განსჯადობით პირველი ინსტანციის სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესავალი ნაწილის მიხედვით სასამართლოს საქმის შეწყვეტა შეუძლია, როგორც მხარეთა განცხადებით, ისე თავისი ინიციატივით, მაგრამ აღნიშნული იმას როდი ნიშნავს, რომ საქმის წარმოებით შეწყვეტა 272-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე შესაძლებელია მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა შემთხვევაში ნება უნდა იყოს მხარის მიერ აშკარად გამოხატული,Aამიტომ სასამართლომ მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება ამ საფუძვლით, თუ დაადგენს, რომ მოსარჩელეს სწორედ ეს სურს _ უარს ამბობს სარჩელზე და მისთვის ცნობილია სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგიც. Aაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272_ე მუხლის საფუძველზე მიღებული განჩინება წარმოადგენს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას. Aამავე კოდექსის 404_ე მუხლის მე_2 ნაწილით საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებენ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
კერძო საჩივრის ავტორებს უკანონოდ მიაჩნიათ საოლქო სასამართლოს 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა მოცემული საქმის განსჯადობით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში განსახილველად გადაგზავნის შესახებ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რადგან სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად წარმოებაში მიიღო საქმე, უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს იგი, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. საოლქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის შესაძლებელია მხოლოდ ამავე კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსერბობისას, მოცემულ შემთხვევაში კი ამ მუხლით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ არსებობს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული განჩინების გამოტანისას უნდა შეემოწმებინა მოცემული საქმის განსჯადობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-13 და მე-14 მუხლების საფუძველზე და ისე გამოეტანა განჩინება. სასამართლომ შუამდგომლობაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი ისე, რომ არ გამოარკვია საქმე საოლქო სასამართლოს განსჯადობით სწორად ჰქონდა მიღებული, თუ არა. პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თაობაზე, რადგან თუ ზემდგომი სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გამსჯადობით არასწორად გადაუგზავნა მას საქმე, ზემდგომი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს უკან უბრუნებს განსახილველად. Aამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა მოთხოვნის _ საქმის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის სამართლებრივი საფუძვლიანობის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 2 ოქტომბრის და 14 სექტემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.