გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 3კ/271-02 20 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 4 სექტემბრერს სს “ს.-ჯ.” დირექტორმა გ. კ-შვილმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვა განცხადებაში მითითებული ნივთების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტის დადგენა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2001 წლის 9 ნოემბერს ჟ. ხ-ძემ და სხვებმა სააპელაციო საჩივრით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
აპელანტებმა მიუთითეს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება იყო უკანონო იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნით, სარჩელის გარეშე გადაწყვიტა საქმე მაშინ, როცა მითითებული ქონების ნაწილზე მიმდინარეობდა დავა, რაც თვით სს “ს.-ჯ.” მიერ წარდგენილ განცხადებაშიც იყო აღნიშნული. ამასთან, სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის დადასტურების თაობაზე იმავე სასამართლოში მათ მიერვე შეტანილი იყო განცხადება, რომელიც არ დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ განცხადების განხილვა არ ექვემდებარებოდა სასამართლო უწყებას, რადგან სასამართლო ადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. აპელანტებმა ასევე მიუთითეს, რომ მათ მიერ წარდგენილი განცხადებით დასტურდებოდა, რომ სადავო ქონებაზე მესაკუთრეობის პრეტენზიას აცხადებდა სს “კ. ა.”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ჟ. ხ-ძის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის შემომტან პირებს არ ჰქონდათ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ვინაიდან საქმეში მხარედ ჩაბმულნი არ იყვნენ.
2001 წლის 12 დეკემბერს ჟ. ხ-ძემ და სხვებმა თავიანთი წარმომადგენლის, ზ. ვ-ძის, მეშვეობით კერძო საჩივრით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს.
2001 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ჟ. ხ-ძის და სხვათა წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ჟ. ხ-ძის წარმომადგენელს არ გააჩნდა სათანადო რწმუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2001 წლის 20 ნოემბერს და 21 დეკემბერს მიღებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან ხელახლა განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ერთადერთ მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი არ იყო ამ საქმეზე მონაწილე მხარე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს უდავო წარმოების დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ საქმეში მონაწილე მხარეს გააჩნია საჩივრის შეტანის უფლება არასწორია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრება შეუძლიათ მხოლოდ მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს, ვერ გავრცელდება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ უდავო წარმოების წესით გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, რადგან ასეთი სახის წარმოების დროს არ მონაწილეობენ მხარეები, მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და თანამონაწილეები, ამიტომ იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ფაქტის დადგენით შეილახა მათი უფლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების დროს აღიძვრება დავა, სასამართლო განცხადებას განუხილველად ტოვებს და დაინტერესებულ პირს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
თუ დაინტერესებულმა პირმა იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ გაიგო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მას უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა, თუ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის შესული კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მისი ბათილად ცნობის შესახებ.
თუ გაშვებულია ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის ვადა, დაინტერესებულ პირს ამავე საკითხთან დაკავშირებით შეუძლია მიმართოს სასამართლოს საერთო სასარჩელო წარმოების წესით.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლების მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილება, იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, ვერ დაედება საფუძვლად გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლებას, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია უდავო წარმოების წესით, სადაც არ არის ურთიერთდაპირისპირებული მხარეები, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
განცხადების განხილვისას სასამართლო ვალდებულია, იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ აცნობოს ყველა დაინტერესებულ პირს, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ, დროულად განახორციელონ სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებები და მოითხოვონ საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა.
სასამართლოებმა მტკიცედ უნდა დაიცვან სსკ-ის 313-ე და 315-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად იურიდიული ფაქტის დადგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღება შეუძლებელია. ამასთან, იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების შეუძლებლობას. ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინებაში არსებული მითითებების შესაბამისად უნდა განიხილოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის და ამავე წლის 21 დეკემბრის განჩინებები და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.