გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1246-1488-05 ას-1246-1488-05 29 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 18 აპრილს შპს „პ.-....ის“ ლიკვიდატორმა მ. ლ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს „ბ. რ.“ მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წელს ბიზნეს-ცენტრ „რ.“ მშენებლობისათვის დაფუძნდა შპს „პ.-.......“. ცენტრის მშენებლობისათვის 2001 წლამდე ჩატარდა 19 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, აქედან 4 196 000 აშშ დოლარის სამუშაოები განახორციელა თურქულმა ფირმამ „ა. ი.“, ხოლო დანარჩენი სამუშაოები ჩაატარა „პ.-....-მა“. მოსარჩელის განმარტებით, გაირკვა, რომ შეცდომით უწარმოებია მშენებლობა შპს „ა.-....-ს“ მიწის ნაკვეთზე, რის გამოც შპს „ა.-...-მ“ (უფლებამონაცვლე _ „ბ. რ.“) ბიზნეს-ცენტრი „რ.“ ასახა თავის ბალანსზე. სკ-ის 987-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა დანახარჯების ანაზღაურება, აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ბათუმში, ... მდებარე 7,8 ჰა მიწის ნაკვეთსა და დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობაზე ყადაღის დადება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო სადავო მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ბ. რ.“ დირექტორმა ჯ. ზ-ემ. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ შპს „პ.-....-ის“ ლიკვიდაცია საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა 2003წ. 11 აპრილს. აქედან გამომდინარე, მ. ლ-ე არ არის ლიკვიდატორი და მას არ ჰქონდა სარჩელის აღძვრისა და ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი პირი და 2005წ. 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „პ. - ....“ დაფუძნებულ იქნა 1998 წელს თურქეთის მოქალაქის ეროლ აქსოის (50%-იანი წილით), გ. ა-ისა (30%-იანი წილით) და სს „ს. ს. ბ.“ (20%-იანი წილით) მიერ და ამავე წლის 2 თებერვალს გატარდა რეგისტრაციაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
შპს „პ.-....-ის“ 2002წ. 8 ნოემბრის დამფუძნებელთა კრების დადგენილებით დაკმაყოფილდა საზოგადოების სამივე პარტნიორის განცხადება შენატანების უკან დაბრუნების გზით საზოგადოებიდან გასვლის შესახებ და, აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცხადდა საზოგადოების ლიკვიდაცია. ლიკვიდატორად დაინიშნა საზოგადოების დირექტორი ირაკლი აბაშიძე.
სალიკვიდაციო პროცესის დამთავრების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის დადგენილებით განხორციელდა შპს „პ.-....-ის“ ლიკვიდაციის რეგისტრაცია, რის შესახებაც ეცნობა აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციას და სტატისტიკის სამმართველოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ეროლ აქსოის განცხადება და საზოგადოების ლიკვიდატორად დაინიშნა მ. ლ-ე, რომელმაც შპს „პ.-....-ის“ სახელით სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. რ.“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, რაც დაკმაყოფილდა გასაჩივრებული განჩინებით.
სკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან.
სსკ-ის 80-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები (საპროცესო უფლებაუნარიანობა). ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და შეწყდება მისი გარდაცვალებით, ხოლო იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე, დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა). ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18წ. ასაკიდან, ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, განსხვავებით ფიზიკური პირებისაგან, ერთდროულად წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან. იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა შეწყდება ერთდროულად – მათი რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან. აღნიშნულის გამო, სასამართლო მოვალეა, შეამოწმოს იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა, რაც იმავდროულად იურიდიული პირის ქმედუნარიანობის შემოწმებასაც ნიშნავს. თუ ასეთი შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული, სასამართლომ უარი უნდა უთხრას მას სარჩელის (განცხადების) მიღებაზე (სსკ-ის 186-ე მუხლის I ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი), ხოლო თუკი სარჩელის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ სარჩელი (განცხადება) შეტანილია ქმედუუნარო პირის მიერ, სასამართლომ სარჩელი (განცხადება) განუხილველად უნდა დატოვოს (სსკ-ის 275-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „პ.-....-ის“ ლიკვიდაციის რეგისტრაცია განხორციელდა 2003წ. 11 აპრილის დადგენილებით ანუ მისი უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა შეწყდა 2003წ. 11 აპრილიდან, ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის შპს „პ.-....“ არ იყო აღჭურვილი უნარით, ჰქონოდა საპროცესო უფლებები და მოვალეობები.
რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 12 აპრილის განჩინებას, რომლითაც არარსებული საწარმოს ლიკვიდატორად დაინიშნა მ. ლ-ე, ვერ გახდება შპს „პ.-....-ის“ უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის წარმოშობის საფუძველი, ვინაიდან, კანონის თანახმად, აღნიშნულის წარმოშობის საფუძველია მხოლოდ იურიდიული პირის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ბ. რ.“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 მაისის განჩინება;
გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული სააღსრულებო მოქმედებები;
შპს „პ.-....-ის“ ლიკვიდატორის მ. ლ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.