გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 25.07.2003
საქმის ნომერი
3კ/704-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 3კ-704-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

აღწერილობითი ნაწილი:

სს ბანკმა “კ.-მ” სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას. განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ სს “ზ.-ს” გააჩნია დავალიანება ბანკის მიმართ 850000 აშშ დოლარისა და 190000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ვალის უზრუნველყოფის მიზნით, დაგირავებულია სს “ფ.-ს” პროდუქცია 2000 ტონა სილიკომანგანუმი და 2000 ტონა საშუალო ნახშირბადიანი ფერომანგანუმი. მათთვის გახდა ცნობილი, რომ სს “ფ.-ო” ამჟამად დაგირავებული პროდუქციის ნაწილის, კერძოდ, 1600 ტონა სილიკომანგანუმის გატანას ცდილობს საზღვარგარეთ ბათუმის პორტიდან.

ვინაიდან ქარხანას დავალიანება არ გადაუხდია, ბანკი აპირებს სარჩელის შეტანას სს “ფ.-ს” მიმართ ზემოთ დასახელებული თანხის მოთხოვნით. თუ ქარხანამ გაასხვისა დაგირავებული პროდუქცია, საფრთხე შეექმნება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ან საერთოდ შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.

განცხადების ავტორი ითხოვდა სსკ-ს 192-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე განლაგებულ 1600 ტონა სილიკომანგანუმს დაედოს ყადაღა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 აპრილის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ფეროს მიერ გამოშვებულ პროდუქციას, კერძოდ, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე განთავსებულ 1600 ტონა სილიკომანგანუმს.

სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი სს “ფ.-ს” პროდუქციას, კერძოდ, 1600 ტონა სილიკომანგანუმს არ დაედება ყადაღა, შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

კოლეგიის 2003წ. 28 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კომპანია “მ.-მ”. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის წესით ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოპასუხის ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ქ. ბათუმის პორტის ტერიტორიაზე განთავსებულ 1600 ტონა სილიკომანგანუმს ყადაღა დაადო ისე, რომ არ გაურკვევია აღნიშნული ქონება წარმოადგენდა თუ არა სს “ფ.-ს” საკუთრებას. ქონება 1600 ტონა სილიკომანგანუმი წარმოადგენს არა სს “ფ.-ს”, არამედ კომპანია “მ.-ის” საკუთრებას, რაც დასტურდება სს “ფ.-სა” და კომპანია “მ.-ს” შორის 2003წ. 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, საკუთრების სერთიფიკატით და ა.შ. ბანკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გირაოთი დატვირთული 2000 ტონა სილიკომანგანუმი დასაწყობებულია არა ბათუმის პორტში, არამედ ქ. ზესტაფონში. განმცხადებელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მითითებულ მისამართზე აღნიშნული საქონელი აღარ არის.

კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 აპრილის განჩინება ქ. ბათუმის პორტის ტერიტორიაზე განთავსებულ 1600 ტონა სილიკომანგანუმზე ყადაღის დადების ნაწილში და ბანკს უარი ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 3 მაისის განჩინებით კომპანია “მ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კოლეგია მიუთითებს, რომ კომპანია “მ.-სა” და სს “ფ.-ს” შორის დადებული ¹1 კონტრაქტის მე-6 მუხლის თანახმად, სს “ფ.-ს” კომპანია “მ.-ისათვის” სილიკომანგანუმი უნდა მიეწოდებინა “ფ.-ს” პირობით, ფოთის ან საბაჟო საწყობით, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “მ.-ი” მაშინ ხდება სილიკომანგანუმის მესაკუთრე, როცა ეს ტვირთი გადაკვეთს გემის პორტს. კოლეგიამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ სს “ფ.-მ” გაასხვისა დაგირავებული პროდუქცია, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადების ავტორმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მისი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზეც.

როდესაც სასამართლო ყადაღას ადებს ქონებას, ამ შემთხვევაში ის ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნითაც, რომ შესაძლებელია სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

სკ-ს თანახმად, გირავნობის გადაცემა მოგირავნისათვის ყველაზე გავრცელებული სახეა. ამასთან, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ გირაო დარჩეს დამგირავებელთან (სკ-ს 261-ე მუხლი). ასეთ შემთხვევაში მოგირავნის რისკი შედარებით დიდია და მან უნდა მიიღოს გარკვეული ზომები, რომ უზრუნველყოფას საფრთხე არ შეექმნას.

როდესაც განცხადების ავტორი მიუთითებს გვარეობითი ნიშნით განსაზღვრულ მოძრავ ნივთზე, რომ ის მასთან არის დაგირავებული და წარმოადგენს ამ ნივთის მოგირავნეს, ასეთ შემთხვევაში განცხადების ავტორმა უნდა მიუთითოს, თუ რომელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ, რათა მივიდეს დასკვნამდე, რომ მითითებული ნივთი არის სწორედ ის ნივთი, რომელიც მასთან იყო დაგირავებული.

მოცემულ საქმეში არ არის მითითებული რაიმე გარემოებაზე, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ბათუმის პორტში არსებული გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთი წარმოადგენს იმ ნივთს, რომელიც, განცხადების ავტორის ვარაუდით, ქ. ზესტაფონში უნდა ყოფილიყო და სწორედ ეს ნივთი უნდა გადაეცეს მას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კომპანია “მ.-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 აპრილის განჩინება ქ. ბათუმის პორტის ტერიტორიაზე განთავსებულ 1600 ტონა სილიკომანგანუმზე ყადაღის დადების ნაწილში.

სს “კ.-ს” უარი ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.