გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-324-1002-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: აუქციონის შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 14 აპრილს შპს “გ.” დირექტორმა განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აუქციონის ჩატარების შეჩერება.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ბ. რ.” სარჩელი დაკმაყოფილდა – შპს “გ.”, გ. ბ-სა და ი. მ-ს დაეკისრათ 25483 აშშ დოლარის გადახდა.
2003წ. 13 თებერვალს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული საკუთრების იძულებით გაყიდვის შესახებ.
ყადაღადადებული ქონება შეფასდა 43839 ლარად, მაშინ როცა აუდიტის დასკვნით ეს ქონება შეფასებული იყო 168239 ლარად.
განმცხადებლის მოსაზრებით, აუქციონის შეჩერება აუცილებელი იყო, ვინაიდან აუქციონი დანიშნული იყო 2003წ. 18 აპრილს, ნამდვილი ფასის განსაზღვრის მიზნით კი ჩასატარებელი იყო კომისიური ექსპერტიზა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის განჩინებით შპს “გ.” განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “გ.”.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და შემდგომი განხილვის, მიზნით საქმესთან ერთად გაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოში ზემოთ მითითებული კერძო საჩივრის განხილვამდე სააპელაციო სასამართლოს ახალი განცხადებით მიმართა შპს “გ.”. ამჯერად მან მოითხოვა იმერეთის სააღსრულებო ბიუროსათვის აუქციონის ჩატარების აკრძალვა აუქციონის შეჩერების შესახებ განცხადების განხილვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “გ.” განცხადება – იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა აუქციონის ჩატარება შპს “გ.” ქონებაზე შპს “გ.” მიერ აუქციონის შეჩერების შესახებ შეტანილი განცხადების საბოლოო განხილვამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად კი მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან აუქციონის ჩატარება გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას, განმცხადებლის მოთხოვნა აუქციონის შეჩერების შესახებ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერი იყო, ამიტომ უნდა აკრძალვოდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს შპს “გ.” ქონებაზე იძულებითი აუქციონის ჩატარება შპს “გ.” განცხადებაზე (აუქციონის შეჩერების შესახებ) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლოს შპს “გ.” კერძო საჩივარი არ განუხილავს.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 29 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ბ. რ.”.
მან მოითხოვა მოცემული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გადაეწყვიტა საკითხი უზრუნველყოფის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ვინაიდან ამ ღონისძიების გამოყენების უფლება აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში განიხილება საქმე შპს “გ.” სარჩელის გამო იმერეთის სააღსრულებო ბიუროსთან და სს “ბ. რ.” მიმართ აუქციონის შეჩერების შესახებ.
სსკ-ს 191-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ" პუნქტის შესაბამისად კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტებანი და მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე შპს “გ.” კერძო საჩივრის განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში განიხილება საქმე შპს “გ.” სარჩელის გამო იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და სს “ბ. რ.” მიმართ. სინამდვილეში, წინამდებარე საქმის მიხედვით სააპელაციო სასამართლოში განიხილება შპს “გ.” კერძო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს “გ.” განცხადება აუქციონის შეჩერების შესახებ.
მართალია, სსკ-ს 191-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის სახით შეიძლება გამოყენებული იქნეს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვაც და ეს შესაძლებელია მაშინ, როცა შეტანილია სარჩელი, ასევე – სარჩელის შეტანამდეც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს “გ.” განცხადება აუქციონის შეჩერების თაობაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით გასატარებელ საპროცესო მოქმედების განხორციელების მოთხოვნას არ შეიცავს, ანუ არ არის შეტანილი სარჩელთან ერთად ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით და არც სარჩელის წარდგენამდეა შეტანილი, მომავალში წარსადგენი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.
აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუმართლებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოში არსებობს საქმე სარჩელის გამო შპს “გ.”, იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და სს “ბ. რ.” შორის. ამგვარი სარჩელი ან ამგვარი სარჩელის მომავალში წარდგენის თაობაზე რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
შპს “გ.” მიერ სააპელაციო სასამართლოში 2003წ. 29 მაისის თარიღით შეტანილი განცხადება იწოდება “სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ” განცხადებად, მაგრამ თავისი შინაარსით არ არის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამ განცხადებაში არასწორად არის მითითებული, რომ თითქოს მათ მიერ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში 2003წ. 14 აპრილს შეტანილ იქნა სარჩელი, მაშინ, როცა სინამდვილეში შეტანილია განცხადება. ასევე არასწორადაა მითითებული, რომ მათ მიერ შეტანილი კერძო საჩივარი უნდა ჩაითვალოს სააპელაციო საჩივრად.
სსკ-ს 267-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სასამართლო სხდომაზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
მართალია, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 33-ე მუხლი იცნობს აღსრულების შეჩერებისა და გადადების ინსტიტუტს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს განჩინების ფორმით.
ამავე კანონის 70-ე მუხლი ასევე აყალიბებს აუქციონის შეჩერების შესაძლებლობის პირობებს, მაგრამ შპს “გ.” მოთხოვნა აუქციონის შეჩერების თაობაზე ამ პირობებს არ აკმაყოფილებს.
თუ სააპელაციო სასამართლო შპს “გ.” 2003წ. 29 მაისის განცხადებას მიიჩნევდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეტანილ განცხადებად (მაშინ როცა სარჩელი არ არსებობს), სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო განეხილა ამ სახის განცხადება, ვინაიდან სარჩელის არსებობის გარეშე ამგვარი განცხადების განხილვის უფლება აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს ამ სახის განცხადების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სარჩელი, ამის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე განიხილება სააპელაციო სასამართლოში, ანდა მაშინ, როცა არ არსებობს სარჩელი, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებული აქვს განჩინება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში განიხილება კერძო საჩივრის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 419-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის განჩინების თაობაზე შეტანილ კერძო საჩივარზე არა თუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ არ განიხილა იგი და განიხილა ისეთი სახის განცხადება, რომლის განხილვის უფლება, კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, მას არ გააჩნდა.
დადგენილებითი ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება;
2. შპს “გ.” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს “გ.” საქმე კერძო საჩივრის განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.